Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1313(კ-24) 15 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-იმა 2021 წლის 5 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 29 ივნისის №009085/31 გადაწყვეტილება, გ. ბ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გ. ბ-ის საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (დაზუსტებული სარჩელი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა ა(ა)იპ თ...ის აუდიტის ჩატარება, რომლის საფუძველზე, განხორციელებული აუდიტის შედეგად, დამტკიცდა აუდიტის №31/36 ანგარიში, თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ.

დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შეფასებულ პერიოდში მოსარჩელე გ. ბ-ი წარმოადგენდა ა(ა)იპ თ...ის ...ს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები: 1. თ...ის მიერ 2018-2019 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა ექსპერტიზის აქტების საფუძველზე, თუმცა ექსპერტიზის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი შემსრულებლების ფაქტობრივი დანახარჯების დამდასტურებელი დოკუმენტები. 2. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმისა, რამდენად სარგებლობდა თ...ი არსებული საუკეთესო პრაქტიკით მიმწოდებლებზე საავანსო თანხების გაცემის დროს. 3....მა ურნების და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟის სამუშაოების შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის გზით, როდესაც შესაძლებელი იყო საქონლის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. ამასთანავე, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, ...ს არ განუხორციელებია ბაზრის კვლევა. 4. თ...მა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია.

2021 წლის 8 ივნისს, ა(ა)იპ თ...ის ყოფილმა ...მა გ. ბ-იმა საჩივრით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 2021 წლის 9 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციის უფროსს გადაუგზავნა საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ, ა(ა)იპ თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ №31/36 აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა. აუდიტის ანგარიშზე ადმინისტრაციული საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს არ ახლავს აუდიტის ობიექტის - ა(ა)იპ თ...ის სახელით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებამოსილების გ. ბ-ისათვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჩივრის ავტორს მიეცა შესაძლებლობა 5 დღის ვადაში წერილობით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 10 ივნისის №003239/30 სხდომის ოქმის თანახმად, გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრების წარსადგენად განესაზღვრა 5 კალენდარული დღის ვადა. 2021 წლის 24 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმს წერილობითი მოსაზრებით მიმართა გ. ბ-იმა და საჩივრის წარმოებაში მიღება და დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 29 ივნისის №009085/31 გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ თ...ის ყოფილი ...ის გ. ბ-ის 2021 წლის 8 ივნისის საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018- 2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის თაობაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებს, მის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს. ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოების წესზე და გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო შემთხვევაში, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა ა(ა)იპ თ...ი. შესაბამისად, აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ა(ა)იპ თ...ს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ან ...ის სახელით უფლებამოსილ პირს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი იმის შესახებ, რომ საჩივარი წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა. ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარადგინა ა(ა)იპ თ...ის ყოფილმა ...მა გ. ბ-იმა, რომელსაც არ გააჩნდა ...ის მიერ გაცემული აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პრეზიდიუმის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვება.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის უცვლელად დატოვებას მოჰყვება გ. ბ-ისთვის, როგორც ...ის ყოფილი ...ისთვის, ნეგატიური იურიდიული შედეგები. მას შეიძლება შეედავოს როგორც თავად ფონდი, სასამართლო წესით, ასევე, საგამოძიებო ორგანოები კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო ორგანოები სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენენ პირის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით კი ვერც დადგინდება და ვერც გამოირიცხება პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. აუდიტის ანგარიშის ბათილად ცნობა ვერ გამორიცხავს პირისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აუდიტის ანგარიშის ბათილად ცნობა ასევე ვერ შეზღუდავს ფონდის უფლებას შეედავოს პირს სასამართლო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის 1 პირველ ნაწილს გ. ბ-ითან მიმართებით. ერთი მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და მეორე მხრივ, გ. ბ-ის, როგორც აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელ პირს, რომლის უფლებებსაც უშუალოდ ეხება აუდიტის ანგარიში, არ მიიჩნევს დაინტერესებულ პირად. არადა, ამავე მუხლით დადგენილია, რომ დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს საჩივარს თუ კი იგი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. არასწორად განმარტავს იმ ნაწილში, რომ გ. ბ-ის, როგორც აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სადავო ადმინისტრაციული აქტი, არ მიიჩნევს დაინტერესებულ მხარედ, რითაც წინააღმდეგობაში მოდის 177-ე მუხლის დანაწესთან. სასამართლო არასწორად ადგენს გარემოებას, რომ რადგან გ. ბ-ის არ წარუდგენია ააიპ "თ...ის" სახელით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ ის გარემოება, რომ ის იყო შემოწმების პერიოდში ...ის ..., არ ქმნის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრებაზე მის უფლებამოსილ პირად ცნობის საფუძველს. სასამართლოს ამგვარი შეფასება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესთან, რომლის მიხედვითაც ბ-ის, როგორც დაინტერესებულ პირს, ნამდვილად გააჩნდა სადავო აქტის გასაჩივრების უფლება, ვინაიდან, სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის კანონიერ ინტერესებზე. სასამართლო არასწორად ადგენს იმ გარემოებას რომ ვინაიდან გ. ბ-ი, როგორც ..., მონაწილეობდა თ...ის საქმიანობაში, მას როგორც ფიზიკურ პირს არ აქვს გასაჩივრების უფლება. აღნიშნული გარემოება სასამართლოს უნდა განემარტა მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგან მისი სადავო პერიოდში ...ის დირექტორად ყოფნის ფაქტი აქცევს მას სწორედ დაინტერესებულ მხარედ და ადასტურებს, რომ სწორედ მის კანონიერ ინტერესზე მოახდენს გავლენას აუდიტის სამსახურის ანგარიში.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ასევე აღიარა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ თ...მა, აუდიტის ობიექტმა, არ გამოიყენა გასაჩივრების უფლება და გაუშვა გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის უცვლელად დატოვებას მოჰყვება გ. ბ-ისთვის, როგორც ...ის ყოფილი ...სთვის, ნეგატიური იურიდიული შედეგები. მას შეიძლება შეედავოს როგორც თავად ...ი, სასამართლო წესით, ასევე, საგამოძიებო ორგანოები კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი ბათილად ცნობის მოთხოვნით, მხოლოდ ამ გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება და ამასთანავე, დაიცვას თავი მის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნებისაგან. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა კი მისი ერთადერთი საშუალებაა საკუთარი უფლებების რეალიზაციისათვის, რომლებთანაც უშუალო შემხებლობაშია სადავო ანგარიში. აღსანიშნავია ისიც, რომ გ. ბ-ის სადავო ანგარიშის შედგენის ეტაპზე არ მიეცა შესაძლებლობა სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად ეხება ისეთ პირთა საქმიანობას, რომელიც უკავშირდება საჯარო რესურსების მართვას. შესაბამისად, გ. ბ-ი სადავო დოკუმენტს ასაჩივრებს არა როგორც ...ის წარმომადგენელი, არამედ, როგორც დაინტერესებული პირი, რომლის უფლებების ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეში დავის საგანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 29 ივნისის №009085/31 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და აუდიტის სამსახურისთვის გ. ბ-ის საჩივრის არსებითად განხილვის დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის დაინტერესებულ მხარედ მიჩნევისთვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უშუალოდ აღნიშნული პირის მიმართ, ან იგი უშუალო და პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს პირის კანონიერ ინტერესსა თუ უფლებაზე. უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მხარის უფლება თუ ინტერესი იყოს კანონით დაცული და აღიარებული. სწორედ კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებას უნდა ადგებოდეს ზიანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა ა(ა)იპ თ...ის აუდიტის ჩატარება, რომლის საფუძველზე, განხორციელებული აუდიტის შედეგად, დამტკიცდა აუდიტის №31/36 ანგარიში, თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ.

დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შეფასებულ პერიოდში მოსარჩელე გ. ბ-ი წარმოადგენდა ა(ა)იპ თ...ის ...ს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები: 1. თ...ის მიერ 2018-2019 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა ექსპერტიზის აქტების საფუძველზე, თუმცა ექსპერტიზის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი შემსრულებლების ფაქტობრივი დანახარჯების დამდასტურებელი დოკუმენტები. 2. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმისა, რამდენად სარგებლობდა თ...ი არსებული საუკეთესო პრაქტიკით მიმწოდებლებზე საავანსო თანხების გაცემის დროს. 3. ...მა ურნების და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟის სამუშაოების შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის გზით, როდესაც შესაძლებელი იყო საქონლის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. ამასთანავე, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, ...ს არ განუხორციელებია ბაზრის კვლევა. 4. თ...მა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია.

2021 წლის 8 ივნისს, ა(ა)იპ თ...ის ყოფილმა ...მა გ. ბ-იმა საჩივრით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა 2021 წლის 9 ივნისს, სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციის უფროსს გადაუგზავნა საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ, ა(ა)იპ თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ №31/36 აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა. აუდიტის ანგარიშზე ადმინისტრაციული საჩივრის ფორმალური მხარის შესაბამისობის შესახებ, იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ვინაიდან წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს არ ახლდა აუდიტის ობიექტის - ა(ა)იპ თ...ის სახელით აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებამოსილების გ. ბ-ისათვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საჩივრის ავტორს მიეცა შესაძლებლობა 5 დღის ვადაში წერილობით წარედგინა საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 10 ივნისის №003239/30 სხდომის ოქმის თანახმად, გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრების წარსადგენად განესაზღვრა 5 კალენდარული დღის ვადა. 2021 წლის 24 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმს წერილობითი მოსაზრებით მიმართა გ. ბ-იმა და საჩივრის წარმოებაში მიღება და დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის 2021 წლის 29 ივნისის №009085/31 გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ თ...ის ყოფილი ...ის გ. ბ-ის 2021 წლის 8 ივნისის საჩივარი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 19 მაისს დამტკიცებული თ...ის 2018- 2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის შესახებ აუდიტის №31/36 ანგარიშის თაობაზე, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გ. ბ-ი წარმოადგენდა აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებული საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების უფლებას ანიჭებს აუდიტის ობიექტს, ამ კანონით დადგენილი წესით. აუდიტის ობიექტის ცნებას კი განსაზღვრავს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, აუდიტის ობიექტი არის პირი, ორგანო, ორგანიზაცია ან/და დაწესებულება, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის აუდიტორული გეგმით განისაზღვრა ა(ა)იპ თ...ის აუდიტის ჩატარება, რომლის საფუძველზე განხორციელებული აუდიტის შედეგად, დამტკიცდა აუდიტის №31/36 ანგარიში, თ...ის 2018-2019 წლების საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები: 1. თ...ის მიერ 2018-2019 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა ექსპერტიზის აქტების საფუძველზე, თუმცა ექსპერტიზის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი შემსრულებლების ფაქტობრივი დანახარჯების დამდასტურებელი დოკუმენტები. 2. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმისა, რამდენად სარგებლობდა თ...ი არსებული საუკეთესო პრაქტიკით მიმწოდებლებზე საავანსო თანხების გაცემის დროს. 3. ...მა ურნების და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟის სამუშაოების შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის გზით, როდესაც შესაძლებელი იყო საქონლის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. ამასთანავე, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, ...ს არ განუხორციელებია ბაზრის კვლევა. 4. თ...მა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა ა(ა)იპ თ...ი და შესაბამისად, აუდიტის შედეგად შედგენილი ანგარიშის გასაჩივრების უფლებაც გააჩნდა ა(ა)იპ თ...ს, როგორც აუდიტის ობიექტ ადმინისტრაციულ ორგანოს, ან ...ის სახელით უფლებამოსილ პირს. ხოლო საჩივარი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმში წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის გ. ბ-ის მიერ.

საკასაცო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის უცვლელად დატოვებას მოჰყვება გ. ბ-ისთვის, როგორც ...ის ყოფილი ...ისთვის, ნეგატიური იურიდიული შედეგები. მას შეიძლება შეედავოს როგორც თავად ...ი, სასამართლო წესით, ასევე საგამოძიებო ორგანოები კანონით დადგენილი წესით. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ პირის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო ორგანოები ადგენენ სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული/სამოქალაქო სამართლებრივი წესით მოსარჩელის წინააღმდეგ დავის წარმართვის შემთხვევაში, ის არ კარგავს მისი უფლებების სრულად რეალიზაციის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება.

3. გ. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ტ-ეის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 15 იანვარს №9277 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ.შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.მაკარიძე