Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-464(კ-25) 16 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - რ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. ჯ-იმა 2022 წლის 10 მარტს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1 729 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე რ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, საჯარო რეესტრში წარდგენილი 05.04.2021წ. №... განცხადებით რ. ჯ-იმა მოითხოვა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ს/კ №...-ით აღრიცხული 606 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 1729 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არაერთი ხარვეზის დადგენის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვისა და წარდგენის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სამკვიდრო მოწმობა).

სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 31.01.2022წ. №... გადაწყვეტილება რ. ჯ-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის 28.02.2022წ. №... გადაწყვეტილებით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იგი იძულებული იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაესაჩივრებინა სასამართლოში და მოეთხოვა მათი ბათილად ცნობა და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის დავალება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ამავე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 1729 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ. და ა. ე-იების კომლის საკუთრებას. რაიონული სასამართლოს მითითებით 1989 წელს (როცა გარდაიცვალა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელი კომლის ბოლო წევრი) მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა მისი წევრების თანასაკუთრებას. ამავე კოდექსის 569-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის ქონების მიმართ გამოიყენებოდა მემკვიდრეობითი სამართლის საერთო წესები. შესაბამისად ის, რომ ა. ე-ის კომლი გაუქმდა, არ ნიშნავდა, რომ კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება ავტომატურად გადავიდა სახელმწიფოს მფლობელობაში და მისი რეგისტრაციის უფლება წარმოეშობა ნებისმიერ პირს, ვინც მას დაეუფლება.

სასამართლომ განმარტა, რომ მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მემკვიდრეობის მიღების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს სანოტარო ბიუროს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც მისი მშობლების მიერ ა. ე-ის სამკვიდრო ქონების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება და არც 2002 წელს გარდაცვლილი საკუთარი მამის ი. ე-ის სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ის არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს მოეთხოვა სადავო ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ვინაიდან მას სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მამკვიდრებლის (მოსარჩელის დედის) მიერ სადავო მიწაზე საკუთრების უფლებას, არ გააჩნდა.

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სხვისი უფლების მქონე მიწის ნაკვეთზე ვერც ერთი თუნდაც კანონით გათვალისწინებული საფუძვლით ვერ დაარეგისტრირებდა სხვა პირის საკუთრების უფლებას, თუ ამ პირის უფლებამონაცვლეობა არ დგინდებოდა მესაკუთრის მიმართ. ამავე მიზეზით არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირებულიყო საკუთრების უფლება, როგორც საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწაზე, რამდენადაც იგი არ აკმაყოფილებდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ჯ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა №... საკადასტრო კოდით აღრიცხული, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 606 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 1729 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე რ. ჯ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რაც პირველ რიგში სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე რ. ჯ-ის უფლების დამდგენის დოკუმენტების შეფასებას გულისხმობდა. მით უფრო, როცა მუნიციპალიტეტის, ისე ეროვნული არქივის მიერ გაცემული და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტი მიუთითებდა სადავო ქონებაზე რ. ჯ-ის ოჯახის უფლებაზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ე-ის საცხოვრებელი სახლი, რაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწისგან განსხვავებით შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო საკუთრების ობიექტი, ზუსტად იდენტური ტექნიკური მონაცემებით (მთლიანი ფართი 68,1 კვ.მ., აქედან საცხოვრებელი 53,2 კვ.მ, დამხმარე 14,9 კვ.მ.) როგორც ამის შესახებ 22.11.1988 წლის ტექნიკურ პასპორტში იყო მითითებული, აღრიცხული იყო ლ. ე-ის საკუთრებად (საფუძველი უცნობია, თუმცა ტექნიკურ პასპორტშივეა მითითება №42 სამემკვიდრეო საქმესა და 10.08.1998 წლის №938 სამკვიდრო მოწმობაზეც, რომლითაც აღნიშნული ქონება ლ. ე-ისგან მემკვიდრეობით მიიღო კიდეც რ. ჯ-იმა და რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში, საკადასტრო კოდით: №...). ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისათვის, მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლება ჯერ კიდევ არ არსებობდა და ასევე დადგინდა, რომ ა. ე-ის კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, შემდგომში ლ. ე-ის საკუთრებად იყო აღრიცხული, პალატამ მიიჩნია, რომ ა. ე-ის კომლს კერძო საკუთრების ობიექტი აღარ დარჩენია კომლის გაუქმების დროს და სახელმწიფოს საკუთრებაში, მართალია, ისედაც გადადიოდა უმკვიდრო კომლის ქონება, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში ამის აუცილებლობაც არ დამდგარა, ვინაიდან მიწა იმ დროისთვის მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში შეიძლებოდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოსგან რ. ჯ-ისთვის, ა. ე-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნა, პალატის შეფასებით სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული და მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ემსჯელა, ხომ არ გააჩნდა დაინტერესებულ პირს სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო ქონებაზე, მით უფრო, როცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2021 წლის 24 ივნისის №13/68650 წერილის მიხედვით რეესტრს ეცნობა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მიწის გადასახადის გადამხდელთა 1998 – 2002 წლების სიებში ი. ე-ის შესახებ იძებნებოდა შემდეგი ინფორმაცია: 1998წ. - არ იძებნება; 1999წ. - ე-ი ი. - 0,25 ჰა, 2000წ. - ე-ი ი. პ.-ს ძე - 0,15 ჰა; 2001წ. - ე-ი ი. - 0,15 ჰა; 2002წ. - ე-ი ი. პ.-ს ძე - 0,15 ჰა. აღნიშნული საარქივო ცნობის სათანადოდ შეფასებით, პალატის მოსაზრებით, მარეგისტრირებელი ორგანო გამოარკვევდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, სწორედ ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც რ. ჯ-ის მამას - ი. პ.-ს ძე ე-ის გააჩნდა მართლზომიერ მფლობელობაში.

პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოება უტყუარად დადასტურდა საქმის სასამართლოში განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 22 ივლისს გაცემული №27-642420410 ცნობით, რომლის თანახმად, ვანის რაიონის სოფელ ...ში არსებული ლა. პ.-ს ძე ე-ის და მისი მეუღლე ა. გ.-ს ასული ე-ის საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა 1989 წელს, მათი გარდაცვალების შემდეგ. კომლის უკანასკნელი წევრი იყო ა. გ.-ს ასული ე-ი, რომლის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, სოფელ ...ში ფლობდნენ ი. პ.-ს ძე ე-ი (ა.-ს მაზლი) და ი. ე-ის მეუღლე ლ. დ.-ს ასული ე-ი. ი. და ლ. ე-იების გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლამდე, აღნიშნულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა ი. და ლ. ე-იების შვილი, რ. ი.-ს ასული ჯ-ი. საკარმიდამო მიწაზე არსებობდა მსხმოიარე ნარგავები და იგი შემორაგვული იყო მთლიანი ღობით, რაც ნაწილობრივ იყო მოშლილი, მიწაზე დარჩენილი იყო საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, ფუნდამენტი.

სააპელაციო პალატამ სადავო მიწის ნაკვეთზე, რ. ჯ-ის უფლებების შეფასების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 18 ოქტომბერს დამატებით გაცემული №27-642429222 ცნობა მასზე, რომ „ვანის რაიონის სოფელ ...ში არსებული ლა. პ.-ს ძე ე-ის და მისი მეუღლე ა. გ.-ს ასული ე-ის საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა 1989 წელს, მათი გარდაცვალების შემდეგ. კომლის უკანასკნელი წევრი იყო ა. გ.-ს ასული ე-ი, რომლის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, ფართით 3040 კვ.მ სოფელ ...ში ფლობდნენ ი. პ.-ს ძე ე-ი (ა.-ს მაზლი) და ი. ე-ის მეუღლე ლ. დ.-ს ასული ე-ი. ი. და ლ. ე-იების გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლამდე, აღნიშნულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა ი. და ლ. ე-იების შვილი, რ. ი.-ს ასული ჯ-ი (პ/ნ ..., თავდაპირველი გვარი - ე-ი).

პალატის მითითებით, ზემოხსენებული 3040 კვ.მ საკარმიდამო მიწიდან 606 კვ.მ მიწა გარდაცვლილი დედის, ლ. ე-ისაგან მემკვიდრეობით მიიღო და 2021 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება რ. ჯ-ის სახელზე (ს/კ ...); 705 კვ.მ მიწა, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის 14.02.2019 წლის №20/488 წერილის საფუძველზე, გადაეცა და შედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე 2019 წლიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 1342 კვ.მ მიწის ნაკვეთში (ს/კ ...), ხოლო დანარჩენი 1729 კვ.მ საკარმიდამო მიწა, რომელსაც 24.06.2021 წ. №13/68650 საარქივო ცნობის თანახმად, 1999-2002 წლებში ფლობდა აწ გარდაცვლილი ი. პ.-ს ძე ე-ი, მამის გარდაცვალებიდან დღემდე იმყოფება რ. ჯ-ის მართლზომიერ სარგებლობაში. საკარმიდამო მიწაზე არსებობს მსხმოიარე ნარგავების და იგი შემორაგვული იყო მთლიანი ღობით, რაც ამჟამად ნაწილობრივ მოშლილია, მიწაზე დარჩენილია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, ფუნდამენტი.

პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

პალატის განმარტებით, მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უტყუარად დადგინდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, რ. ჯ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტი (გადასახადის გადამხდელთა სიის მონაცემები) გააჩნდა და აღნიშნულის თაობაზე მარეგისტრირებელ ორგანოს სადავო სარეგისტრაციო წარმოებისას ეცნობა 24.06.2021 წ. №13/68650 საარქივო ცნობით, ამასთან, სადავო ქონებით რ. ჯ-ის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც, თუმცა წარდგენილი ინფორმაცია სათანადოდ არ შეფასდა და აღნიშნული ხარვეზი არც საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს აღმოფხვრილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარების, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და სადავო აქტების კანონიერების თაობაზე, რაც, მისივე მოსაზრებით, მათი ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ.

კასატორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მისი განმარტებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2022 წლის 31 იანვარს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა რ. ჯ-ის მიერ. საჩივრის განხილვის ეტაპზე განმეორებით დადგინდა, რომ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00099 ოქმის თანახმად, დადასტურებული იყო ა. ე-ის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ამასთან ვერ იქნებოდა გათვალისწინებული საჩივრის წარმომდგენი პირის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საკარმიდამო მყარი მიჯნის საზღვრებში მოქცეულ მიწის ნაკვეთს, რადგან როდესაც რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 606 კვ.მ მიწის ნაკვეთზე №13/60012 საარქივო ცნობის, №938 სამკვიდრო მოწმობისა და №00025 ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა რ. ჯ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს სამხრეთის მხრიდან არ ჰქონდა მყარი მიჯნა. ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის დოკუმენტაციაში აღრიცხული მესაკუთრის/მოსარგებლის, ე-ი ა. გ.-ს ასულის დანაშთ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება იყო კანონიერი და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს 2021 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოება იყო, რომ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის №... უძრავი ნივთის (ს/კ ...) ადგილზე დათვალიერების №00099 ოქმის თანახმად, დადასტურებული იყო უფლების დამდგენი დოკუმენტით (ცნობა-დახასიათება - ...) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების (№...) თანახმად, ვანში სოფელ ...ში მდებარე 3040 კვ.მ უძრავ ნივთზე მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხული იყო ე-ი ა. გ.-ს ასული. სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 1729 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ. და ა. ე-იების კომლის საკუთრებას, რომელიც გაუქმდა ა. გ.-ს ასული ე-ის გარდაცვალების შემდეგ. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1996-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსი ან წევრი იქნება ა. გ.-ს ასული ე-ი, არ მოიძებნა.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია საქართველოს ეროვნული არქივის 24.06.2021წ. №13/68650 წერილი, რომლის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მიწის გადასახადის გადამხდელთა 1998-2002 წლების სიებში ი. ე-ის შესახებ იძებნება შემდეგი ინფორმაცია: 1999 - ე-ი ი. 0.25; 2000 - ე-ი ი. პ.-ს ძე - 0.15; 2001- ე-ი ი. 0.15; 2002 - ე-ი ი. პ-ს ძე 0.15. თუმცა არ მტკიცდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და ე-ი ი. პ-ს ძეზე რიცხული 0.15 ჰა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნული წერილის თანახმად, „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1986-1996 საკომლო წიგნებში იძებნება კომლი, რომლის უფროსი და ერთადერთი წევრი ი. გი.-ს ძე ე-ი გადახაზულია მინიშნების გარეშე“, აღნიშნულში მამის სახელად ფიქსირდება გი. და არა პ.. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფართობია 1729 კვ.მ, ხოლო „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საგადასახადო სიის საფუძველზე საკურების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა“. აღნიშნული კანონის შესაბამისად, ი. პ.-ს ძე ე-ის მემკვიდრეს 2021 წლის 24 ივნისის №13/68650 წერილის საფუძველზე შეუძლია დაირეგისტრიროს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მამკვიდრებლის კუთვნილი ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მემკვიდრეობის მიღების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მიერ გაცემული სამკვიდროს მოწმობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით. მოსარჩელეს წარდგენილი არ ჰქონდა არც მისი მშობლის მიერ ა. ე-ის სამკვიდრო ქონების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება და არც 2002 წელს გარდაცვლილი მამის ი. ე-ის სამკვიდრო ქონების მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, ის არ იყო უფლებამოსილი პირი მოეთხოვა სადავო ქონების რეგისტრაცია, ვინაიდან მას სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მამკვიდრებლის (მოსარჩელის დედის) მიერ სადავო მიწაზე საკუთრების მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა.

ამდენად, კასატორისთვის სასამართლოს მსჯელობა გაუგებარი და დაუსაბუთებელია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული სამართლებრივი რეგულირების პირობებში. ამასთან სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, საფუძველსაა მოკლებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებების კანონიერება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის (სუსგ №ბს-553(2კ-20), 07.06.2022წ.).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოთვლის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, კერძოდ, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

ზემოხსენებული კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა („ა“ ქვ.პ.), საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ან მისი უფლებამონაცვლის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით, თუ არსებობს/მოძიებულია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი („ბ“ ქვ.პ.), ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას („გ“ ქვ.პ.), საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთზე გასცემს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობას („გ1“ ქვ.პ.), ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე №13/60012 საარქივო ცნობის, 10.09.1998წ. №938 სამკვიდრო მოწმობისა და 15.02.2021წ. №00025 ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე რეგისტრირებულია რ. ჯ-ის (გვარის შეცვლამდე ე-ი) საკუთრების უფლება.

1998 წლის 10 აგვისტოს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, გარდაცვლილი ლ. დ.-ს ასული ე-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობილია შვილი - რ. ე-ი და სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაცემულია ეს მოწმობა არის ვანის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის მთლიანი ფართობია 68.1 კვ.მ, აქედან საცხოვრებელი 53.2 კვ.მ, დამხმარე 14.9 კვ.მ, რომელიც განთავსებულია 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

2021 წლის 5 აპრილს, რ. ჯ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნის შინაარსი და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის გაზრდა 1729 კვ.მ-ით მყარი სასაზღვრო მიჯნის საფუძველზე.

საქმეში დაცულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციები. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 31.05.2021წ. გაცემული №... ცნობა-დახასიათების თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე საკუთრების სახით აღწერილია გაურკვეველი ფუნქციის მიწის ნაკვეთი 3040 კვ.მ, მასზე განთავსებული ნაგებობით: ლიტერი „ა“ – 86.90 კვ.მ, საცხოვრებელი და ლიტერი „ბ“ – 46 კვ.მ დამხმარე ფართი. მესაკუთრედ/მოსარგებლედ მითითებულია ა. გ.-ს ასული ე-ი, ხოლო საფუძვლად - სააღრიცხვო მასალა, აღრიცხვის თარიღი 1988 წელი.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივის 14.06.2021წ. №13/64709 წერილის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნებში იძებნება კომლი, რომლის წევრი და შემდეგ უფროსია ა. გ.-ს ასული ე-ი. კომლი შედგება ორი წევრისგან: ე-ი ლა. პ.-ს ძე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია (მითითებულია, რომ გარდაიცვალა) და მის ნაცვლად ჩაწერილია მისი ცოლი ა. გ.-ს ასული ე-ი, რომელიც ასევე გადახაზულია. მითითებულია, რომ გარდაიცვალა და კომლი გაუქმდა. საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით 1986-1990 წლებში კომლს ერიცხებოდა 0.46 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 1958 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. კომლზე რიცხული სხვა ქონების შესახებ წიგნში მონაცემები არ არის შეტანილი. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1996-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის უფროსი ან წევრი იქნება ა. გ.-ს ასული ე-ი, არ იძებნება. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მიწის გადასახადის გადამხდელთა 1998-2002 წლებში ა. ე-ის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს მიწის მიღება-ჩაბარების აქტები და მიწის განაწილების სიები ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ ინახება. ამავე ორგანოს 24.06.2021წ. №13/638650 წერილის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1986-1996 წლების საკომლო წიგნებში იძებნება კომლი, რომლის უფროსი და ერთადერთი წევრია ი. გი.-ს ძე ე-ი - გადახაზულია მინიშნების გარეშე. საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით 1989 – 1990 წლებში კომლს ერიცხება 0,06 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. კომლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების შესახებ წიგნში მონაცემები არ არის შეტანილი. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს 1996 – 2005 წლების საკომლო წიგნებში კომლი, რომლის წევრი ან უფროსი იქნება ი. ე-ი არ იძებნება. ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ს მიწის გადასახადის გადამხდელთა 1998 –2002 წლების სიებში ი. ე-ის შესახებ იძებნება შემდეგი ინფორმაცია: 1998წ. - არ იძებნება; 1999წ. - ე-ი ი. - 0,25 ჰა, 2000წ. - ე-ი ი. პ.-ს ძე - 0,15 ჰა; 2001წ. - ე-ი ი. - 0,15 ჰა; 2002წ. - ე-ი ი. პ.-ს ძე - 0,15 ჰა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 დეკემბრის №... წერილით, საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ რ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (შემსრულებელი: შპს „ი...) ასახული, ვანის მუნიციპალიტეტის ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 2335 კვ.მ მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და მოსაზღვრე ნაკვეთის მითითებული მფლობელობა იდენტურია უფლების დამდასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნულ წერილს თან ახლავს შესაბამისი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00099, რომლის მიხედვითაც აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი ურთიერთშესაბამისობაშია უფლების დამდგენ დოკუმენტთან ცნობა-დახასიათება №TT2021044195 და აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართი შედის ცნობა-დახასიათებაში აღნიშნულ 3040 კვ.მ მიწის ფართში.

მიუხედავად ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა რ. ჯ-ის განაცხადთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია: სამკვიდრო მოწმობა ა. გ.-ს ასულ ე-ის დანაშთ ქონებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №... გადაწყვეტილებით კი, რ. ჯ-ის ასევე უარი ეთქვა №... გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, რაც პირველ რიგში სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე რ. ჯ-ი უფლების დამდგენი დოკუმენტების ერთობლიობაში შეფასებას გულისხმობდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ეროვნული არქივის მიერ გაცემული და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოპოვებული არაერთი დოკუმენტი მიუთითებდა სადავო ქონებაზე რ. ჯ-ის ოჯახის საკუთრების უფლების არსებობას.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ა. ე-ის საცხოვრებელი სახლი, რაც იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწისგან განსხვავებით შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო საკუთრების ობიექტი, ზუსტად იდენტური ტექნიკური მონაცემებით (მთლიანი ფართი 68.1 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი - 53.2 კვ.მ, დამხმარე 14.9 კვ.მ) როგორც ამის შესახებ 22.11.1988 წლის ტექნიკურ პასპორტშია მითითებული, აღრიცხულია ლ. ე-ის საკუთრებად (საფუძველი უცნობია, თუმცა ტექნიკურ პასპორტშივეა მითითება №42 სამკვიდრო საქმესა და 10.08.1998წ წლის №938 სამკვიდრო მოწმობაზეც, რომლითაც აღნიშნული ქონება ლ. ე-ისგან მემკვიდრეობით მიიღო რ. ჯ-იმა და რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში, საკადასტრო კოდი №...).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ე-ის კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი შემდგომში აღრიცხული იქნა ლ. ე-ის საკუთრებად, შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რ. ჯ-ისთვის ა. ე-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შესახებ მოთხოვნა, რამდენადაც უტყუარადაა დადასტურებული, რომ ვანის რაიონის სოფელ ...ში არსებული ლა. პ.-ს ძე ე-ისა და მისი მეუღლის ა. გ.-ს ასული ე-ის საკოლმეურნეო კომლი 1989 წელს, მათი გარდაცვალების შემდეგ, გაუქმდა. კომლის უკანასკნელ წევრს წარმოადგენდა ა. გ.-ს ასული ე-ი, რომლის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (ფართი 3040 კვ.მ) სოფელ ...ში ფლობდნენ ი. პ.-ს ძე ე-ი (ა.-ს მაზლი) და ი. ე-ი მეუღლე, ლ. დ.-ს ასული ე-ი. ი. და ლ. ე-იების გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლამდე, აღნიშნულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა ი. და ლ. ე-იების შვილი - რ. ი.-ს ასული ჯ-ი. საკარმიდამო მიწაზე არსებობს მსხმოიარე ნარგავები და იგი შემორაგვული იყო მთლიანი ღობით, რაც ამჟამად ნაწილობრივ მოშლილია, მიწაზე დარჩენილია საცხოვრებელი სახლის ნანგრევები, ფუნდამენტი. აღნიშნული 3040 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 606 კვ.მ მიწის ნაკვეთი გარდაცვლილი დედის, ლ. ე-ისგან რ. ჯ-იმა მემკვიდრეობით მიიღო, 705 კვ.მ მიწა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის 14.02.2019წ. №20/488 წერილის საფუძველზე გადაეცა და შედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე 2019 წლიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ 1342 კვ.მ მიწის ნაკვეთში, ხოლო დანარჩენი 1729 კვ.მ საკარმიდამო მიწა, რომელსაც 24.06.2021წ. №13/68650 საარქივო ცნობის თანახმად 1999-2002 წლებში ფლობდა აწ გარდაცვლილი ი. პ.-ს ძე ე-ი, მამის გარდაცვალებიდან დღემდე იმყოფება რ. ჯ-ის მართლზომიერ სარგებლობაში.

ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე რ. ჯ-ის გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი და მართლზომიერად ფლობდა კიდეც მას, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველსა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ - 202238621) დაუბრუნდეს მის მიერ 08.04.2025წ. №16398 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა