საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1097(კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. ა-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დედგენილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო).
2025 წლის 7 თებერვალს პატრულ ინსპექტორ დ. ბ-ეის მიერ, ზ. ა-ეის მიმართ შედგენილი იქნა N... ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის დადგენილებით, ზ. ა-ე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ა-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილებით ზ. ა-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის დადგენილება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის საოქმო დადგენილება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის საოქმო დადგენილება საქმის მასალებიდან CD დისკისა და ფოტო სურათის ამოღებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილებაზე ზ. ა-ეის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია 2025 წლის 7 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N... გაუქმება/ბათილად ცნობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის N4/1309-25 დადგენილების გაუქმება; თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილების გაუქმება; ზ. ა-ეის მიმართ, N... სამართალდაღვევის ოქმის საფუძველზე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის საოქმო განჩინების საქმეზე N4/1309-25 გაუქმების შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა 2025 წლის 2 მაისის საოქმო განჩინების გაუქმებაზე; საქმეზე N 330510025010934481, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სანამ მიღებული არ იქნება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 6 თებერვალს ზ. ა-ეის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმზე ვიდეო მტკიცებულების დათვალიერებისა და პირის იდენტიფიცირების თაობაზე შესაბამისი განხორციელებული ღონისძიების შესახებ აქტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა საქმის მასალებიდან CD დისკისა და ფოტო სურათის მოღების თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა საქმის მასალებიდან CD დისკისა და ფოტო სურათის ამოღების თაობაზე; საქმის წარმოების მასალებიდან CD დისკის და ფოტო სურათის ამოღების თაობაზე; წინამდებარე საქმეზე ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ა-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს მოცემულ საკითხზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დადგენილების კანონიერება.
მოცემულ შემთხვევაში, ზ. ა-ე საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის 2025 წლის 7 თებერვლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს N..., თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის დადგენილებას საქმეზე N4/1309-25, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის დადგენილებას საქმეზე N4/ა-825-25 და ზ. ა-ეის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილებით ზ. ა-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე დადგენილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის დადგენილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის საოქმო დადგენილება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის საოქმო დადგენილება საქმის მასალებიდან CD დისკისა და ფოტო სურათის ამოღებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განჩინებით ზ. ა-ეს განემარტა, რომ აღნიშნული დადგენილება საბოლოოა და აღარ საჩივრდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ა-ეის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N... გაუქმების/ბათილად ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის დადგენილების გაუქმების, თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის დადგენილების გაუქმების და ზ. ა-ეის მიმართ, N... სამართალდაღვევის ოქმის საფუძველზე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. ასევე განუხილველი უნდა დარჩეს კასატორის შუამდგომლობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს დადგენილების ან ორინსტანციური სამართალწარმოების ფარგლებში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებების სათანადოდ შესრულების კანონიერება, შესაბამისად არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა-ეის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე