Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-485(კ-24) 6 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ.გ-ა

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მესამე პირი - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 30 დეკემბერს მ.გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანებით მ.გ-ა უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების უკანონობა დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელის ნოტარიუსის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლება. შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი - 216 163 ლარი, მიუღებელი შემოსავლისა და 20 000 ლარი მორალური ზიანის სახით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანების თანახმად, მოსარჩელე 2020 წლის 1 ნოემბრიდან გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან, ხოლო ნოტარიუსის უფლებამოსილების განხორციელება განაახლა 2022 წლის 30 მარტიდან. ამდენად, მოსარჩელე, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 მარტამდე ანუ 17 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა სანოტარო საქმიანობას და ვერ იღებდა ამ საქმიანობიდან შემოსავალს. მოსარჩელე სანოტარო საქმიანობიდან მიიღებდა შემოსავალს 216 164 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ოქტომბრის ცნობით. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ასევე მიადგა მორალური ზიანი, რამეთუ დაკარგა შემოსავლის წყარო, აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მ.გ-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს - 216 164 ლარისა და მორალური ზიანის სახით - 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა ზიანის სახით მოსარჩელე მ.გ-ას სასარგებლოდ, მიუღებელი იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ხელზე ასაღები - 139 865 ლარის ოდენობით; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.გ-ამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მ.გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 118 568.2 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მორალური ზიანის დაკისრებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მ.გ-ა იძულებითი განაცდურის სახით ითხოვს 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 მარტამდე პერიოდში მოქცეულ იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, როგორც მისი უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომელიც შეეხება ნოტარიუსის საქმიანობის ანაზღაურების წესსა და სანოტარო ფინანსების მართვის საკითხებს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი. სააპელაციო პალატამ ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 და მე-18 მუხლების დებულებებზე დაყრდნობით ასევე აღნიშნა, რომ ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს (მე-13 მუხლის პირველი პუნქტი) და ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი (მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი).

სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად განმარტა, რომ ნოტარიუსი მისი საქმიანობიდან შემოსავალს იღებს სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად, შესაბამისად მისი ანაზღაურება და შრომითი გასამრჯელო დამოკიდებულია მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებაზე. თავის მხრივ აღნიშნული უფლებამოსილება მას ენიჭება ან უწყდება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ამდენად სადავო 17 თვიანი პერიოდი, როდესაც ნოტარიუსი მ.გ-ა არ ახორციელებდა ნოტარიულ საქმიანობას, წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანების შედეგს.

სააპელაციო პალატა მ.გ-ას მიუღებელი გასამრჯელოს გამოსათვლელად რელევანტურად მიიჩნია 2022 წლის საშემოსავლო მონაცემები (მ.გ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით), კერძოდ - როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ.გ-ას უფლებამოსილება აღუდგა 2022 წლის 30 მარტიდან. შესაბამისად, წლის მანძილზე დარჩენილი 9 თვის განმავლობაში იგი უკვე ახორციელებდა სანოტარო მოქმედებებს და იღებდა შესაბამის შემოსავალს. 2022 წლის მონაცემების მიხედვით, 9 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობაა 78464.29 ლარი, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი 15692.86 ლარი. მ.გ-ამ, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე მიიღო 62.771.43 ლარი 9 თვის განმავლობაში, რაც თვიურად შეადგენს 6974.60 ლარს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ დასახელებული თანხა უნდა იქნეს აღებული იმ მიუღებელი შემოსავლის გამოსათვლელად, რაც მ.გ-ამ ვერ მიიღო 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 მარტამდე პერიოდში. ამრიგად, სადავო 17 თვისათვის ასანაზღაურებელი თანხა არის 6974.60 ლარის 17 თვეზე ნამრავლი, რაც შეადგენს 118,568 ლარსა და 20 თეთრს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.გ-ამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

კასატორის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2022 წლის 26 აპრილამდე, განხორციელებულ ცვლილებებამდე, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იყო 65 წელი. ამასთან, კანონი საქართველოს იუსტიციის მინისტრს აძლევდა უფლებამოსილებას განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხი მიეკუთვნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ექსკლუზიურ დისკრეციულ უფლებამოსილებას. კასატორის განმარტებით, იმ პერიოდში, როდესაც მ.გ-ას საქმე იხილებოდა სასამართლოში, პარალელურად შეიცვალა სამართლებრივი პოლიტიკა და შესაბამისად კანონიც, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნოტარიუსებისათვის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, ხოლო მინისტრს მოეხსნა დისკრეციული უფლებამოსილების შესაძლებლობა ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მართალია მ.გ-ას მიმართ საკითხის განხილვის დროს ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ, კი იუსტიციის მინისტრი მოქმედებდა კანონის სრული დაცვით და ექსკლუზიური დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენებით, არ არსებობდა მ.გ-ას მიმართ მიღებული აქტის ბათილად ცნობის არანაირი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა შეცვლილ სამართლებრივი პოლიტიკისა და ჰუმანურობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა მ.გ-ასთვის უფლებამოსილება დარჩენილი ვადით 70 წლამდე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ზიანი დაადგინა, როგორც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის განაცდური, იმ პერიოდის პროპორციულად, რა პერიოდშიც მ.გ-ა არ ეწეოდა სანოტარო საქმიანობას. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციულობა ხელოვნურად იმგვარად შემოფარგლა, თითქოსდა ეს ყოფილიყო მინისტრის ვალდებულება უწყვეტი ვადით უფლებამოსილება გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის და უგულებელყო მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების არსი, გამოეყენებინა უფლებამოსილების გაგრძელების ბერკეტი, გონივრულობის ნიშნით და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორი - მ.გ-ა საკასაციო საჩივარში მიუთითებდა განაცდური პერიოდის განმავლობაში არსებულ Covide -19-ის შესაძლო გავლენაზე ნოტარიუსების საქმიანობასთან დაკავშირებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N511 ბრძანებით 2020 წლის აპრილიდან 6 თვის განმავლობაში - სექტემბრამდე ნოტარიუსებს აკრძალული ჰქონდათ სანოტარო საქმიანობა. მ.გ-ა კი, განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს იმ პერიოდში, როდესაც იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 მარტამდე. შესაბამისად, კოვიდის პერიოდში ნოტარიუსების საქმიანობის აკრძალვის პერიოდსა და მოსარჩელის მიერ უკანონოდ გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდს შორის არ არსებობს თანაკვეთა. რაც შეეხება აღნიშნული 6 თვიანი პერიოდის შემდგომ პერიოდში ნოტარიუსთა საქმიანობას, მართალია იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით – დაწესდა გარკვეული ტიპის კოვიდ რეგულაციები თუმცა არ შეცვლილა ნოტარიუსთა საქმიანობისა და სამუშაო საათების რეგლამენტირებული დრო. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასათვლელად 2022 წლის შემოსავლების გამოყენებას კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ 2022 წლის შერჩევისას მხედველობაში არ მიიღო მთელი რიგი გარემოებები, რომელიც აღნიშნული წლის შერჩევის რელევანტურობას გამორიცხავდა. კერძოდ, 2022 წელს მოსარჩელე სანოტარო საქმიანობას შეუდგა 17 თვიანი პაუზის შემდეგ, რის გამოც ხელახლა დასჭირდა მინისტრის მიერ უკანონოდ გათავისუფლების შედეგად დაკარგული კლიენტების ნდობის აღდგენა და ახალი კლიენტების მოძიება. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს მ.გ-ას შემოსავლებმა გადასახადების გარეშე შეადგინა 175,126,11 ლარი. აღნიშნული მიუთითებს, რომ მას შემდეგ რაც მ.გ-ა კვლავ შეუდგა სანოტარო საქმიანობას აღადგინა კონტაქტები მის ყოფილ კლიენტებთან, გაიზარდა მისი შემოსავლებიც და მიუახლოვდა 2019 წელს არსებულ შემოსავლების სტატისტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ განაცდური შემოსავლის ანაზღაურების ოდენობის დასათვლელად 2022 წელი არ არის რელევანტური, ვინაიდან არ ითვალისწინებს მ.გ-ას მიერ სანოტარო საქმიანობის 17 თვიანი წყვეტის შემდგომ საქმიანობის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებულ კლიენტთა ხელახალი ნდობის აღდგენის სირთულეს, რაც მის შემოსავლებზე აისახა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაცდური შემოსავლის ოდენობის დასათვლელად უნდა აეღო 2019 წელს მიღებული შემოსავლები, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიური საშუალო ხელფასი შეადგენდა 12 715, 5 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის 216 164 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.გ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.გ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის მიუღებელი შემოსავალი, რომლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იყო მისი მიღება მოსალოდნელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, განაცდურ ქონებრივ ნამეტს, რომელიც შესაძლოა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის კომერციულ ინტერესში შედის (სუსგ №ბს-1031(კ-20), 21.06.2021წ.; №ას-154-2021, 01.04.2022წ.). მართალია, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, თუმცა მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის დადგომის შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების და მტკიცებულების შეფასებიდან, რომელიც ქმნის მისი წარმოშობის მტკიცების მაღალ ალბათობას. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით დადასტურებული უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მიყენებული მატერიალური ზიანის (იძულებითი განაცდურის შრომითი გასამრჯელოს) - 216 164 ლარის ანაზღაურება. დავის საგნის სწორად გადაწყვეტისთვის კი, არსებითი და მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა არის თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მიღებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც მ.გ-ას გაუგრძელდა ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 1 ნოემბრამდე და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა სანოტარო საქმიანობის აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, მოსარჩელის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად (მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის, 2020 წლის 22 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი იყო 65 წელი. იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. 2022 წლის 26 აპრილს მიღებულ ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის №1526-VIIIმს-Xმპ კანონით „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის მიხედვით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლიდან გაიზარდა 70 წლამდე, ხოლო საგამონაკლისო წესი - თანამდებობის განხორციელების 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა გაუქმდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მ.გ-ას ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს მოქმედი ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი იყო ნოტარიუსის 65 წლის მიღწევა, თუმცა ასევე შესაძლებელი იყო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელება 5 წლით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 15 ივლისის N5724 ბრძანებით მ.გ-ა დაინიშნა ნოტარიუსის თანამდებობაზე, ნოტარიუსს განესაზღვრა სამუშაო უბანი - ...ოს რაიონი.

2020 წლის 22 სექტემბრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N461 ბრძანებით, “ნოტარიატის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ„ ქვეპუნქტის შესაბამისად ნოტარიუსი მ.გ-ა 2020 წლის 1 ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

ნოტარიუსმა მ.გ-ამ 2020 წლის 25 სექტემბერს მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მიუთითა, რომ 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ნოტარიუსად ქ. თბილისში. მანამდე წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას და 2020 წლის პირველ ნოემბერს უსრულდება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელი. მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22.09.2020 ბრძანება N461 ნოტარიუსის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის პირველი ნოემბრიდან. მ.გ-ამ მიუთითა, რომ არ მიეცა საშუალება ესარგებლა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით მინიჭებული უფლებით, მიემართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის განცხადებით უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გაეწიათ მისთვის დასაბუთებული რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრის წინაშე. მოსარჩელემ აღნიშნულ წერილში მიუთითა, რომ მისი ნოტარიუსად მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა კანონის შესაბამისად მის პროფესიულ ვალდებულებებს. აქვს გამართული სანოტარო ბიურო, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ჯანმრთელობის მხრივ არ აქვს არანაირი პრობლემა, არც ფიზიკურად და არც გონებრივად, შეუძლია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ითხოვა რეკომენდაციის გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის N16/9448 წერილით დგინდება, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ 2020 წლის 9 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე განიხილა მ.გ-ას მომართვა და მიიჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე გამოცემულია ბრძანება 2020 წლის 1 ნოემბრიდან მ.გ-ას უფლებამოსილების შეწყვეტის და ნოტარიუსის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, რის გამოც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბრძანების გამოცემის შემდგომ რეკომენდაციით მიემართა იუსტიციის მინისტრისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანება და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის N16/9448 აქტი, მოპასუხეებს დაევალათ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ.გ-ასთან მიმართებაში, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 22 იანვრის N26 ბრძანებით ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დადებითი რეკომენდაცია და ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 დეკემბრის N389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.გ-ას გაუგრძელდა ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 1 ნოემბრამდე და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა სანოტარო საქმიანობის აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 18 მარტის ნებართვის თანახმად, ნოტარიუსის უფლებამოსილების განხორციელების ვადის დასაწყისად მიეთითა 2022 წლის 30 მარტი.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანებისა და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის N16/9448 აქტის უკანონობა დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის №3/6585-20 გადაწყვეტილებით. ამასთან, აღსანიშნავია და მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გასცა დადებითი რეკომენდაცია მ.გ-ასათვის ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის შესწავლის შედეგადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ,,ნოტარიატის შესახებ“ (2021 წლის 6 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 დეკემბრის N389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.გ-ას გაუგრძელა ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 1 ნოემბრამდე და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა სანოტარო საქმიანობის აღდგენისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ სადავო 17 თვიანი პერიოდში, ნოტარიუსი მ.გ-ა ვერ ახორციელებდა ნოტარიულ საქმიანობას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანების მოქმედების გამო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებას, რომ ნოტარიუსის მ.გ-ას ნოტარიუსის თანამდებობაზე აღდგენა არ წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის №3/6585-20 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას და იგი მხოლოდ შეცვლილი სამართლებრივი პოლიტიკის შედეგია და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასამართლომ რომც გაიზიაროს ის მითითება, რომ მ.გ-ას თანამდებობაზე აღდგენა მოჰყვა შეცვლილ პოლიტიკას, ეს არ უკარგავს მოსარჩელეს უფლებას იდავოს და მოითხოვოს იძულებითი, მისი ნების საწინააღმდეგო და ამავდროულად უკანონო მოცდენის გამო მიუღებელი გასამრჯელო და შემოსავალი, რომელიც არ იარსებებდა, რომ არა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 22 სექტემბრის N461 ბრძანება, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ამ საკითხშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ როცა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 მარტამდე პერიოდის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეზღუდვები და გამონაკლისები, რომელიც შეეხებოდა მ.გ-ას, თუკი მისი სანოტარო ბიურო გააგრძელებდა მუშაობას დროის აღნიშნულ მონაკვეთში და ის ვერ იქნება იდენტური 2019 წელს არსებული დატვირთვისა და მიღებული შემოსავლისა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ.გ-ას უფლებამოსილება აღუდგა 2022 წლის 30 მარტიდან. შესაბამისად, 2022 წლის მანძილზე დარჩენილი 9 თვის განმავლობაში იგი უკვე ახორციელებდა სანოტარო მოქმედებებს და იღებდა შესაბამის შემოსავალს. აქედან გამომდინარე, მ.გ-ას მიუღებელი გასამრჯელოს გამოთვლა უნდა მოხდეს 2022 წლის საშემოსავლო მონაცემებიდან გამომდინარე, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 30 მარტიდან 9 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობაა 78464.29 ლარი, ხოლო კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი - 15692.86 ლარი. მ.გ-ამ საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 9 თვის განმავლობაში ხელზე მიიღო 62.771.43 ლარი, რაც ერთ თვეში 6974.60 ლარია, შესაბამისად, სადავო 17 თვისათვის ასანაზღაურებელი თანხა არის (6974.60X17) 118,568,20 ლარი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, მ.გ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე