Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-627(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.დ-ი, თ.მ-ი, ნ.მ-ი, მ.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 20 ივლისს ა.დ-იმა, თ.მ-იმა, ნ.მ-იმა და მ.მ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, არიან დევნილები ცხინვალის რეგიონიდან. 2014 წელს ა.დ-ის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად მიენიჭა დევნილის სტატუსი. 2022 წელს თ.მ-მა განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ვინაიდან მისი და მისი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2008 წლის აგვისტომდე იყო ცხინვალში, ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ... სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 8 22 00000112 ბრძანებით მას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანებით ა. დ-ის, მ.მ-ისა და ნ.მ-ის ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. კასატორების განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებსა და საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, რაც გახდა უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეებისთვის ა.დ-ისათვის, მ.მ-ისა და ნ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 8 22 00000112 ბრძანების - თ.მ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.მ-ის, ა.დ-ის, ნ.მ-ისა და მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა.დ-ისთვის, ნ.მ-ისა და მ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.დ-ისთვის მ.მ-ისა და ნ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი თ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 20 ივნისის MOH 8 22 00000112 ბრძანება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ.მ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია დევნილთა რაიმე სახის დისკრიმინაცია მათ მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ასევე იმ მიზეზით, რომ ეს პირები იძულებით არიან გადაადგილებულები.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რა გახდა მოსარჩელე მხარის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: 1. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2021 წლის 5 ნოემბრის N7 დასკვნაზე, რომლის თანახმად, თ.მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელს წარმოადგენდა; 2. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 18 აპრილის N139 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ.მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ... მეუღლის - ა.დ-ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში; 3. ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის 5 ივლისის N242-0-2-202207051056 ცნობაზე, რომლის თანახმად, თ.მ-ი მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... 2008 წლის 7 აგვისტომდე მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 მარტის MIA 422 00592801 და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 მარტის N52-522206115 წერილებზე, რომლითაც დგინდება, რომ თ.მ-ი და ა.დ-ი სოფელ ...ში 2005 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობენ. 4. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებზე, რომელთა თანახმად თ.მ-ი 2008 წლის 18 აპრილიდან 2009 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ...ის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამსახურში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2005 წლის შემდეგ თ.მ-ისა და მისი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორია და რაც მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელეებისათვის - ა.დ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების, ნ.მ-ისა და მ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ შემთხვევაში, სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ ა.დ-ი დაიბადა ... წელს ქალაქ ცხინვალში, 1989-97 წლებში სწავლობდა სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, 1998-2000 წლებში იგი სწავლობდა სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ...ში და სტუდენტობის დროს ცხოვრობდა ქირით სხვადასხვა მისამართზე; 2006 წელს, დაოჯახების შემდგომ მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოფელ ..., მშობლების სახლში, რაც დასტურდება ქურთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 30 ივნისს გაცემული N2419 ცნობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებით დგინდება, რომ მოსარჩელე 2008 წლის 15 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ...ის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატში; ქურთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 30 ივნისის N2419 ცნობის თანახმად, ა.დ-ის ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და მუდმივად ცხოვრობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ა.დ-ი დაოჯახების შემდეგ მუდმივად აღარ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არ ემყარება რაიმე სარწმუნო მტკიცებულებას. ამრიგად, მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა.დ-ისა და მის არასრულწლოვანი შვილებისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მითითებით, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მ...იჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დასტურდება მოსარჩელეების სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის: ა.დ-ისათვის, მ.მ-ისა და ნ.მ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანების კანონიერება, მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე თ.მ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შემოწმება და თ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის 30 მაისიდან ა.დ-ი და თ.მ-ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, ნ.მ-ი (დაბადებული ... ... ... წელს) და მ.მ-ი (დაბადებული... ... ... წელს).

2022 წლამდე ა.დ-ის, ნ.მ-ისა და მ.მ-ის მინიჭებული ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის სტატუსი და რეგისტრირებულნი იყვნენ N... სარეგისტრაციო ნომრით, ხოლო თ.მ-ის არ გააჩნია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

თ.მ-იმა 2021 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, თ.მ-ისთან 2021 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა გასაუბრება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი დაიბადა ... წელს ...ში, 1984-95 წლებში სწავლობდა ...ის რაიონის სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, 2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს ... მთავარ სამმართველოში ქ.თბილისში. აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიარა სოფელი ...ის 6-თვიანი პროგრამა. 2006 წელს დაოჯახდა ...ში ა.დ-იზე, ქორწინება დარეგისტრირდა მოგვიანებით, 2008 წლის 30 მაისს, ...ში. 2008 წლის მარტიდან აგვისტომდე კი მუშაობდა ...ის ადმინისტრაციაში დაცვის თანამშრომლად. თ.მ-ის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., მეუღლის საკუთრებაში, ხოლო სოფელ დიდ ...ში ცხოვრობდნენ მისი მშობლები და ძმა. რაც შეეხება მეუღლის მშობლებს, ისინი ცხოვრობდნენ ამავე სოფელში, სხვა სახლში. ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ივლისში ...ში შეეძინა შვილი. ... ვითარების დაძაბვის შემდგომ აგვისტოს პირველ რიცხვებში მისმა მეუღლემ და შვილმა, ხოლო თავად 8 აგვისტოს დატოვა ... და დღემდე ცხოვრობენ ქ.თბილისში. თავდაპირველად იგი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ...ის შენობაში, შემდეგ ...ში, ...ის შენობაში, სადაც 2020 წელს მერიამ საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი ფართი. ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2022 წლის 1 ივნისს გასაუბრება ჩაუტარდა თ.მ-ის მეუღლეს - ა.დ-ის. მისი განმარტებით, იგი დაიბადა ... წელს ქალაქ ცხინვალში, 1989-97 წლებში სწავლობდა სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, 1998-2000 წლებში - სოფელ ...ის საშუალო სკოლაში, ხოლო 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ...ში და სტუდენტობის დროს ცხოვრობდა ქირით სხვადასხვა მისამართზე. 2006 წელს დაოჯახდა ...ში. სოფელ ... ცხოვრობდა მეუღლესთან, მშობლებთან და დასთან ერთად, მშობლების სახლში. მშობლების სახლი იყო ორად გაყოფილი, ერთ ნაწილში ცხოვრობდნენ ის და მისი მეუღლე, მეორე ნაწილში ცხოვრობდნენ მშობლები და და. ა.დ-ის განმარტებით, 2008 წლის თებერვლიდან მუშაობდა ...ის ადმინისტრაციის შსს განყოფილებაში, სოფელ .... სამსახურში ფიზიკურად დადიოდა თებერვლიდან ივლისამდე, შემდეგ გავიდა დეკრეტულ შვებულებაში. 2008 წლის ივლისში სამშობიაროდ წავიდა ...ში მეუღლის ნათესავთან, სადაც შეეძინა შვილი. ომის დროს იმყოფებოდა ახალშობილ შვილთან ერთად სოფელ ...ში, მეუღლის მშობლების სახლში, ხოლო 8 აგვისტოს მისი მეუღლე ჩავიდა მათთან და ერთად წავიდნენ ქ.თბილისში, სადაც ცხოვრობდნენ ...ის შენობაში. ამჟამად იგი ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად ქ.თბილისში, ...ის შესახვევი N..., ბ. ...-ში, მეუღლის საკუთრებაში, თავად არის კომპენსირებული, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილი პირი.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის IDP 5 2200032724 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნით თ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია იმ საფუძვლით, რომ სტატუსის მაძიებელი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ... არ ყოფილა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის MOH 5 22 00032718 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნით, ა.დ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის (ნ. და მ. მ-ების) გაიცა რეკომენდაცია იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილი სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 8 22 00000112 ბრძანებით თ.მ-ის უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის MOH 0 22 00000105 ბრძანებით, ა.დ-ისა და მის არასრულწლოვანი შვილებს, ნ.მ-ისა და მ.მ-ის ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით თ.მ-ის უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო ა. დ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილებს (ნ. და მ. მ-ების) ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი ვინაიდან, არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.

საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2021 წლის 5 ნოემბრის N7 დასკვნაზე, რომლის თანახმად თ.მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მუდმივ მაცხოვრებელს წარმოადგენდა. 2. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2022 წლის 18 აპრილის N139 წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ.მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ... მეუღლის - ა. დ-ის მშობლების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში; 3. ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის 5 ივლისის N242-0-2-202207051056 ცნობაზე, რომლის თანახმად, თ.მ-ი მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... 2008 წლის 7 აგვისტომდე მეუღლის საკუთრებაში არსებულ ბინაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 მარტის MIA 422 00592801 და ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 მარტის N52-522206115 წერილებზე, რომლითაც დგინდება, რომ თ.მ-ი და ა.დ-ი სოფელ ...ში 2005 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობენ. 4. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებებზე, რომელთა თანახმად თ.მ-ი 2008 წლის 18 აპრილიდან 2009 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ...ის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამსახურში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად, თუმცა კონკრეტულ ადგილზე ცხოვრების ფაქტის დადგენისთვის უნდა შეფასდეს საერთო მონაცემები, მათ შორის, ფაქტობრივად უმეტესი დროის კონკრეტულ ადგილზე ყოფნის, ამავე ადგილზე ნათესაური კავშირების არსებობის, საქმიანობისა და სხვა გარემოებების დამადასტურებელი ფაქტები. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელეების ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელეებისათვის: ა.დ-ისათვის, მ.მ-ისა და ნ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო თ.მ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე