Facebook Twitter
3-34-02

3-34-02 10 ოქტომბერი, 2002წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

1990წ. 16 იანვარს ლ. ფ.-ემ შ. ა.-საგან იყიდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, ... 1990წ. 3 აპრილს ლ. ფ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამ სახლში მცხოვრები მდგმურების _ თ. და მ. ბ.-ების გამოსახლება მათთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ლ. ფ.-ემ 2001წ. 16 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ივნისის განჩინებით ლ. ფ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2002წ. 10 ივლისს ლ. ფ.-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

განცხადებაში აღნიშნა, რომ მის პირად საკუთრებაში არსებულ სახლში, მდებარე ქ. თბილისის ... ერთი ოთახი ეკავა თ. ბ.-ას. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ თ. ბ.-ას გარდაცვლილი ძმის _ ს. ბ.-ას მიერ დადებული ხელშეკრულება სახლის ყოფილი მესაკუთრის დედასთან _ ნ. ა.-სთან გაყალბებული იყო. ამის საფუძვლად მან მიუთითა შემდეგი გარემოება: ნ. და მ. ა.-ები საერთოდ არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რის გამოც ნ. ა.-მ 30 წლის განმავლობაში ვერ გაიფორმა გარდაცვლილი მ. ა.-ის სახლთმფლობელობა. აღნიშნული ფაქტი განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა 2002წ. 13 ივნისს მათ შვილთან _ შ. ა.-სთან საუბრის დროს.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 ივლისის განჩინებით ლ. ფ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ, სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა განცხადების დასაშვებობა და თვლის, რომ ლ. ფ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები.

სასამართლოში საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანით, აგრეთვე განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ (სსკ-ს 272-ე, 278-ე მუხლები).

სანამ აღნიშნული გადაწყვეტილებები და განჩინებები შევიდოდეს კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო ან საკასაციო წესით. მაგრამ მას შემდეგ, როცა ისინი შევა კანონიერ ძალაში, მათი გასაჩივრება დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით აღარ შეიძლება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, როგორც გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.

ამრიგად, განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით.

მოცემულ შემთხვევაში ლ. ფ.-ე მოითხოვს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. აღნიშნული განჩინებით ლ. ფ.-ეს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე. ე.ი. აღნიშნული განჩინებით საქმის წარმოება არ დამთავრებულა და გასაჩივრებული განჩინება კიდეც რომ გაუქმდეს საქმის წარმოება ვერ განახლდება, რადგან ლ. ფ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების მ. და თ. ბ.-ების მიმართ საქმის წარმოება დამთავრდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით.

ამდენად, ლ. ფ.-ის განცხადება არ არის დასაშვები და სსკ-ს 429-ე მუხლის შესაბამისად იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ფ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.