საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-323(2კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ა-ა (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2025 წლის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – რეაბილიტირებული პირისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ა-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 84 000 ლარისა და მორალური ზიანის 300 000 ლარის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მორალური ზიანის 12 000 ლარისა და მატერიალური ზიანის 10 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით.
2.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.).
2.3. სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმთავითვე გულისხმობს პირის სამართლებრივ რეაბილიტაციას და წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.03.2022 წლის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
2.4. მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე დაცვის უფლებით (ადვოკატის მომსახურების) სარგებლობის ხარჯები, რომელიც გაწეულ იქნა გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს.
2.5. სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის (ადვოკატებისათვის გაწეული ხარჯის) გონივრული ოდენობა, საქმის სირთულის, გაწეული შრომის, ადვოკატთა რაოდენობისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით შეადგენს 10 000 ლარს. კონკრეტული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა კი არ შეიძლება გახდეს ასეთი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სამართლიან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
2.6. მოსარჩელის მიერ სესხის აღების შესახებ რაიმე მტკიცებულების წარუდგენლობის გამო საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა მოპასუხისთვის სესხის პროცენტის გადახდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე.
2.7. სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დაკავების, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობისა და აქედან გამომდინარე მის მიერ განცდილი სტრესის, შიშისა და უარყოფითი ემოციების ხარისხის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 300 000 ლარი არ იქნა მიჩნეული ადეკვატურ ოდენობად, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2025 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.09.2024 წლის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელე 01.10.2019 წელს, 17:37 საათზე, დააკავეს ბრალდებულის სახით და 02.10.2019 წელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ბრალი დაედო მასზე, რომ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 03.10.2019 წლის ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინებით მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 1000 ლარის ოდენობით, ამასთან, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის 09.03.2022 წლის განაჩენით, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 19.10.2022 წლის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.04.2023 წლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორის საკასაციო საჩივარი.
4.4. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 1005-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას.
4.5. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის.
4.6. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ საპატიმრო დაწესებულებაში დაჰყო 3 დღე, მის მიმართ სამართალწარმოება სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა 3.5 წელი და საბოლოო გადაწყვეტილება დადგა 27.04.2023 წელს, სააპელაციო სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია მორალური ზიანის სახით 12 000 ლარის დაკისრება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად უნდა განსაზღვრულიყო 5 000 ლარი.
4.7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესებს სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი. ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი შეიძლება ანაზღაურდეს იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გაწეული ხარჯის ოდენობა გონივრულ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისად, მორალური ზიანის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით ანაზღაურება.
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის) არსებობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთანავე, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
11. სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
12. მითითებული ნორმის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს (სუსგ №ბს-636(კ-23), 23.05.2024წ; №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.). ამდენად, სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი არის შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა - უკანონო ბრალდება/მსჯავრდება, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ბრალდებასა და დამდგარ ზიანს შორის, აგრეთვე პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფასა და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი, თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა (ყანდაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 1005, ველი 11, https://gccc.tsu.ge).
13. საქმის მასალებში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.03.2022 წლის განაჩენით მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ასევე მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა მოსარჩელის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 19.10.2022 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.04.2023 წლის განჩინებით კი, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 19.10.2022 წლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
14. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა, თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სსკ-ის 413-ე მუხლი) არის გათვალისწინებული (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.).
15. მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და განაჩენის გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ; №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.). არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ გამართლებულ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტური, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში კონვენცია) მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. ქმედების მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია, იგი არ არის დამოკიდებული ზიანის მიმყენებლის ცნობიერებასა და მის სამართლებრივ შეფასებაზე (ყანდაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 1005, ველი 41, https://gccc.tsu.ge).
16. დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
18. შეჯიბრებითობის პრინციპი მოითხოვს, რომ პროცესის მონაწილე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, გამოიკვლიოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამოთქვას საკუთარი პოზიცია მათ შესახებ და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა თუ ავთენტურობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი მოდელი ხასიათდება საპროცესო მოქმედებების ჩატარების თავისებური სისტემითა და პროცესის მონაწილეთა როლების თავისებური გამიჯვნით. ინკვიზიციური პროცესისგან განსხვავებით, სადაც მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებებით, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს მოსამართლის ნეიტრალურობის პირობებში სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608,609, II-15).
19. ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს 09.03.2022 წლის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულებისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ეჭვების გაბათილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთანავე, მოპასუხე არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022წ.).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად, მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება სხვა საქმეებზე, უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).
21. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, თუმცა კონვენციის მითითებული მუხლი პირს არ ანიჭებს კომპენსაციის უფლებას კონკრეტული ოდენობის თანხაზე (Şahin Çağdaş v. Turkey, №28137/02, 11.04.2006წ., §34). კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23).
22. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა 3 დღე, ხოლო მის მიმართ სამართალწარმოება სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა 3.5 წელი, ამასთან, მოსარჩელე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
23. ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიურ სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება (Vasilevskiy and Bogdanov v. Russia, №52241/14, №74222/14, 10.07.2018წ., §23). განსახილველ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთისა და სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ხანგრძლივობისა და საბოლოოდ მოსარჩელის უდანაშაულოდ ცნობის გათვალისწინებით კასატორები ვერ ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია (შდრ. სუსგ №ბს-806(2კ-21), 22.02.2022წ; №ბს-1330(კ-22), 23.02.2023წ; №ბს-786(2კ-21), 17.03.2022წ; №ბს-1276(კ-22), 25.04.2023წ.). წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
24. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობას არ ქმნის აგრეთვე პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებულ პირობებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.08.2016 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იზოლატორი არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. იზოლატორის ამოცანაა იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა (დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), იზოლატორში შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა (დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). იზოლატორის ფუნქციია იზოლატორში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფა (დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).
25. ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესით“ განსაზღვრულია პირის პირადი დათვალიერების წესი (მე-5 მუხლი), საცხოვრებელი პირობები (26-ე მუხლი), მოთავსებული პირის პირადი ჰიგიენა (27-ე მუხლი) და მათი კვება (28-ე მუხლი), აგრეთვე მოთავსებულ პირთა უფლებების ხელყოფის შემთხვევაში საჩივრის წარდგენისა და განხილვის წესი (29-ე-31-ე მუხლები). პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს განსახილველ საქმეში მოპასუხედ დასახელებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული პირობების გამო, ამასთან, მოსარჩელე არ მიუთითებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი საჩივრის წარდგენის ფაქტსა და განხილვის შედეგებზე.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.).
27. მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივარი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ ნაწილში შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიები.
28. ზოგადი წესის მიხედვით, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. უკეთუ მხარეს ხელშეკრულებით აკისრია ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება, ამგვარი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, აღნიშნული ხარჯი მიიჩნევა „ფაქტობრივად გაწეულ“ ხარჯად (Tebieti Mühafize Cemiyyeti and Israfilov v. Azerbaijan, №37083/03, 08.10.2009წ., §106; Savin v. Ukraine, №34725/08, 16.02.2012წ., §97; Belousov v. Ukraine, №4494/07, 07.11.2013წ., §115; Drozdyk and Mikula v. Ukraine, №27849/15, №33358/15, 24.10.2024წ., §67). ამდენად, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ №ას-444-423-2015, 30.10.2015წ; №ბს-809-805(3კ-17), 17.01.2019წ; №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).
29. ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვა (სუსგ №ბს-661(კ-23), 18.03.2024წ; №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოწარმოება მიმდინარეობდა სამივე ინსტანციაში. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესებს სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი. მოსარჩელესა და ადვოკატ ნ.ჩ-ს შორის 09.10.2019 წელს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება (ს.ფ. 110-115). აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა საადვოკატო ჰონორარის ოდენობა, ანაზღაურების წესი და პირობები.
30. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლის დავის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, ხოლო დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან დაკავშირებით მეორე საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.
31. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ ექვემდებარება სავალდებულო დაცვას, თავისთავად არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. კონვენციის მე-6 მუხლი აგრეთვე უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში როგორც პირადად, ასევე დამცველის მეშვეობით (მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი). დაცვის უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბრალდებულის შესაძლებლობას იყოლიოს დამცველი, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩევს. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც იღებს ჰონორარს გაწეული იურიდიული მომსახურების საფუძველზე. ადვოკატი მარწმუნებლისთვის არის სამართლებრივი რჩევის მიმცემი პირი, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობისას თუ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კლიენტის იურიდიულ ბედს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.2022წ. №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 17, 19). დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი) სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ამასთან, პირის ბრალდების შესახებ 02.10.2019 წლის დადგენილებით ბრალდებულს განემარტა, რომ მას აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის უფლება. დაუშვებელია ბრალდებულის იძულება პირადად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. შესაბამისად, მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე კანონით მინიჭებული უფლებით - ადვოკატის აყვანის უფლებით (დაცვა შეთანხმებით) სარგებლობის გამო, არ არის დასაბუთებული.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
33. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2025 წლის გადაწყვეტილება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე