საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-906(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - პ.ლ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2024 წლის 27 დეკემბერს პ.ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა პ.ლ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №IDP 1 23 00002632 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მოპასუხეზე დავალება.
სარჩელის თანახმად, პ.ლ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ცხოვრობდა და სწავლობდა გალის რაიონის სოფელ ...ში, ხოლო 1993 წელს, ომის პერიოდში, იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის მითითებით მის დედას - თ.ე-ას დღემდე აქვს დევნილის სტატუსი, ხოლო თავად მას შეუწყდა იგი და 2023 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა სააგენტომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით პ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №IDP 1 23 00002632 ბრძანება, პ.ლ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა პ.ლ-ასათვის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 8 ივნისს პ.ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 23 აგვისტოს №IDP 1 23 00002632 ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 23 00875344 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენაზე პ.ლ-ას ეთქვა უარი. უარის თქმის მიზეზად მითითებულ იქნა, რომ პ.ლ-ას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყება ციფრით - „...“, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის - ...ის კოდს, აღნიშნულით კი დადასტურდა, რომ პირადობის მოწმობის გაცემის მომენტისათვის მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ პ.ლ-ა ჩაითვალა ...ის მაცხოვრებლად.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 8 ივნისის №0000188 ცნობის თანახმად, პ.ლ-ა წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთიდან, რომელიც 1988 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე დედასთან, თ.ე-ასთან ცხოვრობდა აფხაზეთში გალის რაიონი სოფელ ...ში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია პ.ლ-ას გალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ პ.ლ-ას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყება ციფრით „...“, აღნიშნული ციფრი კი იდენტიფიცირდება ...ის ადმინისტრაციული ერთეულის კოდად, ვერ გახდებოდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დასტურდება, რომ დედასთან ერთად მეორე კლასის მოსწავლე გახდა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთში მიმდინარე საომარი ვითარების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კასატორის მითითებით, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
ამასთან, კასატორი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ პ.ლ-ას პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყება ციფრით „...“, რომელიც წარმოადგენს ...ის კოდს. სააგენტო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელე დაიბადა ... წელს ...ში, 2004 წელს სკოლა დაამთავრა ...ში, ხოლო 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს სოფელ ...ში, მამის სახლში. კასატორის მითითებით მოსარჩელე 2007 წლის რეგისტრაციების დროს არ დარეგისტრირდა დევნილად, რადგან პირადობის დოკუმენტში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყებოდა ციფრით „...“, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციული ერთეულის - ...ის კოდს. შესაბამისად, სააგენტოს მიზანშეუწონლად მიაჩნია პ.ლ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 23 აგვისტოს №IDP 1 23 00002632 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2023 წლის 8 ივნისს, პ.ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. გასაუბრებისას პ.ლ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. მამა, ვ.ლ-ა გარდაიცვალა 1987 წელს და დედასთან ერთად წავიდა საცხოვრებლად გალში. გალის რაიონის სოფელ ...ში ცხოვრობდა დედასთან - თ.ე-ასთან და დედის ძმის - რ.ე-ას ოჯახის წევრებთან ერთად. დედა მუშაობდა სოფელ ...ას ...ში ...ად. 1992 წელს შევიდა სკოლაში, სოფელ ...ში, ხოლო 2004 წელს დაამთავრა ...ის სკოლა. 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ...ის რაიონის სოფელ ...ში, მამის სახლში. 2014 წელს დაოჯახდა ...ში და 2015 წელს შეეძინა შვილი. პ.ლ-ას შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციები. მისი თქმით, 2007 წელს არ გაატარეს რეგისტრაციაში პირადი ნომრის გამო. დადგენილია, რომ აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო, სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 8 ივნისის №0000188 ცნობის თანახმად, პ.ლ-ა წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული პირს აფხაზეთიდან, რომელიც 1988 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე დედასთან, თ.ე-ასთან ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ...ში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 23 აგვისტოს №IDP 1 23 00002632 ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 9 23 00875344 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენაზე პ.ლ-ას უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყებოდა ციფრით - „...“, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის - ...ის კოდს, აღნიშნული კი ადასტურებდა, რომ პირადობის მოწმობის გაცემის მომენტისათვის მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ პ.ლ-ა ჩაითვალა ...ის მაცხოვრებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, პირადი ნომერი ენიჭება პირს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისას (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული სსგს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ პ.ლ-ამ სსგს ...ის სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნით თავდაპირველად მიმართა 2004 წელს, რა დროისთვისაც, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, არ არსებობდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისათვის დადგენილი კოდის მინიჭების მექანიზმი, რის გამოც პ.ლ-ას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ლოგიკურად იქნა დაფიქსირებული ციფრი „...“ (ადმინისტრაციული ერთეულის - ...ის კოდი) პირადი ნომრის საწყის ციფრად, რამდენადაც ამ დროისათვის მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ..., ს. ...
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ პ.ლ-ა ჩარიცხული იყო პირველ კლასში ...ის №... საშუალო სკოლაში, მაგრამ 1992-1993 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა და მხარეთა განმარტებებით დასტურდება 1993 წლამდე, პ.ლ-ას თავის დედასთან - თ.ე-ასთან ერთად გალში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და მხოლოდ ის გარემოება, რომ პ.ლ-ას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული პირადი ნომერი იწყება ციფრით „...“, აღნიშნული ციფრი კი იდენტიფიცირდება ...ის ადმინისტრაციული ერთეულის კოდად, ვერ გახდება მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესაბამისი ტერიტორიულ ერთეულში პირადობის მოწმობის აღება ავტომატურად არ ადასტურებს ამ ერთეულში პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს და არ გამორიცხავს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის დროებით ცხოვრების შესაძლებლობას, ამდენად, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ვარაუდი ადამიანის ამა თუ იმ ტერიტორიულ ერთეულში მუდმივად ცხოვრების თაობაზე გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით, განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეს არ ერთვის მტკიცებულებები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას/მსჯელობას დაადასტურებდა და გახდებოდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა