საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-996(კ-25) 3 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსდ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მესამე პირი - სს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2025 წლის 26 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსდ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2025 წლის 16 აპრილის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში) განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შპს „...“-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება მესაკუთრის შპს „...“-ის (ს/ნ...) საკუთრებაში არსებულ, შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 118000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილის - 11688 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე; ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1558728 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე - 61619 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - სსდ-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - სსდ-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებისათვის, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-... საინვესტიციო პროექტის ...ოს საავტომობილო გზის ... ...) მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოს სოფელ ...ში მდებარე მესაკუთრე შპს „...“-ის (ს/ნ...) საკუთრებაში არსებულ, შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 118000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილის - 11688 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე; ბ) 1558728 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 61619 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე;
გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია, რომელზეც მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამავე სასამართლოს 2025 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“-ის მიერ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ არსებობდა საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი და წინასწარი კომპენსაციის საკითხი არ გადაწყვეტილა. იმ პირობებში, როდესაც პროექტის ავტორი, დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოები და ქონების შემფასებლები პროცესზე არ დაკითხულან, მნიშვნელოვანი კითხვები დარჩა უპასუხოდ. მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რომელიც საზღვრავს თუ რა პირობებითაა დაშვებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა. სასამართლომ არ განიხილა შეგებებული სარჩელი, რომლითაც იმავე მოცულობის მომიჯნავე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იყო მოთხოვნილი, რომელიც ჩამოერთვა. სასამართლომ ქონების შეფასების ანგარიშის საფუძველზე, არც კომპენსაციის საკითხი განიხილა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ქონების მესაკუთრეს ამ საკითხზე ცალკე შეეძლო ედავა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება კომპენსაციის საკითხი არ განეხილა. სახელმწიფოსთვის გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა, არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისთვის, რომ საკუთრების უფლება 30 თეთრად შეიზღუდოს. კომპენსაციის საკითხის განხილვის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებით სამართლიანი ანაზღაურება 1 აშშ დოლარი იქნებოდა. საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად კომპლექსური ექპსერტიზა უნდა ჩატარებულიყო, რომლითაც დადგინდებოდა ფინანსურად და ტექნიკურად რამდენად მიზანშეწონილი იყო და რა სახის ზიანს გამოიწვევდა გზის მშენებლობა. აღნიშნული დასკვნა შესაძლებელს გახდიდა ქონების სანაცვლოდ წინასწარ, სრულ და სამართლიან კომპენსაციას, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო შინაარსობრივი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე მარნეულის რაიონი, საკრებულო ..., ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 1558728 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია შპს ,,...“ (ს/ნ...) საკუთრებაში (ს.ფ. 12-14); ბ) სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე მარნეულის რაიონი, საკრებულო ..., ..., საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 118000 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია შპს ,,...“ (ს/ნ...) საკუთრებაში (ს.ფ. 15-16); გ) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №2-08/1170 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... გზის (.... ...) მშენებლობის პროექტს. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა 1558728 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი 61619 კვ. მეტრი და მასზე არსებული აქტივები. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონება (ს/კ ...) შეფასდა 18 485.70 ლარით. საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 18 485,70 ლარი. 2023 წლის 30 იანვრის №2-08/1170 წერილი შპს „...“-ის დირექტორის მ.ი-ის შვილს - ზ.ი-ის ჩაბარდა 2023 წლის 31 იანვარს (ს.ფ. 17-18, 85-86, 87); დ) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №2-08/2647 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... საინვესტიციო პროექტის ... გზის ... ...) მშენებლობის პროექტს. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა 118000 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი 11688 კვ. მეტრი. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონება (ს/კ...) შეფასდა 3506,40 ლარით, საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 3506,40 ლარი (ს.ფ. 88-87); ე) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 29 თებერვლის №2-08/2646 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... გზის ... ...) მშენებლობის პროექტს. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა 1558728 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი 61619 კვ. მეტრი. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონების ღირებულება (ს/კ ...) შეფასდა 18 485.70 ლარით, საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 18 485,70 ლარი (ს.ფ. 90-91); ვ) 2024 წლის 29 თებერვლის №2-08/2647 და №2-08/2646 წერილები შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის ვერ ჩაბარდა (ს.ფ. 92); ვ) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №2-08/5114 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... საინვესტიციო პროექტის ... გზის ... ...) მშენებლობის პროექტს. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა 118000 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი 11688 კვ. მეტრი. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონება (ს/კ...) შეფასდა 3506,40 ლარით, საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 3506,40 ლარი. 2024 წლის 15 აპრილის №2-08/5114 წერილი შპს „...“ის დირექტორს მ.ი-ის არ ჩაბარდა (ს.ფ. 94-95, 93); ზ) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №2-08/7212 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... საინვესტიციო პროექტის ... გზის ... ...) მშენებლობის პროექტს. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა 118000 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი 11688 კვ. მეტრი. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონება (ს/კ ...) შეფასდა 3506,40 ლარით, ხოლო ერთწლიანი კულტურების კომპენსაცია 467,52 ლარად. საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 3973,92 ლარი. 2024 წლის 22 მაისის №2-08/7212 წერილი შპს „...“-ის წარმომადგენელს ზ.ი-ის ჩაბარდა 2024 წლის 29 მაისს (ს.ფ. 96-97, 98); თ) შპს „...“-ის დირექტორს მ.ი-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის №2-08/7359 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებდა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კერძოდ, ... საინვესტიციო პროექტის ... გზის ... ...) მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების ქვეშ ექცევა შპს „...“-ის კუთვნილი 1558728 კვ. მეტრი (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთის ნაწილი - 61619 კვ. მეტრი. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული ქონების ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: მიწის ჯამური ღირებულება (ს/კ ...) შეფასდა 18 485.70 ლარით, ხოლო ერთწლიანი კულტურების კომპენსაცია - 2464,76 ლარით. საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო თანხამ ჯამში შეადგინა 20950,46 ლარი. 2024 წლის 23 მაისის №2-08/7359 წერილი შპს „...“-ის წარმომადგენელს - ზ.ი-ის ჩაბარდა 2024 წლის 29 მაისს (ს.ფ. 99-100, 101); ი) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ პირთან მ.ბ-სთან 2024 წლის 24 ივნისს სატელეფონო საუბრისას შპს „...“-ის დირექტორმა მ.ი-იმა განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა შეთავაზებულ თანხას და უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე. მ.ი-ის განემარტა, რომ უარის შემთხვევაში დეპარტამენტი იმოქმედებდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კომპეტენტურ ორგანოს (ს.ფ. 107); კ) 2024 წლის 09 ივლისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ №8151-2-15 წერილით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მოითხოვა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, იმ საფუძვლით, რომ მესაკუთრესთან - შპს „...“-თან (ს/ნ...) ვერ იქნა მიღწეული შეთახმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (ს.ფ. 162-165); ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ 2024 წლის 11 ივლისს MRDI №01/1340 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, იმ საფუძვლით, რომ მესაკუთრესთან - შპს „...“-თან (ს/ნ...) ვერ იქნა მიღწეული შეთახმება საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (ს.ფ. 166-168); კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 26 თებერვლის №1-1/61 ბრძანებით, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-... საინვესტიციო პროექტის ...ოს საავტომობილო გზის ... ...) მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება, მათ შორის, შპს ,,...“ (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 118000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 11688 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე და შპს ,,...“ (ს/ნ...) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1558728 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე - 61619 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 169-173); ლ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ შპს „...“-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით №... და №... იმყოფება ექსპროპრიაციის რეჟიმში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს სტატუსი: „იმყოფება ექსპროპრიაციის რეჟიმში“ (ს.ფ. 174-175). 2025 წლის 10 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, შპს „...“-ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე საკადასტრო კოდებით №... და №... მითითებულია ვალდებულება - ,,მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ექსპროპრიაციის უფლება’’ (ს.ფ. 176-178, 179-180); მ) გაზეთ „რეზონანსის“ 2025 წლის 12 მარტის ყოველდღიურ ნომერში, მე-11 გვერდზე, გამოქვეყნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ... საინვესტიციო პროექტის ...ოს საავტომობილო გზის ... ...) მშენებლობის პროექტს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა შპს ,,...“ (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები: 1) მარნეულის მუნიციპალიტეტის, ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების (საკადასტრო კოდი ...) 1558728 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 61619 კვ. მეტრი; 2) მარნეულის მუნიციპალიტეტის, ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების (საკადასტრო კოდი ...) 188 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1168 კვ. მეტრი. ვინაიდან მესაკუთრესთან ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად კანონმდებლობით განსაზღვრული მეორე ეტაპის გავლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დადგენილი წესის შესაბამისად მიმართავდა სასამართლოს. აღნიშნული ბრძანების გაზეთში გამოქვეყნების შესახებ წერილი გაეგზავნა შპს „...“-ის დირექტორს - მ.ი-ის. (ს.ფ. 181-192, 193-194).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელების მიზნით, პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება მესაკუთრის - შპს „...“-ის (ს/ნ...) საკუთრებაში არსებულ, შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 118000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე - 11688 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე; ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ...ის საკრებულოში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1558728 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთის (ს/კ...) ნაწილზე - 61619 კვ. მეტრზე და ერთწლიანი კულტურაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია (1); აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან (3).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად
ამდენად, საკუთრების უფლება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით - „საკუთრების დაცვა“.
საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და იგი საჯარო ხელისუფლების მიერ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა უნდა იყოს მართლზომიერი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და იგი უნდა იყოს კანონით დადგენილი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს, უფლებაში ჩარევით ხომ არ მოხდა საკუთრების უფლების არსის დარღვევა. უფლებაში ჩარევის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, მიღწეულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაში ჩარევასა და ამავე უფლების დაცვას შორის.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება (1); ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე (2).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 26 თებერვლის №1-1/61 ბრძანებით, საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-... საინვესტიციო პროექტის ...ოს საავტომობილო გზის ... ...) მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება, მათ შორის, შპს ,,...“ (ს/ნ ...) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 118000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 11688 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე და შპს ,,...“ (ს/ნ...) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, ...ის საკრებულოში, ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1558728 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილზე - 61619 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას (1); პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი (2).
განსახილველ საქმესთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საავტომობილო გზას უმნიშვნელოვანესი ფუნქციურ დატვირთვა აქვს მგზავრთა გადაადგილების და ტვირთის ტრანსპორტირების კუთხით. იგი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და საფუძვლიანს ხდის სასარჩელო მოთხოვნას მესაკუთრე შპს „...“-ის (ს/კ...) საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილზე (11688 კვ. მეტრზე და 61619 კვ.მეტრზე) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
კომპენსაციის თანხის მოცულობასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც ადგენს ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციაზე დავის წესს, კერძოდ, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით (1).
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა