Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-914(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ზ.გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2023 წლის 9 ივნისს ზ.გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „მიწის ნაკვეთზე ზ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 აპრილის №1230 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 188 კვ.მ) აღიარებულ იქნება მოსარჩელე - ზ.გ-ის საკუთრების უფლება.

სარჩელის მიხედვით, ზ.გ-ე 1992 წლიდან ფლობდა და სარგებლობა მიწის ნაკვეთით მდებარე: ქ. თბილისი ... (188 კვ.მ), სადაც გაშენებული ჰქონდა ბაღი, დარგული ჰქონდა ხეები და ფართი მოქცეული იყო ერთიან ღობეში. მოსარჩელის მითითებით, 2005-2014 წლის ორთოფოტოებზე კარგად ჩანდა ჭიშკარი და ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო ერთიან ღობეში. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს აშენებული ჰქონდა კაპიტალური შენობა, რომელიც 2020 წელს დანგრეულ იქნა (უკანონოდ იყო აშენებული), თუმცა აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებდა მიწის ფლობის ფაქტზე, რასაც ადასტურებდნენ მოწმეებიც. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე ზ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 აპრილის №1230 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 188 კვ.მ) აღიარებულ იქნება მოსარჩელე - ზ.გ-ის საკუთრების უფლება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მოსარჩელე ზ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 3700 (სამი ათას შვიდასი ლარი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღიარების კომისიამ 2023 წლის 19 აპრილს მიიღო №1230 განკარგულება ქ. თბილისში, ...ში მდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ზ.გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, 2005-2014 წლების ორთოფოტოებითა და ადგილზე დათვალიერებით ირკვეოდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო ასევე კანონის ამოქმედების შემდეგ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ზ.გ-ის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადასტურება მასზე შენობა-ნაგებობის განთავსებით, რაც უდავოდ შესაძლოა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილიყო; კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა ზ.გ-ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები მეზობელთა თანხმობის სახით, ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, 2005-2014 წლების ორთო-ფოტოებზე მითითებით სადავო აქტის მოტივირება და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ორთოფოტო ბუნდოვანი იყო, აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვა მტკიცებულებების უგულებელყოფის საფუძველი, რომლებიც ცხადყოფდნენ განმცხადებლის მიერ მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს და ასევე ადასტურებდნენ 2007 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დანგრეული შენობა-ნაგებობის არსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საცხოვრებელი სახლის კანონის ამოქმედების შემდეგ აშენების ფაქტს თავად ზ.გ-ეც ეთანხმება, და ადასტურებს, რომ სახლი აშენდა 2007 წლის შემდეგ. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, კ.მ-ის ჩვენებაზე, რომელიც ადასტურებდა, რომ ზ.გ-ე და კ.მ-ე 1990-იანი წლებიდან ფლობდნენ სადავო ტერიტორიის მიწის ნაკვეთს და მოსარჩელემ 2005 წლამდე ააშენა კაპიტალური შენობა, ამას ადასტურებდნენ წარმოდგენილი განცხადებით გ.მ-ე, გ,წ-ი და ა.კ-ეც.

კომისია მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენისთვის საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან იგი ემყარება მოწმეთა სუბიექტურ დამოკიდებულებებს და შეიძლება იყოს დამატებითი მტკიცებულება. საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოს და მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობისას კი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორთოფოტოს, როგორც ფაქტების ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველმყოფ მტკიცებულებას.

კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მას სადავო გადაწყვეტილება არ მიუღია მხოლოდ აეროფოტოგადაღების გადამოწმების საფუძველზე, არამედ კომისიის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე შეინიშნებოდა კაპიტალური საძირკველი და ჩამონგრეული კედლის ნარჩენი. შესაბამისად, კასატორისთვის ბუნდოვანია, თუ დამატებით რა გარემოებები უნდა გამოეკვლია მას იმ პირობებში, როდესაც ცალსახა იყო, რომ 2005-2014 წლების ორთოფოტოებზე შენობა-ნაგებობა, რომლის საფუძველზეც სურდა საკუთრების უფლების აღიარება ზ.გ-ეს, არ ჩანდა.

კასატორის მითითებით, სადავო განჩინება ფაქტობრივად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „...ის“ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ექსპერტიც კი არ უარყოფს, რომ 2006 წლის ორთოფოტოზე შენობა არ ჩანდა, თუმცა ამ ფაქტს, სასამართლოებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია სრულად დაეკმაყოფილებინათ სარჩელი. ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში, მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა არ არის შესაძლებელი. თუკი ორთოფოტოზე საკვლევი შენობა-ნაგებობა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული შენობა აშენებულია ორთოფოტოს გადაღების პერიოდში ან მანამდე. სხვა ტიპის მეთოდიკა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრას, არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში, 2005-2014 წლის ორთოფოტოებზე მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა საერთოდ არ ფიქსირდება და იგი ჩნდება 2020 წლის აეროფოტოგადაღებაზე. შესაბამისად, უდავოა, რომ კანონის ამოქმედებამდე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საერთოდ არ იდგა შენობა-ნაგებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ნაწილობრივ იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ზ.გ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 აპრილის №1230 განკარგულების კანონიერება და კომისიისთვის სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარების ორ ძირითად წინაპირობას - კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, როდესაც აღნიშნულ ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღსანიშნავია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა წარდგენაც არის საჭირო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად, კერძოდ: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

მითითებული კანონის 51 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზ.გ-ემ 2020 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საბოლოოდ, მისი განცხადება განხილულ იქნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, ვინაიდან უკავშირდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს. კერძოდ, აღიარების კომისიამ იმსჯელა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2023 წლის 19 აპრილს მიიღო №1230 განკარგულება, რომლითაც ზ.გ-ეს უარი უთხრა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ..., საერთო ფართობი - 188 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე განკარგულების თანახმად, 2005-2014 წლების ორთოფოტოებითა და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან სივრცეში და არ იყო შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებული იყო კანონის ამოქმედების შემდეგ.

2020 წლის 7 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული, გ.მ-ის, ა.კ-ის და გ,წ-ის განცხადებით დასტურდება, რომ ზ.გ-ე 1990 წლიდან განცხადების შედგენის დღემდე ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა 188 კვ.მ მიწის ნაკვეთით, მდებარე - ქ. თბილისი, .... ზ.გ-ემ 2001 წელს ააშენა შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობდა და განაგებდა. მათ განაცხადეს თანხმობა, რომ მოსარჩელეს მოეხდინა მითითებული უძრავი ქონების დაკანონება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არსებული შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „...ის“ 2024 წლის 28 მარტის №03/08 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ.გ-ის მფლობელობაში არსებულ 188 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ამჟამად დარჩენილი იყო ორი კაპიტალური ნაგებობის ფრაგმენტები. ლენტური ბეტონის საძირკვლის, ბეტონის ფილისა და კედლის ნარჩენების ასაკი შეადგენდა არანაკლებ 20 წელს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო განკარგულების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 28 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ხის მასალით და მიწის ნაკვეთზე შეინიშნებოდა კაპიტალური საძირკველი, ასევე, კაპიტალური კედლის ნარჩენი. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა მეზობელთა თანხმობა და შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „...ის“ 2024 წლის 28 მარტის №03/08 ექსპერტიზის დასკვნა. კომისიამ ასევე არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, მოსარჩელის მიერ უფლებაასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის მესაკუთრის კ.მ-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ზ.გ-ემ და მან დაახლოებით 1990-იანი წლებიდან დაიკავეს სადავო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, რადგან ისინი ცხოვრობდნენ აღნიშნული ფართის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბინაში (მიწასა და ბინას შორის იყო გზა).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა ზ.გ-ის მიერ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადასტურება მასზე შენობა-ნაგებობის განთავსებით, რაც შესაძლოა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დადგენილიყო, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა ზ.გ-ის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები მეზობელთა თანხმობის სახით, ასევე ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ ბუნდოვანი ორთოფოტო არ იყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძველი იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდნენ სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტს და 2007 წლამდე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დანგრეული შენობა-ნაგებობის არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა