Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-249(2კ-25) 8 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ.კ-ი

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2024 წლის 3 ივნისს კ.კ-იმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მოსარჩელე - კ.კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, 2021 წლის 21 თებერვალს განხორციელებული უკანონო დაკავებისთვის; მოპასუხეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელე - კ.კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, 2021 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული უკანონო დაკავებისა და პატიმრობაში უკანონო ყოფნისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით, ერთ წარმოებად, ერთად განხილვისათვის გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები №3/7283-21 (მოსარჩელე - კ.კ-ი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება) და №3/1143-23 (მოსარჩელე - კ.კ-ი, მოპასუხეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი და ზუგდიდის რაიონული სასამართლო, დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება) და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა ადმინისტრაციული საქმის ნომერი №3/7283-21.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე - კ.კ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით - 1 200 (ათასორასი) ლარის ანაზღაურება; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოსარჩელე - კ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება; 4. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე - კ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტირებისთვის გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1 200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება; მოსარჩელის მოთხოვნა ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 21 თებერვალს 13:30 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კ.კ-ი და მის მიმართ, 2021 წლის 21 თებერვალს შედგენილ იქნა №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 თებერვლის დადგენილებით (საქმე №4/795-21), კ.კ-ის (პ/ნ:...; დაბ: ... ... ...წ. მის: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა №... მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

კ.კ-ი დააკავეს 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25 საათზე. 2021 წლის 1 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კ.კ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მ-2 ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/ა-699-21), კ.კ-ი (დაბ. ....წ, პ/ნ:..., მის: ქ. თბილისი, ...ის №.../...) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით; კ.კ-ის, ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა - 5 დღის ვადით. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 30.10.2021 წ. 10:25 სთ-დან; შეწყდა საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/ა-472-2021წ.), კ.კ-ის (პ/ნ:...) და მისი წარმომადგენლის, ადვოკატ - ა.ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის დადგენილება გასაჩივრებულ ნაწილში, შეწყდა კ.კ-ის (პ/ნ:...) მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით (01.11.2021 წ. №... ოქმი) დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; დანარჩენ (01.11.2021 წ. №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების) ნაწილში კ.კ-ის (პ/ნ:...) და მისი წარმომადგენლის, ადვოკატ - ა.ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმ საკითხზე, რომ კ.კ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების "საქმის შეწყვეტით" დასრულება უდავოდ მიუთითებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის არარსებობაზე, რის გამოც, მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიება - დაკავება-დაპატიმრება, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. თავის მხრივ, დაკავების-პატიმრობის უკანონოდ მიჩნევა ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კ.კ-ის უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული არაქონებრივი ზიანი.

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კ.კ-ი პირველად დაკავებულ იქნა 2021 წლის 21 თებერვალს, 13:30 წუთზე და გათავისუფლდა იმავე დღეს, ხოლო მეორედ დაკავებულ იქნა 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25 წუთზე და გათავისუფლდა 4 ნოემბერს 10:25 საათზე (ტ.2. ს/ფ. 132-133). აღნიშნული გარემოების გათავლისწინებით კი გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმ ნაწილში, რომ სახეზეა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, თუმცა არ დაეთანხმა მის ოდენობას და მიიჩნია, რომ დაკისრებული თანხა - 1200 ლარის ოდენობით, არაპროპორციულია და არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება მოსარჩელის უფლებებში ჩარევის იმგვარი ინტენსივობა, რაც გაამართლებდა მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას. მორალური ზიანის სახით 1200 ლარის დაკისრება ერთმნიშვნელოვნად არ იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რის გამოც იგი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა იყო და შემცირებას ექვემდებარებოდა. ამდენად, პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდავი ღონისძიების ნაკლებად ინტენსიური ხასიათის, მათი თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიიჩნია 500 (ხუთასი) ლარი. შესაბამისად ამ ნაწილში არ გაიზიარა აპელანტ კ.კ-ისა და მისი წარმომადგენლის პოზიცია მორალური ზიანის ფულადი ოდენობით ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრების თანახმად, სადავოდ იყო გამხდარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს საკითხი. მოთხოვნა მოსარჩელეს დაყოფილი ჰქონდა ორ ეპიზოდად - 2021 წლის 21 თებერვლის ეპიზოდისათვის მის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოებად დასახელებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო 2021 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი და ზუგდიდის რაიონულ სასამართლო.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასმართლოს მსჯელობას მოთხოვნათა ადრესატის განსაზღვრის ნაწილში და მიუთითა, რომ მიუხედავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ამავე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობისა, დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და გამოვიდნენ მხარედ, ისინი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის გამოც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა ვალდებული აანაზღაუროს მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ქმედების გამო მიყენებული ზიანი. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულად იყო განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდთან მიმართებით (2021 წლის 30 ოქტომბერი) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებულ ხარვეზებზე მითითება წარმოადგენს მის პროცესუალურ შესაძლებლობას და შეუძლებელია ასეთმა მითითებებმა გამოიწვიოს ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამდენად პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მისთვის სასამართლოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებელ პირად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსაზღვრას.

კ.კ-ის მოთხოვნაზე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოპასუხისთვის სრულად დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ კანონი იცნობს საპროცესო წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების წესს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი გონივრული ოდენობის განსაზღვრა, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულია ზედა ზღვარი - ქონებრივი დავის შემთხვევაში არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გონივრულ ოდენობად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო მომსახურებისათვის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო პალატამ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, ასევე, წარმომადგენლობის ინტენსივობის და დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, მიზანშეწონილ ოდენობად მიიჩნია.

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას მოპასუხე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მითითებული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ მხარის მიერ დასახელებული - სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებული სახარჯი მასალა, მინდობილობის გაფორმება, მტკიცებულებების მოპოვება და ა.შ. არ შეიძლება განხილულ იქნეს განყენებულად და ცალკე გამოეყოს ადვოკატის მიერ გაწეულ იურიდიულ მომსახურებას. ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო წარმოების წამოწყება, უდავოდ არის დაკავშირებული საპროცესო და პროცესის გარეშე ხარჯებთან, რომელთა სახეობასა და ანაზღაურების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტ მხარეს არ ჰქონდა წარმოდგენილი უტყუარი ცნობა და მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ დოკუმენტების დამოწმება და გაცემა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დავის წარმოების მიზნით იყო გაცემული, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი არ მიიჩნია უშუალოდ განსახილველ საქმეზე გაწეულ ხარჯად. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობაზე მსჯელობა უშუალოდ უკავშირდება სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში მარწმუნებლის სახელით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობას.

რაც შეეხება სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურების (5 000 ლარის ოდენობით) შესახებ შუამდგომლობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით შუამდგომლობა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და მართებულად არ ანაზღაურდა. ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება მოსარჩელე მხარე კ.კ-ი სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა, მისი წარმომადგენელი კი სასამართლო სხდომებზე ახორციელებდა მის მიერ რწმუნებულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებებს, წარმოადგენდა მოსარჩელის ინტერესს, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა კი, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ტრანსპორტირების ხარჯის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. რადგან, მხოლოდ ის გარემოება, რომ პროცესუალური წარმომადგენელი ესწრებოდა სხდომებს, ვერ იქნება მიჩნეული თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის სათანადო მტკიცებულებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიიჩნია დასაბუთებულად და უსაფუძვლოდ მიიჩია ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-იმა რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის კ.კ-ის განმარტებით თავისუფლების უკანონო წართმევით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ოდენობით, ატარებს სიმბოლურ სახეს. კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს პრაქტიკის ფონზე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით, მორალური ზიანის სახით სახელმწიფოსთვის დაკისრებული თანხები იმდენად მცირეა, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს პოლიციელთა მიერ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის პრევენციას. საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა და კომპენსაციის ოდენობაზე გავლენას არ ახდენს ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე, ამ ქმედების მიმართ საჯარო მოხელეების ბრალეული დამოკიდებულება, რაც ევროპულმა სასამართლოს პრაქტიკამ აჩვენა, მცდარია.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული დაკავება გულისხმობს არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვის გზით, არამედ დაკავშირებულია პირის, როგორც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან. ამასთან შეზღუდვა არ შემოიფარგლება განსაზღვრული ვადით იზოლატორიდან გასვლის აკრძალვით, არამედ იზოლატორში იძულებით ყოფნას თან ახლავს ისეთი საქმიანობის აკრძალვა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არის დასაშვები, ასევე ხდება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის მკაცრი ზედამხედველობა და გარესამყაროსთან კავშირის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ გააცნობიერა და გაანალიზა დაკავებულის მდგომარეობა, დაკავებით გამოწვეული შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ სცემს პასუხს იმ სავალდებულო საკითხებს, რისი გათვალისწინებაც ხდება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობის დროს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი იყო პრეტენზიები სამართალდარღვევის საქმის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაკავების ვადადარღვევით წარდგენასა და განხილვასთან დაკავშირებით. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საპოლიციო ორგანოს მოქმედებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საპოლიციო ორგანომ დაკავებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი პრეტენზიების მიუხედავად ამ საკითხს საერთოდ არ მიეცა შეფასება და არც იქნა განხილული. შესაბამისად, საკასაციო პალატამ ამ საკითხს უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება და იმსჯელოს მასზე. სააპელაციო პალატამ არ დაადგინა რომელი ფაქტისთვის რა ოდენობა გაითვალისწინა მორალურ ზიანად და თითოეული ფაქტი რა მოცულობით იწვევდა არაქონებრივ ზიანს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივ დაკისრებასა და ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

კასატორი შუამდგომლობს მოწინააღმდეგე მხარისათვის კასატორის სასარგებლოდ, საკასაციო ინსტანციის ეტაპზე ადვოკატის დახმარებისათვის - 8000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრებას.

კასატორი ასევე შუამდგომლობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის საკასაციო პალატის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურება, ასევე საკასაციო საჩივრის, საკასაციო შესაგებლის, მათი ასლების მომზადების, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე საკასაციო ეტაპზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაღებული ხარჯის - 19 ლარის ანაზღაურება.

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს სრულად. ამასთან, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, სახელმწიფო მოსამსახურის ბრალეულობა. კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საქმის წარმოებისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებები. საბოლოოდ პირის მიმართ მარეაბილიტირებელი საფუძვლით საქმის დამთავრების შემთხვევაშიც კი არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძვლები სსკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ვინაიდან ხსენებული მუხლი იმპერატიულად ადგენს კონკრეტულ საფუძვლებს ბრალის გარეშე ზიანის ანაზღაურების შემთხვევებთან მიმართებით. გასათვალისწინებლია, რომ თავის დროზე მოსარჩელის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. ის ფაქტი, რომ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე საქმემ ვერ დააკმაყოფილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობისათვის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, საპოლიციო სტანდარტით ჩატარებულ მოქმედებებს უკანონოს არ ხდის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და კ.კ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და კ.კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით განმტკიცებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირისა; ბ) კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის, ანდა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; ც) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიე სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; დ) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; ე) პირის კანონიერი დაპატიმრება გადამდებ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფის, ალკოჰოლიკის, ნარკომანისა და მაწანწალის კანონიერი დაპატიმრება; ფ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება, ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, აგრეთვე იმისა, ვის მიმართაც ხორციელდება ღონისძიებანი მისი გაძევების (დეპორტაცია) ან გადაცემისათვის (ექსტრადიცია). „თავისუფლების უფლების“ დადგენით, მე-5 მუხლი ითვალისწინებს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია უზრუნველყოს, რომ არავის ჩამოერთვას ეს თავისუფლება თვითნებურად. უსაფრთხოება გულისხმობს დაკავების, დაპატიმრების მიმართ თვითნებობის აკრძალვას (ENGEL AND OTHERS v. THE NETHERLANDS (Application no. 5100/71; 5101/71; 5102/71; 5354/72; 5370/72) § 58). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შედეგად კომპენსაციის მიღების უფლებას ასევე განამტკიცებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე. კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც გამომდინარეობს მისი ადმინისტრაციული დაკავებიდან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში ყოფნიდან და მასთან მიმართებაში მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას. „..დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში..“ (სუს 07.02.2019წ. Nბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება). მნიშვნელოვანია, რომ სკ-ის 1005.3 მუხლიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, რომლის განსაზღვრებაც 1005.3 მუხლში არ არის მოცემული. კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე რეაბილიტირებულ პირთათვის კომპენსაციის გარანტიას, შესაბამისად, ნებისმიერ თავისუფლების შეზღუდვის ფორმას (მათ შორის - ადმინისტრაციულ დაკავებას) უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში. საგულისხმოა, რომ „ადმინისტრაციული დაკავება“, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზემოქმედების ღონისძიება, ნაკლები ინტენსივობით და ხარისხით განსხვავდება „ადმინისტრაციული პატიმრობისაგან“, რომელიც ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის სახეა, თუმცა ორივე შემთხვევა ცალსახად უკავშირდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვას და მისგან გამომდინარე ნეგატიურ შედეგებს. ისევე, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, ადმინისტრაციული დაკავებაც თავის არსით ექცევა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობაში. ნორმის ფართოდ განმარტებით, არარელევანტურად უნდა ჩაითვალოს მასში მითითებული შეზღუდვის ფორმების ამომწურავი ხასიათი. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილში „ადმინისტრაციული დაკავების“ შესახებ ჩანაწერის არარსებობა არ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ დაკავებას, როგორც თავისუფლების შეზღუდვის ფორმას, არ გააჩნია მნიშვნელობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიზნებისათვის.“ (სუსგ №ბს-222(კ-კს-20)).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის თავისუფლების შეზღუდვის შედეგები შეიძლება დაუკავშირდეს სულიერ განცდებს და ფიზიკურ ტანჯვას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი სამართლის ნორმები (კონვენციის მე-5 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლი) არ შეიცავენ პირდაპირ მითითებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონო საპროცესო მოქმედებების განხორციელებისა და უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლით გათვალისწინებულ, ასანაზღაურებელ ზიანში მოაზრებულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, რამდენადაც პირის მიმართ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უკავშირდება მისი საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვას. ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში, შეიძლება შეილახოს სუბიექტის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის დაცვის შესაძლებლობაც კანონით არის გათვალისწინებული (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან). „..პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქმნის ერთგვარ დისკომფორტულ, სტრესულ სიტუაციას. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვა..“(სუს 07.02.2019წ. Nბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება). მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების არსებობას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (მაგ.: საქმეზე - „თეიმურაზიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (Teymurazyan v. Armenia), სასამართლოს განმარტებით, „..კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ ის მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლებას ითვალისწინებს, ის ასევე მოიცავს კომპენსაციის უფლებას ნებისმიერი შფოთვისა და გაბრაზებისთვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონვენციის მე-5 მუხლის სხვა დებულებების დარღვევით..“).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დაკავება, როგორც საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომა, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევას წარმოადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მიზნებისათვის. ამასთანავე, ადმინისტრაციული დაკავება ექცევა კონვენციის მე-5 მუხლით დაცულ სფეროში, მისი ხანგრძლივობის სიმცირის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 5.1 მუხლის a-f ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა დროსაც გამართლებულია თავისუფლების შეზღუდვა, ცალკე არ მიუთითებს ადმინისტრაციულსამართლებრივ ასპექტებზე, თუმცა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა ადასტურებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევების თავსებადობას კონვენციის მე-5 მუხლთან. ამდენად, კონვენციის 5.1 მუხლის „c“ ქვეპუნქტში მითითებული ტერმინები: „პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება“, „სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი“, „სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობის საფუძვლიანად მიჩნევა“, კავშირშია ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების წარმოებასთან (იხ. მაგ.: S., V. and A. v. Denmark [GC]). კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისათვის, ტერმინები: „დაკავება“ და „დაპატიმრება“ მოიაზრებს ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც პირს თავისუფლებას უზღუდავს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

დადგენილია, რომ 2021 წლის 21 თებერვალს 13:30 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კ.კ-ი და მის მიმართ 2021 წლის 21 თებერვალს შედგენილ იქნა № ... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 თებერვლის დადგენილებით (საქმე №4/795-21), კ.კ-ის (პ/ნ:...; დაბ: ....წ. მის: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №..., ბინა №... მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ კ.კ-ი დააკავეს 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25 საათზე. 2021 წლის 1 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კ.კ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მ-2 ნაწილით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/ა-699-21), კ.კ-ი (დაბ. ....წ, პ/ნ:..., მის: ქ. თბილისი, ...ის №.../...) ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით; კ.კ-ის, ადმინისტრაციული სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა - 5 დღის ვადით. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 30.10.2021 წ. 10:25 სთ-დან; შეწყდა საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/ა-472-2021წ.), კ.კ-ის (პ/ნ:...) და მისი წარმომადგენლის, ადვოკატ - ა.ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის დადგენილება გასაჩივრებულ ნაწილში, შეწყდა კ.კ-ის (პ/ნ:...) მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით (01.11.2021 წ. №... ოქმი) დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; დანარჩენ (01.11.2021 წ. №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების) ნაწილში კ.კ-ის (პ/ნ:...) და მისი წარმომადგენლის, ადვოკატ - ა.ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ კ.კ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 თებერვლის დადგენილებით (საქმე №4/795-21) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით (საქმე №4/ა-472-2021წ.) წარმოიშვა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება და აღიჭურვა იგი შესაბამისი მორალური ზიანის ანაზღაურების უფლებით. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებას განსახილველ საქმეში მარეაბილიტირებელი გარემოებების არარსებობის შესახებ და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება შეიცავს სასამართლოს დასკვნას პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ წარდგენილი ქმედების დაუდასტურებლობის შესახებ და დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის თვალსაზრისით, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისგებაში მიცემული პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას. ამდენად, უტყუარად დასტურდება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული თავისუფლების შემზღუდველი ღონისძიების არამართლზომიერება, რაც წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის უფლებებში აღდგენის - მისი რეაბილიტაციის საფუძვლებს (იხ. სუსგ ბს-242(2კ-25); 19.06.2025წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური (არაქონებრივი) ზიანი პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში ვლინდება, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად განიცდის. ამიტომ, მისი მოცულობის განსაზღვრა, ყველა შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულებით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუსგ №ბს-509-506(2კ-17), 30.11.2017წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და თავისებურების გათვალისწინებით. როგორც აღინიშნა, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანი არ არის ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, ნეგატიური განცდებით გამოწვეული მორალური ზიანის ფულადი ფორმით შეფასება შეუძლებელია. ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულს ვერ აღუდგენს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. საკასაციო სასამართლოს არაერთგზის განუმარტავს, რომ კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (იხ. სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). ამდენად, ზემოაღნიშნულ განმარტებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა გასცდეს გონივრულ ჩარჩოებს და რეალობისაგან მოწყვეტით მიაღწიოს უსაზღვრო ნიშნულს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მორალური ზიანის მოცულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კ.კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა - 500 ლარი ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო პალატა საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების მოთხოვნის ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და საქმის სირთულისა და სპეციფიკის, ასევე, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კ.კ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაკისრებას.

საკასაციო პალატა, ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებელ პირად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და შეცვლის შესაძლებლობა გათვალისწინებულია მხარეთათვის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების უფლებების მინიჭებით. შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმება ვერ გახდება დელიქტური პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დაშვებულ ხარვეზებზე მითითება წარმოადგენს მის პროცესუალურ შესაძლებლობას და შეუძლებელია, ასეთმა მითითებებმა გამოიწვიოს ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარისათვის, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომელიც შეეხება სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით მოწინააღმდეგე მხარისათვის საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის ანაზღაურებას; ასევე საკასაციო საჩივრის, საკასაციო შესაგებლის, მათი ასლების მომზადების, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე საკასაციო ეტაპზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის გაღებული ხარჯების ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.კ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კ.კ-ის შუამდგომლობა, სასამართლოს გარეშე ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე