საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-678(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - რ.კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 22 თებერვალს რ.კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ... წელს დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, თუმცა მისი დაბადების შემდეგ მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ და იგი ... წლიდან იმყოფებოდა საქართველოში. მისი მამა - ჯ.კ-ი საქართველოს მოქალაქე იყო და ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. რ.კ-ი არის საქართველოს ყოფილი მოქალაქე და აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი, რომელსაც ომის წლებში იძულებით მოუწია სოხუმის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. 2017 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, რადგან ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის იმ მომენტისთვის მოქმედ ვერსიაში არ არსებობდა ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას. იმ დროინდელი პრაქტიკის მიხედვით ვისაც სურდა ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება) სააგენტოსთვის უნდა მიემართა განცხადებით საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა და 2018 წლის 11 იანვარს მოამზადა დასკვნა რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. 2018 წლის 15 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რ.კ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების მოტივით.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში ცხოვრობენ მისი ნათესავები, მეგობრები და ბიზნესპარტნიორები. საქართველოში ცხოვრობს მისი და - ე.კ-ი (საქართველოს მოქალაქე), საქართველოშია ასევე დაკრძალული მისი მამა - ჯ.კ-ი. მოსარჩელე ხშირად ჩამოდის საქართველოში. აქვს შეძენილი უძრავი ქონება ქ. ბათუმში, აგრეთვე თანასაკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი. დაფუძნებული აქვს კომპანია, რომელშიც 80%-იანი წილის მფლობელია. ის აპირებს საქართველოში პარტნიორებთან ერთად ბიზნესპროექტის განხორციელებას - ...ის აშენებას ...ში. 2022 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №1000835544 დასკვნით უარი ეთქვა მოქალაქეობის აღდგენაზე, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მიზანშეუწონლობის გამო, რაც კასატორის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან მისი საქმიანობა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისათვის. ადმინისტრაციულ ორგანოში არ არსებობს არანაირი ინფორმაცია მის შესახებ, რომელიც მეტყველებს მისი მხრიდან რაიმე საფრთხის არსებობის შესახებ.
მოსარჩელემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №1000835544 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - დადებითი დასკვნის, რომლითაც დადგინდება, რომ რ.კ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 322 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობა, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.კ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით რ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის SSG 5 23 00009662 წერილი, რომლის საფუძველზეც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დადებითი დასკვნის გაცემა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, წინამდებარე საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი წერილობითი დასკვნის არსებობის პირობებში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.კ-იმა.
კასატორმა მიუთითა, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის 322 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, 24.1., 16.1. „გ" მუხლებზე, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების დანაწესზე და აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში მთავარი საკითხი არის - აღემატება თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაცული ინფორმაცია, როგორც საჯარო ინტერესი, რ.კ-ის კერძო ინტერესს. სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია და გაეცნო საჯარო ინტერესს, რომელიც კასატორისთვის არ არის ხელმისაწვდომი. კასატორის ინტერესი სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა. რ.კ-ი არის აფხაზეთიდან დევნილი, ამასთან, იყო საქართველოს მოქალაქე, დაუბრკოლებლად შემოდის საქართველოში და ფლობს უძრავ ქონებას. დაბადებიდან ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას და კავშირს საქართველოსთან. მას საქართველოს მოქალაქეობაზე არასდროს უთქვამს უარი. რუსეთის მოქალაქეობა მიიღო იმის გამო, რომ რუსეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა და ბიზნესს ეწეოდა. მისი ნათესავები მათ შორის მისი და საქართველოს მოქალაქეა და საქართველოში ცხოვრობს. კასატორის განმარტებით, გაუგებარია ისეთ რა ინფორმაციას ფლობს უსაფრთხოების სამსახური, რომ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას საფრთხედ მიიჩნევს, იმ პირობებში როდესაც ესპანეთს მასზე გაცემული აქვს ბინადრობის ნებართვა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში რ.კ-ის სახელი და გვარით იძებნება სხვა პირიც, რომელიც რუსეთში სახელმწიფო სამსახურში საქმიანობდა. შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვა პიროვნებაში ეშლებოდეს იგი თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კასატორის მამის სახელი ჯ. და აღნიშნულით არის შესაძლებელი კასატორის განსხვავება იმავე სახელის და გვარის მქონე სხვა პირისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 25 იანვრის №1000835544 უარყოფით დასკვნას. სადავო დასკვნის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომზადდა უარყოფითი დასკვნა რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული საზოგადოება.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს და ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით; ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების წესს არეგულირებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლი, რომლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კი პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ.კ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 15 იანვრის №10 ბრძანებულებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, რ.კ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. 2022 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა მოსარჩელე რ.კ-იმა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რ.კ-ის 2022 წლის 31 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 1 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ საკადრო შემოწმების შედეგად, რ.კ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის MIA 2 22 03386238 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ წერილში მითითებული პირების (მათ შორის რ.კ-ის) შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურა არ მიმდინარეობს. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 2 ნოემბრის №00006270 წერილის მიხედვით, საქართველოს დაზვერვის სამსახურს წერილში მითითებული პირების (მათ შორის რ.კ-ის) შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 1 ნოემბერს წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის დროებითი უფლების აღდგენაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის SSG523200009662 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს რ.კ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 25 იანვარს, რ.კ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა. დასკვნის თანახმად, არსებობს რ.კ-ის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. აღნიშნული დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2023 წლის 25 იანვარს, ხოლო პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცემულა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს. აღნიშნული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის გაცემას და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მიზანშეუწონლად მიჩნევას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოების გრიფის მინიჭებით. განსახილველ შემთხვევაში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო კასატორის მიმართ მოქალაქეობის აღდგენაზე უარყოფითი დასკვნის გამოცემას გასაიდუმლოებულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა სასამართლოების მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, გ.ჟ-ის რ.კ-ის საკასაციო საჩივარზე 09.06.2025წ. №1749470036 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.ჟ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. გ.ჟ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს რ.კ-ის საკასაციო საჩივარზე 09.06.2025წ. №1749470036 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე