Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-49(კ-25) 8 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და

კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 11 ოქტომბერს სს „კ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეისთვის, ლ. მ-ისათვის, რ. მ-ისთვის და ხ. მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის N10/4382, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 08 სექტემბრის N04/8501 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 2637,5 ლარის (ორი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრის) ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის N10/4382 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 08 სექტემბრის N04/8501 გადაწყვეტილებები; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა შპს სს „კ...სთვის“ ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ის პროგრამული შემთხვევების ღირებულების - 2637,5 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-ე, ნე. ქ-ე და ლ. მ-ი წარმოადგენდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეებს, რომლებიც 2018 წლის ივლის-აგვისტოს საანგარიშო პერიოდში მკურნალობდნენ სს „კ...ში“ გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში. პაციენტების სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია პროგრამული კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა, დიაგნოზი ... ....

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის №10/4382 გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ის სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა. პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე შპს სს „კ...ს“ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა ინტენსიური მკურნალობის ფაქტი. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს N..., ..., ..., საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არაკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტები - რ. მ-ის და ხ. მ-ი 2019 წლის 06.05. - 07.05. პერიოდში თვითდინებით ჰოსპიტალიზებული იყვნენ სს „კ...ში“. მიმწოდებლის მიერ სამედიცინო შემთხვევები გადაეცა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი ..., ... -.... პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მიწოდებული დიაგნოზი არ დასტურდებოდა. შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევებს N..., ... საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნტის თანახმად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს) მიენიჭა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სასამართლომ მიუთითა, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.2. დანართის, N2 გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ქვეთავზე, რომლის თანახმად I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და ...ით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეისა და ლ. მ-ის შემთხვევებში, ადმინისტრაციული ორგანო დაეთანხმა პაციენტებისათვის პირველი 24 საათის განმავლობაში დასმულ დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის ურთიერთშესაბამისობას, თუმცა მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტები უნდა დაეყოვნებინათ მხოლოდ პირველი 24 საათის განმავლობაში, მწვავე შეტევის მოხსნამდე, ხოლო შემდგომ მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო თერაპიული კოდით, შიდა სტანდარტის მიხედვით, რაც არ მომხდარა. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა რაიმე ნორმატიული შეზღუდვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას უკრძალავდა პაციენტის დაყოვნებას ...ის განყოფილებაში, 24 საათზე მეტი ვადით. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ ყოფილა მითითებული რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო შემთხვევებში პაციენტების მდგომარეობა სტაბილური იყო და არ საჭიროებდნენ ინტენსიურ მოვლას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში უარი მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობები არ არსებობდა.

რ. მ-ისა და ხ. მ-ის შემთხვევებში, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ინსპექტორები გადამოწმების მიზნით დაუკავშირდნენ აღნიშნულ პაციენტებს, რომლებმაც განმარტეს, რომ კლინიკაში იწვნენ სხვა მიზეზით, მუცლის ტკივილით და ა.შ. ამასთან, ელექტრონულ მოდულში ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული იყო კომენტარი, რომ მოთხოვნილი ნოზოლოგიური კოდი არ დასტურდებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის N10/4382 და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 08 სექტემბრის N04/8501 გადაწყვეტილებების კანონიერება წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო არ იყო პაციენტებისათვის პირველი 24 საათის განმავლობაში დასმული დიაგნოზისა და ჩატარებული მკურნალობის ურთიერთშესაბამისობა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მომდევნო სამკურნალო დღეებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია რაიმე სარწმუნო მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტები არ საჭიროებდნენ ინტენსიურ მოვლას. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო უარი პაციენტებისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტები - ნ. ქ-ე, ნე. ქ-ე და ლ. მ-ი მკურნალობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში. პაციენტების სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია პროგრამული კოდით: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, დიაგნოზი I50.1 ....

კასატორი აღნიშნავს, რომ ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა პაციენტების ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, შესაბამისად, დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, („წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არაკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის N10/4382 და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2021 წლის 08 სექტემბრის N04/8501 გადაწყვეტილებები; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაევალა შპს სს „კ...სთვის“ ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ის პროგრამული შემთხვევების ღირებულების - 2637,5 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ. სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს შედავება არ წარუდგენია და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია სადავო აქტების უკანონობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს, გასაჩივრებული ნაწილი - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 აპრილის N10/4382 და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 08 სექტემბრის N04/8501 გადაწყვეტილებების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეები - ნ. ქ-ე, ნე. ქ-ე და ლ. მ-ი 2018 წლის ივლის-აგვისტოს საანგარიშო პერიოდში მკურნალობდნენ სს „კ...ში“, გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში.

სს „კ...ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N9747/18 ბარათისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი - ნ. ქ-ე 2018 წლის 30 ივლისიდან - 2018 წლის 02 აგვისტომდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა სს „კ...ში“ შემდეგი დიაგნოზებით: ..., ..., ..., ..., ..., ..., .... ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მწვავე, მძიმე და იგი მოთავსდა ...იის ...ის პალატაში, აყვანილი იქნა ... მეთვალყურეობაზე, მიეწოდებოდა ...ით, დაენიშნა სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. კლინიკაში ყოფნის შემდგომ დღეებში გრძელდებოდა ...ის მოვლენები, ..., ..., ..., რჩებოდა ..., პერიოდულად აღენიშნებოდა .... მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ პაციენტი გაეწერა ბინაზე.

სს „კ...ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო N10754/18 ბარათის და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი - ნე. ქ-ე (პ.ნ. ...) 2018 წლის 24 აგვისტოდან - 2018 წლის 27 აგვისტომდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა სს „კ...ში“ შემდეგი დიაგნოზებით: ..., ..., ..., ..., ..., .... ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მწვავე, მძიმე და იგი მოთავსდა ...იის ...ის პალატაში, აყვანილი იქნა ... მეთვალყურეობაზე, მიეწოდებოდა ...ით, დაენიშნა სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. Car ტონები მიყრუებული, ... ...ს ყველა მოსასმენ წერტილში. კლინიკაში ყოფნის შემდგომ დღეებში გრძელდებოდა ...ის მოვლენები, ..., ..., ..., რჩებოდა ..., პერიოდულად აღენიშნებოდა .... მკურნალობის პროცესშში ჩატარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ პაციენტი გაეწერა ბინაზე.

სს „კ...ს“ სტაციონარული პაციენტის N9730/18 სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის თანახმად, პაციენტი - ლ. მ-ი (პ.ნ. ...) 2018 წლის 30 ივლისიდან - 2018 წლის 02 აგვისტომდე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობდა სს „კ...ში“ შემდეგი დიაგნოზებით: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., დაუზუსტებელი ... ავადმყოფობის მიმდინარეობაში მითითებულია, რომ კლინიკაში შესვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო მწვავე, მძიმე და იგი მოთავსდა ...იის ...ის პალატაში, აყვანილი იქნა ... მეთვალყურეობაზე, მიეწოდებოდა ...ით, დაენიშნა სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. Car ტონები მიყრუებული, ... ...ს ყველა მოსასმენ წერტილში. კლინიკაში ყოფნის შემდგომ დღეებში გრძელდებოდა ...ის მოვლენები, ..., ..., ..., რჩებოდა ..., პერიოდულად აღენიშნებოდა .... მკურნალობის პროცესში ჩატარდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ პაციენტი გაეწერა ბინაზე.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის №10/4382 გადაწყვეტილებით სამედიცინო შემთხვევები არ ანაზღაურდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტების - ნ. ქ-ე, ნე. ქ-ე და ლ. მ-ის სამედიცინო შემთხვევები მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებულია პროგრამული კოდით I დონის ინტენსიური მკურნალობა მოვლა, დიაგნოზი ... .... ინსპექტირების ეტაპზე სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და დამატებითი მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ-შემთხვევებში ინტენსიური მკურნალობა მოვლა არ დადასტურდა. შესაბამისად სამედიცინო შემთხვევებს N..., N..., N... საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი 1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების თანახმად (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.

სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 29 აპრილის №10/4382 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სს „კ...მა“. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 08 სექტემბრის N10/8501 გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის, ლ. მ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს მხარეს სადავოდ არ გაუხდია ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეისა და ლ. მ-ისათვის პირველი 24 საათის განმავლობაში დასმულ დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობის ურთიერთშესაბამისობა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, მკურნალობის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტები უნდა დაეყოვნებინათ მხოლოდ პირველი 24 საათის განმავლობაში, მწვავე შეტევის მოხსნამდე, ხოლო შემდგომ მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო თერაპიული კოდით, შიდა სტანდარტის მიხედვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.2. დანართის, N2 გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ქვეთავზე, რომლის თანახმად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა განკუთვნილია პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და ...ით თერაპიას. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე" სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია პაციენტის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ..., სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა. ამავე კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯანმრთელობის დავის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ადგენს, რომ ექიმი ვალდებულია პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის რიგითობა განსაზღვროს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში. კანონის 50-ე მუხლის კი ადგენს, რომ მცდარი სამედიცინო ქმედებისათვის ექიმი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით გათვალისწინებული არ არის რაიმე სახის შეზღუდვა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას აუკრძალავდა პაციენტის დაყოვნებას ...ის განყოფილებაში 24 საათზე მეტი ვადით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ N36 დადგენილების დანართი 1.2. შესაბამისად, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა გათვალისწინებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც 24 საათის განმავლობაში შეიძლება მოეხსნათ, რომელიმე სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, თუმცა მათი მდგომარეობა რჩება არასტაბილური. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 24 საათის შემდეგ მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო თერაპიული კოდით, მაგრამ გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა ადმინისტრაციული ორგანო სხვა მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს, რომ კლინიკაში ყოფნის სამი დღის განმავლობაში პაციენტების მდგომარეობა 24 საათს შემდეგ იყო იმდენად სტაბილური, რომ არ არსებობდა არ ჰქონდათ I დონის მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო ჩვენებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად კი, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. კასატორი (მოპასუხე) მხარის მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაციენტებს არ ჰქონდათ I დონის მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო ჩვენებები. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება ნ. ქ-ეის, ნე. ქ-ეის და ლ. მ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.02.2025წ. საგადახდო მოთხოვნა №02780-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე