Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-75(კ-25) 8 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ინდ. მეწარმე ვ...

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაგზავნილ იქნა ვ...ს სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, შემდეგი მოთხოვნით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2021წ. N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.09.2021წ. N... გადაწყვეტილება; 3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.09.2021წ. N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.10.2021წ. N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შესახებ; 5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.10.2021წ. N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 6. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიიღოს გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშNულების 43541 კვ.მ. მიწის ნაკვეტზე ვ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ ვ...ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ვ...მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე ვ...ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს და საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მიუთითა აღნიშნული კანონის მე-3 და მე-7 მუხლებზე და განმარტა რომ: ვერ გაიზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირის საგადასახადო სიაში (რომელიც შედგენილია 2007 წლის 20 სექტემბრამდე) ყოფნის ფაქტი, უპირობოდ წარმოშობს მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სიის, როგორც მართლზომიერი მფლობელის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა გახდა სიაში ინდ. მეწარმე ვ...ს შეყვანის საფუძველი და მოსარჩელე იხდიდა თუ არა ქონების გადასახადს სწორედ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №21-11/56075 და 2019 წლის 6 მაისის №21-12/47221 წერილებზე, რომლის მიხედვითაც 2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადის ი.მ „ვ...ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ს და ...ს საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე, კერძოდ 4,7 ჰა ...ს საკრებულოს და 2.7 ჰა ...ს საკრებულოს ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნულ წლებში მიწის გადასახადის გადახდა გადამხდელის მიერ არ ფიქსირდება. ასევე ყურადღება გაამახვილა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებზე, რომლის მიხედვით, ი.მ „ვ...ს“ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ბარათზე 2005 წლის 1-ლი იანვრისთვის ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 196282 ლარს, რაც სრულად შემცირებულ იქნა სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე (2008 წლის 10 დეკემბრის 15 ოქმი).

პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2004 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქციის (ძალადაკარგულია 01.01.2011წ.) 271-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა). პალატის მოსაზრებით, ბორჯომის რაიონის სოფელ ...ს და ...ს საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სია ან დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება რა გახდა სიაში ვ. გ-ეის შეყვანის საფუძველი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ინდ. მეწარმე „ვ...ს“ 2005-2006 წლებში ერიცხებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული არ არის გადახდილი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით ვერ დგინდება საგადასახადო სიაში მოსარჩელის შეყვანის სამართლებრივი საფუძველი და მიწის გადასახადის გადახდა გადამხდელის მიერ არ ფიქსირდება, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სამართლებრივი საფუძვლით ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, ანუ კანონიერად დაუფლებულია მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული წარმოების და არც საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია მიწის ნაკვეთზე მისი მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მტკიცებულებები, რაც გახდებოდა მისი საკუთრების რეგისტრაციის საფუძველი.

რაც შეეხება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქმის მასალებით დგინდება, რომ ვ. გ-ეის მიერ მოთხოვნილი 43541 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ცნობა-დახასიათების მიხედვით, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო და აღნიშნული ქონების პრივაზიტების ფაქტი ვ. გ-ეის სახელზე არ ფიქსირდება. საქმეში წარმოდგენილი 26.11.1995წ. №304 საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლში აღნიშნულია: ეძლევა ერთი პირის საწარმო ფირმა „ს...ს“, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ...ს ქარხანაზე რიცხული ქონება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის №21/11/25874 წერილზე და თანდართულ 2009 წლის 30 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც დგინდება, რომ ი.ს „ს...ი“ რეგისტრირებულია ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 1995 წლის 22 დეკემბრის №24/1-34 დადგენილებით, ამავდროულად რეგისტრირებულია ბორჯომის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი .... 1998 წლის 27 ივლისის ბორჯომის რაიონის სასამართლოს №2/361 გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში და საწარმოს სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი.ს „ვ...“. 1994 წლის 16 თებერვლიდან ბორჯომის ადგილობრივი მმართველობის ორგანო რაიონის გამგეობის №40 გადაწყვეტილების საფუძველზე, კოოპერატივი ს...ი განმეორებით რეგისტრაციაში გატარდა ერთი პირი საწარმო ფირმა „ს...ის“ სახელწოდებით, რომელსაც 1995 წლის 23 მაისს ბორჯომის საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ..., აღნიშნულ საიდენტიფიკაციო ნომერს ი.ს „ს...ი“ იყენებდა საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ დეკლარაციებსა და გაანგარიშებებში, როგორც იურიდიული პირი ადგენდა საწარმოს ბალანსებს და ანგარიშებს ფინანსური შედეგების მიხედვით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ერთი პირი ფირმა საწარმო „ს...ი“ (ს/ნ ...) 2004 წლის 8 დეკემბერს ლიკვიდირებულია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ვინაიდან ფირმა „ს...ის“ (ს/ნ ...) რეგისტრაცია არის გაუქმებული და არ დგინდება სამართლებრივი კავშირი (უფლებამონაცვლეობა) ვ. გ-ესა და ფირმა „ს...ის“ შორის, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით ვ. გ-ეის მიერ მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობს. პალატის შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ვ...მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ წინამდებარე სასამართლო დავამდე მოსარჩელეს უკვე ჰქონდა სხვა სასამართლო დავები, რომლებშიც მოყვანილი მსჯელობა გამოყენებული იქნა აღნიშნულ საქმეში. წინა სასამართლო დავა ეხებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიის აქტების გასაჩივრებას, რომლითაც მიწის ნაკვეთის, როგორც თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის აღიარებაზე ეთქვა უარი მოსარჩელეს და კავშირში არ იყო და არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ვინაიდან, თვითნებურად დაკავებული მიწის აღიარებას მფლობელობის უწყვეტობა სჭირდება, რას საერთოდ არარელევანტულია უფლების დამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით. ვინაიდან თუ არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი საგადასახდო სია იქნება თუ სხვა, კანონი ამ დოკუმენტის საფუძველზე რეგისტრაციისთვის არ მოითხოვს უძრავი ნივთის უწყვეტ მფლობელობას. რაიონულმა სასამართლომ აქცენტი გააკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შემოსავლების სამსახურის ცნობაში მითითებული მონაცემების თანახმად ვ. გ-ეის მფლობელობას არ ჰქონდა უწყვეტი ხასიათი. აღნიშნულზე სასამართლომ იმსჯელა იმ საკანონმდებლო სივრცეში, როდესაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგადასახადო სია საერთოდ არ წარმოადგენდა არანაირ სამართლებრივ დოკუმენტს და შესაბამისად სხვა კონტექსტში გამოიყენა სასამართლომ. 2020 წლის შემდგომ შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა არის იმდაგვარი, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საგადასახადო სია წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სია და სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნა, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ პირის საგადასახადო სიაში ყოფნის ფაქტი, რომელიც შედგენილია 2007 წლის 20 სექტემბრამდე, უპირობოდ წარმოშობს მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს არასწორია, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ გამახვილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგანაც ამ გარემოებაზე ყურადღება, რომ მანამდე არსებული დავების ფარგლებში, როდესად დავა მიმდინარეობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიის წინააღმდეგ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში რელევანტული იყო მსჯელობა ფაქტობრივ ფლობასთან და გადასახადების უწყვეტად გადახდასთან დაკავშირებით. 2007 წლის 20 სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საგადასახდო სია არის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი და უამრავი მიწის ნაკვეთი არის საგადასახადო სიის საფუძველზე რეგისტრირებული და დღესაც რეგისტრირდება და არავინ შესულა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის რევიზიაში. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საგადასახადო სია ისეთივე დოკუმენტია, როგორც ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასატრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. რაიონული და სააპელაციო სასამართლოები შევიდნენ უფლების დამდგენი დოკუმენტების რევიზიაში, კანონმდებლობით კი არ არის ამგვარი ჩაღრმავება მოთხოვნილი.

მოსარჩელეს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საგადასახადო სიის მეშვეობით და ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის მომენტიდან დღემდე უწყვეტად ახორციელებს ფლობას, როგორც ყველა, ისიც იხდიდა გადასახადებს, ხან ვერ იხდიდა, რისთვისაც დაუყადაღეს ქონება და დავაში იყო სახელმწიფოსთან. ხოლო შემდეგ ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა დავალიანებისგან. უძრავ ქონებას დღესაც ფლობს მოსარჩელე, აშენებული აქვს შენობა-ნაგებობები, შემოსაზღვრული აქვს ღობით, შესაბამისად ყველა მოცემულობას აკმაყოფილებს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს შესაძლებლობა წაართვა ყოველგვარი ნორმების მითითების გარეშე. რაც შეეხება მართლზომიერ და არამართლზომიერ ფლობას, კასატორის მითითებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საგადასახდო სიაც იმისთვის იქნა დამატებული, რომ თუ ფიზიკური პირი აღმოჩნდებოდა საგასახადო სიაში 2020 წლის 20 სექტემბრამდე, ეს საკანონმდებლო ორგანომ აღიარა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და არსად არ მიუთითებია, რომ უნდა გამოკვლეულიყო რის საფუძველზე მოხვდა საგადასახადო სიაში მოქალაქე. ამდენად არანაირი კანონიერი საფუძველი არ იყო საჭირო საგადასახო სიაში მოსარჩელის შეყვანისთვის, იგი შეყვანილი იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იყო ფაქტობრივი მფლობელი.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში ფიგურირებს ორი სამართლებრივი სუბიექტი: ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ი (ს/ნ ...) და ინდ. მეწარმე ვ... (ძველი ს/ნ ..., ახალი ს/ნ ...). როგორც ერთი, ასევე მეორე პირი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და მათი ერთდროულად რეგისტრაციის ფაქტი უკავშირდება იმ პერიოდში არსებულ მოუწესრიგებელ საკანონმდებლო გარემოს. სწორედ ამიტომ მოუწია ვ. ს-ის ინდივიდუალურ მეწარმედ ხელახალი რეგისტრაცია და არანაირი ორი სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტი არ არსებობდა. არსებობსა ფიზიკური პირის - ვ. ს-ის მიერ რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომლის რეგისტრაციაც მოხდა ორჯერ. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის ლიკვიდაცია იმგვარადაა განმარტებული, თითქოს მისი ლივიდაციით შეწყდა მისი ქონებრივი უფლებებიც, მსგავსად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა. ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტისას ხდება მისი რეგისტრაციის გაუქმება და მისი უფლებამონაცვლე არის შესაბამისი ფიზიკური პირი. ამდენად რეალურად მოხდა ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის არა ლიკვიდაცია, არამედ გაუქმება, ხოლო მისი უფლებამონაცვლე დარჩა ვ. ს-ი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გააგრძელა სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს არამარტო საგადასახადო სია, არამედ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ინდ. მეწარმე ვ...ს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე ვ...ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების, ასევე მოპასუხისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 43541 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების კანონიერება.

დადგენილია რომ, 2020 წლის 3 იანვარს ვ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 43541 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო წერილობითი განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრაციას მოითხოვდა 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. სარეგისტრაციო განცხადებას ვ. გ-ემ ასევე დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის №02/10544 (11.11.2019) წერილი, ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი, ინდივიდუალური საწარმო „ს...ის“ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული, ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 27 ივლისის №2/361 გადაწყვეტილების ასლი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: ...; თარიღი: 24.05.2016), ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციის ასლები, ცნობა-დახასიათება, საგადასახადო მოთხოვნა №818, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო − (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

2020 წლის 10 იანვარს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, რაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა. ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მიეთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადად განისაზღვრა 1 თვე.

2020 წლის 18 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს აცნობა, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო სამსახურში 2017 წლის პირველ სექტემბერს წარდგენილი იყო №... სარეგისტრაციო განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (15.05.2018) გადაწყვეტილება, ხოლო ვ. გ-ეის მიერ №... განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/187-21) საფუძველზე, 2021 წლის 19 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა დახასიათება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ვ. გ-ეის მიერ მოთხოვნილი 43541 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული არ არის, ასევე, ცნობა-დახასიათების მიხედვით, მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო და აღნიშნული ქონების პრივატიზაციის ფაქტი ვ. გ-ეის (პირადი ნომერი ...) სახელზე არ დასტურდება. სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 26.11.1995 წლის №304 საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სადაც აღნიშნულია: ეძლევა ერთი პირის საწარმო ფირმა „ს...ს“, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ...ს ქარხანაზე რიცხული ქონება, ხოლო „ფირმა ს...ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) რეგისტრაცია გაუქმებულ იქნა და არ დგინდება სამართლებრივი კავშირი (უფლებამონაცვლეობა) ვ. გ-ესა და „ფირმა ს...ს“ შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით ვერ განხორციელდება უძრავ ნივთზე ვ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობაში მითითებულ უძრავ ნივთზე ვ. გ-ეის მფლობელობას არ ჰქონდა უწყვეტი ხასიათი და ასევე არ დგინდებოდა, თუ რის საფუძველზე მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. გ-ეის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა. მარეგისტრირებელმა ორგანომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ გახდება სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ვ. გ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. დაინტერესებულ პირის განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარედგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარედგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2021 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ვ. გ-ეის (პირადი ნომერი ...) №438158/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.08.2021) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ასევე იგი მიუთითებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3ბ/187-21) და აღნიშნავდა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული, 1996 წლის 27 მარტს აღრიცხული მონაცემები წარმოადგენდნენ რეგისტრაციის საფუძველს, ვინაიდან 2020 წლის პირველი იანვრიდან „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობის განსასაზღვრად დადგენილი ვადა გავრცელდა 2004 წლის 4 ოქტომბრამდე აღრიცხულ ობიექტებზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ვ. გ-ეს უარი ეთქვა №438158/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2021 წლის 19 ოქტომბერს ვ. გ-ემ №490569/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2021 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ. გ-ეს უარი ეთქვა 2021 წლის 19 ოქტომბრის №490569/17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 18 ოქტომბერს მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც ასევე იმსჯელა 2021 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერებაზე და დაადგინდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.

საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).

დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის როლსა და მნიშვნელობაზე საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებლის ჩანაწერის გათვალისწინებით, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით. ამავე კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. რაც შეეხება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ჩანაწერს, მითითებულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 3 იანვარს ვ. გ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 43541 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო წერილობითი განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე რეგისტრაციას მოითხოვდა 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 17 ივნისიდან ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიღება განაპირობა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამ. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა საქართველოში მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა (იხ. განმარტებითი ბარათი).

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა; მითითებული ნორმის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ამავე სამართლებრივი ნორმის „რ“ ქვეპუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს, კერძოდ, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებია - 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელე მხარემ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად წარადგინა: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11.11.2019 წ. N02/10544 წერილი; საგადასახადო მოწმობა N00216 12.12.1995წ; სასამართლო გადაწყვეტილება 2/361 27.07.1998წ. სასტუმროს ტექპასპორტი 28.03.1996წ; სატრანსფორმატოროს ტექპასპორტი 10.04.1996წ; პურის საცხობის ტ/პასპორტი 20.02.1997წ; რესტორნის ტ/პასპორტი 03.03.1996წ; მიწის რეფორმის და მიწის კადასტრი 09.07.1996წ. N68 ცნობა; საჯარო რეესტრის 15.04.2016 წ. ცნობა-დახასიათება; მიწის მართვის სამმართველოს 27.12.2000 წ N509 ცნობა; მიწის მართვის სამმართველოს 28.02.2001წ N54 ცნობა, საგადასახადო მოთხოვნა N818 07.09.2006წ; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 23.08.2011 წ; ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10.11.2016 წ. N03/2586 წერილი; საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 10.02.2011წ ინფორმაცია; შედარების აქტი 29.06.2015წ; შედარების აქტი 29.06.2015წ 2/1; შემოსავლების სამსახურის 02.08.2017წ N21-02-1/116891 წერილი; შემოსავლების სამსახურის 10.04.2017 წ. წერილი და შემოსავლების სამსახურის 20.04.2017წ N21-11/56075 პასუხი; შემოსავლების სამსახურის 29.03.2019 წ. წერილი და შემოსავლების სამსახურის 04.04.2019 წ. N21-11/36041 პასუხი; მომსახურების დეპარტამენტის 06.05. 2019წ. N21-12/47221 წერილი; ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20.02.2017წ. N32 ცნობა; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ბრძანება N011-2015-065286 06.07.2015წ; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 06.07.2015წ. N21-11/69757 წერილი; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 16.07.2015წ. N21-05/74309 წერილი; შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 27.02.2017წ. N4974 ბრძანება; ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან 24.05.2017წ; აღიარების კომისიის N02/4816 წერილი ქონების სააგენტოს 03.07.2017წ; ქონების სააგენტოს პასუხი (12.07.2017წ. N16/35/025) აღიარების კომისიას; აღიარების კომისიის 24.01.2018წ. N02/550 წერილი საჯარო რეესტრს; საჯარო რეესტრის 07.03.2018 წ. N112600 წერილი აღიარების კომისიას; აღიარების კომისიის 02.05.2018 წ. N02/3317 წერილი საჯარო რეესტრს.

განსახილველ საქმეში, კასატორის ძირითადი მოტივაცია გასაჩივრებული აქტების კანონშეუსაბამობის თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ 2020 წლის 01 იავრიდან მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“), საგადასახადო სია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს და ვინაიდან მოსარჩელე ირიცხება 2007 წლის 20 სექტემბრამდე შედგენილ საგადასახადო სიაში, აღნიშნული წარმოშობს მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამასთან კასატორი უთითებს ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის უფლებამონაცვლეობის შესახებ და განმარტავს, რომ სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს არამარტო საგადასახადო სია, არამედ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათებაც.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, შესაძლოა, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად იყოს განხილული, თუმცა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი მომზადებული და გაცემული იყოს 2007 წლამდე პერიოდში - კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10-მე-11 პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი-მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი არ იყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა გახდა სიაში ინდ. მეწარმე ვ...ს შეყვანის საფუძველი და მოსარჩელე იხდიდა თუ არა ქონების გადასახადს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 აპრილის №21- 11/56075 და 2019 წლის 6 მაისის №21-12/47221 წერილებზე, სადაც მითითებულია, რომ 2005-2006 წლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადის ი.მ „ვ...ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ს და ...ს საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე, კერძოდ 4,7 ჰა ...ს საკრებულოს და 2.7 ჰა ...ს საკრებულოს ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე, აღნიშნულ წლებში მიწის გადასახადის გადახდა გადამხდელის მიერ არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ი.მ „ვ...ს“ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის ბარათზე 2005 წლის 1-ლი იანვრისთვის ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 196282 ლარს, რაც სრულად შემცირებულ იქნა სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე (2008 წლის 10 დეკემბრის 15 ოქმი). სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ინდ. მეწარმეს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005-2006 წლებში ერიცხებოდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, რომელიც გადახდილი არ არის.

საკასაციო სასამართლო უთითებს ასევე კანონიერ ძალაში შესულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის (საქმე №3ბ/2395-18) განჩინებაზე, სადაც სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული მონაცემები 2005-2006 წლებში ინდ. მეწარმე ვ...ს გადასახადის გადამხდელად 4,7 ჰა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღრიცხვასთან დაკავშირებით და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სსიპ შემოსავლების სამსახურში დაცული ინფორმაცია არ იქნა მიჩნეული საკმარისად იმისთვის, რომ ვ. გ-ე სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მფლობელად ჩათვლილიყო.

საგულისხმოა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება საგადასახდო სიაში ვ. გ-ეის შეყვანის საფუძველი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ 1996 წლის 27 მარტის სააღრიცხვო მასალაზე, სადაც მითითებულია, რომ ბორჯომში, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. საარქივო მასალებში ასევე ინახება ტექნიკური პასპორტები მისამართით: ბორჯომი, ...ს ქუჩა №... (ერთი პირის საწარმო ფირმა „ს...ი“). ტექნიკური აღრიცხვის ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართი მითითებული არ არის. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, შენობა-ნაგებობის საერთო მახასიათებელია: ლიტერი „ა“ (საკურდღლე) საერთო ფართით - 509.60 კვ.მ., ლიტერი „ა“ (მაღაზია) საერთო ფართით - 169.50 კვ.მ., ლიტერი „ა“ (თივის საცავი) საერთო ფართით - 588.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (ბოსელი) საერთო ფართით - 1020.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (საღორე) საერთო ფართით - 1176.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (საღორე) საერთო ფართით - 2123.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (ბოსელი) საერთო ფართით - 1286.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (ადმინისტრაციული შენობა) საერთო ფართით - 311.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (სასტუმრო) საერთო ფართით - 1080.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (რესტორანი) საერთო ფართით - 898.00 კვ.მ., ლიტერი „ა“ (სამწვადე) საერთო ფართით - 210.50 კვ.მ., ლიტერი „ა“ (სატრანსფორმატორო) საერთო ფართით - 49.60 კვ.მ., ლიტერი „ბ“ (კიოსკი) საერთო ფართით - 50.60 კვ.მ., ლიტერი „ბ“ (მატერიალური საწყობი) საერთო ფართით - 126.40 კვ.მ., ლიტერი „ბ“ (გამწმენდი ნაგებობა) საერთო ფართით - 80.20 კვ.მ., ლიტერი „გ“ (საქვაბე) საერთო ფართით - 137.50 კვ.მ., ლიტერი „გ“ (საყარაულო ჯიხური) საერთო ფართით - 13.00 კვ.მ., ლიტერი „ვ“ (საქათმე) საერთო ფართით - 220.50 კვ.მ., ლიტერი „ვ“ (გამწმენდი ნაგებობა) საერთო ფართით - 96.00 კვ.მ., ლიტერი „ვ“ (საპირფარეშო) საერთო ფართით - 36.80 კვ.მ. შენიშვნა: „სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილია 26.11.1995 წლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის №304 ასლი, სადაც აღნიშნულია: ეძლევა ერთი პირის საწარმო ფირმა „ს...ს“, რომ მას საკუთრებაში გადაეცა ...ს ქარხანაზე რიცხული ქონება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების თანახმად, ვ. გ-ეის მიერ მოთხოვნილი 43541 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული არ არის. საქმეში არსებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია სახელმწიფო, ხოლო მოსარგებლედ ინდივიდუალური საწარმო „ს...ი“ (ვ. გ-ე). „ფირმა ს...ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) რეგისტრაცია გაუქმებულია. ხოლო ვ. გ-ეის (პირადი ნომერი ...) სახელზე სადავო ქონების პრივატიზაციის ფაქტი არ დასტურდება.

საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ ვ. გ-ემ მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ბორჯომი, სოფელი ...ი, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილებით კი დგინდება, რომ 2005-2006 წლებში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების გადასახადის ი.მ „ვ...ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ს და ...ს საკრებულოების მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე, კერძოდ 4,7 ჰა ...ს საკრებულოს და 2.7 ჰა ...ს საკრებულოს ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას მასზე, რომ სარეგისტრაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 43541 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ, არ ადასტურებს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები ვერ დაედება საფუძვლად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას დაექვემდებარნენ. ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. აღნიშნული მუხლის იმდროინდელი რედაქცია კი საწარმოს გაუქმებულად გამოცხადებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუკი საწარმო არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს რეგისტრაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანას სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციას აქვს გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამეწარმეო ურთიერთობების სტაბილურობის მიზნით, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დაწესების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი – რეგისტრაციის გაუქმება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალმემკვიდრეობის/ უფლებამონაცვლეობის საკითხი მაშინ დგება, როდესაც მაგალითად სახეზე გვაქვს საწარმოთა გარდაქმნა, შერწყმა, ნატურით გაყოფა. საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია კი უთანაბრდებოდა საწარმოს რეორგანიზაციას – გარდაქმნას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოყვანის გზით. აღნიშნული ნიშნავდა არა სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტის შექმნას, არამედ უკვე არსებული სუბიექტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებას. ამ მოვლენას, როგორც რეორგანიზაციას, თან სდევდა უფლებამონაცვლეობა – იმ საწარმოს უფლებები და მოვალეობები, რომლის ხელახალი რეგისტრაციაც მოხდა, გადაეცემოდა მის უფლებამონაცვლეს – ხელახალი რეგისტრაციის გზით შექმნილ საწარმოს. იმავდროულად, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისაგან განსხვავდებოდა საწარმოს დაფუძნება, იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას ვერ ექნებოდა ადგილი, რამდენადაც საწარმოს დაფუძნების გზით იქმნება სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს ამ ურთიერთობებში წინამორბედი საწარმო და არავის უფლება-მოვალეობების მემკვიდრე არ არის.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 23 თებერვლის №21/11/25874 წერილზე და თანდართულ 2009 წლის 30 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლითაც დგინდება, რომ ი.ს „ს...ი“ რეგისტრირებულია ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 1995 წლის 22 დეკემბრის №24/1-34 დადგენილებით, ამავდროულად რეგისტრირებულია ბორჯომის საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი .... 1998 წლის 27 ივლისის ბორჯომის რაიონის სასამართლოს №2/361 გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება სამეწარმეო რეესტრში და საწარმოს სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი.ს „ვ...“. 1994 წლის 16 თებერვლიდან ბორჯომის ადგილობრივი მმართველობის ორგანო რაიონის გამგეობის №40 გადაწყვეტილების საფუძველზე, კოოპერატივი ს...ი განმეორებით რეგისტრაციაში გატარდა ერთი პირი საწარმო ფირმა „ს...ის“ სახელწოდებით, რომელსაც 1995 წლის 23 მაისს ბორჯომის საგადასახადო ინსპექციის მიერ მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ..., აღნიშნულ საიდენტიფიკაციო ნომერს ი.ს „ს...ი“ იყენებდა საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ დეკლარაციებსა და გაანგარიშებებში, როგორც იურიდიული პირი ადგენდა საწარმოს ბალანსებს და ანგარიშებს ფინანსური შედეგების მიხედვით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით, ერთი პირი ფირმა საწარმო „ს...ი“ (ს/ნ ...) 2004 წლის 8 დეკემბერს ლიკვიდირებულია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისად, ცალსახაა რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ერთი პირის საწარმო ფირმა ს...ის უფლებამონაცვლე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა თბილისის სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ამავე კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კანონშესაბამისია როგორც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ. მეწარმე ვ...ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. ინდ. მეწარმე ვ...ს (ს/ნ ...; პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. პ-ის მიერ 2024 წლის 27 დეკემბრის №25252893900 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე