საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ.ბ-მა 2024 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამავე საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბ.ბ-ისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ.ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ბ.ბ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით − საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით − შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 სექტემბრის განაჩენით ბ.ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 24 დეკემბრიდან. ბ.ბ-ი 2020 წლის 25 დეკემბერს შესახლებულ იქნა №... დაწესებულებაში. მის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულია დისციპლინური სასჯელის ზომა, კერძოდ, მას გამოეცხადა საყვედური. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი არაერთგზის წახალისებულ იქნა, კერძოდ, მას სხვადასხვა პერიოდში მიეცა დამატებითი სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება, აგრეთვე დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის შუამდგომლობა დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბ.ბ-ის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში მხოლოდ ერთხელ არის გამოყენებული დისციპლინური სასჯელის ზომა, თუმცა იგი წახალისებული იქნა არაერთგზის. მსჯავრდებული იაზრებს ჩადენილ დანაშაულს, ნანობს და ამგვარი ქმედება ახლა მისთვის მიუღებელია. მსჯავრდებულის სურვილია, საზოგადოებას დაუბრუნებს სრულფასოვან და კანონმორჩილ წევრად. დაწესებულებაში ყოფნის დრო მან ნაყოფიერად გამოიყენა ჩადენილი დანაშაულის გააზრების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, ინტელექტუალური ზრდისა და განვითარებისათვის, გეგმავს დაუბრუნდეს ოჯახს. სასჯელის მოხდის პერიოდში მას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ აქტივობაში, აქტიურად იყენებს დაწესებულების ბიბლიოთეკას, იცავს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და ასრულებს კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ საფუძვლით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას, ვინაიდან დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად პირის მიმართ სასჯელის შეფარდების განმსაზღვრელი წინაპირობაა, იმავდროულად, კანონმდებლობითვე გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა თუ სიმძიმის მიუხედავად, შესაბამისი პირობების არსებობისას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული გარემოებების, აგრეთვე მოსარჩელის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბ.ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდის საჭიროება აღარ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის მოსაზრებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილ ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას. თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ზემოაღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საბჭომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე იქნება დაფუძნებული. კასატორის მითითებით, საბჭომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. საბჭომ შეაფასა დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება და სხვა გარემოებები.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის განხილვისას საბჭომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე და ამ მოტივით ეთქვა უარი მსჯავრდებულს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. კასატორმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ხასიათის ინდივიდუალური მოცემულობის რელევანტური საკითხების შეფასებისას, საბჭომ იმსჯელა ბ.ბ-ის მიერ ჩადენილ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ განზრახ ქმედებაზე და კრიტერიუმი "დანაშაულის ხასიათი" უარყოფითად შეაფასა. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გაუპატიურება დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რაც პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, ძალადობრივი დანაშაულია. საბჭოს მიერ ასევე უარყოფითად შეფასდა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული დასჯილია 2021 წელს, კერძოდ, დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის გამო, რაც გამოიხატა ხმაურსა და აგრესიულ ქცევაში. აღნიშნული ქმედების გამო მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - საყვედური. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემდეგ მსჯავრდებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ არაერთხელ იქნა წახალისებული. წახალისების სახეებიდან გამოყენებულია სატელეფონო საუბარი და ხანმოკლე პაემანი. კასატორი მიუთითებს, რომ კუთვნილი სატელეფონო საუბრების და პაემნების ამოწურვის შემდეგ, ადმინისტრაციას შეუძლია წახალისების სახით მსჯავრდებულებს დამატებით მისცეს საუბრების და პაემნების უფლება, რაც განპირობებულია არა მსჯავრდებულის ქცევით, არამედ იმით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მათი გარესამყაროსთან კავშირი.
"ოჯახურ პირობებთან" დაკავშირებულ კრიტერიუმზე საბჭომ აღნიშნა, რომ ოჯახთან კონტაქტი არის პატიმრის უფლება და არა პრივილეგია, იგი ვრცელდება ყველა პატიმარზე. ეს უფლება განმტკიცებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 23-ე მუხლში. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს ჰყავს მშობლები და არასრუწლოვანი ძმა, ვერ გახდება შემაკავებელი და მსჯავრდებულის ქცევის განმსაზღვრელი. შესაფასებელია აგრეთვე მსჯავრდებულის ოჯახის წევრების და ახლობლების მზაობა, პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მიიღონ და მხარი დაუჭირონ ყოფილ პატიმარს მატერიალურად. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბ.ბ-ი ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას აფასებს როგორც საშუალოს და სამომავლო გეგმებს ხელნაკეთი ნივთების მცირე ბიზნესის წარმოებას უკავშირებს.
კასატორმა აღნიშნა, რომ ბ.ბ-ის ქმედებას ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი მოჰყვა. იმ შემთხვევაში როცა სახეზეა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მნიშვნელოვანია დაზარალებულის პოზიციის გარკვევა, ის თუ რამდენად იქნა აღდგენილი სამართლიანობა მისი პოზიციიდან და ასევე მსჯავრდებულის მიერ რამდენად მოხდა ბრალეულობის აღქმა და გააზრება. მართალია განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია დაზარალებულის მამის თანხმობა პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, თუმცა საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტიპის საქმეზე ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან იმის დაფიქსირებას, რომ პრეტენზია არ აქვთ, ვერ ექნება არსებითი გავლენა საკითხის დადებითი კუთხით შესაფასებლად.
კასატორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საბჭომ განიხილა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ზეპირ სხდომაზე. დანაშაულთან მიმართებით გამოიკვეთა მსჯავრდებულის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ. №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოგზავნილ დახასიათებაში, რომელიც დათარიღებულია 30.10.2024 წლით, მითითებულია, რომ მსჯავრდებული ნაწილობრივ იღებს პასუხისმგებლობას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, ხოლო მსჯავრდებულმა 2024 წლის 05 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ აღიარებს დანაშაულს. ეს ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვინაიდან დროის მცირე მონაკვეთში განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ერთსა და იმავე საკითხზე. კასატორმა მიუთითა, რომ ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულთან ზეპირი მოსმენის სხდომაზე მიღებული ონფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების უარყოფითი შეფასების საფუძველს იძლეოდა. ინდივიდუალური მახასიათებლების, ქმედების კრიმინილოგიური ანალიზის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის, სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართულობის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უდავოდ ვერ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მინიმუმამდე შემცირდა მსჯავრდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, მიმართული ადამიანის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულ ბ.ბ-ის საკითხის განხილვისას, სასჯელის მიზნების მიღწევის აშკარად გამოხატული შესაძლებლობა ვერ გამოიკვეთა. კასატორი თვლის, რომ ადგილობრივმა საბჭომ ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილი შეფასების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობიდან. საბჭოს კანონმდებლობა არ აკისრებს ვალდებულებას სასჯელის ნაწილის მოხდის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მსჯავრდებულის მიმართ შეღავათები. საბჭო მსჯავრდებულის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური გამოკვლევისა და შეფასებისას მსჯელობს რამდენად ადეკვატურია რეალურად მოხდილი სასჯელი ჩადენილ ქმედებასთან. კასატორი თვლის, რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, მისი მომზადება-გამოცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 09 სექტემბრის განაჩენით, ბ.ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 24 დეკემბრიდან. 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ.ბ-ის დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. ბ.ბ-იმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით სასჯელის ½ მოიხადა 15.11.2023 წელს. იგი არ არის წარსულში ნასამართლევი და დამატებითი სასჯელი არ აქვს დაკისრებული. ბ.ბ-ის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულია დისციპლინური სასჯელის ზომა, კერძოდ, 2021 წლის 21 ოქტომბერს ხმაურობდა საკანში და იქცეოდა აგრესიულად, რის გამოც გამოეცხადა საყვედური. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ბ.ბ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ იქნა წახალისებული. 2023 წლის 20 დეკემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ ბ.ბ-ის დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. ზემოაღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 2023 წლის 20 დეკემბრის №01/23/შ/პ-0421 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. საბჭომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების კრიმინოლოგიური ანალიზის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის, სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართულობის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უდავოდ ვერ იქნა მიჩნეული, რომ მინიმუმამდე შემცირდა მსჯავრდებულის მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი, ვინაიდან დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 20 დეკემბრის №01/23/შ/პ-0421 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 20 დეკემბრის №01/23/შ/პ-0421 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ.ბ-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ ზეპირ მოსმენაზე განიხილა მსჯავრდებულ ბ.ბ-ის საკითხი და 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილებით ბ.ბ-ის შუამდგომლობა დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა პენიტენციური კოდექსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მსჯავრდებულის შეფასება კი ხდება ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება.
საკასაციო სამართლო მიუთითებს, რომ საბჭოს სადავო, 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილება მიღებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ბ.ბ-ის შუამდგომლობაზე ხელახლა მსჯელობა დაევალა იმ გარემოების გამო, რომ საბჭოს თავდაპირველ, 2023 წლის 20 დეკემბრის №01/23/შ/პ-0421 გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავდა, არ ასაბუთებდა თუ რატომ ასრულებდა ბ.ბ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტაში მთავარ/გადამწყვეტ როლს, ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით გათვალისწინებულ შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმს შორის - დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მაშინ როდესაც ბ-ის საქმეში წარმოდგენილი არაერთი ფაქტი მიუთითებდა ასევე კანონით (წესით) გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების მის სასარგებლოდ განმარტების, გაგების და გამოყენების შესაძლებლობაზე. სადავო, საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, ქმედების კრიმინოლოგიური ანალიზის, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანის, სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩართულობის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით უდავოდ ვერ იქნა მიჩნეული, რომ მინიმუმამდე შემცირდა მსჯავრდებულის მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, მიმართული ადამიანის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას კუმულაციურად უნდა იქნას მიღწეული, როგორც დანაშაულის თავიდან აცილების, ისე დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები. დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარი საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბრის №01/24/შ/პ/ზ-032 გადაწყვეტილებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ბ.ბ-ის სწორედ იმავე საფუძვლებზე მითითებით ეთქვა, რაც 2023 წლის 20 დეკემბრის №01/23/შ/პ-0421 გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საბჭოს არ დაუსაბუთებია მხოლოდ "დანაშაულის ხასიათის" კრიტერიუმის უარყოფითად შეფასებამ რატომ განაპირობა მსჯავრდებულის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამდენად, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სასჯელს იხდის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო. მოქმედი კანონმდებლობით ამ სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ გამორიცხავს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობას. გასაჩივრებული აქტის თანახმად, მოსარჩელისათვის შეფარდებული სასჯელის ვადა იწურება 10.10.2026 წელს. სისხლის სამართლის კოდექსის 73.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მას სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ წარმოეშვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის მოთხოვნის უფლება, ამასთან მოსარჩელე არ არის მოთავსებული განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რაც სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს (სსკ-ის 73.31 მუხ.), ამდენად, კასატორის მიერ ყურადღების გამახვილება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე და სიმძიმეზე, სათანადო დასაბუთების არარსებობის პირობებში, არ ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს არა პირობით ვადამდე გათავისუფლებას, არამედ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით - შინაპატიმრობით შეცვლას. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას, როგორც წესი, შინაპატიმრობა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით (სსკ-ის 471 მუხ.), შესაბამისად შინაპატიმრობა არის სასჯელის ერთ-ერთი სახე (სსკ-ის 40.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.). მართალია, როგორც შინაპატიმრობა, აგრეთვე ვადამდე გათავისუფლება გულისხმობს საპატიმრო დაწესებულებიდან მსჯავრდებულის გათავისუფლებას, თუმცა კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისთვის შინაპატიმრობა, მისი ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ითვლება აგრეთვე თავისუფლების აღკვეთად („Buzadji v. the Republic of Moldova“, 05.07.2016წ. §104), ამდენად, შინაპატიმრობა გულისხმობს პირის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის სახის გამოყენებას და არა მისი სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლებას (იხ. სუსგ 06.05.2025წ. Nბს-125(კ-25)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, რაც არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. Nბს-448-443(კ-12)).
საკასაციო პალატა თვლის, რომ საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკველვია და არ შეუსწავლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა არ ადასტურებს დისკრეციული უფლებამოსილების კანონშესაბამისად განხორციელებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, ბ.ბ-ის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით და შემთხვევის მართვის პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს არაერთი ფსიქო-საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, ბიბლიოთერაპია, არტ-თერაპია, სტიგმა და დისკრიმინაცია, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური აზროვნების განვითარება TSP, რამდენჯერმე დაესწრო სინემათერაპიას, მსჯავრდებულთა ნახატების გამოფენას საჯარო ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდა 26 მაისთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში, რაბათში ორგანიზებულ ნახატების გამოფენაში, ესწრებოდა დაწესებულებაში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებას, სადაც ჯგუფს გაუზიარა საკუთარი შემოქმედებებიდან ჩანაწერები. დაესწრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას: ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის შესახებ და შეხვედრას პოეტთან. ნებისმიერ საკითხს უდგება პასუხისმგებლობით. დაინტერესებულია შემოქმედებითი პროცესებით. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში თავისუფალ დროს დაკავებულია რეკრეაციული აქტივობებით. ამზადებს სკვნილებს, ჯვრებს, ხატავს. მის მიერ დამზადებული ნივთები სარეალიზაციოდ ბარდება რე-მარკეტს. მიღებული თანხით ეხმარება ოჯახის წევრებს სწავლის გადასახადში. სტიქაროსანია და დაწესებულებაში არსებულ ეკლესიაში გალობს, ესწრება წირვა-ლოცვებს, არის აღმსარებელი. ჰყავს დედა, მამა და არასრულწლოვანი ძმა, რომლებთანაც აქვს კარგი ურთიერთობა და აქტიური კომუნიკაცია. გარშემომყოფებთან ურთიერთობისას იცავს საზღვრებს და მიაჩნია, რომ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესი გაუმარტივებს საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს. მოტივირებულია ცვლილებებისკენ, ავლენს მზაობას თვითგანვითარებისა და შეცვლისკენ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ წახალისდა. როგორც წესი, წახალისების სახეები გამოიყენება მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში (წახალისებების გამოყენების პერიოდში მოქმედი პატიმრობის კოდექსის 66-ე მუხ.), შესაბამისად, კასატორის მითითება იმაზე, რომ წახალისებების გამოყენების ფაქტი არ მიუთითებს მსჯავრდებულის ქცევის განვითარების დადებით დინამიკაზე, არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებულია დისციპლინური სასჯელის ზომა, კერძოდ, მას გამოეცხადა საყვედური. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სადავო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ბ.ბ-ის საყვედური გამოეცხადა საკანში ხმაურის გამო, რაც თავისი ბუნებით არაა მძიმე ხასიათის დარღვევა, ამასთან, სადავო აქტის მიღების დროისათვის გაქარწყლებულია და სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში არ ქმნის „სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევის“ კრიტერიუმში მოსარჩელის უარყოფითად შეფასების საფუძველს. კასატორი მიუთითებს აგრეთვე, რომ არ არსებობდა „ოჯახური პირობების“ კრიტერიუმის ცალსახად პოზიტიურად შეფასების საფუძველი, თუმცა დასაბუთებული არ არის რამ განაპირობა აღნიშნული შეფასება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებაშივე ასახულია მსჯავრდებულის კარგი დამოკიდებულების თაობაზე ოჯახის წევრებთან, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ წრეს წარმოადგენენ. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის აპელირება იმაზე, რომ მსჯავრდებულს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომ სასჯელის მიზნების მიღწევის აშკარად გამოხატული შესაძლებლობა ვერ გამოიკვეთა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ 05.11.2024 წლის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმზე, რომლის თანახმად მოსარჩელე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ნანობს და ამგვარი ქმედება ახლა მისთვის მიუღებელია, მსჯავრდებულის სურვილია საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულფასოვან და კანონმორჩილ წევრად. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის სიძიმესა და ხასიათზე, ასევე ოჯახურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითება არ ნიშნავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. სასჯელის ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნება ინდივიდუალურ მიდგომას არა მხოლოდ ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდების ეტაპზე, არამედ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების პროცესშიც. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც მსჯავრდებულის წახალისების ფორმა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს მსჯავრდებულის პიროვნება, გაირკვეს უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ მისი რესოციალიზაციის შესაძლებლობა, თითოეული კრიტერიუმის შეფასებით საბოლოოდ უნდა დადგინდეს მსჯავრდებულის ყოფაქცევის გამოსწორების ფაქტი და მისი გამოსწორებისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის საჭიროება (სუსგ 18.03.2024წ. საქმე №ბს-942(კ-23)).
საკასაციო პალატა მოსარჩელის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის ბ.ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა და მას უნდა მიეცეს საცხოვრებელ ადგილზე, ოჯახურ გარემოში სრულყოფილი რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნის ბ.ბ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე