Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-918(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ე-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელახლა წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2024 წლის გადაწყვეტილებით ე.ე-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.07.2023 წლის №IDP 3 23 00723887 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა №657525 განცხადების განხილვის შედეგად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებასასთან დაკავშირებით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 28.07.2016 წლის №2554 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.05.2017 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2. მოსარჩელემ 26.06.2023 წელს განცხადებით მიმართა სააგენტოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და მიუთითა ახალ გარემოებებზე, კერძოდ, ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 14.06.2023 წლის დასკვნაზე. მითითებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2005 წლიდან, დაოჯახების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომამდე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მშობლების სახლში. მოსარჩელემ განცხადებაში აგრეთვე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდეგში „სამინისტროს“) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რომლის დამატებით პირობას წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირებთან სამუშაო გამოცდილება. მოსარჩელე აღნიშნულ პირობას აკმაყოფილებდა, შესაბამისად დადგინდა ვაკანსიაზე მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისობა მის მონაცემებთან.

3.3. სააგენტომ 10.07.2023 წლის IDP 3 23 00723887 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსი არ იძლევა სამინისტროს 2016 წლის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს და მათი წარდგენა შესაძლებელი იყო დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა.

3.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა განცხადებაზე დართულ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 14.06.2023 წლის №6 დასკვნაზე, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 14.06.2023 წლის №166 ცნობასა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ქურთის მუნიციპალიტეტის ... დაწესებულების „...ის“ 10.02.2014 წლის №2 ცნობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტები მოპასუხის მიერ არ იქნა შესწავლილი და განცხადების განხილვაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა ფორმალურად.

3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 102-ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ განცხადებაში ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების მიუთითებლობა. ამდენად, ახლად აღმოჩენილი გარემოების თუნდაც ფორმალურად მითითება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა არსებითად ემსჯელა მითითებული გარემოების შესაბამისად განცხადების საფუძვლიანობაზე და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება განცხადების დამკაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

3.6. მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება შეიცავდა მითითებას სხვა (ახალ) გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც შეეძლოთ განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დაინტერესებული პირის განცხადებაზე სზაკ-ის 102-ე მუხლის ფარგლებში არსებითად მსჯელობის და ახალი გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია ადმინისტრაციული ორგანოსთვის ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის 6.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.07.2013წ. №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ 2.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს.

10. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა, რაც უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული დოკუმენტით, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს არა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, არამედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელახალი წარმოების ფარგლებში დამატებით წარდგენილი დოკუმენტის ისეთ დოკუმენტად (მტკიცებულებად) მიჩნევის შესაძლებლობა, რომელიც განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური აქტის გამოცემას განაპირობებს.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდეგში „მინისტრის“) 28.07.2016წ. №2554 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის ომამდე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

12. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოსარჩელემ ხელახლა მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და მიუთითა ისეთ დოკუმენტებზე, რომლებიც წარდგენილი არ ყოფილა მანამდე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ, მიუთითა ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 14.06.2023 წლის დასკვნაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად მოსარჩელე 2005 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მშობლებლად ერთად, იქორწინა 2005 წელს, 2005 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მშობლების სახლში (ს.ფ.104-105).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ორგანოში ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ განცხადებაში მითითებული არ არის ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, განცხადებაში უნდა მიეთითოს ისეთ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებებზე (მტკიცებულებებზე), რომლებიც განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას განაპირობებს.

14. განცხადებით ხელახლა მიმართვისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელემ წარუდგინა 14.06.2023 წელს შედგენილი ისეთი სახის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს 2008 წლამდე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებულ ახალ გარემოებაზე. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააგენტომ განცხადების განხილვაზე უარი განაცხადა (ს.ფ.115-116).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ შეფასების გარეშე დატოვა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (სამუშაო ჯგუფის დასკვნა, ცნობა) 2008 წლის აგვისტომდე მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება 2016 წელს გადაწყვეტილების მიღებისას წარდგენილი და 2023 წლის განცხადებაზე დართული დოკუმენტების იდენტურობაზე (ს.ფ.306), ვინაიდან 2016 წელს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შინაარსი არ მიუთითებდა 2008 წლის აგვისტომდე სოფ. ...ში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტზე.

16. კასატორის აპელირება ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა პერიოდში გაცემული დოკუმენტების განსხვავებულ შინაარსზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე არ ქმნიდა მოსარჩელის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებენ პირისთვის უფრო ხელსაყრელი აქტის გამოცემას, სზაკ-ის 102-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ერთი და იმავე საკითხზე ხელახალი მიმართვისა და განხილვის საფუძველს. ცნობებში განსხვავებული შინაარსის მქონე გარემოებების მითითება შესაძლოა გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლებზე არსებითად მსჯელობის, მაგრამ არა განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობა. ვინაიდან მოსარჩელეს მინისტრის 28.07.2016წ. ბრძანებით დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა განსაზღვრულ პერიოდში სოფ. ...ში მუდმივი ცხოვრების ფაქტის არარსებობის გამო, ხოლო ხელახლა წარდგენილ განცხადებას მოსარჩელემ დაურთო ამ გარემოების საპირისპიროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მტკიცებულება), ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არსებითად განეხილა საკითხი და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე კასატორის მითითება არ არის აგრეთვე აქტის კანონიერების დადასტურების საკმარისი საფუძველი. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, მით უმეტეს არ გულისხმობს სათანადო საფუძვლების გარეშე განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.

17. განცხადების განუხილველად დატოვების საკმარის საფუძველს აგრეთვე არ ქმნიდა იმ გარემოებაზე მითითება, რომ „დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ მინისტრის 28.07.2016წ. №2554 ბრძანება დაექვემდებარა სასამართლო წესით შეფასებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ამ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხის ხელახლა განხილვის შესაძლებლობა გულისხმობს არა მანამდე გამოცემული (მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) აქტების მართლზომიერების შემოწმებას, არამედ ხელახალი განცხადების წარდგენისას ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების (მტკიცებულებების) არსებობის შეფასებას, რომელიც განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური აქტის გამოცემას განაპირობებს.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (სუსგ №ბს-1294(კ-20), 20.04.2021წ.; №ბს-466(კ-20), 07.06.2021წ.; №ბს-1143(კ-21), 14.04.2022წ.; №ბს-1206(კ-22), 26.04.2023წ.), ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2025 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე