Facebook Twitter

საქმე №90აგ-14 27 მარტი, 2015 წელი

ჭ-ე შ., 90აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 17000 ლარი ჯარიმა, ხოლო 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 2000-2000 ლარი ჯარიმა; „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შ. ჭ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) დანიშნული ჯარიმა და ამ მუხლით განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. საბოლოოდ მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დაეკისრა ჯარიმა – 20000 ლარის ოდენობით და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით შ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და შ. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 10 თვე, 10 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით, 4 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2009 წლის 3 მაისიდან იმავე წლის 15 ოქტომბრამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: შ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და შ. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 10 თვე, 10 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით, 4 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული შ. ჭ-ე გათავისუფლდა 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ადვოკატის შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები (ამნისტიის აქტის გათვალისწინებით) ნაწილობრივ შეიკრიბა და შ. ჭ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულმა შ. ჭ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა და შ. ჭ-ისათვის, როგორც ნასამართლობის არმქონე პირისათვის, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2014 წლის 4 სექტემბერს მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ვ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განაჩენისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების გადასინჯვა, მათი შეცვლა და შ. ჭ-ისათვის, როგორც ნასამართლობის არმქონე პირისათვის, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ადვოკატ ლ. ვ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ვ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც შიდა კანონმდებლობას, ისე – საერთაშორისო კონვენციებს შემდეგ გარემოებათა გამო:

2010 წლის განაჩენის გამოტანის დროს ვერანაირად ვერ იქნებოდა ცნობილი 2012 წლის 28 დეკემბერს გამოცემული ამნისტიის აქტი და შსს მომსახურების სააგენტოს მიერ მის საფუძველზე გაცემული ცნობა შ. ჭ-ის ნასამართლობის შესახებ; საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 27 თებერვლის №1გ/133 განმარტებით, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებულ განჩინებაში ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ შ. ჭ-ეს გადახდილი აქვს ჯარიმები, რასაც ადასტურებს გადახდის ქვითრები, ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შ. ჭ-ეზე უნდა ემსჯელა, როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე, გაევრცელებინა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-16 მუხლები და სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ამ კოდექსის 55-ე მუხლის ან 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და არ უნდა გაემკაცრებინა სასჯელი შ. ჭ-ისათვის; ვინაიდან საქმე ეხება მსჯავრდებულის დარღვეული უფლებების აღდგენას, სასამართლო ვალდებულია, საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღოს მსჯავრდებულისათვის არა მხოლოდ საქართველოს შიდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, არამედ იმსჯელოს საერთაშორისო კონვენციებით მისთვის მინიჭებული უფლებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ლ. ვ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და შ. ჭ-ის განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჭ-ე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დროს (2009 წელს) ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე, 273-ე მუხლებით და იგი ამ დროისთვის (2009 წლისთვის) არ იყო სასჯელისაგან გათავისუფლებული (სრულად) და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, კასატორის მითითება მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებაზე, როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე და ასევე, მისთვის, როგორც ნასამართლობის არმქონე პირისთვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრის შესახებ, უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა არ იზიარებს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე