Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-835(კ-25) 04 ნოემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ვ.მ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.მ-ამ (შემდეგში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში - „მოპასუხე“, „მოწინააღდეგე მხარე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 აგვისტოს N1000953720 დასკვნა;

1.2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვ.მ-ას მიმართ ახალი დასკვის მიღება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა - 2024 წლის 03 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 136-139).

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით კი, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რის გამოც, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ.მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, ვ.მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 აგვისტოს №1000953720 დასკვნის კანონიერების შემოწმება, რომლითაც ვ.მ-ას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია.

6.2. იმ გარემოების შეფასების მიზნით, თუ რამდენად არსებობდა წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტზე, 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 24-ე მუხლზე და ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

6.2.1. 2024 წლის 31 მაისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - ვ.მ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განცხადებაში ვ.მ-ა აღნიშნავდა, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და, რომ მამა - ზ.ფ-ი იყო საქართველოს მოქალაქე.

6.2.2. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელესთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ვ.მ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე; იგი დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში; იქვე მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება; პროფესიით არის ...; დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. მოსკოვში; დასაქმებულია რუსეთში, ... სფეროში; ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დედა, რომელიც ... და დასაქმებულია ...ად რუსეთში; 2015 წელს, მოსარჩელე პირველად ჩამოვიდა საქართველოში; 2024 წლის თებერვალში დადგინდა, რომ მოსარჩელის მამა არის ზ.ფ-ი, რომელმაც 2010 წელს დატოვა საქართველო და მას შემდეგ, ოჯახს არ აქვს ინფორმაცია მის შესახებ; ამავე წარმოების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით, მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

6.2.3. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა ვ.მ-ას მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე, უარყოფითი დასკვნის მომზადება.

6.3. პალატამ მიუთითა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლებს მეტად აკონკრეტებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-40 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. კანონმდებლობაში ჩამოთვლილი აღნიშნული კრიტერიუმები პალატის განმარტებით, არ არის ამომწურავი და მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია.

6.4. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა ბიოგრაფიულ ცნობებზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელე მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მამის მხრიდან არის ეთნიკურად ქართველი, რაც დადგინდა 2024 წელს, რის გამოც მოსარჩელე ატარებს დედის გვარს. ასევე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დაბადებულია და გაზრდილია რუსეთში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეთნიკურად რუს დედასთან ერთად. ამასთან, პალატამ მიუთითა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვ.მ-ას საშუალო და უმაღლესი განათლება მიღებული აქვს რუსეთში, სადაც დასაქმებულია ... სფეროში.

6.5. ამდენად, საქმის მასალების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თავისი ყოველდღიური კავშირებით, როგორც საცხოვრებელით, ასევე საქმიანობით დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც იგი არც ცხოვრობდა, არც საქმიანობდა და არც უძრავ ქონებას ფლობდა საქართველოში, მხოლოდ ის გარემოება, რომ მამამისი საქართველოს მოქალაქე იყო, ვერ გახდებოდა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძველი, მით უფრო, რომ მისივე განმარტებით, მამამისი 2010 წლიდან არ იმყოფებოდა საქართველოში და მის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა.

6.6. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებითა და ფართო მიხედულების ფარგლებით. ამასთან, სადავო დასკვნის, როგორც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას.

6.7. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, ასევე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, სადაც საქმიანობს კიდეც და მხოლოდ სამომავლოდ გეგმავს საქართველოში დამკვიდრებას, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა მართლზომიერად; ამასთან, სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული.

6.8. გარდა ამისა, პალატამ განმარტა, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრები გადაწყვეტილებას იღებენ რა შინაგანი რწმენით, აღნიშნული არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას; აღნიშნულ მუხლში დეფინირებული ჩამონათვალი, მხედველობაში მიიღება სხვა გარემოებებთან ერთობლიობით. პალატის მითითებით, საგულისხმო იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც აღნიშნული გარემოებების არსებობა დასტურდებოდა.

6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაედასტურებინა საქართველოსთან სარწმუნო სამართლებრივი კავშირისა და ამჟამად არსებული იმგვარი თვითკმარი საფუძვლის არსებობის ფაქტი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი წინაპირობა.

7. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ.მ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის შედავება წარმოდგენილია საქართველოსთან მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის ხარისხის შეფასების საწინააღდეგოდ. ამ მიმართებით, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს დაბადებიდან აქვს მჭიდრო კავშირი მამის ოჯახთან - და-ძმასთან, მამის ძმასთან; კასატორი სრულწლოვანების მიღწევისთანავე ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ, უფრო მეტ დროს ატარებს ქვეყანაში. ამჟამად, დროებით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საქართველოში ყოფნის პერიოდში, ცხოვრობს მამის საცხოვრებელ სახლში და მას მზრუნველობას უწევს ბიძის - მ.ფ-ის ოჯახი, სადაც მას თვლიან ოჯახის წევრად. კასატორის მოსაზრებით, მითითებული გარემოებები ქმნიდა საქართველოსთან მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ვ.მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორს, მის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში, მთავარ სადავო საკითხს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ვ.მ-ასათვის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 16 აგვისტოს N1000953720 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობისა და დადებითი დასკვნის გაცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა. სააგენტოს სადავო დასკვნის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველო/რუსეთის მოქალაქის - ვ.მ-ას მიმართ, არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები.

15. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, არ არსებობდა მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გაცემის შესაძლებლობა, რის გამოც უსაფუძლო იყო მისი მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რასაც არ იზიარებს კასატორი.

16. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

17. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში - „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია ორგანული კანონის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის 211 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის მე-4 პუნქტი კი, ადგენს მოქალაქეობის შენარჩუნების გამომრიცხავ გარემოებებს; კერძოდ, კანონმდებელი ასეთად მოიაზრებს ვითარებას, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

18. პროცედურული თვალსაზრისით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კომისიის დახმარებით (ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით (ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი). კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო (ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადება), ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ორგანული კანონით დადგენილი წესით (ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, განხილვა-გადაწყვეტის, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისა და კონტროლის წესებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ადგენს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილების შესახებ“ დებულება (შემდეგში - „დებულება“). დებულების თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია დებულების ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ (დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან (დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი). საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ ორგანული კანონის 21​1 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე (ამავე დებულების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი).

20. ამრიგად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია სარწმუნოდ დადგინდეს პირის სამომავლო კავშირი საქართველოსთან; ამასთან, გამოირიცხოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების ხელყოფა (შდრ. სუსგ №ბს-1213(კ-24), 23.12.2024წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, სააგენტოს 2024 წლის 16 აგვისტოს უარყოფითი დასკვნის გაცემის საფუძველი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების ხელყოფის რისკების დაცვა არ გამხდარა. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დადგენილია, რომ მითითებული სახელმწიფო ორგანოები მოსარჩელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ (იხ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №SSG 7 24 00154239 და საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2024 წლის 14 ივნისის N00003633 წერილები). მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი დასკვნის მიღების ერთადერთ საფუძვლად, საქართველოსთან განმცხადებლის სარწმუნო სამართლებრივი კავშირის არარსებობა დასახელდა.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები (დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება) არ არის ამომწურავი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პირის საქართველოსთან სამომავლო კავშირის შეფასებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ოჯახის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, საქართველოში სტუმრობის ხასიათი, პერიოდულობა და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნებოდა პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-263(კ-25), 24.06.2025 წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქართველოსთან მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის ხარისხის შეფასების მიზნებისათვის, ყურადღებას მიაქცევს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2024 წლის 15 აგვისტოს №10102 სხდომის ოქმს, რასაც თავის მხრივ, სააგენტოს გასაჩივრებულ დასკვნა ეფუძნება. მითითებულ ოქმში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის მიზნით, კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს - ვ.მ-ას, რის შედეგადაც, გამოირკვა, რომ იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე; დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში; იქვე, მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება; პროფესიით არის ...; დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. მოსკოვში; დასაქმებულია რუსეთში ... სფეროში; ჰყავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დედა, რომელიც ... და დასაქმებულია ...ად რუსეთში; მოსარჩელე პირველად საქართველოში 2015 წელს ჩამოვიდა; 2024 წლის თებერვალში დაიდგინა მამობა; განმცხადებლის განმარტებით, მამა - ზ.ფ-ი 2010 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, ხოლო 2010 წელს დატოვა საქართველო და მას შემდეგ, ოჯახს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს; გასაუბრება წარიმართა თარჯიმნის დახმარებით.

24. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კასატორს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია; თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან მიჯაჭვულობის ხარისხის, სტუმრობის ხასიათისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, საქართველოსთან მისი სამომავლო კავშირი სარწმუნოდ დასტურდებოდა.

25. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ ქვეყანასთან პირის სამომავლო სარწმუნო კავშირის შეფასებისას, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, თუმცა, მარტოოდენ საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან მიჯაჭვულობის ხარისხი და მათთან სტუმრობის ხასიათი/პერიოდულობა, არ წარმოადგენს ქვეყანასთან პირის სარწმუნო სამართლებრივი კავშირის დამადასტურებელ იმგვარ თვითკმარ საფუძველს, რომლითაც გამართლებული იქნებოდა განმცხადებლის მიმართ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე დადებითი დასკვნის მიღება. მითითებული გარემოებები იმგვარი სუბიექტური/ობიექტური ასპექტებია, რომლებიც ქვეყანასთან პირის კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის, დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებით დეფინირებული კრიტერიუმების გარდა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებით უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული (ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 22-ე აბზაცი). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ხელთ არსებული მასალების საფუძველზე გამოკვლეული მოსარჩელის ბიოგრაფიული ცნობების (მოსარჩელე ნაწილობრივ, მხოლოდ მამის მხრიდანაა ეთნიკურად ქართველი; დაბადებული და გაზრდილია რუსეთის ფედერაციაში, სადაც მიღებული აქვს საშუალო და უმაღლესი განათლება) გათვალისწინებითა და იმ შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე თავისი ყოველდღიურობით, როგორც საცხოვრებლით, ისე საქმიანობით, დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან (დედასთან ერთად ცხოვრობს ქ. მოსკოვში; დასაქმებულია რუსეთის ფედერაციაში, ... სფეროში; შესაბამისად, იგი არ ცხოვრობს, არ საქმიანობს და არც უძრავ ქონებას ფლობს საქართველოში), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, მარტოოდენ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, არ ქმნის საქართველოსთან მოსარჩელის სამართლებრივი კავშირის სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველს, მით უფრო მაშინ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არც საქართველოს ტერიტორიაზე მოსარჩელის ყოფნისა და ოჯახის წევრებთან სტუმრობის ფაქტი დასტურდება იმგვარი ინტენსივობით, რასაც შეეძლო ობიექტურად მიეთითებინა საქართველოს სახელმწიფოსთან, მოსარჩელის მყარი და სისტემატიური კავშირის არსებობაზე.

26. შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებით, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობდა არც გასაჩივრებული დასკვნის ბათილად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები და არც სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის, იმავე კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

27. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ხოლო კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები. ამასთან, ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მსგავს სამართლებრივ საკითხზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. ასევე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.მ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება;

3. ვ.მ-ას (რუსეთი ფედერაციის მოქალაქის პასპორტის ნომერი...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, მ.ჯ-ას (პ/ნ...) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება N1754645166; გადახდის თარიღი 08/08/2025 წ.) სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

თამარ ზამბახიძე