კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-163(2კ-კს-24) 22 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე (მოპასუხეები - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 14 ივლისის შემოწმების აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივლისის №26221 ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ივლისის №006-353 საგადასახადო მოთხოვნა; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 სექტემბრის №36165 ბრძანება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ივლისის №006-353 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივლისის №26221 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 სექტემბრის №36165 7 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „...იმ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 ივლისის №26221 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 ივლისის №006-353 საგადასახადო მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 29 სექტემბრის №36165 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბინების მშენებლობის მომსახურების გაწევის ბარტერულ ოპერაციად განხილვის ნაწილში და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით შპს „...ას” დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი, კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის - შპს „...ის” წარმომადგენელს - კ.ჭ-ის (იხ. ძალაში მყოფი მინდობილობა - ტ.1, ს.ფ. 76) და 2024 წლის 13 მარტს ჩაბარდა ადრესატის დედას - მ.ჭ-ის (პ/ნ...).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მითითებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის - შპს „...ის” წარმომადგენელს - კ.ჭ-ას ჩაბარდა 2024 წლის 13 მარტს, სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 14 მარტიდან დაიწყო და (შაბათ-კვირის გათვალისწინებით, მე-10 დღე 2024 წლის 23 მარტი შაბათი დღეა) 2024 წლის 25 მარტს, 24:00 საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩვრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „...ის” კერძო საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 420-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს „...ის” კერძო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე