Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-110(კ-25) 13 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - პ. წ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირი - ე. წ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ. წ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარჩელის თანახმად, პ. წ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. წლების განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა განაცხადის შევსების შესაძლებლობა არ მისცეს, რადგან სააგენტოს განმარტებით, 2012 წელს უკვე მიღებული ჰქონდა ფართი და ხელმეორედ დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. 2020 წლის 5 აგვისტოს მოსარჩელემ სააგენტოდან მიიღო წერილი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახის წევრს - დედას, ე. წ-ას 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სიმბოლურ ფასად გადაეცა ფართი მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა ... (ს/კ ... და ...). ხელშეკრულების 2.2 მუხლით ე. წ-ამ აიღო ვალდებულება მოსარჩელე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან უფლებამოსილნი მოითხოვონ სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია ან ფართი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელე არ ყოფილა ინფორმირებული, არ იმყოფებოდა საქართველოში და არ გამოუხატავს ნება, რითაც დაირღვა მისი კანონიერი უფლებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნენ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და ე. წ-ა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით პ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და პ. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე პ. წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. №..., სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №...; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს). აღნიშნული განკარგულებით ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები ქ. თბილისში, ვაკე, ...ს ქ. №...; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები ქ. თბილისში, ვაკე, ...ს ქ. №..., ბინა №... და ბინა №.... ამასთან, იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - ე. წ-ას დაევალა მოსარჩელე პ. წ-ას, როგორც ოჯახის წევრის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ; დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №04/10581 წერილის თანახმად, პ. წ-ა და ე. წ-ა 2011-2012 წლებში არ იყვნენ რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ე) მოსარჩელე პ. წ-ამ 2013 წლის 27 ნოემბერს შეავსო დევნილის ანკეტა, სადაც საკუთარ მისამართად მიუთითა, თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №..., ხოლო იმავე დღეს შევსებულ ანკეტაში მისამართად ე. წ-ამ მიუთითა თბილისი, ...ს ქ. №...; ვ) ქ. თბილისში, ყოფილი ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდით ... არის ...ს ქ. №..., ხოლო ქ. თბილისში, ყოფილი ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდით ... არის ...ს ქ. №.... შესაბამისად, ორივე შენობა, მისამართის დაზუსტებამდე იყო ...ს №.... მოსარჩელე პ. წ-ა ცხოვრობს ...ს ქ. №...-ში, ხოლო მესამე პირი - ე. წ-ა ...ს ქ. №...-ში.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ხელშეკრულების დადების შესახებ მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული 2020 წლის 5 აგვისტოს №03/10302 წერილით, მას შემდგომ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. სარჩელი კი, აღძრულია 2020 წლის 10 აგვისტოს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემია მოსარჩელეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, მოსარჩელეს არ ჩაბარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ამრიგად, უსაფუძვლოა მოპასუხეების მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა ე. წ-ა და მას დაევალა მოსარჩელე პ. წ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოკვლეულა და არ დადასტურებულა ე. წ-ას და მოსარჩელის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ე. წ-ა და პ. წ-ა წარმოადგენდნენ ერთ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე და მესამე პირი - ე. წ-ა რეგისტრირებულნი იყვნენ ერთ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქ. №...-ში, ისინი ცხოვრობდნენ სხვადასხვა შენობაში, რაც მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს გამორიცხავს. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელე პ. წ-ას და ე. წ-ას ცალ-ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი დასტურდება, უძრავი ნივთის მესამე პირისათვის - ე. წ-ასათვის საქართველოს პრეზიდენტის სადავო აქტით საკუთრებაში გადაცემის გამო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის იმ პირად მითითება, რომელმაც მიიღო აღნიშნული საცხოვრებელი ფართი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ და მას არც რაიმე სახის თანხმობა მიუცია ე. წ-ასათვის ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებით დასტურდება, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და ხელშეკრულებაში მოსარჩელის იმ პირად მითითება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებლით, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ასევე, სადავო ხელშეკრულების დადებისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და ხელშეკრულებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის (დადების) სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/4938-20) შეტანილ იქნა შესწორება იმდაგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. პ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე პ. წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. №...; სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №...; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს). აღნიშნული განკარგულებით ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები ქ. თბილისში, ვაკე, ...ს ქ. №...; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი 19/09/2012წ.), რომლითაც ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები ქ. თბილისში, ვაკე, ...ს ქ. №..., ბინა №... (ს/კ ...) და ბინა №... (ს/კ ...). ამასთან, იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - ე. წ-ას დაევალა მოსარჩელე პ. წ-ას, როგორც ოჯახის წევრის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და ე. წ-ას (მყიდველი) და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებულ ოჯახის წევრებს (მათ შორის, პ. წ-ა) შეეზღუდათ უფლება სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთებზე, მდებარე ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №..., სართული ..., ბინა №... (ს/კ ...) და ბინა №... (ს/კ ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა ე. წ-ას საკუთრების უფლება; დ) 2012 წლის 15 აგვისტოს შედგენილი საინფორმაციო ფორმის (პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ) თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული ..., ბ. №..., რეგისტრირებული ოჯახი შედგება სამი წევრისგან: ე. წ-ა, პ. წ-ა, პა. წ-ა. ოჯახის წევრთა სარეგისტრაციო ნომერი - 002-04108. დამატებითი კომენტარის ველში მითითებულია, რომ ოჯ. ერთად ცხოვრ. ...ში კომპ. აქვთ 0 სართ. დამხმარე ფართი №.... აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია ე. წ-ას მიერ; ე) მოსარჩელე პ. წ-ამ 2013 წლის 27 ნოემბერს შეავსო დევნილის ანკეტა, სადაც საკუთარ მისამართად მიუთითა, თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №.... ამავე ანკეტის მე-13 გრაფაში აღნიშნულია, რომ პ. წ-ა ამჟამად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტების, ასევე, „პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ საინფორმაციო ფორმის“ შინაარსზე და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში (სადავო განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს) პ. წ-ას და ე. წ-ას გააჩნდათ იდენტური სარეგისტრაციო ნომერი და ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 1, ბ. №.... ამასთან, საგულისხმოა, რომ პ. წ-ამ 2013 წლის 27 ნოემბერს შედგენილ დევნილის ანკეტაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სახლში/ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში.

რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 65 მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იყო იმ პირთა სიაში, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაევალა ე. წ-ას მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაში და ამასთან, პირობადადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრი, რომელიც ცხოვრობდა ამ პირთან ერთად სადავო განკარგულებით გადაცემულ ფართში. ამდენად, მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების (2012 წლის 14 სექტემბერი) დროისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში შეიძლებოდა გამხდარიყო სადავოდ, თუმცა სარჩელი არა ამ ვადაში, არამედ 2020 წლის 10 აგვისტოს, ხანდაზმულობის ვადის დარღვევით არის წარმოდგენილი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. წ-ამ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა საქმეში მესამე პირად ჩაბმულ ე. წ-ას. პრეზიდენტის სადავო განკარგულების გამოცემისას, მოსარჩელე პ. წ-ა საქართველოში არ იმყოფებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ელენე წიღვავას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე. წ-ას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი და დახმარე ფართები ქ. თბილისში, ვაკე, ...ს №..., ბინა №... და ბინა №.... ამავე ხელშეკრულების 2.2. და 2.4 პუნქტების შესაბამისად, ელენე წიღვავამ აიღო ვალდებულება, რომ მისთვის გადაცემულ ფართში უზრუნველყოფდა პ. წ-ას ცხოვრებას. პ. წ-ა არ იყო ჩართული საპრივატიზაციო პროცესში, მას არ მიუღია მონაწილეობა ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში, არ გაუცია თანხმობა ან/და მოსაზრება საპრივატიზაციო ვალდებულებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როდესაც ამ პრივატიზაციით მას შეეზღუდა უფლება მომავალში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა რაიმე სახის კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი.

მოსარჩელე პ. წ-ას მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს შევსებულ დევნილის ანკეტაში, მისამართად მითითებულია ...ს ქუჩა №..., ბინა №..., ხოლო იმავე დღეს ე. წ-ას მიერ შევსებულ ანკეტაში ასევე მითითებულია ...ს ქუჩა №... –„...“. დადგენილია, რომ ე. წ-ას საკუთრებაში გადაეცა ბინა №... და ბინა №..., ხოლო მოსარჩელის მისამართად მითითებულია ბინა №.... საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ასევე, ის გარემოება, რომ ე. წ-ას მითითებული აქვს ...ს 18 – „...“, ხოლო პ. წ-ას ...ს 18. პ. წ-ას და ე. წ-ას საცხოვრებელი შენობა მდებარეობს ერთ ეზოში, რომელსაც პრივატიზაციის მომენტში მინიჭებული ჰქონდა მისამართად ...ს ქუჩა №..., იმ განსხვავებით, რომ ე. წ-ას შენობის სახელწოდება (ობიექტის დასახელება) იყო „...“. მოგვიანებით, ორივე შენობას შეეცვალა მისამართი და ე. წ-ას მისამართი გახდა ...ს №..., ხოლო პ. წ-ას -...ს №.... აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბბრის №... ცნობა. საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სს ,,თ...ში’’ ე. წ-ა რეგისტრირებულია ცალკე აბონენტად №..., რომელსაც სააბონენტოს მისამართად მითითებული აქვს ...ს №..., ხოლო პ. წ-ას აქვს ცალკე საბონენტო ნომერი - №..., რომელსაც მისამართად მითითებული აქვს ...ს №.... აღნიშნულით დასტურდება, რომ პ. წ-ა ცხოვრობდა სხვა შენობაში განცალკავებით და არანირი შემხებლობა ე. წ-ას მიერ მიღებულ ფართთან არ გააჩნდა. დამატებით აღნიშნული დაადასტურეს ე. წ-ას საცხოვრებელი შენობის ამხანაგობის თავმჯდომარემ გაცემული ცნობით, ასევე, პ. წ-ას მეზობლებმა სანოტარო წესით დამოწმებული ახსნა-განმარტებით. პ. წ-ას მიერ დევნილის ანკეტაში მითითებული საცხოვრებელი არ უკავშირდება ე. წ-ას მიერ მიღებულ ფართს (ე. წ-ამ მიიღო შენობა „...ში“, ბინა №... და ბინა №... (სათავსო)). შესაბამისად, ამ ანკეტის საფუძველზე ხანდაზმულობაზე მსჯელობა ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას და სამართლიანობას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ პ. წ-ა წარმოადგენდა ე. წ-ას ოჯახის წევრს, პრივატიზებულ ქონებაში მცხოვრებ პირს და ასევე, არასწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. წ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით პ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. წ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება პ. წ-ას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე პ. წ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. №..., სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №... (ტ.1, ს.ფ 14); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსებს). აღნიშნული განკარგულებით ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა №... და №... საკადასტრო კოდის მქონე ფართები მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №... (ტ.1, ს.ფ 18-20, 21-22, 23-24); გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა №... (37.19 კვ. მეტრი, სართული 0, ბინა №...) და №... (46.82 კვ. მეტრი, სართული 1, ბინა №5) საკადასტრო კოდის მქონე ფართები მდებარე ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №... (ტ.1. ს.ფ. 15-16); დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - ე. წ-ას დაევალა მოსარჩელე პ. წ-ას და პა. წ-ას, როგორც ოჯახის წევრების, გადაცემული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებულ ოჯახის წევრებს, კერძოდ, პ. წ-ას და პა. წ-ას შეეზღუდათ უფლება სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან მოითხოვონ რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა (ტ.1. ს.ფ. 15-16); ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის პ. წ-ას მიერ (ტ.1. ს.ფ. 15-16); ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 0, ბინა №..., ს/კ ... დარეგისტრირდა ე. წ-ას საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2012 წლის 27 სექტემბერი (ტ.1, ს.ფ 21-22); ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული ..., ბინა №..., ს/კ ... დარეგისტრირდა ე. წ-ას საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2012 წლის 3 ოქტომბერი (ტ.1, ს.ფ 23-24); თ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №04/10581 წერილის თანახმად, პ. წ-ა და ე. წ-ა 2011-2012 წლებში არ იყვნენ რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (ტ.1, ს.ფ 147); ი) პ. წ-ამ 2013 წლის 27 ნოემბერს შეავსო დევნილის ანკეტა, სადაც რეგისტრაციის ადგილად მიუთითა თბილისი, ...ს ქ. №..., ობიექტის დასახელება ,,...’’, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა, თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №.... ობიექტის დასახელება მითითებული არ არის (ტ.1. ს.ფ. 213); კ) 2013 წლის 27 ნოემბერს შევსებულ ანკეტაში ე. წ-ამ, როგორც რეგისტრაციის ასევე ფაქტობრივ მისამართად მიუთითა თბილისი, ...ს ქ. №..., ობიექტის დასახელება „...“ (ტ.1, ს.ფ. 214); ლ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს მისამართით თბილისი, ...ს ქუჩა, №..., საკადასტრო კოდით ..., შეეცვალა მისამართი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №... (ტ.1. ს.ფ. 285); მ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 იანვრის №... გადაწყვეტილების საფუძველზე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის და შპს ,,საქ...ს’’ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთის მისამართით ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდით ..., შეეცვალა მისამართი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად ...ს ქ. №... (ტ.1. ს.ფ. 285); ზ) 2012 წლის 15 აგვისტოს შედგენილი საინფორმაციო ფორმის (პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილ ოჯახთა შესახებ) თანახმად, მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული ..., ბ. №..., რეგისტრირებული ოჯახი შედგება სამი წევრისგან: ე. წ-ა, პ. წ-ა, პა. წ-ა. ოჯახის წევრთა სარეგისტრაციო ნომერი - 002-04108. დამატებითი კომენტარის ველში მითითებულია, რომ ოჯ. ერთად ცხოვრ. ...ში კომპ. აქვთ 0 სართ. დამხმარე ფართი №.... აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია ე. წ-ას მიერ (ტ.1, ს.ფ 212).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე პ. წ-ას მიერ სადავოდაა ქცეული მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად ჩათვლის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ე. წ-ასთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება. შესაბამისად, სადავოა საკითხი იმის შესახებ, პ. წ-ა როგორც დევნილი, ითვლება თუ არა სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად იმ პირობებში, როდესაც ე. წ-ასთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით ე. წ-ამ აიღო ვალდებულება მოსარჩელე უზრუნველეყო სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემული ბინით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2). დასახელებული კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად (მუხლი 1).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის“ V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარ-შესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მითითებული განკარგულების მიხედვით, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო ფაქტობრივად არსებული ოჯახური მდგომარეობის, ერთად მცხოვრები პირების განსაზღვრა და საცხოვრებლის გადაცემის პროცედურების წარმოება მათი ჩართულობით, მათივე ნების შესაბამისად. დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულების საფუძველზე, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ე. წ-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფართები მდებარე ქ. თბილისი, ვაკე, ...ს ქ. №..., ბინა №... და ბინა №....

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2012 წელს, როდესაც ე. წ-ასთან, მისი ოჯახის სახელით გაფორმდა ხელშეკრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონმდებლობა არ შეიცავდა დევნილი ოჯახის დეფინიციას. ნორმატიულად, დევნილი ოჯახის ცნება გაცილებით გვიან, 2014 წლის 24 თებერვლიდან ჩნდება, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996წ. კანონი (25-ე მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი კი, ასევე ითვალისწინებს დევნილი ოჯახის ცნებას, რომლის მიხედვითაც, დევნილის ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის ცნებისთვის საჭიროა კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა - დევნილის სტატუსის მქონე განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე და ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“, ასევე, დღეისათვის მოქმედი ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30ნ ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო განკარგულების გამოცემის, ასევე სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები დევნილი ოჯახის (მისი წევრების) ამგვარი სახის დანაწესს არ ითვალისწინებდა, თუმცა, კანონის დღევანდელი რედაქცია ითვალისწინებს დევნილი ოჯახის განმარტებას, შესაბამისად, იგი მოცემულ ურთიერთობაზეც უნდა გავრცელდეს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მართალია, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012წ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო პერიოდში (სადავო განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს) პ. წ-ა და ე. წ-ა ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.

საქმეში წარმოდგენილია პ. წ-ას მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს შევსებული დევნილის ანკეტა, სადაც რეგისტრაციის ადგილად მითითებულია თბილისი, ...ს ქ. №..., ობიექტის დასახელება ,,...’’, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია, თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №.... ობიექტის დასახელება მითითებული არ არის. საყურადღებოა, რომ იმავე დღეს შევსებულ ანკეტაში ე. წ-ამ, როგორც რეგისტრაციის, ასევე ფაქტობრივ მისამართად მიუთითა თბილისი, ...ს ქ. №..., ობიექტის დასახელება „...“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 30 ნოემბერს გაცემული №... ცნობით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ყოფილი ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდით ... არის ...ს ქ. №..., ხოლო ქ. თბილისში, ყოფილი ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდით ... არის ...ს ქ. №.... საქმეში წარმოდგენილია ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარის მიერ 2022 წლის 30 სექტემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ე. წ-ა 2009 წლიდან ცხოვრობს ...ს №...-ში (ყოფილი ...ს №...), პირველი სართული ბინა №...-ში, შვილთან - პა. წ-ასთან, რძალთან - ს. ბ-ითან და შვილიშვილთან - ლ. წ-ასთან ერთად (ტ.1. ს.ფ. 242-243). საქმეში ასევე წარმოდგენილია 2022 წლის 10 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც ნ. გ-ა, თ. თ-ე და ნ. დ-ა ადასტურებენ, რომ პ. წ-ა 2009 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ...ს №...-ში (ყოფილი ...ს ქუჩა №...) (ტ.1. ს.ფ. 246-247). საქმეში წარმოდგენილია სს ,,თ...ს’’ აბონენტების ბრუნვის ისტორიები, რომლითაც დასტურდება, რომ პ. წ-ას აქვს ცალკე საბონენტო ნომერი - №... და მისამართად მითითებულია ...ს №..., ხოლო ე. წ-ა რეგისტრირებულია ცალკე აბონენტად №..., ხოლო აბონენტის მისამართად მითითებულია ...ს №... (ტ.1. ს.ფ. 251-256, 257-273). მართალია, პ. წ-ას კუთვნილი აბონენტის ბრუნვის ისტორია მონაცემებს შეიცავს 2013 წლის 19 სექტემბრიდან, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება ნ. გ-ას, თ. თ-ეის და ნ. დ-ას სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებასთან ერთად, იძლევა შესაძლებლობას დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ პ. წ-ა 2009 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ...ს №...-ში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ. წ-ა და ე. წ-ა ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სხვადასხვა შენობაში, რაც მათი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტს გამორიცხავს. ის გარემოება, რომ პ. წ-ას დევნილის ანკეტაში მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ბინა №... და არა ე. წ-ასთვის გადაცემული ბინა №... და ბინა №..., არ ქმნიდა საფუძველს სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიეჩნია მოსარჩელის ცხოვრება სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ფართში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მითითებული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“, არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ. გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს გარკვეული პირებისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულებები რეალურად არ გამოხატავენ მხარის ნამდვილ ნებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თანხმობის არსებობა, რამდენადაც სადავო ხელშეკრულება მოსარჩელეს პირდაპირ ართმევდა შესაძლებლობას, მომავალში სახელმწიფოსგან, როგორც დევნილ პირს, მოეთხოვა საცხოვრებელი ფართი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით პ. წ-ას ისე შეეზღუდა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მისთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მას არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის (საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად, პ. წ-ამ 2012 წლის 23 აგვისტოს ,,...ს’’ გამტარი პუნქტის გავლით დატოვა საქართველო და დაბრუნდა 2012 წლის 28 ნოემბერს).

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ ცალსახად ცნობილი იყო მოსარჩელე პ. წ-ასთვის. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, იგი შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს შევსებული დევნილის ანკეტაში, მართალია, პ. წ-ა უთითებს, რომ იგი ცხოვრობს სახელმწიფოსგან გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში გადაცემულ ფართში, მაგრამ ამავე ანკეტაში იგი ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად უთითებს, თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №... და არა სადავო განკარგულებასა და ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართს - ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №... ან/და ბინა №.... ამდენად, დგინდება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც ე. წ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება, პ. წ-ას არ ჩაბარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ ნაწილში მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულებისა და განკარგულების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 5 აგვისტოს და საქმეში არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, დაუსაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების (2012 წლის 14 სექტემბერი) დროისათვის. შესაბამისად, არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ. წ-ა როგორც დევნილი, არ ითვლება სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად - ის სადავო პერიოდში არ წარმოადგენდა ე. წ-ასთან ერთ ოჯახად მცხოვრებ პირს. შესაბამისად, პ. წ-ას ნაწილში არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, უნდა დაკმაყოფილდეს პ. წ-ას საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII​3 ​და VII​17 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. პ. წ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. პ. წ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს №29/08/02 განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მოსარჩელე პ. წ-ას ნაწილში;

5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ე. წ-ას შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 და 2.4 პუნქტები პ. წ-ას ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა პ. წ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ე. წ-ას მიერ და პ. წ-ას შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

6. პ. წ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ლ. ა-ას მიერ 2020 წლის 10 აგვისტოს №9685404142 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე