Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-597(2კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ა-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ა-იმა 2023 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6350572 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 18 მაისის №628 ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება საჩრდილობლის მოწყობა/კონსტრუქციაზე თანხმობის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ...ის კოლექციონერი, შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე, მას უწევს იშვიათი სახეობის ...ის შეგროვება. კერძო სახლიდან ე.წ. „კორპუსის ბინაში“ გადასვლის შემდეგ, მოსარჩელე კოლექციაში არსებული ...ის მოვლა-პატრონობას ახორციელებს საკუთარ აივანზე, თუმცაღა, ზედა სართულებიდან თვითნებურად ჩამოყრილი ნაგვისა და სიგარეტის ფერფლის გამო, ...ის დაზიანების საფრთხის გათვალისწინებით, მოსარჩელე მოკლებულია საკუთარი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობას, აზრი ეკარგება ...ის აივანზე განთავსებას. მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან აღნიშნული პრობლემა ვერ აღმოიფხვრა მოლაპარაკების გზით, მან გადაწყვიტა აივანზე საჩრდილობლის მოწყობა, რომლის გამოც შესაბამისი მოთხოვნით მიმართა კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ქალაქის მხატვრულ და არქიტექტურულ იერსახეზე მითითებით. აღნიშნული მოსარჩელის მოსაზრებით არ ასახავს პროპორციულ წონასწორობას საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ბინის აივნის მხარე ესაზღვრება არა ქალაქის განაშენიანებულ მხარეს, არამედ მთის ხედს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 18 მაისის №628 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6350572 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ა-ის მიმართ, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასება სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩრდილობლის მოწყობა ესადაგება I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელ მახასიათებლებს და ამდენად, ხასიათდება უმნიშვნელო რისკით. სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს საკმარის და საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის ცხად და სარწმუნო დასაბუთებას. მართალია, შენობა-ნაგებობათა იერსახე და განაშენიანების მხატვრული იერსახის ჩამოყალიბების აუცილებლობა წარმოადგენს ღირებულ საჯარო მიზანს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, არ არის დადგენილი მხატვრული იერსახის ხელყოფის რეალურობა, შეფასებული არაა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცულობა. წარმოდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ საცხოვრებელ კორპუსზე განთავსებულია, როგორც ამოშენებული აივნები (ღია თუ დახურული), ასევე, საჩრდილობლებიც. ამასთანავე, საცხოვრებელ კორპუსს არ აქვს ერთიანი იერსახე. გარდა ამისა საყურადღებოა, რომ მ.ა-ის აივანი, რომლის თავზეც უნდა მოეწყოს საჩრდილობელი, არ წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის წინა ფასადს, იგი მხოლოდ ახლომდებარე მთის კალთის მხარეს ესაზღვრება. აღნიშნული გარემოებები შეფასების გარეშეა დატოვებული სადავო აქტებით. აპელანტებმა სასამართლო განხილვისას ვერ წარმოადგინეს სარწმუნო არგუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა მ.ა-ის განცხადების დაკმაყოფილებით საჯარო ინტერესის იმ ინტენსივობით შეზღუდვა, რომელიც აღმატებული დაცვის ღირსი ინტერესი გახდებოდა. ამავდროულად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება უკანონო მიშენებაზე საჩრდილობლის მოწყობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალები არ შეიცავს ცნობებს მიშენების უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ, არც სადავო აქტები შეიცავს მსჯელობას აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვაგვარი ცნობები არც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყოფილა წარმოდგენილი.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში დაცული მასალები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საფუძვლიანად არ გამოკვლეულა მ.ა-ის განცხადებასთან დაკავშირებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მარტოოდენ ზოგადი მითითება იმაზე, რომ „არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია მსგავსი სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) განხორციელება“ თავისთავად არ აკმაყოფილებს სადავო აქტის დასაბუთების სზაკ-ით განსაზღვრულ სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ არსებობდა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6350572 გადაწყვეტილების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის საფუძველი. ზემოხსენებულ გარემოებათა შეფასების გარდა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოიკვლიოს და ჯეროვნად შეაფასოს მ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართის ზომა და განლაგება, განსათავსებელი საჩრდილობლის პარამეტრები, აგრეთვე საცხოვრებლის კონკრეტული ნაწილი, რომელშიც მოსარჩელე გეგმავს საჩრდილობლის მოწყობას. ამავდროულად, შესაფასებელია ამ ნაწილისა და მასზე განთავსებული კონსტრუქციის ხილვადობა შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრის, ასევე, გზის თვალსაწიერიდან, გამოკვლევას საჭიროებს ვიზუალური ცვლილების ხარისხი, რაც შენობის ფასადმა შეიძლება განიცადოს, მხედველობაშია მისაღები ამ ცვლილებების ზეგავლენის ეფექტიც, რასაც აღნიშნული სავარაუდოდ იქონიებს ტერიტორიის/ქალაქის ზოგად იერსახეზე. გარდა ამისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასების გარეშეა დატოვებული კონსტრუქციის განთავსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც გამორიცხავს განსათავსებელი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე მსჯელობის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მხოლოდ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილი და დეტალური ანალიზის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების დაცვით, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა როგორც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

კასატორთა მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით დავის საგანზე გადაწყვეტილების მიღებისას. ეს უკანასკნელი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის საფუძველზე, მხედველობაში მიიღება არამხოლოდ განმცხადებლის სუბიექტური ინტერესი, არამედ კომპლექსურ ანალიზს საჭიროებს ისეთი ობიექტური ფაქტორები, როგორიც არის არსებული განაშენიანების კონფიგურაცია, შენობის პარამეტრები და მისი ვიზუალი, მოქმედი ფუნქციური ზონა, ასევე, შენობის არქიტექტურულ-გეგმარებითი და სივრცით-მოცულობითი მახასიათებლები. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, ცხადია, რომ განაშენიანების მხატვრული იერსახის შენარჩუნება სარგებლობს არქიტექტურული პრიმატით მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) განხორციელებასთან შედარებით. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითება იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ, საპროექტო სივრცე (აივანი) მიმართულია ახლომდებარე მთისკენ, ხოლო მეორე მხრივ, სხვა მეზობელთან აივნების უკვე ამოშენებულ კონდიციაში არსებობა, არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მოსარჩელის სასურველი განაშენიანება ნეგატიური ზეგავლენას იქონიებს ქალაქის საერთო მხატვრული იერსახის ჩამოყალიბების მიზანზე. ამასთან, თავად აივნისა და მიმდებარე მიშენებათა უკანონობა წარმოადგენს დამატებით არგუმენტს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობის წარმოსაჩენად. საბოლოოდ კი, სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინება არ აკონკრეტებს უშუალოდ რომელი გარემოებები უნდა შეაფასოს, გამოიკვლიოს და გაანალიზოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კასატორთა მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი არ არის დარღვეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., სართული ..., ბინა ... (113.72კვ.მ.)) წარმოადგენს მოსარჩელე მ.ა-ის საკუთრებას. 2023 წლის 1 მარტს მ.ა-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) განხორციელების მიზნით მარტივი შეტყობინების შეთანხმების თაობაზე. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №635072 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ა-ის 2023 წლის 1 მარტის განცხადება სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეთანხმების, კერძოდ, საჩრდილობლის მოწყობის თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არქიტექტურის სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. არქიტექტურის სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია მსგავსი სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) განხორციელება. 2023 წლის 30 მარტს მ.ა-იმა №19/01230891480-01 საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №635072 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 18 მაისის №628 ბრძანებით, მ.ა-ის 2023 წლის 30 მარტის №19/01230891480-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №635072 გადაწყვეტილება. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად, ბრძანებაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) შეტყობინების შეთანხმების საკითხი წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული პირის ინტერესი აღნიშნული სამუშაოების განხორციელების თაობაზე, მეორე მხარეს კი დგას საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქ თბილისის მხატვრული იერსახის შენარჩუნებასა და დახვეწა–გაუმჯობესებაში, საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი თვალსაზრისით მისაღები სახით განვითარებაში. საქმეში წარმოდგენილია ფერადი ფოტო-სურათები, რომელიც ასახავს მ.ა-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ფასადს, ამჟამინდელ მდგომარეობას და საჩრდილობლის ფოტო-მონტაჟს. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია მთლიანი საცხოვრებელი კორპუსის ის კონკრეტული მხარე, რომელ მხარესაც მოსარჩელის აივანი მდებარეობს.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საგნობრივი კომპეტენციისათვის იმანენტურია ფართო დისკრეციული უფლებამოსილება. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლების მნიშვნელობით, ურბანული და რეგიონული დაგეგმვის პოლიტიკა წარმოადგენს იმ სფეროებს, რომლებშიც სახელმწიფო ყველაზე აქტიურად ერევა, განსაკუთრებით საკუთრების უფლების კონტროლის გზით ზოგადი ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით (ევროპული სასამართლოს 27.04.2004წ. გადაწყვეტილება საქმეზე Gorraiz Lizarraga and Others v. Spain, App. No. 62543/00, §70.). აღნიშნულის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ა“, „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოთვლის სამსახურის მნიშვნელოვან მმართველობით ფუნქციებს, კერძოდ კი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება - არქიტექტურული პროცესების თვისებრივად შემადგენელი ნაწილია. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ამდენად, ნიშანდობლივია, რომ არქიტექტურული პროცესების მართვა და გადასაწყვეტ საკითხთა ის ფართო სპექტრი, რომელიც თავისი არსით ამ პროცესში ექცევა, ავტომატურად მოიაზრებს ფართო დისკრეციის არსებობას.

ფართო დისკრეციული უფლებამოსილების არსებობის იურიდიული მოცემულობის მიუხედავად, ასეთი დისკრეციული უფლებამოსილება არის არა უსაზღვრო, არამედ კანონით შებოჭილი, ზღვარდებული თავისუფლება. თავისუფლება კი, უპირობოდ მოიაზრებს პასუხისმგებლობის პრინციპით მოქმედებას, იმ მიზნის მნიშვნელობის შესაბამისად, რომლისთვისაც გამოიყენება ასეთი თავისუფლება. ამდენად, სზაკ-ის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მან ეს უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონიერ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, დისკრეციულ უფლებამოსილება მნიშვნელოვანია განხორციელდეს იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მიენიჭა ორგანოს აღნიშნული უფლებამოსილება. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ეფუძნება ინტერესთა შეჯერების პრინციპს, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციულ უფლებამოსილება მჭიდრო კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთების ვალდებულებასთან, სწორედ ეს უკანასკნელი მიჯნავს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებისაგან. აღნიშნული ნორმატიული მიზეზი განაპირობებს სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის სულისკვეთებას, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო შესაბამისი აქტის გამოცემისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მაშინ წერილობით დასაბუთებაში აუცილებელია მიეთითოს ასეთი აქტის გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, საკმარისი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უბრალო მითითება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების ფაქტზე, აუცილებელია, რომ მთლიანი ადმინისტრაციული წარმოება განასახიერებდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების საკვანძო მიზანს, როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისაკენ სწრაფვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოოდენ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება შენიღბავს თვითნებობას, რაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №6350572 გადაწყვეტილება ვერ პასუხობს სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, აგრეთვე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დასაბუთების ხარისხობრივ მოთხოვნებს, სრულად უგულებელყოფილია სადავო აქტის კანონიერების, დასაბუთებულობისა და კონკრეტულობის არგუმენტაციული მოთხოვნები. აღნიშნული ხარვეზები ვერ აღმოიფხვრა ვერც ადმინისტრაციული თვითკონტროლით, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 18 მაისის №628 ბრძანებით (სზაკ-ის 178 მუხ.). არქიტექტურის სამსახურის უბრალო მითითება იმის თაობაზე, რომ ,,არქიტექტურის სამსახურმა შესაძლებლად არ მიიჩნია მსგავსი სარეკონსტრუქციო სამუშაოების (საჩრდილობლის მოწყობა) განხორციელება“ არ ამოწურავს სადავო აქტის სრულყოფილად დასაბუთების ვალდებულებას. ხსენებულ არგუმენტაციულ ფუნქციას ვერ შეითავსებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დასახელებული აბსტრაქტული მოტივები. კასატორები ერთ-ერთ მოტივად მიუთითებენ სავარაუდო უკანონო მიშენების ზედაპირზე საჩრდილობლის მოწყობის დაუშვებლობაზე, რაზედაც სააპელაციო პალატის მიერ მართებულად აღინიშნა, რომ მიშენების უკანონობა ვერ დადასტურდა კასატორთა მიერ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორები შემოიფარგლებიან მხოლოდ ზეპირ-სიტყვიერი ახსნა-განმარტებით, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს განაშენიანების კანონიერების შეფასების სტანდარტს. აღნიშნულის გარდა, სადავო აქტში დასახელებულ მოტივებს შორის კასატორები ცენტრალურად მიიჩნევენ ქალაქ თბილისის მხატვრული იერსახის შენარჩუნებას. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მხატვრული იერსახის შენარჩუნება მართლაც არის ღირებული საჯარო მიზანი, დაცვის ღირსი საჯარო ინტერესი, თუმცა მისი შინაარსი უცილობლად კონტექსტზე დამოკიდებულ ცნებათა კატეგორიაში ექცევა, ის, რაც, ერთ შემთხვევაში ამახინჯებს ტერიტორიის მხატვრულ იერსახეს, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში, არათუ ამახინჯებდეს, არამედ პირიქით, არქიტექტურულ ერთიანობასა და მთლიანობას მატებდეს გარკვეულ სივრცეს. ამასთანავე, მხატვრული იერსახის შენარჩუნება ხარისხობრივიც არის, რაც ხშირად, საჭიროებს იმის განსაზღვრავს თუ რა მასშტაბითა და ინტენსივობით ხდება მხატვრული იერსახის შენარჩუნება. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელია ინდივიდუალიზებული მიდგომის გამოყენება, ყოველივე აღნიშნული კი, არსებით მნიშვნელობას სძენს თავად დისკრეციული უფლებამოსილების განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენებას.

მხატვრულ იერსახესთან მიმართებით, ნიშანდობლივია მოსარჩელის მოსაზრება, რომელიც გაზიარებულ იქნა სააპელაციო პალატის მიერ, რომ საპროექტო სივრცე (აივანი) ესაზღვრება მთას, არ არის ლოკაციურად ცენტრალური ქუჩის მხარეს და არ ირღვევა საერთო იერსახე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შენობა-ნაგებობის გარე ექსტერიერი სივრცობრივ-ვიზუალურად არ არის ერთიანი და თანმიმდევრული ესთეტიკური კონცეფციის მქონე, შესაბამისად არ გამოხატავს ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალები ამყარებს ხსენებულ შეფასებას, საცხოვრებელ კორპუსზე განთავსებულია როგორც ამოშენებული აივნები, ასევე საჩრდილობლები. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შენიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია ტერიტორიის საერთო მხატვრული იერსახის დარღვევის მოსალოდნელობა, მისი სინამდვილე. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია იმის უპირობოდ მიჩნევა, რომ ტერიტორიის საერთო მხატვრული იერსახით ნაგულვები საჯარო ინტერესი ავტომატურად აღმატებულია მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული საჩრდილობლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების კერძო ინტერესზე. კასატორებს ევალებოდათ მათ მიერ დასახელებული მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი, თუმცა, მოსარჩელის საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შედარებით უფრო ნაკლებად მზღუდავი ალტერნატიული საშუალებების გამოყენების შესაძლებლობის საკითხის გამოკვლევა (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 25.04.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე Vaskrsić v. Slovenia, App. No. 31371/12, §83; შდრ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.09.2011წ. გადაწყვეტილება საქმეზე OAO Neftyanaya Kompaniya Yukos v. Russia, App. No. 14902/04, §652). ამასთან, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ მოტივაციაზე, რომელმაც განაპირობა საჩრდილობლის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვა და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არის კოლექციონერი, ახორციელებს იშვიათი ჯიშის ...ის მოვლას, ხოლო ზედა სართულებიდან ჩამომავალი მტვერი, გადმოყრილი ნაგავი, მათ შორის კი, არცთუ იშვიათად, სიგარეტის ფერფლი, მას ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოტივაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად უსვამდეს ხაზს მოსარჩელის სუბიექტურ - კერძო ინტერესსა და მისი დაცვის მომეტებულ მნიშვნელობას.

საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გამოსაკვლევ საკითხებთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ სამართლებრივი ასპექტების შეფასება სასამართლოს უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება, იგი არ ქმნის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველს, სააპელაციო პალატამ უარი არ უნდა განაცხადოს სამართლის ნორმის შეფარდებაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს არ უნდა დაავალოს სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება, აღნიშნული ეწინააღმდეგება სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დათქმის მიზანს (სუსგ №ბს-523-523(2კ-18), 24.12.2020წ.). აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოიხმო როგორც შესაბამისი სამართლებრივი ნორმები და მოახდინა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების სუბსუმცია, ასევე მიუთითა იმ შესაბამის გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლეულ უნდა იქნეს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სასკ-ის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი გარემოების გამოკვლევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასეთ გარემოებებს შორის (მათ შორის) დასახელებულ იქნა მ.ა-ის საკუთრებაში არსებული ფართის ზომა და განლაგება, განსათავსებელი საჩრდილობლის პარამეტრები, საცხოვრებლის კონკრეტული ნაწილისა და მასზე განთავსებული კონსტრუქციის ხილვადობა შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრიდან და გზიდან, ვიზუალური ცვლილების ხარისხის დამოკიდებულება შენობა-ნაგებობის ფასადის ცვლილების შემთხვევაში ან/და ამ ცვლილებების ზეგავლენის ეფექტი საერთო მხატვრულ იერსახეზე, ასევე კონსტრუქციის განთავსების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შენობა ნაგებობის არქიტექტურულ მდგრადობას. შესაბამისად, სრულიად დაუსაბუთებელია კასატორის ზემოაღნიშნული მითითება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცულობის სრულყოფილად შემოწმება საჭიროებს დასახელებული გარემოებების კომპლექსურ ურთიერთანალიზს. მართალია ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ხასიათდება ინკვიზიციურობის პრინციპით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ჩანაცვლებას იმ საკითხების გამოკვლევის მიზნით, რომლებიც სწორედ ამ სახის წარმოებით უნდა დადგინდეს და რომელთა შეფასებაც სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს შესაფასებელ საკითხთა რიცხვში შედის.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საკასაციო საჩივარზე 28.05.2025წ. №00757 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.05.2025წ. №00757 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე