Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №475აპ-14 ქ. თბილისი

გ-ი ბ.-475აპ-14. 30 მარტი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით ბ. გ-ი, –ნასამართლობის არმქონე; პ. ყ-ა, – ნასამართლობის არმქონე; ჯ. შ-ა, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2014 წლის 19 მაისიდან. მსჯავრდებულ ბ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 25 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, პ. ყ-ას – 2014 წლის 25 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ხოლო ჯ. შ-ას – 2014 წლის 25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით.

გაუქმდა ბ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი, მ. ფ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მარტვილის რაიონის სოფელ --- (საკადასტრო კოდი ---) გათავისუფლდა ყადაღისაგან და დაუბრუნდა მესაკუთრეს.

გაუქმდა პ. ყ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს.

გაუქმდა ჯ. შ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს სახით შეტანილი, ზ. ს-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე დაბა ჩხოროწყუში, ლესელიძის ქ. №---ში (საკადასტრო კოდი ---) გათავისუფლდა ყადაღისაგან და დაუბრუნდა მესაკუთრეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ბ. გ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს ­­– წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე