საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-285(კ-25) 15 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 მარტის №02/24/შ/პ/ზ-012 გადაწყვეტილება; დაევალოს მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ. შ-ის მოთხოვნა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 მარტის №02/24/შ/პ/ზ-012 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. შ-ის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საბჭომ ზეპირი მოსმენით იმსჯელა ლ. თ.-ს ძე შ-ის შუამდგომლობაზე, რომელმაც მოითხოვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა. საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სიმძიმეზე, ლ. შ-ი მსჯავრდებულია სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის მკვლელობის მცდელობისათვის. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილ გარემოებაზე, რომ ლ. შ-ი იმდენად იყო განმსჭვალული მოწინააღმდეგეთა სიცოცხლის მოსპობით, როდესაც მას მეგობარმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა წავედითო, დანა გულში დაარტყა. მან შეგნებულად, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას, გულის არეში მიაყენა დაზიანება. მსჯავრდებულის ქმედებების შედეგად სხეულის, ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, მსჯავრდებული ატარებდა ცივ იარაღს-დანას. აქედან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის კრიტერიუმი შეფასდა უარყოფითად. საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, აღნიშნა რომ №16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დახასიათების თანახმად, იგი წახალისებულია, 2019 წლიდან ასრულებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, თუმცა, სასჯელის მოხდის პერიოდში არ გამოუხატავს განწყობა და ინტერესი მისი ქცევის დადებითი მიმართულებით ცვლილების თვალსაზრისით. შესაბამისად, საბჭომ აღნიშნა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულის ქცევის თავისებურების ცვლილების პოზიტიურ დინამიკაზე. საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ იკვეთება ოჯახის მზადყოფნა გათავისუფლების შემთხვევაში მსჯავრდებული უზრუნველყონ ფინანსურად და მორალურად, საბჭომ ყურადღება მიაქცია მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან წარადგინა სამი დაზარალებულის ცნობა, თუმცა, არ წარუდგენია გარდაცვლილის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. საბჭომ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის განმავლობაში გავლილი აქვს ორი ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამა. თუმცა აღნიშნული, ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, საბჭომ საკმარისად არ მიიჩნია სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. ამრიგად, ადგილობრივმა საბჭომ, იმსჯელა ხუთი ძირითადი კრიტერიუმით დადგენილ ჩარჩოში და შეაფასა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდი, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. საბჭომ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია დანაშაულის ხასიათი, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგი ნება, ქმედების განხორციელების სახე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, გარდაცვლილის ოჯახის წევრების პოზიცია სასამართლო განხილვებისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის არარსებობა და მსჯავრდებულთან უშუალოდ გასაუბრების საფუძველზე საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მიღწეული არ იყო მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნები. საბჭოს დასკვნით, გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელო კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
პალატამ განმარტა, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებულ სრულ თავისუფლებას, რომლის დროსაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს. საკითხის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით, მისი დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან შეპირისპირების გარეშე, არ უნდა მოახდინოს საკითხის გადაწყვეტა, რადგან აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერებასა და კანონშესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხს
პალატამ მიიჩნია, რომ საბჭოს მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას. ყურადღება გაამახვილა ლ. შ-ის დახასიათებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. სხვადასხვა სფეროს და ასაკის ადამიანები მას ახასიათებენ დადებითი კონტექსტით, როგორც პიროვნული თვისებებით, ასევე მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივის თვალსაზრისით. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია (ბრძანება №60, 14.12.2017 წელი - გამოეცხადა მადლობა“; „ბრძანება №28 25.03.2019 წელი - მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი“), 2019 წლიდან დღემდე ასრულებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მსჯავრდებულის გადმოცემით, დაზარალებულს არ აქვს წინააღმდეგობრივი პოზიცია, წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული სამი დაზარალებულის ცნობა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გაითვალისწინებული შეღავათი, შეწყალება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის განმავლობაში გავლილი აქვს ორი ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც დადებითად ფასდება, ამჟამად ჩართულია შემთხვევის მართვის პროცესში, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, კანონმდებლობითვე არის გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, გასათვალისწინებელია საბჭოს შექმნის მიზანი, როგორიცაა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე საკითხის გადაწყვეტისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს იმ თვალსაზრისითაც, თუ რატომ აღემატება მსჯავრდების სრული ვადის მოხდა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ინტერესს და რაში გამოიხატება მიღებული გადაწყვეტილების აღმატებული უპირატესობა მსჯავრდებულის თავისუფლებასა და საზოგადოების ინტერესის ურთიერშეპირისპირების თვალსაზრისით. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად უნდა იქნას შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, სასჯელის მიზნის მიღწევადობა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხები.
მოსარჩელის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, უარყოფით ფაქტორად ერთ-ერთი დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობის არარსებობის შეფასებაზე, პალატამ განმარტა, რომ გარკვეული სახის/კატეგორიის/სიმძიმის სისხლის სამართლებრივი დანაშაულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაზარალებულის, მისი უფლებამონაცვლის ან/და საზოგადოების მხრიდან არ არსებობდეს შემწყნარებლური დამოკიდებულება და აღნიშნული, მათი თვალსაზრისით, წარმოადგენდეს სწორ და სამართლიან შეფასებას, კონკრეტული მოვლენის მიმართ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ კრიტერიუმებით, რაც საკანონმდებლო ნორმებით არის განმტკიცებული და მსჯავრდებულის მიმართ საქმეზე დადგენილი გარემოებები (პიროვნების მახასიათებელი, დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება, ასაკი და ა.შ.) შეაფასოს ამ ნორმების მოქმედების ჭრილში. ამდენად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნულმა გარემოებამ არ უნდა იქონიოს გადამწყვეტი მნიშვნელობა საკითხის ხელახლა შეფასების დროს, იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლითაც ვალდებულია იმსჯელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ამდენად სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და მართებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტი არის დაუსაბუთებული, რამეთუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ხასიათის შეფასებას, ხოლო საკითხი მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ოჯახთან ურთიერთობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში ქცევისა და დამნაშავის რესოციალიზაციის თაობაზე, არ არის სათანადოდ შეფასებული. კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობის შედეგად გადაწყვეტილება მიიღოს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.
სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე, ლ. შ-ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებითაა შესაძლებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებული შესაძლებლობა - გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, არ ნიშნავს სასამართლოს უფლებას/ვალდებულებას ჩაანაცვლოს ადმინისტრაციული ორგანო და თავად განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, არ იყენებს სამართლიანად. კანონში განხორციელებული ცვლილების მიზანს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ პირობით ვადამდე გათავისულებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს როლი შეცვლილიყო იმგვარად, რომ გასაჩივრების მექანიზმი იყოს შედეგიანი და ეფექტური. ორივე ინსტანციაში აპელირებაა იმ საკითხზე, რომ მხოლოდ ლ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გამო ეთქვა უარი და საკითხის განმხილველმა ორგანომ მხოლოდ უარყოფით გარემოებებზე ყურადღების გამახვილებით, მისი დადებითად მიჩნეულ კრიტერიუმებთან შეპირისპირების გარეშე მოახდინა საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გავლენა იქონიოს მსჯავრდებულის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხზე. რითაც გასაჩვრების მექანიზმი დაიხვეწება, გახდება გაცილებით ქმედითი და ეფექტური. ამასთან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად.
ლ. შ-იმა სასჯელის ნახევარი მოიხადა 2023 წლის 5 ივნისს (სასჯელის ½), მას შემდეგ არაერთხელ ეთქვა დაუსაბუთებელი უარი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. საბჭოს გადაწყვეტილება ლ. შ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის დაკმაყოფილების თაობაზე, უარის თქმის შესახებ არის დაუსაბუთებელი და დაფუძნებულია მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე და მსჯავდებულის ვალდებულებაზე, რომ დაიცვას საპატიმრო დაწესებულების რეჟიმი.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ ლ. შ-იმა სასჯელის მოხდის განმავლობაში მიიღო სრული ზოგადი განათლება, მოემზადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ამჟამად არის ... უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ... კურსის სტუდენტი. სასჯელის მოხდის განმავლობაში ლ. შ-ი დაეუფლა ინგლისურ (გაიუმჯობესა) და გერმანულ ენებს.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ ლ. შ-ი სასჯელის მოხდის განმავლობაში წახალისებულია ორჯერ, ხოლო მის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ არის. ლ. ზედმიწევნით იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და დაკისრებულ მოვალეობებს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს კარგი ურთიერთობა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ სასჯელის მოხდის განმავლობაში ლ. შ-ი პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია სოციალურ აქტივობებში, გაიარა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა, აქტიურად მონაწილეობს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში. მოტივირებულია და პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ვალდებულებებს და პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მსჯავრდებულთა თემზე. ამჟამად ჩართულია კორესპონდენციულ/დისტანციურ სწავლებაში და სურს წარმატებით დაასრულოს იგი.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ ლ. შ-ის წარსული შებღალული არ არის და ეს მისი პირველი ნასამართლობაა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ ლ. შიშინაშვილს ჰყავს მშობლები, და სამი ძმა, მათ შორის ერთი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ოჯახთან ლ.-ს აქვს მჭიდრო და თბილი ურთიერთობა. გათავისუფლების შემთხვევაში ოჯახი ლ.-ს ძლიერი მხარდამჭერი იქნება, სადაც მას დახვდება სულიერად, სოციალურად და ეკონომიურად ჯანსაღი გარემო.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლში დაზარალებულებს ლ. შ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმანი არიან მის მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, საქართველოს პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2, მე-3, 96-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 39-ე მუხლზე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 37-ე მუხლზე, ზოგად კომენტარ N10-ზე და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს. უფროსებისგან ბავშვებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება, აგრეთვე ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებები განასხვავებს. სწორედ ეს განსხვავებებია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის შედარებით მსუბუქი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ეს განსხვავებები წარმოშობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის განცალკევებისა და ბავშვების მიმართ განსხვავებული მოპყრობის საჭიროებას. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა კანონდამრღვევი ბავშვების მიმართ გულისხმობს, სისხლის სამართლის ისეთი ტრადიციული ფუნქციების ჩანაცვლებას, როგორიცაა რეპრესია/დასჯა რეაბილიტაციითა და აღდგენითი მართლმსაჯულებით, რაც აუცილებელია, განხორციელდეს საზოგადოების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით.
კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმე Nბს–1316(2კ-23), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე და სოციალურ აქტივობაში არ მონაწილეობაზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ გულისხმობდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია 15.12.2023, No3988) პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია (საქართველოს კანონის „საქართველოს პენიტენციური კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. დასახელებული კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს No320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, საბჭოს მიზნად მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას განსაზღვრავს. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, მსჯავრდებულის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; დ) ოჯახური პირობები; ე) მსჯავრდებულის პიროვნება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მე-2 კატეგორიის ფსიქოლოგის და No17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შეფასებები, ერთობლიობაში მიუთითებდა მსჯავრდებულის რესოციალიზაციაზე.“
კასატორის მითითებით მის მიმართ შეფასების ყველა კრიტერიუმი მიუთითებს, რომ იგი მზად არის დაუბრუნდეს საზოგადოებას ღირსეულ წევრად და იგი არის რესოციალიზებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 მარტის №02/24/შ/პ/ზ-012 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოსთვის ლ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.
პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. მითითებული წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამავე წესის მე-13 მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უშუალოდ მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. შ-ის სასჯელის მოხდის დასაწყისია 2017 წლის 30 აგვისტო, სასჯელის მოხდის დასასრული კი - 2029 წლის 27 აპრილი. ლ. შ-იმა სასჯელის 1/2 მოიხადა 2023 წლის 5 ივნისს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ ზეპირი მოსმენით იმსჯელა ლ. თ.-ს ძე შ-ის შუამდგომლობაზე, რომელმაც მოითხოვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა. საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 და 73-ე მუხლებით, საქართველოს პენიტენციური კოდექსის 90-ე, 92-ე მუხლებით და სადავო გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა ლ. შ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სიმძიმეზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ ლ. შ-ი მსჯავრდებულია სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის მკვლელობის მცდელობისათვის და მიუთითა, რომ აღნიშნული მეტყველებს მსჯავრდებულის პიროვნების მომეტებულ სიშიშროებაზე, დამნაშავე ასეთ დროს მოქმედებს ერთიანი განზრახვით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, მხოლოდ განზრახ შეიძლება, ლ. შ-ის გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადგენილ გარემოებაზე, რომ ლ. შ-ი იმდენად იყო განმსჭვალული მოწინააღმდეგეთა სიცოცხლის მოსპობით, როდესაც მას მეგობარმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა წავედითო, დანა გულში დაარტყა. მან შეგნებულად, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას, გულის არეში მიაყენა დაზიანება. მსჯავრდებულის ქმედებების შედეგად სხეულის, ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა, მსჯავრდებული ატარებდა ცივ იარაღს-დანას. აქედან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის კრიტერიუმი შეფასდა უარყოფითად. საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (კრიტერიუმი 2), აღნიშნა, რომ №16 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დახასიათების თანახმად, წახალისებულია (ბრძანება №60, 14.12.2017 წელი - გამოეცხადა მადლობა“; „ბრძანება №28 25.03.2019 წელი - მიეცა დამატებითი ხანმოკლე პაემანი“) თუმცა თავდაპირველი წახალისება განპირობებული იყო მსჯავრდებულისადმი ჰუმანური მიდგომით, ოჯახური კავშირის გაძლიერების მიზნით, რათა მოტივირებული ყოფილიყო დინამიკაში გაეუმჯობესებინა ქცევა. 2019 წლიდან დღემდე ასრულებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს, თუმცა, სასჯელის მოხდის პერიოდში არ გამოუხატავს განწყობა და ინტერესი მისი ქცევის დადებითი მიმართულებით ცვლილების თვალსაზრისით. შესაბამისად, საბჭომ აღნიშნა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მსჯავრდებულის ქცევის თავისებურების ცვლილების პოზიტიურ დინამიკაზე. საბჭომ შეაფასა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები (კრიტერიუმი 4), ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ №16 დაწესებულების მომართვის საფუძველზე, სოციალური მუშაკის მიერ, განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება და შემდგომ ოჯახში ვიზიტი. სოციალური მუშაკის მიერ გასაუბრება შედგა მსჯავრდებულის დედასთან, მაია აფციაურთან და მამასთან, თამაზი შიშინაშვილთან. გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ლ. შ-ისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შემთხვევაში, მის საცხოვრებლად განიხილება ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობენ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები. ოჯახის წევრებთან მიმართებაში არ ვლინდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულე, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, აზარტულ თამაშებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა, ოჯახის წევრებთან მიმართებაში არ იკვეთება კონფლიქტური და ძალადობრივი ურთიერთობები. ოჯახისგან მიღებული ინფორმაციით, გათავისუფლების შემთხვევაში მსჯავრდებული აპირებს სწავლის გაგრძელებას და სამომავლოდ დასაქმებას, თუმცა ამ ეტაპზე დასაქმების შესახებ კონკრეტული გეგმები არ აქვს, ვინაიდან სასჯელის სრულად მოხდამდე დარჩენილია 6 წელზე მეტი. საბჭომ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ იკვეთება ოჯახის მზადყოფნა გათავისუფლების შემთხვევაში მსჯავრდებული უზრუნველყონ ფინანსურად და მორალურად. თუმცა, ყურადღება მიაქცია ოჯახის წევრთა დამოკიდებულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ და მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მტკიცებულებებით დადასტურებელია, რომ მსჯავრდებულმა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა ძალადობრივი ქმედებები, დანის ქნევა, რაც გაიგო, რომ დაზიანება მიაყენა მეგობარს, ა. ბ-ის, აღნიშნული განმარტა თავის ჩვენებაში მსჯავრდებულმა. საბჭომ მიიჩნია, რომ დანაშაულთან მიმართებაში არაჯანსაღი დამოკიდებულებაა თავდაცვაზე ლაპარაკი და პასუხისმგებლობის სხვა პირებზე გადატანა, როდესაც სახეზეა ფატალური შედეგები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ არცერთ კონფლიქტში მონაწილეს არც დანა, არც რაიმე სხვა ტიპის იარაღი არ ჰქონიათ, რომლითაც შესაძლოა ლ. შ-ის ჯანმრთელობას ანდა სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, არ განხორციელებულა მსჯავრდებულის მიმართ ისეთი ფიზიკური ძალადობა, რომელიც მსჯავრდებულს ჩააყენებდა ისეთ მდგომარეობაში, იძულებული გამხდარიყო თავი დაეცვა. მსჯავრდებულის პიროვნების კრიტერიუმით კუთხით შეფასებისას, საბჭომ ყურადღება მიაქცია მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, №12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული დახასიათების მიხედვით, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა წარადგინა სამი დაზარალებულის თანხმობა. თუმცა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს არ წარუდგენია გარდაცვლილის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. დახასიათების №14 პუნქტში ლ. შ-ი აღნიშნავდა, რომ დაზარალებულები ზიანის ანაზღაურებას არ საჭიროებდნენ, მაშინ როდესაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს ჯანმრთელობა დაუზიანდა. საბჭომ მიუთითა, რომ წარმატებული რეინტეგრაცია რთულია, როცა სამართალდამრღვევის მიერ მიყენებული ზიანი არ არის გააზრებული. მედიაციის პროცესი შესაძლოა შედეგით არც დასრულდეს, მაგრამ მსჯავრდებულის მხრიდან ამ პროცესის გააზრება და მასში ჩართულობის მზაობა, შესაძლოა ჩაითვალოს ერთ-ერთ დაძლეულ ეტაპად. საბჭოს მხრიდან დადებითად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის განმავლობაში ორი ძირითადი სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა. თუმცა აღნიშნული, ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, საკმარისად არ იქნა მიჩნეული სასჯელის მიზნების მიღწევისათვის. ადგილობრივმა საბჭომ, იმსჯელა ხუთი ძირითადი კრიტერიუმით დადგენილ ჩარჩოში და შეაფასა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. საბჭომ აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია დანაშაულის ხასიათი, მისი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგი ნება, ქმედების განხორციელების სახე, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, გარდაცვლილის ოჯახის წევრების პოზიცია სასამართლო განხილვებისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის არ არსებობა. შესაბამისად, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მიღწეული არ იყო მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნები. გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელო კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, ვინაიდან მან, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. ამგვარი უფლებამოსილება საბჭოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება (რომლითაც ლ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 12 მარტის №02/24/შ/პ/ზ-012 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. შ-ის მიმართ) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება) სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ ლ. შ-ის მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენისა და შეფასების გზით შეემოწმებინა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება და სარჩელი სრულად დაეკმაყოფილებინა, თუ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის საფუძვლები.
მოცემულ სარჩელზე სადავო საკითხი შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ლ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ლ. შ-ი მსჯავრდებულია სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის მკვლელობის მცდელობისათვის, მის მიერ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინების გარეშე, საბჭოს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ლ. შ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ვინაიდან, პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას საბჭოს მიერ ,,სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს შორის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი საბჭოს ავალდებულებს გაითვალისწინოს დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დახასიათებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობას, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს აღნიშნული მუხლის გამოყენების მართლზომიერება, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება არ არის გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ.
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე