Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-647(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ჰ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 14 მაისს ს. ჰ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ს. ჰ-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის N1000943326 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ს. ჰ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჰ-იმ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით ს. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20234 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, ს. ჰ-ი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

ს. ჰ-ი 2019 წლის 26 დეკემბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქესთან - ჯ. მ-ითან. ე. ჰ-ი დაიბადა ... წლის ...ს, დედა - ჯ. მ-ი, მამა - ს. ჰ-ი.

სსიპ სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7020624007659 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ჯ. მ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი საქართველოში) არის საქართველოს მოქალაქე. სსიპ სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7020624007658 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ე. ჰ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი საქართველოში) არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2024 წლის 5 აპრილის მდგომარეობით ს. ჰ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.

ს. ჰ-იმ 2024 წლის 4 აპრილს №1000943326 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 5 აპრილს №1000943326/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ს. ჰ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის SSG 6 24 00088412 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ს. ჰ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის №1000943326 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ჰ-ის 2024 წლის 4 აპრილის №1000943326 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-15, მე-18 მუხლებზე, საქათველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“ და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში ანიჭებს უფლებას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა და გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო „ს. ჰ-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჰ-იმ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის N1000943326 გადაწყვეტილებით არსებითად დაირღვა და შეილახა მისი უფლებები, მისი მეუღლის და არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად ხდება ოჯახის დაშორება და არასრულწლოვანი ბავშვის მშობლის გარეშე დატოვება. კასატორის შეფასებით, მისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმით, ირღვევა მისი ოჯახის წევრების ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები.

კასატორი მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობებშიც კი, სახელმწიფო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი საფუძვლით ქვეყანა დაატოვებინოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირს. კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესები უპირატესია, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ ინტერესების უზრუნველყოფა ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ისე გამოსცა 2024 წლის 30 აპრილის N1000943326 გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები. ამასთან, სრულიად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება და გაურკვეველია თუ კონკრეტულად რა გარემოება გახდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ს. ჰ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

ს. ჰ-ი 2019 წლის 26 დეკემბრიდან ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან - ჯ. მ-ითან. ე. ჰ-ი დაიბადა ... წლის ...ს, დედა - ჯ. მ-ი, მამა - ს. ჰ-ი. სსიპ სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7020624007659 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ჯ. მ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი საქართველოში) არის საქართველოს მოქალაქე. სსიპ სსგს მოქალაქობეისა და მიგრაციის სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7020624007658 საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ე. ჰ-ი (დაბადების თარიღი: ... წელი საქართველოში) არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს 2024 წლის 5 აპრილის მდგომარეობით ს. ჰ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება.

ს. ჰ-იმა 2024 წლის 4 აპრილს №1000943326 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 5 აპრილს №1000943326/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ს. ჰ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის SSG 6 24 00088412 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ს. ჰ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდაა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის №1000943326 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ჰ-ის 2024 წლის 4 აპრილის №1000943326 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 5 აპრილს N1000943326/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა ს. ჰ-ის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის SSG 6 24 00088412 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ჰ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის N1000943326 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ჰ-ის 2024 წლის 4 აპრილის N1000943326 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემას. აღნიშნული საფუძვლები ეხება ბინადრობის ნებართვის ყველა სახეს, მათ შორის მუდმივი ცხოვრების ნებართვას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ბინადრობის ნებართვით დაინტერესებულ პირს საქართველოში ჰყავს ოჯახი, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, საქართველოს სახელმწიფო, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციულ უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების სწორად, კანონმდებლობით დადგენილი მიზნების შესაბამისად გამოყენებისათვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოახდინოს ერთი მხრივ მოსარჩელის, დაინტერესებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და მეორე მხრივ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ინტერესების შეპირისპირება.

საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 18 ივლისის №ბს-647(კ-25) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის №1000943326 გადაწყვეტილებას ს. ჰ-ისათვის (დაბ: ...წ., პასპორტის ნომერი: ...) მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Dalea v. France - 964/07; 02.02.2010), რომელშიც განიმარტა, რომ „განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის პირადად გაცნობის შეუძლებლობა, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ იყო გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა იყო მიზნის პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა და მხარის მიერ გაცნობის შეუძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს პირის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) სახელმწიფოს არ ავალდებულებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღასრულოს ქორწინებაში მყოფი მეუღლეების არჩევანი იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყანაში სურთ მათ ცხოვრება და არამოქალაქე მეუღლე მიიღოს თავის ტერიტორიაზე საცხოვრებლად (Jeunesse v. the Netherlands, 12738/10, [დიდი პალატა], § 107; (Biao v. Denmark, 38590/10, [დიდი პალატა], § 117).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ჯ. მ-ის 2025 წლის 8 ივლისის №3217 საგადასახადო დავალებით, გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 თებერვლის განჩინება;

3. ჯ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 8 ივლისის №3217 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია