საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-507(კ-25) 4 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ბ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - ზ.ლ-ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 2 თებერვალს ნ.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით ნ.ბ-ის სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მოპასუხე მხარედ განისაზღვრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირად ზ.ლ-ი. სასარჩელო მოთხოვნებად კი განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის თანახმად ზ.ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ...) 217 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „...ს“ მიერ 2023 წლის 21 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემულ 217 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის უფლების - სერვიტუტის დარეგისტრირების დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, 1996 წელს მის პაპას ნ.ბ-ის, სახელმწიფოსგან გადაეცა 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, გარდაბნის რაიონი სოფ. ...ში, რაც მალევე ტექნიკის საშუალებით დამუშავდა და გახდა ტერასული ფორმის, რითაც მისი ოჯახი დღემდე სარგებლობდა. აღნიშნულა კი, მოსარჩელის მითითებით ადასტურებდნენ როგორც ტექნიკური სამუშაოების შემსრულებელი პირის ოჯახის წევრები, ასევე ნაკვეთების მიმდებარედ არსებული, სხვა ნაკვეთების მფლობელები.
სარჩელის თანახმად, 2000-იან წლებში ნ.ბ-იმ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთის ნაწილი 5900 კვ.მ, რაც შეიძინა 2008 წელს (ამჟამინდელი ს/კ: ...), ხოლო დარჩენილი დასარეგისტრირებელი, დატერასებული ტერიტორიით სარგებლობდა დღემდე. 2023 წლის 3 იანვარს ზ.ლ-იმა დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და მიისაკუთრა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთი დაბოლოება. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან გაასხვისა კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომლის მომიჯნავედ მდებარეობდა მის მფლობელობაში არსებული დაურეგისტრირებელი ტერასული ფორმის ნაკვეთი, რომელიც განხორციელებული რეგისტრაციით მიისაკუთრა ზ.ლ-იმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, №3-43-23 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩართულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნ.ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ყოველგვარი ცვლილების რეგისტრაცია სასამართლოში დავის საბოლოო დასრულებამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება №..., რომლის თანახმადაც ზ.ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., 217 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი 5900 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო საკადასტრო კოდით ... . აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთის გვერდით, რომელიც რეგისტრირებული იყო საკადასტრო კოდით ... და მათ ნაკვეთებს შუაში ყოფდა გზა, რომელზეც მოძრაობდა ტექნიკა როგორც მოსარჩელის ნაკვეთში მისასვლელად, ასევე იგი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას. მოსარჩელემ 2021 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ... დაყოფა. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა ორი უძრავი ქონება და მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდები. შემდგომ მოსარჩელემ კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფართით 1500 კვ.მ გაასხვისა და მის საკუთრებაში დარჩა 4400 კვ.მ, რაც დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით ..., ხოლო მის მიერ გასხვისებული ნაწილი დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით ..., რომელიც ემიჯნებოდა ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთს. სწორედ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა ის 217 კვ.მ, რომელზეც მოსარჩელე ითხოვდა რეგისტრაციის ბათილობას. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ მონაკვეთს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში ათეული წლების განმავლობაში, იყენებდნენ საერთო სარგებლობის გზად, რომელზეც მოძრაობდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ნაკვეთებში მისასვლელად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მიერ ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენას არ ესწრებოდნენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და შენიშვნის სახით 2022 წლის 3 ოქტომბერს №155000 უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული იქნა, რომ ნაკვეთი იყო არაფიქსირებულ საზღვრებში, იყო დაუმუშავებელი და მისი აზომვა მოხდა დაინტერესებული პირის (ზ.ლ-ის) მითითებით.
საქალაქო სასამართლომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა რ.ბ-ი, ზ.ბ-ი, შ.მ-ი და ლ.ლ-ი. მოწმეთა ნაწილმა მართალია დაადასტურეს ზ.ლ-ის მიერ მიწის ნაკვეთის მფლობელობა, თუმცა ნაკვეთის ზუსტი საზღვრები არ იცოდნენ. მოწმეებმა დაადასტურეს შესაბამის ტერიტორიაზე გზის არსებობა. შ.მ-მა ასევე აღნიშნა, რომ ამ გზის გარეშე ქვედა ტერასებზე ტექნიკა ვერ შევიდოდა, ლ.ლ-ის განმარტებით კი, გზის გამოყენების გარეშე მომიჯნავე ნაკვეთებში ტექნიკა ვერ მოხვდებოდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეს აქვს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ აქტებთან მიმართებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა დაცულ იქნეს მოქალაქის საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია და შეუსწავლია დადგენილი გარემოებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების რეგისტრაციის (იმ ფორმით, რა ფორმითაც მესამე პირს დაურეგისტრირდა უძრავი ქონება) მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, შესაბამისად, სახეზე იყო სადავო აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე ბათილობის წინაპირობები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ზ.ლ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზ.ლ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოტივაცია სადავო აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) კანონშეუსაბამობის თაობაზე ემყარებოდა იმ არგუმენტს, რომ ზ.ლ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის გზა (№... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დასავლეთით). თუმცა, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე (217 კვ.მ) უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ მიუმართავს.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვა 2019 წლის 4 ივლისის №21-02-1/72757 (მიწის გადასახადის გადამხდელთა სია), 2020 წლის 7 ივლისის №200418867 სამკვიდრო მოწმობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის №2/3789-219 დადგენილება და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №155000. მითითებული აქტები კი იყო ძალაში და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ზ.ლ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ა.კ-ი, ხოლო ზ.ლ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდება არ დაფიქსირებულა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ნ.ბ-ის სახელზე გაცემულ 1996 წლის 10 იანვრის №181 მიღება-ჩაბარების აქტში მართალია გზა მითითებული იყო აღმოსავლეთით, ხოლო ხევი მოპირდაპირე მხარეს - დასავლეთით, თუმცა, საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის არსებული კონფიგურაციით ხევი ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთის სამხრეთით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მიუთითებდა, რომ გზა არსებული კონფიგურაციით უნდა ფიქსირდებოდეს არა აღმოსავლეთით, არამედ ხევის მოპირდაპირე მხარეს, ანუ ჩრდილოეთით (როგორც ეს მითითებულია შპს „...“-ს; 06.06.21წ. საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზზე). შესაბამისად, საქმეში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, მათ შორის სიტუაციური ნახაზების, საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზების და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის (№155000) საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის გზის არსებობის ფაქტი. ამასთან, სასამართლომ სერვიტუტის რეგისტრაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით აღნიშნა, რომ დავა სერვიტუტის უფლებაზე თავისი არსით იყო სამოქალაქო-სამართლებრივი და განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იქნებოდა განხილული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ამასთან, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან და არ მოდიოდა შესაბამისობაში სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან მოსარჩელის და მოწმეთა ახსნა-განმარტების სახით. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა იმავე სარეგისტრაციო ბლოკში 2 მომიჯნავე ან/და 3 არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/მესაკუთრის კანონით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენის შესახებ არასათანადოდ იყო შეფასებული და სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ მოწმეთა მიერ თანხმობის გაცემისა და დათვალიერების ოქმზე ხელმოწერის ფაქტი მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის წარმომადგენლების მიერ ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენას არ ესწრებოდნენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და ოქმში შენიშვნის სახით მითითებულ იქნა, რომ ნაკვეთი იყო არაფიქსირებულ საზღვრებში, დაუმუშავებელი და მისი აზომვა მოხდა დაინტერესებული პირის - ზ.ლ-ის მითითებით.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მიწის ნაკვეთის არამომიჯნავე სამი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობები მიღებული იყო ფორმალურად, რეალური გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გამოკითხულ მოწმეთა ახსნა-განმარტებები, რომლითაც თითოეული მათგანი ადასტურებდა, რომ დათვალიერების ოქმის შედგენისას ისინი არ იყვნენ ინფორმირებული დეტალურად თუ უშუალოდ რა ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას აწერდნენ ხელს. მოწმეების განმარტებით, მათ მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ზ.ლ-ი დასათვალიერებელ ადგილზე ფლობდა მიწის ნაკვეთს, თუმცა მიწის ნაკვეთი იყო ფიქსირებული საზღვრების გარეშე და რომ სცოდნოდათ, რომ ზ.ლ-ი ირეგისტრირებდა, მათ შორის ნ.ბ-ის მიერ სადავოდ გამხდარ 217 კვ.მ მიწის ნაკვეთსაც, ასეთ შემთხვევაში, არ მოაწერდნენ დათვალიერების ოქმს ხელს, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ყოველთვის ფლობდა ნ.ბ-ის მამა-პაპა და ასევე ადასტურებენ, რომ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად იყო გზა, რომლის გარეშეც ნ.ბ-ის ოჯახს კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან, ტერასებთან მისვლა არ შეეძლო. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სრულად რომ გამოეკვლია რეალური ფაქტობრივი გარემოებები, მოწმეთაგან აუცილებლად მიიღებდნენ იმ ინფორმაციას, რაც მათ მიაწოდეს სასამართლოს, ეს კი გამორიცხავდა მოდავე მხარის არსებობის პირობებში ამ ფორმით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, მართალია სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ ნაკვეთის დაყოფაზე და იმ გარემოებაზე, რომ გასხვისებული ნაწილი დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით ..., რომელიც ამჟამად ემიჯნება ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთს, თუმცა კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მონაკვეთი მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში ათეული წლების განმავლობაში, იყენებდნენ საერთო სარგებლობის გზად, რომელზეც მოძრაობდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ნაკვეთებში მისასვლელად. ამდენად, ნ.ბ-ეს არ ეძლეოდა შესაძლებლობა ესარგებლა თავისუფლად იმ მიწის ნაკვეთით, რომელიც ოდითგანვე იყო მამა-პაპის საკუთრებაში და გამოიყენებოდა გზად, რომლის გარეშეც თავისუფლად ვერ უკავშირდებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ტერასებს.
რაც შეეხება სადავო გზის ადგილმდებარეობის შესახებ სააპელაციო პალატის განმარტებას, კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული განმარტებები მცდარია, რამდენადაც ერთის მხრივ ნ.ბ-ის სახელზე გაცემულ 1996 წლის 10 იანვრის №181 მიღება-ჩაბარების აქტში გზა მითითებულია აღმოსავლეთით, ხოლო ხევი მოპირდაპირე მხარეს დასავლეთით, ხოლო მეორეს მხრივ, გარდა ნ.ბ-ისა, არაერთმა მოწმემ, მათ შორის უშუალოდ დათვალიერებაში მონაწილე მოწმეებმა ხაზგასმით დაადასტურეს, რომ სადავო ადგილზე მდებარეობდა სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოველთვის ნ.ბ-ის მამა-პაპას ეკუთვნოდა და გამოიყენებოდა გზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველი შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს გზის არსებობის საფუძვლით 217 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) ზ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონიერება და 217 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის უფლების - სერვიტუტის რეგისტრაციის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 373 ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას საველე სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოიყენება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის/იდენტურობის, უფლებრივი მდგომარეობის, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიჩნეულია 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1996 წლის 10 იანვრის №181 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავ ნივთზე (მდებარე: გარდაბანი, სოფ. ..., 5900 კვ.მ, ს/კ...) დარეგისტრირდა ნ.ბ-ის საკუთრების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნ.ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთი ს/კ ... (5900 კვ.მ) დაიყო ორ მიწის ნაკვეთად - ს/კ ... (4400 კვ.მ) და ს/კ ... (1500 კვ.მ). №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ნ.ბ-ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ა.კ-ზე.
2022 წლის 23 აგვისტოს ზ.ლ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე (მდებარე: გარდაბანი, სოფელი ..., 1500 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა ჩატარებულიყო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. ამასთან, მოეთხოვა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმების მონაცემების შემაჯამებელი ბარათის (№155000) თანახმად, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, უფლება რეგისტრირდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტის - შემოსავლების სამსახურის 04.07.2019წ. №21-02-1/72757 წერილის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, შ.მ-მა, რ.ბ-მა და ლ.ლ-მა დაადასტურეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების №155000 ოქმით გათვალისწინებული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ასევე - ნაკვეთის საზღვრები და კონფიგურაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. შედეგად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 იანვრის №... გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე (მდებარე: გარდაბანი, სოფ. ..., 1500 კვ.მ, ს/კ ...) დარეგისტრირდა ზ.ლ-ი საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ზ.ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად მითითებული აქტები ძალაშია და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. ზ.ლ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არსებული მდგომარეობით კი, წარმოადგენს ა.კ-ი (ს/კ ...), ხოლო ზ.ლ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში სხვა მიწის ნაკვეთთან ზედდება არ დაფიქსირებულა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ნ.ბ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (შპს „...“; 06.06.21წ.), რომლითაც მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთით (D-A) გზა არ ფიქსირდება (გზა ფიქსირდება მხოლოდ ჩრდილოეთით). საქმეში ასევე წარმოდგენილია ზ.ლ-ის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, რომლითაც მიწის ნაკვეთის დასავლეთით (B-C) ფიქსირდება ნ.ბ-ი (მოსარჩელის მამკვიდრებელი), ხოლო გზა ფიქსირდება ჩრდილოეთით (C-D). რაც შეეხება ნ.ბ-ის სახელზე გაცემულ 1996 წლის 10 იანვრის №181 მიღება-ჩაბარების აქტს, მართალია, აღნიშნულ დოკუმენტში გზა მითითებულია აღმოსავლეთით, ხოლო ხევი მოპირდაპირე მხარეს - დასავლეთით, თუმცა, საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ მიწის ნაკვეთის არსებული კონფიგურაციით ხევი ფიქსირდება მიწის ნაკვეთის სამხრეთით. აღნიშნული კი, თავის მხრივ მიუთითებს, რომ გზა არსებული კონფიგურაციით უნდა ფიქსირდებოდეს არა აღმოსავლეთით, არამედ ხევის მოპირდაპირე მხარეს, ანუ ჩრდილოეთით (როგორც ეს მითითებულია შპს „...“-ს; 06.06.21წ. საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზზე).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირის საკადასტრო საზღვრებიდან საერთო სარგებლობის გზის გამოთავისუფლებას შესახებ მოსარჩელის პრეტენზია არ არის დაფუძნებული კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებებზე (მაგ: ექსპერტის დასკვნა, მიწათსარგებლობის გეგმა, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (KFW თანადაფინანსებით) პროექტის სისტემური აღწერების შედეგად მიღებული ინტეგრირებული გრაფიკული მონაცემი და სხვა). მეტიც, საქმეში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და ფოტოსურათების საფუძველზე არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე საერთო სარგებლობის საუბნო გზის არსებობის ფაქტი და ამ პირობებში მის დასადასტურებლად საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მხოლოდ მოსარჩელის და შესაბამისი მოწმეების ზეპირი ახსნა-განმარტებები. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სერვიტუტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომ დავა სერვიტუტის უფლებაზე თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია და განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იქნება განხილული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარზე 03.04.2025წ. №9251 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. ნ.ბ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 03.04.2025წ. №9251 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა