საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-911(კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. ა-ი, ლ. ფ-ე, ლი. ფ-ე, ნ. ფ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჟ. ა-იმა, ლ. ფ-ემ, ლი. ფ-ემ და ნ. ფ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 3 23 00001734 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ჟ. ა-ის, ლ. ფ-ეის, ლი. ფ-ეის და ნ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 3 23 00001734 ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების - ჟ. ა-ის, ლ. ფ-ეის, ლი. ფ-ეის და ნ. ფ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 4 აპრილს მოსარჩელის ფაქტობრივ მისამართზე ლანჩხუთი, სოფ. ... განხორციელდა მონიტორინგი. ადგილზე იმყოფებოდა მოსარჩელის მულის - ვ. ფ-ეის დედამთილი და მამამთილი, ნ. კ-ი და კ. კ-ი. ნ. კ-ის განმარტებით, ჟ. ა-ი ამჟამად იმყოფება ქუთაისში დედასთან, ძირითადად რჩება ქუთაისში. ბავშვი ქუთაისში დადის სკოლაში
2022 წლის 4 ივლისს ზემოაღნიშნულ მისამართზე განმეორებით ჩატარდა მონიტორინგი. ადგილზე ვიზიტისას მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებელი შვილებთან ერთად, მეუღლე იმყოფებოდა სამსახურში. როგორც მოსარჩელე განმარტავს, მისამართზე ცხოვრობს 2020 წლიდან მულის მეუღლის მშობლების სახლში. 2016-2019 წლებში ცხოვრობდნენ ქუთაისში .... №..., მშობლებთან ერთად. სახლი არის კ. კ-ის საკუთრება. მოსარჩელის დედა - რ. ა-ი დაკმაყოფილებულია სახელმწიფოს მიერ 2017 წელს, მისამართი ქ. ქუთაისი, .... №... ბინა №16. 2021 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება გასხვისდა ლ. პ-აზე. მოსარჩელის მამამთილი იმყოფება თურქეთში, დედამთილი - იტალიაში. როგორც მოსარჩელე განმარტავს, მისი დედა და ძმა დაკმაყოფილდენენ სახელმწიფოს მიერ, თუმცა 2021 წელს გადაცემული ბინა გაასხვისეს და შეიძინეს ბინა ქუთაისში, ...ს ქუჩა ... შესახვევი №..., ბინა №20. მის ძმას - თ. ა-ის ვანის რაიონის სოფელ ...ში აქვს მამა-პაპისეული სახლი, რომელიც დაკეტილია. მოსარჩელე მუშაობს ქუთაისში, ბენზინგასამართ სადგურზე „...ს“ მაღაზიაში. მეუღლის მშობლებს სამტრედიაში გააჩნდათ საკუთრება, რომელიც გაყიდეს. შვილი ლი. ფ-ე დადის სკოლაში ქუთაისში.
2023 წლის 27 თებერვალს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის მშობლების გასხვისებულ მისამართზე - ქ. სამტრედია, ...ს ქუჩა №..., რომელიც არის მოსარჩელის მეუღლის რეგისტრაციის მისამართი. ადგილზე იმყოფებოდა ნ. ა-ე, რომელმაც განმარტა, რომ ისიც არის დევნილი და 2015 წლიდან აღნიშნული უძრავი ქონებით დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
2023 წლის 27 თებერვალს მისამართზე ქუთაისი, ...ს შესახვევი ..., №..., ბინა №... განხორციელდა ვიზიტი მოსარჩელის დედის საკუთრებაში. ადგილზე იმყოფებოდა ჟ. ა-ის დედა შვილიშვილთან - ნ. ფ-ესთან ერთად. მისი განმარტებით, მოსარჩელე იმყოფება სამსახურში, ხოლო მეორე შვილიშვილი (ლ.) იმყოფება ქუთაისის №... საჯარო სკოლაში.
2023 წლის 4 მარტს მისამართზე ზესტაფონი, სოფელი ... განხორციელდა დამატებითი ვიზიტი მოსარჩელის მამათილის - თ. ფ-ეის საკუთრებაში. ადგილზე იმყოფებოდა ჟ. ა-ის მეუღლე - ლ. ფ-ე შვილებთან ნ. და ლი. ფ-ეებთან ერთად, ადგილზე ასევე იმყოფებოდა ლ. ფ-ეის მამა - თ. ფ-ე. ლ. ფ-ეის განმარტებთ შაბათ-კვირას ამოდიან ბავშვებთან ერთად. ჟ. იმყოფება სამსახურში ქუთაისში.
ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, მოსარჩელე რეალურად ცხოვრობს ქუთაისში, დედის საკუთრებაში და არა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე ლანჩხუთი, სოფ. .... აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომაც დადასტურებულად მიიჩნია, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, არ ჩათვალა მიწოდებული ინფორმაცია მცდარ ინფორმაციად. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა და დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სააგენტოს მიაჩნია, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე შემდეგი მიზეზით: არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით.
მოსარჩელე ჟ. ა-იმა 2021 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად ოჯახს მიენიჭა 4 ქულა. როგორც განაცხადის ელექტრონული ფორმიდან ირკვევა, სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა, და, ორი დისშვილი და ძმა. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - ლ. ფ-ესთან ერთად. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად. კომისიამ 2023 წლის 3 მაისს (ოქმი №30) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით ქ. ქუთაისში, მიზეზით: არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 9 ოქტომბერს ჟ. ა-იმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქუთაისი, ...ს ქ. ... შესახვევი №..., ბინა №.... ასევე მიუთითა მისამართი ლანჩხუთი სოფელი .... განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში, მასთან ერთად, მიუთითა: მეუღლე - ლ. ფ-ე და შვილები - ლ. და ნ. ფ-ეები (ს.ფ 102-103); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ კრიტერიუმების გათვალისწინებით ჟ. ა-ის ოჯახს მიენიჭა 4.00 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა). შეფასების ფორმაში დამატებით მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, დედა, და, ორი დისშვილი და ძმა. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - ლ. ფ-ესთან ერთად. განმცხადებლის დედას და ძმას დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი, მისამართი ქუთაისი, ... №..., „...“. დედას - რ. ა-ის, ასევე, საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ფართი, მისამართი ქ. ქუთაისი, ...ს ქ. მეორე შესახვევი №... (45,05). ძმას - თ. ა-ის საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მისამართი ვანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ... (ს.ფ 101); გ) მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენელი 2022 წლის 4 აპრილს გამოცხადდა ლანჩხუთში, სოფელ ...ში, სადაც ადგილზე დახვდა ჟ. ა-ის მულის - ვ. ფ-ეის დედამთილი - ნ. კ-ი და მამამთილი - კ. კ-ი, ასევე, ჟ. ა-ის მულის შვილი - ნ. კ-ი. ნ. კ-ის განმარტებით, ჟ. ა-ი ძირითადად იმყოფება ქუთაისში დედასთან, ხოლო ბავშვი დროგამოშვებით რჩება მასთან და დაჰყავს ქუთაისის სკოლაში. მისივე განმარტებით, აღნიშნული სახლი არის ჟ. ა-ის მამამთილის სახელზე გაფორმებული, სადაც ცხოვრობენ: ჟ. ა-ის მულის დედამთილ-მამამთილი, მულის მეუღლე - დ. კ-ი და მათი ორი შვილი (ს.ფ 127); დ) მონიტორინგის ჯგუფი, 2022 წლის 4 ივლისს, განმეორებით იმყოფებოდა მისამართზე ლანჩხუთში, სოფელ .... ადგილზე იმყოფებოდნენ განმცხადებელი - ჟ. ა-ი და მისი შვილები - ლ. და ნ. ფ-ეები, მეუღლე - ლ. ფ-ე იმყოფებოდა სამუშაოდ. ჟ. ა-ის განმარტებით, 1993-2016 წლებში ქირით ცხოვრობდა ქუთაისში, ...ს ქუჩაზე, მშობლებთან ერთად; 2016-2019 წლებში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქუთაისში, ...ზე №...; 2020 წლიდან ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე - მულის მეუღლის მშობლების სახლში. ჟ. ა-ის თქმით, მისი დედა და ძმა დაკმაყოფილდნენ ქ. ქუთაისში, .... №...-ში, რომელიც 2021 წელს გაასხვისეს და შეიძინეს 1,5 ოთახიანი ბინა - ქუთაისში, ...ს ქუჩაზე ... შესახვევი №..., ბინა №.... მის ძმას - თ.-ს, ვანის რაიონის სოფელ ...ში აქვს მამა-პაპისეული სახლი, ძველი აშენებული, რომელიც დაკეტილია. ჟ. ა-ის განცხადებით, იგი მუშაობს „...ს“ ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში - ქ. ქუთაისში, ... №...-ში. ჟ. ა-ის თქმით, მისი შვილი - ლ. №... საჯარო სკოლაში დადის ქ. ქუთაისში (ს.ფ 135-138); ე) მონიტორინგის ჯგუფი, დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2023 წლის 27 თებერვალს გამოცხადდა ჟ. ა-ის დედის - რ. ა-ის საკუთრებაში - ქ. ქუთაისი, ...ს ... შესახვევი, კორპუსი ..., ბინა №.... ადგილზე იმყოფებოდა რ. ა-ი, ჟ.ს შვილთან - ნ. ფ-ესთან ერთად. რ. ა-ის განმარტებით, ჟ. იმყოფებოდა სამსახურში - ქ. ქუთაისში, ...ზე მდებარე „...ს“ ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში. ლ. იმყოფებოდა ქუთაისის №... საჯარო სკოლაში, ხოლო სიძე - ლ. ფ-ე იმყოფებოდა თბილისში პირად საქმეზე. რ. ა-ის თქმით, აღნიშნული ბინა ეკუთვნის მას. მისი განმარტებით, მონიტორინგის მისამართზე, მასთან ერთად, ცხოვრობენ ჟ.-ს ოთხსულიანი ოჯახი და მეუღლეს გაცილებული შვილი - ქ. ა-ი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად (ს.ფ 147); ვ) მონიტორინგის ჯგუფი, დამატებითი მოკვლევის მიზნით, 2023 წლის 4 მარტს გამოცხადდა ჟ. ა-ის მამამთილის - თ. ფ-ეის სახლში ზესტაფონი, სოფელი .... ადგილზე იმყოფებოდა ჟ.-ს მეუღლე - ლ. ფ-ე, შვილებთან ნ. და ლი. ფ-ეებთან ერთად, ასევე, ჟ.-ს მამამთილი - თ. ფ-ე. ლ. ფ-ეის განმარტებით, შაბათ-კვირას მიდიან მამასთან. მისი თქმით, ჟ. იმყოფებოდა სამსახურში - ქუთაისში. ლ. ფ-ეის განმარტებით, სახლი ეკუთვნის მამას - თ. ფ-ეს (ს.ფ 120); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმის თანახმად, შევსებული განაცხადის საფუძველზე, 2-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ჟ. ა-ის (პ/ნ ...) (უარი - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელთან დაკავშირებით). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 ივლისის №IDP 3 23 00001734 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) ჟ. ა-ის (პ/ნ ...) ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 156-166, 167).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1).
პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან ახლობლის ბინაში. ეს გარემოება, მითითებული წესის შესაბამისად, დამოუკიდებლად ფასდება 1,5 ქულით. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ფინანსური პირობების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული აქვს 1,5 ქულა და სწორედ ამ პირობებში შეფასდა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელის გადამოწმებისას, მნიშვნელობა არ გააჩნდა გარემოებას, თუ რომელ მისამართზე ცხოვრობდა იგი განცხადების წარდგენის შემდგომ, ქირით, თუ ქირის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელეთა მიერ საცხოვრებლის შესახებ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ჟ. ა-ი 2021 წლის 9 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადში მიუთითებს მის ფაქტობრივ მიმარათად როგორც ქუთაისს, ...ს ქ. ... შესახვევი №..., ბინა №..., ისე ლანჩხუთის სოფელ ...ს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის უსაფუძვლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. შონია