Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-387(კ-25) 3 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ-ი, მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო განცხადება): ა) ბათილად იქნეს ცნობილი დ.გ-ის 2023 წლის 08 მაისის №CA00412306112626 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება (ვირტუალური უარი); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე დ.გ-ის სახელზე გასცეს შესაბამისი უძრავი ქონების (ს/კ...) საკუთრების დამადასტურებლი მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დ.გ-ის 2023 წლის 8 მაისის განცხადების არსებითად განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, დ.გ-ის წარმომადგენელმა, ჯ.გ-მა 2023 წლის 08 მაისს №CA00412306112626 განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების დ.გ-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. გარკვეული კატეგორიის პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხები განიხილება შესაბამისი გამგეობების პოზიციების გათვალისწინებით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამგეობები ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს დაინტერესებულ პირთა დადგენისა და მათთვის საკუთრებაში გადასაცემი ფართების განსაზღვრის შესახებ. სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა სცდება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებს და მას განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი რაიონის გამგეობები, ჯ.გ-ის 2023 წლის 8 მაისის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის №61-01231302653 წერილით გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ სახეზეა ვირტუალური უარი და ადმინისტრაციული ორგანოსთვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე მსჯელობის დავალების საფუძველი, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვერ განიხილავდა იმ საკითხს, რომელიც სცდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა ვირტუალური უარი, არამედ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შესაბამისი წერილი ჯ.გ-ის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სათანადო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაგზავნის შესახებ. სსიპ ქონების მართვის სააგენტო ვერ განიხილავდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აპელირებს ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 04 დეკემბრის წერილზე და მასზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დ.გ-ის ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე (თუმცა მითითებული წერილი არ შეიცავს ზუსტ განმარტებას, კონკრეტულად, რის საფუძველზე უნდა გადასცემოდათ ბინები მასში აღნიშულ მოქალაქეებს). სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, რადგან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს ასევე საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებს. საყურადღებოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2021 წლის 01 მარტის №37-01210601815 წერილი, სადაც დ.გ-ის განემარტა, რომ ...ში, მე... კვარტალის მე... კორპუსში მდებარე ბინა №... დაკავებული აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ხოლო დ.გ-ის ოჯახის წევრს (დედას) ი.გ-ის სამგორის რაიონის გამგეობამ ერთხელ უკვე გაუწია შუამდგომლობა ფართის დაკანონების თაობაზე. რაც შეეხება ი.გ-ისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხს, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას განხილულიყო ი.გ-ისთვის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის საკითხი. ასევე დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 19 დეკემბრის №18.1036.1460 განკარგულების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №3 განკარგულების საფუძველზე, დ.გ-ის ოჯახის წევრს (დედას) - ი.გ-ისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შორის 2019 წლის 14 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ, ხოლო 2019 წლის 07 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა №პ-4621 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი.გ-ისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა მოხდა არა ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, არამედ შესაბამის მუნიციპალიტეტებში იმ პირებისთვის უძრავი ქონების დაკანონების პროექტის ფარგლებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად აქვთ დაკავებული სახელმწიფოს ბალანზე არსებული ფართი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, დ.გ-ის ვერ ექნებოდა ლეგიტიმური მოლოდინი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, გარკვეული პირებისთვის უძრავი ქონების დაკანონების პროექტი ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად აქვთ დაკავებული სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ფართი და ამავე დროს, საკუთრებაში არ გააჩნიათ უძრავი ქონება და იმყოფებიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი არ ითვალისწინებს ოჯახის თითოეული წევრისთვის ბინით დაკმაყოფილებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის ვალდებული ოჯახის სხვადასხვა წევრს საკუთრებაში გადასცეს უძრავი ქონებები, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს საცხოვრისით უზრუნველყოფა, მოცემულ ეტაპზე აღნიშნული მიზანი მიღწეულია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტო კი, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 113-ე მუხლზე დაყრდნობით თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა, განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დ.გ-ის განცხადება შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგეობის მიერ დ.გ-ისთვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი შუამდგომლობის შემდეგ განხორციელდებოდა სათანადო პროცედურები უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 04 დეკემბრის წერილის თანახმად, თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურში, თბილისის მერიიდან შესული №08/12419 წერილით გადაცემული ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის №გ-3904 განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოთხოვნილია ...ის მე... კვარტალის მე-... კორპუსის (...-სართულიანი) პირველ სართულზე მდებარე 2-ოთახიანი ბინა №...-ის, საერთო ფართი - 52 კვ. მეტრი და ...ის მე... კვარტლის, მე-... კორპუსში, პირველ სართულზე მდებარე 3-ოთახიანი ბინა №...-ის (საერთო ფართი - 92 კვ.მ) მიზნობრივად გადაცემა, მოქალაქე ი.გ-ისა და მოქალაქე დ.გ-ის ოჯახებზე, მათი შემდგომი განაწილების მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის №11.13.117 დადგენილებით აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართები ჩაირიცხა საბინაო ფონდში, ხოლო ბინების სათანადო წესით გაფორმება ... ,,...სთან’’ ერთად დაევალა სამგორის რაიონის გამგეობას; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემების თანახმად აღნიშნულ ბინებზე №... და №... კერძო საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის; 3. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2003 წლის 9 სექტემბრის №12-7 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის’’ მე-12 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართობის მიღებას ექვემდებარებიან მძიმე საბინაო პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ ქალაქ თბილისში რეგისტრაციის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ხოლო მე-13 მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართების განაწილებისას უპირატესობა ეძლევათ მრავალშვილიან (სამი და მეტი მცირეწლოვანი შვილი) ოჯახებს, ხოლო მოქალაქე ი.გ-ის ოჯახს თბილისში სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, მოქალაქე დ.გ-ი კი, არის მრავალშვილიანი (ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი), თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახური არ არის წინააღმდეგი ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ მოქალაქეების ი.გ-ისა და დ.გ-ის საბინაო საკითხები განსახილველად გაიტანოს ქალაქ თბილისის საქალაქო საბინაო კომისიის სხდომაზე (ტ. 1, ს.ფ. 42-43); ბ) საბინაო ბარათის - ფორმა №17 თანახმად (დამოწმებულია ნოტარიალური წესით), მისამართზე „...ის“ დასახლება, ... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №..., რეგისტრირებული არიან: ი.გ-ი, დ.გ-ი (შვილი), მ.გ-ი (ი.გ-ის მეუღლე) და ი.გ-ი (ი.გ-ის შვილი) ერთად (ტ. 1, ს.ფ. 75-76); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №3 განკარგულების საფუძველზე, 2019 წლის 7 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ი.გ-ის სახელზე გაცემულ იქნა №პ4621 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის თანახმად, მას საკუთრებაში გადაეცა 81,25 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., ... კვარტალი, კორპუსი №..., სართული №..., ბინა №... (ტ. 1, ს.ფ. 234, 233); დ) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 07 მარტის №პ4621 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., ... კვარტალი, კორპუსი №..., სართული №1, ბინა №..., საკადასტრო კოდი №... 2019 წლის 20 მარტიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ი.გ-ის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 284-285); აღნიშნული უძრავი ქონება (ს/კ...) 2019 წლის 16 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 13 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი.გ-ის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 286-287); ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 ოქტომბრის №1/1-3052 ბრძანების საფუძველზე, საქართველო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., ... კვარტალი, კორპუსი №..., სართული №..., ბინა №..., საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 278-279, 281, 282-283); ვ) 2020 წლის 24 დეკემბერს, დ.გ-იმა №19/0120359322-37 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ... კვარტალის №... კორპუსში მდებარე ბინა №...-ის დაკანონება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 01 მარტის №37-01210601815 წერილით დ.გ-ის უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ მას მოთხოვნილი ფართი დაკავებული ჰქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, ხოლო ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ მისი ოჯახის წევრს, დედას, ი.გ-ის, გამგეობამ გაუწია შუამდგომლობა, რის საფუძველზეც, მას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა №..., მდებარე ქალაქი თბილისი, ..., ... კვარტალი, კორპუსი №...ში. პროექტი ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად დაკავებული აქვთ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართი და ამავე დროს საკუთრებაში არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება და იმყოფებიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. პროექტი არ ითვალისწინებს ოჯახის თითოეული წევრისთვის ბინით დაკმაყოფილებას. უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, გამგეობა უფლებამოსილი იქნებოდა განეხილა განცხადება და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ. 1, ს.ფ. 312); ზ) 2022 წლის 13 ივნისს, დ.გ-ის წარმომადგენელმა, ჯ.გ-იმა №19/01221642339-37 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ..., ... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების ფარგლებში, მის მიერ წარდგენილი საბუთის - საბინაო ბარათის ფორმა №17-ის საფუძველზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 16 ივნისის №37-01221671786 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განმცხადებელს წარდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ეცნობა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში - ფორმა №17-ში, საპრივატიზაციო ფართის მისამართად მითითებულია „...ის“ დასახლება, ... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №.... ასევე მითითებულია, რომ საერთო საცხოვრებელში მოქალაქეები ჩაწერილები არიან ფართის გარეშე. შესაბამისად, მხარეს დაევალა დაინტერესებაში არსებულ საპრივატიზაციო ფართზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან/და წარდგენილი ფორმა №17-ის საფუძველზე, უძრავი ნივთის მისამართის დაზუსტება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით (ტ. 1, ს.ფ. 79); თ) 2023 წლის 08 მაისს, დ.გ-ის წარმომადგენელმა, ჯ.გ-იმა №CA00412306112626 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ..., კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...-ის (ს/კ...) დ.გ-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2023 წლის 10 მაისის №61-01231302653 წერილით, ჯ.გ-ის ზემოაღნიშნული განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი განხილვის მიზნით (ტ. 1, ს.ფ. 82-84, 157); ი) 2023 წლის 12 ივნისს, დ.გ-ის წარმომადგენელმა, ჯ.გ-იმა №CA00412307766036 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2023 წლის 08 მაისის №CA00412306112626 განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებების (ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №10-01231741096 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ სადავოდ გამხდარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვირტუალური აქტი იყო სასამართლოს განსჯადი, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. მხარეს ასევე ეცნობა, რომ სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული ან გამოსაცემი დოკუმენტი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, არ ხდებოდა რაიმე უფლების/მოვალეობის წარმოშობა, შეცვლა, შეწყვეტა ან დადასტურება, ასევე, დამოუკიდებლად რაიმე სახის სამართლებრივი შედეგის დადგომა. იგი წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით მოძიებულ წერილობით პოზიციას და არ გააჩნდა სამართლებრივი შინაარსი, რის გამოც ვერ იქნებოდა განხილული ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში (ტ. 1, ს.ფ. 85-88, 89-91).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვირტუალური უარი, რომლითაც უძრავი ქონების დ.გ-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა. საყურადღებოა, რომ დ.გ-ის 2023 წლის 08 მაისის №CA00412306112626 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისში, ..., ... კვარტალი, კორპუსი №..., ბინა №...-ის (ს/კ...) დ.გ-ის საკუთრებაში გადაცემის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი განხილვის მიზნით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავის პოზიციას ამყარებს იმ არგუმენტით, რომ დასახელებული მოთხოვნის განხილვა სცდება მის უფლებამოსილების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი, ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ერთ-ერთი უფლებამოსილებაა ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. მითითებული კოდექსის 1181 მუხლით განისაზღვრება თბილისის ქონების პრივატიზების წესი, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით, ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“, პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ’’ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება. საყურადღებოა, რომ ანალოგიური დანაწესია გათვალისწინებული დასახელებული დებულების დღეს მოქმედი მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სწორედ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო იყო უფლებამოსილი დ.გ-ის მიერ მოთხოვნილი საკითხი განეხილა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ.გ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება ამჟამად აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექსზე, რომლის შესაბამისი ნორმები იცნობენ ადმინისტრაციული წარმოების წესს, რა დროსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. კერძოდ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, გაცვლა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დასახელებული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და პასუხს წერილობით აცნობებს მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის 113-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის ვადაში. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

ამდენად, ის გარემოება, რომ დ.გ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება ამჟამად აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე არ წარმოადგენს დაბრკოლებას, განხორცილდეს უძრავი ქონების განკარგვა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, ან განხორციელეს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა და განკარგვა, კანონით დადგენილი წესით, თუკი დადგინდება რომ არსებობს დასახელებული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით - სასამართლო ორგანოებს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რა, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ვირტუალური უარი, შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე მსჯელობის დავალების საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე დამდგარ შედეგს, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა დ.გ-ის განცხადების არსებითად განხილვა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებებს, რომ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, სადავო უძრავ ქონებაზე დ.გ-ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს არც დაინტერესებული პირის და არც საჯარო ინტერესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა