Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-875(კ-24) 21 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.გ-ა

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.გ-ამ 2020 წლის 13 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის №... და 2019 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისთვის №... სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და წარდგენილი/სააგენტოში/ტექბიუროს არქივში დაცული სარეგისტრაციო წარმოების მასალების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სზაკ-ის მე-7 მუხლის გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, 2000 წლის 07 ივლისს მ.გ-ას მამამ ა.გ-ამ საჯარო აუქციონზე 13 490 ლარად შეიძინა სს „...ის“ კუთვნილი ... საწარმო და სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე კანონით დადგენილი წესით აღრიცხა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ... საწარმო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის (ყოველი ...) №...-ში მდებარე 5 239 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობას: ...ოს ძირითად ნაგებობას განაშენიანების ფართით ე.წ ნავესის ჩათვლით 817 კვ.მ (ლიტერი „ა“) და დამხმარე ნაგებობას განაშენიანების ფართით 270 კვ.მ, რომელიც გამოიყენებოდა მასალისა და მზა ნაკეთობების დასასაწყობებლად (ლიტერი „ბ“). მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად ...მა საწარმომ, პროფილისა და თანამშრომელთა ცვლილებების გარეშე, გააგრძელა ფუნქციონირება ა.გ-ას მიერ დაფუძნებული ინდივიდუალური საწარმოს მეშვეობით. მოგვიანებით, 2003-2004 წლებში, ე.წ. ნავესის გადახურვის დაზიანების გამო მოეწყო 25 კვ.მ ფართის დამოუკიდებელი სახურავით გადახურვა ამოშენება, რაც საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (დანართი 24) აისახა როგორც ნაგებობა №... და აშენდა საპირფარეშო, რაც ზემოაღნიშნულ ნახაზზე აღნიშნულია, როგორც ნაგებობა №... ფართით 3.09 კვ.მ. 2007-2008 წლებში მიწის ნაკვეთის ნაწილზე აშენდა ...სა და ...სთან დამაკავშირებელი გზა. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთი სამი მხრიდან მდებარეობდა ხევში და შემოღობილი იყო ბუნებრივი მიწაყრილით, გზის გაყვანამ შეცვალა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია. შპს „...ის“ მიერ 2019 წლის 11 მაისს შესრულებული დაზუსტებული აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...) №... -ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობმა შეადგინა 4 609 კვ.მ, ძირითადი შენობის მოშენების დაზუსტებულმა ფართმა 677,48 კვ.მ, ხოლო დამხმარე ნაგებობის დაზუსტებულმა ფართმა - 274,21 კვ.მ.

2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა ა.გ-ა და მას შემდგომ საწარმო ფუნქციონირებს მისი შვილის, მ.გ-ას მიერ დაფუძნებული ინდივიდუალური საწარმო მეშვეობით. 2019 წლის ივნისში სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ მ.გ-ამ, მამის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობის რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა არ დააკმაყოფილა მ.გ-ას კანონიერი მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის, რამდენადაც მიიჩნია, რომ მხოლოდ სასამართლოს გზით იყო შესაძლებელი მ.გ-ას კანონიერი ინტერესის დაცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს განჩინებით მ.გ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე მ.გ-ამ წარადგინა საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მ.გ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 დეკემბრის განჩინებით მ.გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და იმავე სასამართლოს 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე.

მ.გ-ამ 2021 წლის 01 მარტს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ 2021 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მ.გ-ამ 2021 წლის 15 აპრილს კვლავ მიმართა დაზუსტებული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №..., 2019 წლის 22 ოქტომბრის №..., 2019 წლის 03 დეკემბრის №..., 2021 წლის 20 იანვრის №..., 2021 წლის 28 იანვრის №..., 2021 წლის 01 მარტის №..., 2021 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის №... სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მ.გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №... და 2021 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონმდებლობის დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მ.გ-ამ 2019 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...) №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ფართობი 4609 კვ.მ.). ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 სექტემბრის №...- გადაწყვეტილებებით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ვერ დგინდებოდა ა.გ-ასათვის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით გადაცემული ობიექტის ადგილმდებარეობა/შესაბამისობა ტექ. ბიუროში აღრიცხულ რომელიმე შენობა-ნაგებობასთან (ლიტერთან) და შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ფართი, ამასთან, მოძიებული დოკუმენტაციითაც არ დადასტურდა სააღსრულებო ბიუროს მიერ განკარგული ობიექტის იდენტიფიცირება, წარსადგენი იყო უძრავი ნივთის განმკარგავი ორგანოდან დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების იდენტიფიცირება ტექ. ბიუროში დაცული მონაცემების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... და 2019 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 25 ნოემბერს მ.გ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი ...) №... -ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მხარეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადება იმავე მოთხოვნით იყო წარდგენილი, რომლის თაობაზეც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება. 2020 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობისა და წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რომლის 2021 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა, ხოლო 2021 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით მხარეს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა ... ...ოს განაშენიანების ფართობის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის №... - გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 28 იანვრის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

პალატამ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს წარმოადგენს პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ხოლო აღნიშნული მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით (ცნობა-დახასიათება) მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა მარეგისტრირებელმა ორგანომ ბოლო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილებით მხარეს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა ... ...ოს განაშენიანების ფართობის შესაბამისად, ხოლო შემდგომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომლის თანახმად, საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის ასეთი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით ევალებოდა სრულყოფილად გამოეკვლია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაეთვალიერებინა სადავო ტერიტორია და განესაზღვრა მესაკუთრე მოცემულ ქონებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განსახილველ საკითხთან არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (17.09.2019) და №... (22.10.2019) გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 03 დეკემბერს კანონიერად იქნა მიღებული ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება.

სააგენტოს 2021 წლის 20 იანვრის №2197 გადაწყვეტილების შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ განაახლა №... განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოება და 2021 წლის 28 იანვარს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ... ...ოს განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ვინაიდან კორექტირებული აზომვითი ნახაზი დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2021 წლის პირველ მარტს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, მ.გ-ას წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2021 წლის 26 თებერვალსა და 24 მარტს წარადგინა №... და №... ადმინისტრაციული საჩივრები. ადმინისტრაციული საჩივრების ავტორის მოთხოვნას წარმოადგენდა ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. რამდენადაც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო სწორედ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დავალებით, მ.გ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 26 თებერვლის და 24 მარტის ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 25 მარტს მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება.

სააგენტოს წარმომადგენელი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ურთიერთშეუსაბამოა, რადგან ერთ შემთხვევაში მიუთითებს, რომ ...ის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების (29.07.2000წ.) თანახმად, ა.გ-ას დაუდგინდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში ...ის №...-ში მდებარე ......ზე ანუ შენობა-ნაგებობაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა განესაზღვრა მესაკუთრე სადავო ქონებასთან დაკავშირებით, რამდენადაც, ა.გ-ას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ...ის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების (29.07.2000) თანახმად, უდგინდებოდა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის №...-ში მდებარე ... ...ზე. აღნიშნულ უძრავ ნივთზე შესაძლებელი იყო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე (როგორც გადამამუშავებელ ...ზე) და მის განაშენიანების ფართზე, ამისათვის მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა კორექტირებული აზომვითი ნახაზი მხოლოდ შენობა-ნაგებობისა და მათი განაშენიანების ფართის დატანით, ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს შენობა-ნაგებობისა და მათი განაშენიანების ფართობზე უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნდა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობს (4609 კვ.მ), საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავის დროზე შენობა-ნაგებობებთან ერთად განკარგული იყო მოსარჩელის სასარგებლოდ. ამგვარი დოკუმენტი ვერც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იქნა მოძიებული სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა განესაზღვრა მესაკუთრე, თანაც იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენდა აღნიშნული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებულ №...) (27.06.2019) ცნობა-დახასიათებაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების ლიტერის მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მითითებული იყო ა.გ-ა (საფუძველი: 29.07.2000 წლის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება), ხოლო მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მესაკუთრედ მითითებული იყო სახელმწიფო.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გადაწყვეტილებები მიიღო მხოლოდ მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უკვე შეფასებული ჰქონდა ზემოაღნიშნული საკითხი, საქმეში არსებული მტკიცებულებები საქალაქო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას, არსებითად გადაეწყვიტა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, თუ მიიჩნევდა რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი და საქმეში დაცული მტკიცებულებები წარმოშობდა მოსარჩელის უფლებას სრულად 4609 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი საკასაციო საჩივრის პერსპექტივის თვალსაზრისით ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის (სუსგ №ბს-553(2კ-20), 07.06.2022წ.).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (...) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი მარეგისტრირებელ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილეს საქმეში დაცულ მასალებზე, რომელთა თანახმად დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის მიერ 2000 წლის 04 ივლისს მიღებულ იქნა განკარგულება 13490 ლარის გადახდისა და საჯარო ვაჭრობის წესით გამართულ აუქციონში გამარჯვებული პირის ა.გ-ას სახელზე ქ. თბილისში, ... №... -ში მდებარე ... ...ოს აღრიცხვის შესახებ.

2019 წლის 20 ივნისს გაცემული №190717325 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2008 წლის 12 თებერვალს გარდაცვლილი ა.გ-ას პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა - მ.გ-ამ სამკვიდრო მიიღო სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით, მათ შორის, უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №... -ში.

მ.გ-ამ 2019 წლის 21 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი...) №... -ში მდებარე უძრავ ნივთზე (ფართობი 4609 კვ.მ).

სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სააღსრულებო ბიუროდან და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 29 ივლისის №... ... წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო დიდუბე ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 22 ნოემბერს გაცემული №2/1194-99 სააღსრულებო ფურცელი (დუბლიკატი), რომლის თანახმად, სს ...ას „...ას“ ა.გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნული სააღსრულებო წარმოების მასალებში არ იძებნებოდა მიმართვაში მითითებული აუქციონის მასალების ასლები, შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეცათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 აგვისტოს №6/46660 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ აღნიშნული წერილის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნის მიზეზი ბუნდოვანი იყო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც ამ წერილით მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვეოდა, ა.გ-ა გამარჯვებულად გამოვლინდა ქ. თბილისში, ... №... -ში მდებარე ......ოს რეალიზაციის მიზნით ...ის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოწყობილ აუქციონზე. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში დაცული არ იყო და ეთხოვა წარდგენილი დოკუმენტაციით საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზანშეწონილობაზე ემსჯელათ საჯარო რეესტრის კომპეტენციის ფარგლებში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ვინაიდან ვერ დგინდებოდა ა.გ-ასათვის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით გადაცემული ობიექტის ადგილმდებარეობა/შესაბამისობა ტექ. ბიუროში აღრიცხულ რომელიმე შენობა-ნაგებობასთან (ლიტერთან) და შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ფართი, ამასთან, მოძიებული დოკუმენტაციითაც არ დადასტურდა სააღსრულებო ბიუროს მიერ განკარგული ობიექტის იდენტიფიცირება, წარსადგენი იყო უძრავი ნივთის განმკარგავი ორგანოდან დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების იდენტიფიცირება ტექ. ბიუროში დაცული მონაცემების მიხედვით.

მ.გ-ამ 2019 წლის 27 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტოში დამატებით წარადგინა განკარგულების ასლი, ტექნიკური პასპორტის ასლი და ცნობა-დახასიათების ასლი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 სექტემბრის №...- გადაწყვეტილებით კვლავ განისაზღვრა, რომ ვინაიდან ვერ დგინდებოდა ა.გ-ასათვის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით გადაცემული ობიექტის ადგილმდებარეობა/შესაბამისობა ტექ. ბიუროში აღრიცხულ რომელიმე შენობა-ნაგებობასთან (ლიტერთან) და შესაბამისად, ვერ დგინდებოდა ფართი, ამასთან, მოძიებული დოკუმენტაციითაც არ დადასტურდა სააღსრულებო ბიუროს მიერ განკარგული ობიექტის იდენტიფიცირება, წარსადგენი იყო უძრავი ნივთის განმკარგავი ორგანოდან დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების იდენტიფიცირება ტექ. ბიუროში დაცული მონაცემების მიხედვით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

მ.გ-ას წარმომადგენელმა თ.ა-მა 2019 წლის 16 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, წარმოების განახლება და ახალი აქტის გამოცემა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით მ.გ-ას წარმომადგენლის თ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მ.გ-ას წარმომადგენელმა თ.ა-იმა 2020 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის (ყოფილი...) №... -ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტომ მიიჩნია, რომ განცხადება იმავე მოთხოვნით იყო წარდგენილი, რომლის თაობაზეც უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება.

მ.გ-ას წარმომადგენელმა თ.ა-მა 2020 წლის 18 დეკემბერს საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, წარმოების განახლება და ახალი აქტის გამოცემა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებით მ.გ-ას წარმომადგენლის თ.ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილების 4.2.9 პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, 4.2.9 პუნქტში მითითებულია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის №... (27.06.2019 წ.) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მე-... ქ. №... -ში მდებარე ლიტერის მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მითითებული იყო ა.გ-ა (საფუძველი: 29.07.2000 წლის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება), ხოლო ნაკვეთის მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მესაკუთრედ - სახელმწიფო საკუთრება (კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე - 5239 კვ.მ, სააღრიცხვო ბარათი კ/გ №..., აღრიცხვის თარიღი: 1999 წელი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებაში (29.07.2000 წ.) აღნიშნულია, რომ 2000 წლის 03 ივლისს გაიმართა საჯარო ვაჭრობის წესით აუქციონი ქ. თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... ...ზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2000 წლის 07 ივლისს გამოცხადდა განკარგულება 13490 ლარის გადახდისა და ქ. თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... ...ოს ა.გ-ას სახელზე აღრიცხვის შესახებ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 იანვრის №... გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ა.გ-ას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ...ის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების (29.07.2000) თანახმად, უდგინდება საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის №... -ში მდებარე ... ...ზე, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №... გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ‘’ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა‘’ ქვეპუნქტზე მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და დაინტერესებული პირისათვის კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენის მოთხოვნა, ... ...ოს განაშენიანების ფართობის შესაბამისად, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ კორექტირებული ნახაზის წარდგენის შემდეგ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს უნდა განეხორციელებინა დოკუმენტაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაგზავნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 იანვრის №... - გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება განახლდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ... ...ოს განაშენიანების ფართობის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

მ.გ-ას წარმომადგენელმა თ.ა-მა 2021 წლის 26 თებერვალს, ხოლო შემდგომ 2021 წლის 24 მარტს საჩივრებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2021 წლის 28 იანვრის №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 01 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 მარტის №... გადაწყვეტილებით მ.გ-ას წარმომადგენლის 2021 წლის 26 თებერვლისა და 2021 წლის 24 მარტის ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის №... (27.06.2019წ.) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №... -ში მდებარე უძრავი ქონება არის 5239 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ლიტ. „ა“ - ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის (არასაცხოვრებელი) საერთო ფართობი - 475 კვ.მ., ლიტ. „ბ“ - შენობა-ნაგებობის (სათავსო) – 270 კვ.მ. ამავე ცნობა-დახასიათების თანახმად, ლიტერის მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მითითებულია ა.გ-ა (საფუძველი: 29.07.2000 წლის ...ის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება), ხოლო ნაკვეთის მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის განყოფილებაში მესაკუთრედ - სახელმწიფო საკუთრება (კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე - 5239 კვ.მ, სააღრიცხვო ბარათი კ/გ №..., აღრიცხვის თარიღი: 1999 წელი).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის ის, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი კი ჩამოთვლის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებს, კერძოდ, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, არ დაუდგენია ტექნიკური არქივის მონაცემების თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, აღნიშნული შესაძლებელი იყო საარქივო ცნობის მეშვეობით, ადგილის დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებული ინფორმაციების შესწავლით, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტები. ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მ.გ-ას მიერ დამატებით წარდგენილი განკარგულების ასლი, ტექნიკური პასპორტის ასლი და ცნობა-დახასიათების ასლი. გასათვალისწინებელია, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 12/19/2008 №820 კანონით) 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში, ამ სამსახურების ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები ითვლებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო. მათ შორის, არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მითითებული უძრავი ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯერ ერთი პირის საწარმო „...“, ხოლო შემდგომ სს ,,... ...“, რომელსაც ა.გ-ას სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა 16 814 აშშ დოლარის გადახდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 2000 წლის 29 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. შესაბამისად, დასადგენია რა უფლების მატარებელს წარმოადგენდნენ მითითებული პირები დასახელებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, რის შემდეგაც უნდა გაირკვევს საჯარო ვაჭრობის წესით გამართულ აუქციონში გამარჯვებული პირის ა.გ-ას შეძენილი უფლების ფარგლები -...ის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება (29.07.2000წ.) ითვალისწინებდა ა.გ-ას უფლებას მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე თუ მიწის ნაკვეთთან ერთად. გასათვალისწინებელია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 2016 წლის 03 ივნისის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთის გარეშე, დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობასა და მის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს, კერძოდ: 1. საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შეფასება; 2. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურობა ხასიათდება იმით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულ პირს უნდა გაუჩინოს გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების განცდა, უნდა გამორიცხოს არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა საჯარო და კერძო ინტერესის დაბალანსების, გაწონასწორების თვალსაზრისით. არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება.

კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სამართლებრივი ბუნება, უძრავ ნივთთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა და მხოლოდ ყველა გარემოების სათანადო გამოკვლევისა და წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მხარისათვის გასაგები უნდა იყოს, რა მოტივით იქნა მიღებული განმცხადებლის მიმართ კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოს კვალიფიციურად არ შეუფასებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ -...) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა