Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ბ-ე

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.ბ-ემ 13.12.2021 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ი.ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 18.09.2008 წელს გაფორმებული №484 ხელშეკრულების (კონტრაქტის) 5.1.9 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების - მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესრულების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2024 წლის გადაწყვეტილებით ი.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი.ბ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის გადაწყვეტილებით ი.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2024 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ი.ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 18.09.2008 წელს გაფორმებული №484 ხელშეკრულების (კონტრაქტის) 5.1.9 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების - მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესრულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, 18.09.2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის დაიდო №484 კონტრაქტი (ხელშეკრულება "ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ"). აღნიშნული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს. ამავე კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ. ამასთან, აღნიშნული კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.4 ქვეპუნქტში მიეთითა, რომ კონტრაქტი შეიძლება ვადამდე შეწყვეტილიყო სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო, რაც შეუძლებელს გახდიდა სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული კონტრაქტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კონტრაქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესაძლებლობა ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების მეშვეობით. 01.08.2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი №35, რომლის №1 დანართის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. ამავე დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი დადგინდა, რომ ეს შეთანხმება არის შესაბამისი კონტრაქტის განუყოფელი ნაწილი, გააჩნია უპირატესობა კონტრაქტის შესაბამის დებულებებთან მიმართებაში და ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 25.04.2014 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის №MOD 4 14 00001374 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ...ის ხელმძღვანელი (შტატი N...), ...ის კაპიტანი ი.ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით 2014 წლის 5 აპრილიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად. 25.08.2014 წელს ი.ბ-ემ №554428 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის დეპარტამენტის 02.09.2014 წლის №MOD 8 14 00566165 წერილით ი.ბ-ეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნები განხილულ იქნა გენერალური შტაბის ...ის დეპარტამენტში. მათ მიერ დამატებით განხორციელდა ი.ბ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული კონტრაქტის მონაცემების გადამოწმება, რის საფუძველზეც დეპარტამენტმა დაუდასტურა განმცხადებელს, რომ ნამდვილად იყო გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან 19.03.2007 წლის №135 ბრძანებით დამტკიცებული 5 წლიანი კონტრაქტი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.04.2014 წლის №MOD 8 14 00000441 ბრძანების მე-3 პუნქტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, როგორც ი.ბ-ის, ისევე სხვა ზემოთ აღნიშნული კონტრაქტის მქონე პირების მონაცემები ერთიანად (ნამსახურობის წლების გათვალისწინებით), დადგენილ ვადებში წარედგინებოდა აღნიშნულ კომისიას შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, აღნიშნული წერილით მხარეს ეცნობა, რომ მისი დაკმაყოფილება მოხდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საბინაო ფონდის ფორმირების შემდეგ, ნამსახურობის წლების გათვალისწინებით. 29.02.2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის №MOD 6 20 00224309 წერილის თანახმად, 14.02.2020 წლის №163003 წერილის პასუხად ი.ბ-ეს ეცნობა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა გაფორმებული თავდაცვის სამინისტროსთან 19.03.2007 წლის №135 ბრძანებით დამტკიცებული 5 წლიანი კონტრაქტი 2008 წლის 18 სექტემბერს. ...ის დეპარტამენტის უფროსის 01.08.2011 წლის №364 ბრძანებით მას გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.02.2011 წლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმი, რომლის №1 დანართის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ზემოთხსენებული კონტრაქტის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 18 სექტემბერს, ხოლო №1 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმება იყო შესაბამისი კონტრაქტის განუყოფელი ნაწილი და გააჩნდა უპირატესობა კონტრაქტის შესაბამის დებულებებთან მიმართებაში. აღნიშნული წერილით ი.ბ-ეს ასევე ეცნობა, რომ გენერალური შტაბის უფროსის 25.04.2014 წლის №1374 ბრძანებით, ი.ბ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 05.04.2014 წელს, რის გამოც შეუწყდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამდენად, იგი ვერ აკმაყოფილებდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.10.2019 წლის №MOD 0 19 00000600 ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმს, რის გამოც ი.ბ-ის მონაცემები არ იყო წარდგენილი აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ კომისიაზე განსახილველად.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 138-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 29.02.2020 წლის NMOD 6 20 00224309 წერილის გაცნობიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 09.21.2023 წლის №3500 კანონით), რომელიც ადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა სახელმწიფო. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურის დაწყებისთანავე დადგენილი ნორმებითა და წესით, შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გადაცემული საბინაო ფონდიდან ეძლეოდა სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ

შემთხვევაში სახეზე იყო ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე ი.ბ-ემ იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1 მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინით, რომელიც მოსამსახურეს საკუთრებაში გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (კონტრაქტის 5.1.9 მუხ.). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 01.08.2011 წლის №35 ოქმით 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ შეცვლილა. ეს ვადა შეადგენდა 4 წელს ბინის სარგებლობაში გადაცემის მიზნებისათვის და 5 წელს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თვალსაზრისით. 01.08.2011 წლის №35 ოქმით გაგრძელდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა 10 წლამდე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაქტის საერთო ვადის გაზრდა გააუარესებდა ი.ბ-ის მდგომარეობას და ასეთ პირობებში, სულ მცირე, ოქმშივე უნდა ყოფილიყო ცხადად მითითებული, რომ ამ პირობაზე ხელმოწერით ი.ბ-ე თანხმდებოდა ბინის მიღების გადავადებას რამდენიმე წლით, ხოლო ასეთ ჩანაწერს 01.08.2011 წლის №35 ოქმი არ შეიცავდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევს ამ გაგრძელებული ვადის შესაბამისად. ამდენად, მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9. პუნქტის თანახმად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის 18.09.2008 წელს გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 19.03.2007 წლის №135 ბრძანებით დამტკიცებული №484 კონტრაქტი „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. კონტრაქტის 3.1 პუნქტით სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით. ამავე კონტრაქტის 5.1.9 პუნქტით თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება ი.ბ-ე ამ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა 5 წლიანი სამსახურის დასრულების შემდეგ. 01.08.2011 წელს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის გაფორმდა თავდაცვის მინისტრის 22.02.2011 წლის №120 ბრძანებით დამტკიცებული №35 შეთანხმების ოქმი, რომლის №1 დანართის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტაქტის ამოქმედების დღიდან. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 25.04.2014 წლის №1374 ბრძანებით, ...ის კაპიტანი ი.ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით 2014 წლის 5 აპრილიდან, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ვინაიდან მას შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურია 10 წელი, 01.08.2011 წლის შეთანხმების ოქმის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან ვერ შესრულდებოდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება.

კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს ბინით სარგებლობის მოთხოვნის უფლება უნდა წარმოშობოდა 18.08.2012 წელს, თუმცა მას ამ მოთხოვნით თავდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავს. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა - ექვს წელს. შესაბამისად, ი.ბ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია 2015 წლის 18 სექტემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის 18.09.2008 წელს დადებული ხელშეკრულება სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის 65.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) და კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურემ - ი.ბ-ემ იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1. მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი ბინით, რომელიც მოსამსახურეს საკუთრებაში გადაეცემოდა სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ (კონტრაქტის 5.1.9. მუხ.). ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 5 წლის ვადით. 01.08.2011 წელს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის გაფორმდა №35 შეთანხმების ოქმი, რომლის №1 დანართის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი.ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 01.08.2011 წელს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემის დრო გადაიწევდა გაგრძელებული ვადის შესაბამისად. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი.ბ-ეს შორის 18.09.2008 წელს დადებული ხელშეკრულების ვადის 10 წლამდე გაგრძელება არ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გადავადებას. სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პირველ ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად, რაც ქმნის 5.1.9 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი ბინის გადაცემის საფუძველს (იხ. სუსგ 27.03.2018წ. Nბს-1214-1208(კ-17); 11.02.2025 წ. Nბს-655 (კ-24)).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. მითითებული ნორმის შინაარსი შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის გარანტიას, იმ შემთხვევებისათვის, თუკი ხელშეკრულების პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მაშინ ეს პირობა ბათილია და ძალა არა აქვს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ 01.08.2011 წლის №35 ოქმით გაგრძელდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადა 10 წლამდე. 01.08.2011 წლის №35 ოქმი არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ი.ბ-ე თანხმობას გამოთქვამდა ბინის მიღების რამდენიმე წლით გადავადების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, 25.04.2014 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის №MOD 4 14 00001374 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ...ის ...ის ხელმძღვანელი (შტატი N...), ...ის კაპიტანი ი.ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2014 წლის 5 აპრილიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) თანახმად. ამდენად, ხელშეკრულების 5.1.9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი.ბ-ის მიმართ სწორედ ზემოაღნიშნულ პერიოდამდე წარმოეშვა. პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით (18.09.2008 წლის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის შემდეგ), ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში (18.09.2008 წლის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ). უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხსენებული ვალდებულების არცერთი სეგმენტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გამომდინარეობს კონტრაჰენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების პირნათლად შესრულებიდან, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ი.ბ-ემ არაერთი განცხადებით მიმართა (25.08.2014წ. №554428 განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, 14.02.2020წ. №163003 განცხადება) თავდაცვის სამინისტროს ბინის უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლების რეალიზაციის მოთხოვნით ი.ბ-ის მიერ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი ქმნიდა შესაძლებლობას სასამართლოს არსებითად ემსჯელა და გადაეწყვიტა სადავო საკითხი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე (იხ. სუსგ 22.07.2021წ. №ბს-1137(კ-20)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე