საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-755(კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ჯ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის უფროსის 2023 წლის 2 მაისის სახელმწიფო გასაცემლის-პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ №SSA 3 23 00461392 გადაწყვეტილება (წერილი); ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №SSA 7 23 00555194 გადაწყვეტილება; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - სახელმწიფო გასაცემლის აღდგენისა და სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან (2023 წლის 1 მაისიდან) სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ნ. ჯ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების შესახებ.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ას სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის უფროსის 2023 წლის 2 მაისის №SSA 3 23 00461392 გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის-პენსიის გაცემის შეწყვეტის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის №SSA 7 23 00555194 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სახელმწიფო გასაცემლის აღდგენისა და სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტიდან - 2023 წლის 1 მაისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდზე, იძულებითი განაცდურის (მიუღებელი პენსიის) ნ. ჯ-ას სასარგებლოდ ანაზღაურების შესახებ.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სოციალური მომსახურების სერვისცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. ჯ-ას კანონის შესაბამისად შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რადგან ნ. ჯ-ას დასაქმების ადგილი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და ნ. ჯ-ა არის საჯარო მოსამსახურე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2023 წლის აპრილის თვეში მიწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ნ. ჯ-ა დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემავალ ...მუზეუმ-ნაკრძალში, ანუ ეწევა ისეთ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე, დაფუძნდა და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის თანახმად სააგენტოს მმართველობის სფეროში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები სხვა სამსახურებთან ერთად წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 ნოემბრის №533 ბრძანებულებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №3/331 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის თანახმად, იურიდიული პირის სტატუსით მოსარგებლე სხვადასხვა მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები (სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, დიდი მცხეთის არქელოლოგიური მუზეუმ ნაკრძალი, ვარძიის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ ნაკრძალი, უფლისციხის, კლდეკარის, ქსნის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ ნაკრძალები, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურ-არქეოლოგიურ მუზეუმ ნაკრძალი და სხვ.) ჩამოყალიბდნენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების პირველი პუნქტის თანახმად, (ძალადაკარგულია 04.01.2022 №05/01 ბრძანებით), ამავე სააგენტოს შემადგენლობაში შედიოდნენ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ ნაკრძალი და დავით გარეჯის მუზეუმ ნაკრძალი, რომელთა უფლებამონაცვლედ ასევე განისაზღვრა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, აღნიშნული მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალები 2008-2019 წლებში აღარ სარგებლობენ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსით და ისინი წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს.
ზემოაღნიშნული მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების რეორგანიზების შედეგად, ისინი მოექცნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ, დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ნ. ჯ-ა 2009 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...მუზეუმ-ნაკრძალში, ...ს თანამდებობაზე (ს.ფ 61); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის 2018 წლის 19 ოქტომბრის №2018/01 გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას, პირადი განცხადების საფუძველზე, დაენიშნა ასაკით პენსია (ს.ფ 45); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას შეუწყდა პენსია (ს.ფ 46); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 მაისის SSA 3 23 00461392 წერილის თანახმად, ნ. ჯ-ა დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რის შესახებაც მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფორმაცია არ წარუდგენია. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. შესაბამისად, ვინაიდან ნ. ჯ-ა დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, 2023 წლის 1 მაისიდან მას შეუწყდა სახელმწიფო გასაცემლის მიღება (ს.ფ 49-50); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის 2023 წლის 2 მაისის SSA 3 23 00461392 გადაწყვეტილება (წერილი) პენსიის შეწყვეტის შესახებ ნ. ჯ-ამ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (ს.ფ 20-23); ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 29 მაისის SSA 7 23 00555194 გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 2 მაისის SSA 3 23 00461392 გადაწყვეტილება (წერილი). გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნ. ჯ-ა არის საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის მიმართ, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კრძალავს სახელმწიფო გასაცემლის გაცემას - მიღების უფლება არ წარმოიშობა, ხოლო წარმოშობილი უნდა შეწყდეს (ს.ფ 24-29).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს; მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძოდ: - საშუალება მისცენ ხანდახმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით: ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდებით იმ მომსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ხანდაზმულთათვის და ამ უკანასკნელთა მიერ მათი გამოყენების შეაძლებლობების შესახებ.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები
პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
მითითებული კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს პენსია 2018 წლის 1 ნოემბრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაენიშნა და 2023 წლის 1 მაისიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების მიზეზით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუწყდა.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემელი უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს, ბუნებრივია კანონმდებლის მიზანია საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესდეს სპეციალური შეზღუდვები. საკითხის შეფასების პროცესში არანაკლებ პრინციპულია სწორად დადგინდეს ბენეფიციარის დასაქმების ადგილი, მისი ფუნქცია-მოვალეობები, საქმიანობის სფეროს სპეციფიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქის სოციალური უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
საკასაციო მიუთითებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ... მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი.
ზემოხსენებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ მითითებულია, რომ სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმებისგან, მუზეუმ-ნაკრძალებისგან და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალია ... მუზეუმ-ნაკრძალი. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია- რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).
მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლი, რომლის თანახმადაც, მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკასაციო პალატა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სააგენტო მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს აერთიანებს, მათ ბაზაზეა შექმნილი და მათ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე, რომელიც ...მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირია, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებულ პირს წარმოადგენს. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან. შესაბამისად, მოსარჩელის ...მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა არ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და მუზეუმში დასაქმებულ პირად ითვლება. ამიტომაც, იგი არ ითვლება საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ პირად და სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ არსებობს მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია