Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-959(კ-25) 14 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ.გ-ე, ნ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2024 წლის 20 თებერვალს დ.გ-ემ და ნ.კ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 25 იანვრის IDP 2 24 00089141 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის დევნილთა მონაცემთა ბაზაში დ.გ-ისა და ნ.კ-ის ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულ პირებად მონიშვნის გაუქმება.

სარჩელის თანახმად, დ.გ-ე, ზ. და ნ. კ-ები 1992-1998 წლებში ცხოვრობდნენ სასტუმრო „...ში“, ხოლო 1998 წელს გადავიდნენ მათ მიერ შეძენილ ბინაში საცხოვრებლად, შესაბამისად დატოვეს სასტუმროს საცხოვრებელი ოთახი. მოსარჩელეთა განმარტებით, 2008 წელს, დევნილების კომპენსაციით დაკმაყოფილების პერიოდში, ისინი აღარ იმყოფებოდნენ სასტუმროში და შესაბამისად მათი ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილება არ მომხდარა. მათ ასევე განმარტეს, რომ 2018 წელს შემთხვევით გაიგეს, რომ იყვნენ კომპენსირებულ პირთა სიაში. 2023 წლის 7 ნოემბერს, დ.გ-ემ საჩივრით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მის ოჯახზე მონაცემთა ბაზაში ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულის აღნიშვნის გაუქმება, რაზეც სააგენტომ უთხრა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.გ-ის და ნ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 25 იანვრის IDP 2 24 00089141 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დევნილთა მონაცემთა ბაზაში დ.გ-ისა და ნ.კ-ის ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულ პირებად მონიშვნის გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით მიმართა დ.გ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ოჯახს არ მიუღია ფულადი კომპენსაცია, თუმცა ისინი დევნილთა ბაზაში მონიშნულები იყვნენ როგორც ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულები. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 25 იანვრის IDP 2 24 00089141 გადაწყვეტილებით დ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ სს „ ...ის“ წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ თავად კომპანიამ მოახდინა სამინისტროდან გადმოგზავნილი სიის შესწავლა, შედეგად სიის კორექტირება და იმ დევნილთა სიიდან ამოღება, რომლებიც წლების განმავლობაში არ ცხოვრობდნენ სასტუმროს შენობაში, ხოლო ცალკე აღნიშნეს დევნილთა ის კატეგორია, რომლებიც დაკმაყოფილებულნი იყვნენ სს „...ის“ მიერ ერთჯერადი დახმარებით. №2 დანართის მიხედვით კი, დ.გ-ე და ზ.კ-ე წლების განმავლობაში არ ცხოვრობდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ მისამართზე, რაც პალატის მოსაზრებით მიუთითებდა, რომ კომპანიამ მოსარჩელე - დ.გ-ე და მისი მეუღლე არ მიაკუთვნა იმ დევნილთა ოჯახს, რომლებმაც ნებაყოფლობით გაათავისუფლეს მათ მიერ დაკავებული ოთახი და მიიღეს მათგან ერთჯერადი დახმარება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში არსებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლის თანახმად, 1998 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ზ.კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ. კორპ. ..., ბ. ...) და კომუნალური გადახდების ბრუნვის ისტორიაზე (რომელიც მოიცავს 2000-2015 წლების მონაცემებს) და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მოახდინა მოსარჩელეთა კომპენსირებულ პირებად მიჩნევა, მაშინ როდესაც მათივე მოპოვებული დოკუმენტი მიუთითებდა სააგენტოს არგუმენტის საპირისპირო მოცემულობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად იქნა მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები უკვე დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებელი ფართის შესაძენად შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სააგენტო კი, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და პრიორიტეტს აძლევს იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, არ განიხილება და დაკმაყოფილდება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა სააგენტოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გასაჩივრების საშუალება მიეცემოდა მხარეებს, კასატორის მითითებით, მხარეები დევნილთა მონაცემთა ბაზაში მონიშნული არიან სწორედ ინვესტორის მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე, ხოლო სასამართლომ რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველზე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში მონიშვნის გაუქმება, იყო გაუგებარი.

კასატორის მითითებით სააგენტომ, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ მოქალაქე დ.გ-ე და მისი ოჯახის წევრები - კ-ე ზ. (გარდაცვლილი) და კ-ა. ნ., იძულებით გადაადგილებულ პირებად - დევნილებად რეგისტრირებულები იყვნენ ქ. თბილისი, სასტუმრო „...“. ობიექტის გამოთავისუფლების შემდგომ (2008წ.) და არა მანამდე, რეგისტრაციის მისამართი შეიცვალა და დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ნ.კ-ისა და ზ.კ-ის ველში რეგისტრაციის მისამართად აღნიშნულია ქ. თბილისი, ..., მისამართის გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად მითითებულია - ..., ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... დ.გ-ეს არ გაუვლია 2013 წლის დევნილთა რეგისტრაცია, მან 2018 წელს მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მისამართად კი კვლავ ქ. თბილისი, ... დაფიქსირდა, რითაც დარღვეულ იქნა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ“. აქვე აღსანიშნავია, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში, დ.გ-ე და მისი ოჯახის წევრები მონიშნულ იქნენ „კომპენსირებულად“, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (05.04.2016წ. №01-01/06-3517), ამასთან, დ.გ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის სახელზე არ გაცემულა საკომპენსაციო თანხა.

კასატორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სკ-ის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსირებულად მონიშვნის შესახებ მოთხოვნის დაყენება ხანდაზმულია და სასამართლომ სრულიად უკანონოდ იმსჯელა მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებზე, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახს საკომპენსაციო თანხა ჯერ კიდევ 2008 წელს გადაეცა. მოსარჩელემ და მისმა ოჯახმა მითითებული გარემოება, თითქმის 18 წლის შემდგომ გახადეს სადავოდ. ამასთან, კომპენსაციასთან დაკავშირებით მხარეს ჯერ კიდევ 2018 წელს ეცნობა, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ 2024 წელს დააყენა.

ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების განაცხადის ხელახალი განხილვა ეწინააღმდეგება კანონს და ბუნებრივია სააგენტო მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას არ დაიწყებდა. მხარისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიწოდებულ იქნა შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო სასამართლო თვლიდა, რომ სააგენტომ არასწორად გამოიკვლია საკითხი და მას შეეძლო თავად გამოეთხოვა ნოტარიუსთა პალატიდან თანხის გადაცემის შესახებ მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 25 იანვრის IDP 2 24 00089141 გადაწყვეტილების კანონიერება და დევნილთა მონაცემთა ბაზაში დ.გ-ისა და ნ.კ-ის ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებულ პირებად მონიშვნის გაუქმების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბერს განცხადებით მიმართა დ.გ-ემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის და მისი გარდაცვლილი მეუღლე ზ.კ-ე, ასევე შვილი - ნ.კ-ე ცხოვრობდნენ „...ის“ კომპაქტურ ჩასახლებაში. აღნიშნული ობიექტი შეისყიდა ერთ-ერთმა ინვესტორმა, საიდანაც დევნილი ოჯახები ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ გამოსახლებულნი იყვნენ სამ ეტაპად. იმ პერიოდში განმცხადებელი ოჯახთან ერთად ფიზიკურად აღარ ცხოვრობდა „...ში“, შესაბამისად, არ მიუღიათ ფულადი კომპენსაცია, თუმცა აღმოჩნდა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში მისი ოჯახი მონიშნულია როგორც ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებული. განმცხადებელი ითხოვდა ოჯახის ფულადი კომპენსაციის მიღების დამადასტურებელი მასალების გადაცემას.

სააგენტომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ მოქალაქე დ.გ-ე და მისი ოჯახის წევრები - კ-ე ზ. (გარდაცვლილი) და კ-ა ნ. იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრირებულები იყვნენ - ქ. თბილისი, სასტუმრო „...“. ობიექტის გამოთავისუფლების შემდგომ დევნილებად (2008წ.), რეგისტრაციის მისამართი შეიცვალა და დევნილთა მონაცემთა ბაზაში, ნ.კ-ისა და ზ.კ-ის ველში რეგისტრაციის მისამართად აღნიშნულია - ქ. თბილისი, ..., მისამართის გარეშე, ხოლო ფაქტობრივ მისამართად მითითებულია - ..., მ/რ, კორპუსი ..., ბინა ... დ.გ-ეს არ გაუვლია 2013 წლის დევნილთა რეგისტრაცია. მან 2018 წელს მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, დევნილთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მისამართად კი კვლავ ქ. თბილისი, ... დაფიქსირდა, რითაც დარღვეულ იქნა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დევნილი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ“. სააგენტომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში, დ.გ-ე და მისი ოჯახის წევრები მონიშნულ იყვნენ „კომპენსირებულად“ დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე (05.04.2016წ. №01-01/06-3517), ამასთან, დ.გ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უტყუარად არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის სახელზე არ გაცემულა საკომპენსაციო თანხა. შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 25 იანვრის IDP 2 24 00089141 გადაწყვეტილებით დ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო აქტის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა 2016 წლის 5 აპრილის დეპარტამენტის უფროსის №01-01/06-3517 მოხსენებითი ბარათით, რომლის №1 დანართით დ.გ-ე და ზ.კ-ე კომპენსირებულ პირებად ჩაითვალნენ, ხოლო დასახელებული მონაცემის მტკიცებულებად კი მითითებულია სს „...ის“ 2008 წლის 28 მაისის წერილი. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ წერილში მითითებულია, რომ სამინისტროს 2007 წლის 5 ივნისის დევნილთა სიის მიხედვით, ყოფილ სასტუმროს შენობაზე მიწერილი არიან ის დევნილები, რომლებიც უკვე წლების მანძილზე აღარ ცხოვრობენ ამ შენობაში, ასევე ის დევნილები, რომლებმაც ნებაყოფლობით გაათავისუფლეს მათ მიერ დაკავებული სასტუმროს ოთახი და მიიღეს მათგან ერთჯერადი ფულადი დახმარება და ასევე გარდაცვლილი დევნილები. შესაბამისად, სს „...ის“ მიერ მოხდა სამინისტროს 2007 წლის 5 ივნისის დევნილთა სიის შესწავლა და სამინისტროს წარუდგინეს იმ დევნილთა სარეგისტრაციო მონაცემები, რომლებიც ამოღებული უნდა იყვნენ სასტუმროს შენობაზე მიწერილ დევნილთა სიიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით წერილის ავტორმა მიმართა სამინისტროს თხოვნით მოეხდინა ყოფილ სასტუმროს შენობაზე მიწერილ დევნილთა სიის კორექტირება და ამ სიიდან ამოიღონ ის დევნილები, რომლებიც: ა) წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ ყოფილი სასტუმროს შენობაში; ბ) ნებაყოფლობით გაათავისუფლეს მათ მიერ დაკავებული ოთახი და მიიღეს მათგან ერთჯერადი დახმარება; გ) გარდაცვლილი პირები. მოცემულ წერილს ერთვის №1 და №2 დანართი, სადაც მითითებულია ყოფილ სასტუმროს შენობაზე სამინისტროს 2007 წლის 5 ივნისის მდგომარეობით მიწერილ დევნილთა სიიდან ამოსაღები დევნილების ჩამონათვალი. განსახილველ შემთხვევაში, საყურადღებოა №2 დანართში არსებული აღნიშვნა დ.გ-ესთან და ზ.კ-ესთან მიმართებით, კერძოდ, ის, რომ ხსენებული პირები სასტუმროში არ ცხოვრობენ 1997 წლიდან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხედველობაშია მისაღები საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ზ.კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე, თბილისი, ..., ... მ/რ. კორპ. ..., ბ. ..., 1998 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 11 ივნისიდან. ხსენებული ამონაწერი სარწმუნოს ხდის მოსარჩელის განმარტებას სასტუმროს შენობის 1997 წლის პერიოდიდან დატოვების თაობაზე. ამონაწერში მითითებულ მისამართზე მოსარჩელეთა ცხოვრებას ასევე ადასტურებს აბონენტის კომუნალური გადახდების ბრუნვის ისტორიაც, რომელიც მოიცავს მონაცემებს 2000 წლიდან 2015 წლამდე.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე დ.გ-ეს და ნ.კ-ეს დევნილთა დროებითი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილად რეგისტრირებული ჰქონდათ სასტუმრო „...ს“ მისამართი, არ ქმნის იმ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რომ დევნილ ოჯახს კომპაქტური ობიექტის დახურვისას სათანადო კომპენსაცია მიღებული აქვს და მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის თაობაზე.

რაც შეეხება კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დარღვევას, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების დაუდასტურებლობის პირობებში ხანდაზმულობაზე მითითება არის დაუსაბუთებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა