საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-793(2კ-22) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
კასატორი (მესამე პირი) - მ. ზ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ს-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილება; დ) დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა ..., ს/კ ...) დარეგისტრირდება გ. ს-ეის სახელზე, საკუთრების უფლებით.
სარჩელის თანახმად, 2009 წლის 15 სექტემბერს რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ს...ს“ მიმართა ა. კ-იმა და მოითხოვა უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., მე-... სართული, ბინა ..., ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემა. არბიტრაჟის მიერ ა. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2010 წლის 5 იანვარს ა. კ-ი გარდაიცვალა. 2010 წლის 7 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მის მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. შპს „ს...ს“ 2010 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 11 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისა და უძრავ ნივთზე ყადაღის მოხსნის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. მ. ზ. ნ-ის, ე, რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის და ი. ს. ნ. შ-ის მიერ აღძრული სარჩელი რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. 2014 წელს მ. ზ. ნ-იმ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - თ. ბ-ისა და გ. ს-ეის მიმართ, მოითხოვა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 50100 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო სადავო უძრავ ქონებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. 2018 წლის 10 ოქტომბერს გ. ს-ესა და თ. ბ-ის შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ს-ემ დაიკავა თ. ბ-ის ადგილი ზემოაღნიშნულ სამართალურთიერთობაში. მოსარჩელემ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., მე-... სართული, ბინა ..., ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შემდეგ კი - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დაკმაყოფილდა გ. ს-ეის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით №3/4634-19 ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება მ. ზ. ნ-ი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №..., 2019 წლის 8 აპრილის №... და 2019 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №3, ბინა ...; ს/კ ...) დარეგისტრირდება გ. ს-ეის სახელზე, საკუთრების უფლებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) აღირიცხა მ. მ-ეის საკუთრებად; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებად. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გადახდის განვადებით ნასყიდობის 2009 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულება; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა რ. მ-ის საკუთრებად. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მ. ზ. ნ-ის მინდობილ პირ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის 2009 წლის 10 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ. მ-ის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №..., მე-10 სართული, ბინა №..., ფართობი 157.34 კვ.მ (ს/კ ...); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, რ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ იქნა იპოთეკა, 2009 წლის 15 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, რ. მ-იმა სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №3, ბინა №..., ფართობი 157.34 კვ.მ დატვირთა იპოთეკით ა. კ-ის სასაგებლოდ; ე) შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა - მოპასუხე რ. მ-ის ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 35 000 აშშ დოლარისა და პროცენტის - 5 250 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება მომხდარიყო რ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ს №3, ბინა №..., ფართობი 157.34 კვ.მ, ა. კ-ის საკუთრებაში გადაცემით. ა. კ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 5 იანვარს. 2010 წლის 7 ივლისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №100667747, რომლის საფუძველზეც, ა. კ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. შპს „ს...ს“ 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა. კ-ისა და რ. მ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობაში ა. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ცნობილ იქნა შპს „ს...ს“ 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას; ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მ. ზ. ნ-ის სახელით მინდობილობის გაყალბების ფაქტზე; ზ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/1393-12), მ. ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის. ამავე გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის უარი ეთქვა რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ა. კ-ის კეთილსინდისიერება იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/1393-12) საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებად; ი) გ. ს-ემ 2019 წლის 28 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს და მოითხოვა, ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე, ფართობი 157.34 კვ.მ (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის, 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებებისა და 2018 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2018 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, თ. ბ-იმა გ. ს-ეს გადასცა შპს „ს...ს” 2009 წლის 31 დეკემბრის და 8 ნოემბრის გადაწყვეტილებები, 2009 წლის 31 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება და მათგან გამომდინარე მოთხოვნის უფლება უძრავი ნივთის (მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №3-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...)) მესაკუთრის მიმართ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებით, გ. ს-ეის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393- 12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ და სარეგისტრაციო ობიექტზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მისი საკუთრების უფლება ვერ განხორციელდებოდა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დაევალა მოთხოვნის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) გ. ს-ემ 2019 წლის 27 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა 2019 წლის 28 თებერვლის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც გ. ს-ე, შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის და 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებებისა და 2018 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...- ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №...-ზე (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებით, გ. ს-ეს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393-12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ და სარეგისტრაციო ობიექტზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მისი საკუთრების უფლება ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს, 2019 წლის 28 თებერვალს №... განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაინტერესებული პირი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, წარმოშობდა თუ არა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას და არსებობდა თუ არა დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ტერმინ „გამსხვისებელში“ ყოველთვის გულისხმობს პირს, რომელიც არ არის უფლებამოსილი გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება და დადოს შესაბამისი გარიგება (იხ. სუს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.11წ. ას-465-435-2010 გადაწყვეტილება). სწორედ მსგავს შემთხვევებში, როდესაც უძრავ ნივთზე უფლებას ახორციელებს რეალურად არაუფლებამოსილი, მაგრამ საჯარო რეესტრში ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული პირი, სკ-ის 185-ე მუხლი იცავს იმ კეთილსინდისიერი პირის ინტერესებს, რომელმაც არ იცის რეესტრის ჩანაწერის ხარვეზის შესახებ და რეგისტრირებულ პირს ნივთის მესაკუთრედ, უძრავ ნივთზე გარიგების დადებაზე უფლებამოსილ პირად მიიჩნევს. განსახილველ შემთხვევაში, სუბიექტური ნება ასწორებს ობიექტურ ნაკლს, კეთილსინდისიერებისადმი პრიორიტეტის მინიჭებით კანონმდებელი იცავს თავად სამოქალაქო ბრუნვას, როგორც ფასეულობას და ამ გზით ბრუნვის მონაწილეთა პატივსადებ ინტერესებს. აღნიშნული მოწესრიგებით სამოქალაქო კოდექსი არ აღიარებს ნაკლიანი რეგისტრაციის მართლზომიერებას, თუმცა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მესამე პირების ინტერესების დაცვის მიზნით, კანონი რეგისტრირებულ მესაკუთრეს უტოლებს უფლებამოსილ პირს, ყველა თანამდევი სამართლებრივი შედეგით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/1393-12) ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის, რაც საფუძლად დაედო სადავო უძრავი ნივთის მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ა. კ-ის კეთილსინდისიერება იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, რის გამოც უძრავი ნივთი დღემდე დატვირთულია იპოთეკით ა. კ-ის სასარგებლოდ. ასევე, დადგენილია, რომ შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძელზეც მოსარჩელე ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ძალაშია. შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი, დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე №... ბინის ა. კ-ის საკუთრებაში გადაცემით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის, რომ მ. ზ. ნ-ისთვის საკუთრების ჩამორთმევა განხორციელდა დანაშაულებრივი გზით, რასაც შემდგომში მოჰყვა არამართლზომიერი მესაკუთრის მიერ უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვა, არ ასაბუთებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რამდენადაც კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით იპოთეკარის კეთილსინდისიერად მიჩნევის და არბიტრაჟის გადაწყვეტილების ძალაში ყოფნის პირობებში, ასევე, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოწესრიგების გათვალისწინებით, სწორედ უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესია უპირატესი.
სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე, რადგან იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალებაა, შესაბამისად, უფლების ფარგლები პირის ნივთთან და არა მის მესაკუთრესთან დამოკიდებულებაში ვლინდება, არ არის სავალდებულო იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე წარმოადგენდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს. ამდენად, იპოთეკის უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლებას არ ქმნის დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა. იპოთეკის მიზანი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონებით კომპენსირებაში გამოიხატება. შესაბამისად, მცდარია მოპასუხის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393-12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ, გ. ს-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში მდებარე №... ბინის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. ამდენად, 2019 წლის 28 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაინტერესებული პირი ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, წარმოშობდა მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორცელების შესაძლებლობას და არ არსებობდა დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილება, უკანონოა მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 24 მაისს მიღებული №... გადაწყვეტილებაც. რაც შეეხება სარჩელს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება სარჩელი აღნიშნულ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
პალატის განმარტებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/1393-12) ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის, რაც საფუძლად დაედო სადავო უძრავი ნივთის მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ა. კ-ის კეთილსინდისიერება იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, რის გამოც უძრავი ნივთი დღემდე დატვირთულია იპოთეკით ა. კ-ის სასარგებლოდ. ასევე დადგენილია, რომ შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ძალაშია. შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე №... ბინის ა. კ-ის საკუთრებაში გადაცემით.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე, რადგან იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალებაა, შესაბამისად, უფლების ფარგლები პირის ნივთთან და არა მის მესაკუთრესთან დამოკიდებულებაში ვლინდება, არ არის სავალდებულო იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე წარმოადგენდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს. ამდენად, იპოთეკის უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლებას არ ქმნის დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა. იპოთეკის მიზანი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის უძრავი ქონებით კომპენსირებაში გამოიხატება. შესაბამისად, მცდარია მოპასუხე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393- 13 12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ, გ. ს-ეის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში მდებარე №... ბინის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკმარის საფუძველს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, „ქონებად“ მიიჩნევა არამხოლოდ მოძრავი ან უძრავი ქონება, ძვირფასეულობა, ქონებრივი ან არაქონებრივი კაპიტალი, პენსიის ან სოციალური ბენეფიტები, არამედ სასამართლო ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მიღებული უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება, უკვე მოპოვებული ლიცენზია და სხვა. იმ პირობებში, როდესაც სახეზეა იპოთეკარის კეთილსინდისიერად მიჩნევის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და კანონიერ ძალაში არსებული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საკმარისი საფუძველი. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კი, თავისი უფლებამოსილებების არასათანადოდ განხორციელების გამო, მოსარჩელეს დაერღვა საკუთრების კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, სახეზეა, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა ..., ს/კ ...) დარეგისტრირდება გ. ს-ეის სახელზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მ. ზ. ნ-იმ.
5.1. კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სარეგისტრაციოდ წარდგენილი გადაწყვეტილების თანახმად, საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა რ. მ-ის საწინააღმდეგოდ და დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება უნდა მომხდარიყო რ. მ-ის სახელზე რიცხული სადავო ქონების ა. კ-ის საკუთრებაში გადაცემით. ა. კ-ის უფლებამონაცვლის - გ. ს-ეის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ეტაპზე კი, სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმებულ იქნა რ. მ-ის საკუთრების უფლება და აღდგენილ იქნა ძველი მესაკუთრის - მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლება. უფლების გადასვლა მ. ზ. ნ-იზე განხორციელდა არა რ. მ-ისგან, არამედ მისი საკუთრების უფლება აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31/10/2012 წლის №2/1393-12 გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან დადგინდა მინდობილობის გაყალბება და საკუთრების უფლების გადასვლა მესაკუთრის (მ. ზ. ნ-ის) ნების საწინააღმდეგოდ.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით ცალსახად დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი მ. ზ. ნ-ის საკუთრებიდან გავიდა დანაშაულებრივი გზით. მის მიერ მოგებული დავების შედეგად, მათ შორის, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა სადავო უძრავ ნივთზე რ. მ-ის საკუთრების უფლება და აღდგა კანონიერი მესაკუთრის - მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლება.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე №... სარეგისტრაციო განცხადებით სადავო უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს იმ დროს მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებით, რომლის მიღების დროსაც სადავო უძრავი ქონება დანაშაულებრივი გზით იყო გასული მ. ზ. ნ-ის საკუთრებიდან და რომლის შემდეგაც დაადგინა სასამართლომ, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირი მ. ზ. ნ-ია. სწორედ მოცემული გარემოებები ქმნიდა №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
5.2. კასატორის - მ. ზ. ნ-ის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/1393-12) ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული მ. ზ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გ. ს-ეის მიერ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი ს...ს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ, რომელიც მიღებულია 2009 წლის 31 დეკემბერს. გ. ს-ეის მიერ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ეტაპზე სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა რ. მ-ის საკუთრების უფლება და აღდგა მ. ზ. ნ-ის საკუთრება. მითითებული უძრავი ქონება მ. ზ. ნ-ის საკუთრებიდან გავიდა დანაშაულებრივი გზით. მის მიერ მოგებული დავების შედეგად, მათ შორის, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა სადავო უძრავ ნივთზე რ. მ-ის საკუთრების უფლება და აღდგა კანონიერი მესაკუთრის - მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-793(2კ-22) შეჩერდა საქმის წარმოება 2 თვის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-793(2კ-22) განახლდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის და 5 მაისის განჩინებებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. 2023 წლის 22 მარტს და 17 მაისს გამართულ სასამართლო სხდომებზე მხარეებისათვის შეთავაზებულ იქნა მორიგება, თუმცა მათ შორის მორიგების საკითხზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა გ. ს-ემ, რომელიც არ ეთანხმება საკასაციო საჩივრებს და განმარტავს, რომ 2009 წლის დეკემბერში მამამისს, აწ გარდაცვლილ დ. ს-ეს დაუკავშირდა მისი მეგობარი, რომელმაც დააკავშირა ა. კ-ითან და აჩვენეს გასაყიდი ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, მე-10 სართულზე, მდებარე ბინა №.... ა. კ-იმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბინა უნდა გაფორმებულიყო მის სახელზე სასამართლოს (არბიტრაჟის) გადაწყვეტილებით, რადგან ბინის მესაკუთრემ ფული დროულად ვერ დაუბრუნა, ამისთვის კი სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ნდობის მაღალი ხარისხი, გ. ს-ეის მამამ წინასწარ გადაუხადა ბინის საფასურის ნაწილი ა. კ-ის, დარჩენილი კი, უნდა გადაეხადა ბინის რეგისტრაციის შემდგომ. 2010 წლის 5 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ა. კ-ი. სამკვიდრო მოწმობის გაცემა გაჭიანურდა დროში, შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას დასჭირდა დიდი დრო. გ. ს-ეის მამას მოუხდა კიდევ დამატებითი ფინანსების გადაცემა მემკვიდრისთვის, რათა დაეჩქარებინათ პროცესები და ქონება დროულად დარეგისტრირებულიყო მათ სახელზე. 2010 წლის 7 ივლისს, კანონით დადგენილ ვადაში, გაიცა სამკვიდრო მოწმობა თ. ბ-ის სახელზე, რომელსაც ქონება შემდგომ უნდა გადაეფორმებინა გ. ს-ეის სახელზე. 2010 წლის 8 ნოემბერს არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ა. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოახდინა არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება თ. ბ-ის სახელზე და უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა. 2010 წლის 2 დეკემბერს საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს თ. ბ-იმა (ა. კ-ის მემკვიდრემ) მიმართა №... განცხადებით, სასამართლო/საარბიტრაჟო აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ნივთზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., სართული 10, ბინა №.... დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მომსახურების საფასური, წარადგინა სამკვიდრო მოწმობა, სასამართლო/საარბიტრაჟო აქტი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება. 2010 წლის 8 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურმა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, კერძოდ, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. აღმოჩნდა, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სასამართლო განჩინების საფუძველზე აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად. 2010 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განაჩენი, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში მდებარე უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა, მათ შორის, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის გზით. ამავე განაჩენით ნ. კ-ეს დაეკისრა მ. ზ. ნ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, საჯარო რეესტრში რაიმე სახის რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენში მითითებულია: „სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო მოპასუხე ნ. კ-ეს, სამოქალაქო მოსარჩელე მ. ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 017 000 (ერთი მილიონ ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება“. ამდენად, სისხლის სამართლის განაჩენს დაუპირისპირდა კანონიერ ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება.
გ. ს-ე აღნიშნავს, რომ თ. ბ-ი უარს ამბობდა გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. საბოლოოდ, თ. ბ-იმა და მისმა წარმომადგენლებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ რადგან იყვნენ კეთილსინდისიერი შემძენები, მოახდენდნენ უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და ამისთვის მოითხოვეს გარკვეული პერიოდი. მათთან შეთანხმებით, გ. ს-ემ ამ ბინაში დაიწყო ცხოვრება და საქმის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაეხადა დარჩენილი ღირებულება.
2011 წელს მ. ზ. ნ-ის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის განაჩენის შემდგომ სასამართლოში შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვეს თაღლითურად გასხვისებული ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მათ შორის, სადავო უძრავ ქონებაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. 2011 წელს მ. ზ. ნ-იმ, ე, რ. ნ-იმ, ი. ნ. რ-იმა, ო. რ-იმა და ი. ს. ნ. შ-იმ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს 2009 წლის 15 დეკემბერს რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელი დავის პროცესშიც უძრავ ქონებას (ს/კ ..., მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., მე-10 სართული, ბინა №...) სასამართლოს განჩინებით დაედო ყადაღა, რითაც კიდევ ერთხელ დამატებით შეიზღუდა 2010 წლის 11 და 19 ნოემბრის არბიტრაჟის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მ. ზ. ნ-ისა და სხვა მოსარჩელეების მოთხოვნა, 2009 წლის 15 სექტემბერს რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელი გადაწყვეტილების საფუძველზეც მ. ზ. ნ-ი სადავო უძრავ ქონებაზე, რ. მ-ის ნაცვლად დარეგისტრირდა მესაკუთრედ. აღნიშნულ უძრავ ქონებას გადაჰყვა კანონიერად მიჩნეული 2009 წელს რეგისტრირებული იპოთეკა. მ. ზ. ნ-ის წარმომადგენლებმა თ. ბ-ისა და გ. ს-ეის მიმართ, 2014 წელს მიმართეს სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად 50100 აშშ დოლარის ანაზღაურება, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას (მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., მე-10 სართული, ბინა №...; ს/კ ....). ასევე, ყადაღა დაედო ...ში, გ. ს-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ...). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/19977-14 მ. ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ზ. ნ-იმ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქმეზე №2ბ/3881-15 მ. ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
საყურადღებოა, რომ საქმისწარმოების შეჩერების შესახებ 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრმა მიუთითა შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ და სარეგისტრაციო ობიექტზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საკუთრების უფლება ვერ განხორციელდებოდა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სარეგისტრაციო სამსახურმა განსაზღვრა მოთხოვნის შესაბამისი კორექტირებული დოკუმენტის წარდგენა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განიმარტა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში თ. ბ-ის ნაცვლად უნდა ყოფილიყო მითითებული გ. ს-ე, რის საფუძველზეც მოახდენდა რეგისტრაციას. აღნიშნული ხაზს უსვამს ადმინისტრაციული ორგანოს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას, რაც ასევე ასახულია წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ. ს-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) აღირიცხა მ. მ-ეის საკუთრებად (ტ.1 ს.ფ 305, ტ.2 ს.ფ 1-2); ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 12 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებად. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გადახდის განვადებით ნასყიდობის 2009 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულება (ტ.2 ს.ფ 6-9, 18-20); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა რ. მ-ის საკუთრებად. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო მ. ზ. ნ-ის მინდობილ პირ ნ. კ-ესა და რ. მ-ის შორის 2009 წლის 10 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ. მ-ის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №..., მე-10 სართული, ბინა №..., ფართობი 157.34 კვ.მ (ს/კ ...) (ტ.2 ს.ფ 40-41, 50, 51-52); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 21 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით რ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებულ იქნა იპოთეკა, 2009 წლის 15 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების თანახმად, რ. მ-იმა სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №..., ბინა №..., ფართობი 157.34 კვ.მ დატვირთა იპოთეკით ა. კ-ის სასარგებლოდ (ტ.2 ს.ფ 56-61, 63, 64-65); ე) შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა - მოპასუხე რ. მ-ის ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვალდებულების აღსრულება მომხდარიყო, თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი პუნქტისა - „იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის საკუთრებაში“. გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ კანონით დადგენილი წესით კრედიტორზე ა. კ-იზე განხორციელდეს რ. მ-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...ს №..., ბინა №..., მესაკუთრედ დარეგისტრირება (ტ.1. ს.ფ. 160-165); ვ) ა. კ-ი გარდაიცვალა 2010 წლის 5 იანვარს. 2010 წლის 7 ივლისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა №100667747, რომლის საფუძველზეც ა. კ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი (ტ.1. ს.ფ. 167-169); ზ) შპს ,,ს...ს’’ 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა. კ-ისა და რ. მ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში ა. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი (ტ.1. ს.ფ. 170); თ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ცნობილ იქნა შპს ,,ს...ს’’ 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას (ტ.1 ს.ფ. 173-174); ი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/1393-12), მ. ზ. ნ-ის, ე, რ. ნ-ის, ი. ნ. რ-ის, ო. რ-ის და ი. ს. ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს №..., ბინა №.... ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ა. კ-ის კეთილსინდისიერება იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1 ს.ფ 175-182, 183-195, 198-215); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/1393-12) საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-... სართულზე მდებარე ბინა №... (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებად (ტ.2 ს.ფ 98, 99-100); ლ) 2018 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, თ. ბ-იმა გ. ს-ეს გადასცა შპს ,,ს...ს’’ 2009 წლის 31 დეკემბრის და 8 ნოემბრის გადაწყვეტილებები, 2009 წლის 31 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება და მათგან გამომდინარე მოთხოვნის უფლება უძრავი ნივთის (მდებარე ქ. თბილისი, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №...-ის (ს/კ ...)) მესაკუთრის მიმართ (ტ.1 ს.ფ 253-256); მ) გ. ს-ემ 2019 წლის 28 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ საგენტოს და მოითხოვა, ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №3-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №...-ზე (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შპს ,,ს...ს’’ 2009 წლის 31 დეკემბრის, 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებებისა და 2018 წლის 10 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე (ტ.1 ს.ფ 149-153); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393-12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ და სარეგისტრაციო ობიექტზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მისი საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდებოდა. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გ. ს-ეს დაევალა მოთხოვნის შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა (ტ.1 ს.ფ 258); ო) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 აპრილის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1 ს.ფ. 259); პ) გ. ს-ემ 2019 წლის 27 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1 ს.ფ 260-265, 278-281); ჟ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მ. ზ. ნ-ის სახელით მინდობილობის გაყალბების ფაქტზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით, დავა უმთავრესად საკუთრების უფლების რეალიზებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს შეეხება. საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა თუ არა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და სადავო უძრავ ნივთზე მესაკუთრის ცვლილების პირობებში, შესაძლებელი იყო თუ არა საარბიტრაჟო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საკუთრება ფუნდამენტური უფლებაა, რომელზეც სამოქალაქო წესრიგია აგებული და მისი ეფექტური დაცვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლთან და სხვა ნორმებთან ერთობლიობით საკუთრების უფლების შინაარსს განმარტავს, რომლის გამოყენების ფარგლებსაც სამართლებრივი წესრიგი ადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ,,ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512, „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „საქართველოს კონსტიტუციით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). საკასაციო სასამართლო ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (საქართველოს კონსტიტუციის 23/03/2018წ.-მდე მოქმედი რედაქცია) დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43, 44).
საკუთრების უფლების დაცვისკენაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მიმართული. კონვენციით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. ზემოხსენებული უფლების შეზღუდვა შესაძლებელია საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ს-ემ 2019 წლის 28 თებერვალს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს (ყოფილი ...ს) №...-ში, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №...-ზე (ს/კ ...), საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად წარადგინა შპს ,,ს...ს’’ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ა. კ-ის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მის საკუთრებაში აღრიცხულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს №..., ბინა №....
ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურმა აღადგინა თავდაპირველი მდგომარეობა და სადავო უძრავი ნივთი დარეგისტრირდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის №... გადაწყვეტილებით გ. ს-ეის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველზე მითითებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე №2ბ/1393-12) მიღებული იყო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ და სარეგისტრაციო ობიექტზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მისი საკუთრების უფლება ვერ დარეგისტრირდებოდა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკუთრება უპირობოდ აღიარებული ფასეულობაა, საკასაციო სასამართლო შეფასების საგანს წარმოადგენს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რამდენად იყო უფლებამოსილი, სადავო უძრავ ნივთზე მ. ზ. ნ-ის სასარგებლოდ მიღებული უფრო გვიანდელი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის პირობებში ამავე უძრავ ნივთზე მოეხდინა გ. ს-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შპს ,,ს...ს’’ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი. საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ახდენს რეალობაში ფაქტობრივად არსებული და უფლებადამდგენი დოკუმენტით აღწერილი საკუთრების ფიქსაციას, მისი არსებობის იურიდიულ დადასტურებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციით საკუთრების უფლება წარმოიშობა შესაბამის უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულ ფარგლებსა და პირობებში, მასში გადმოცემული ფაქტობრივი მდგომარეობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ს-ემ 2019 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა ...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო 2009 წლის 15 სექტემბერს ა. კ-ისა და რ. მ-ის შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, თ. ბ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, შპს „ს...ს“ 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. კ-ის უფლებამონაცვლედ თ. ბ-ის ცნობის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება, 2010 წლის 11 ოქტომბრისა და 2010 წლის 19 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2019 წლის 5 თებერვალს წარდგენილი განცხადება, 2018 წლის 10 ნოემბერს თ. ბ-ისა და გ. ს-ეს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ანუ როდესაც გ. ს-ემ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადავო უძრავ ქონებაზე შეცვლილი იყო მესაკუთრე, კერძოდ, შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოვალედ მიჩნეული რ. მ-ის ნაცვლად უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. ზ. ნ-ი და ამასთან, ამ უკანასკნელის ნივთზე მესაკუთრედ რეგისტრაციის საფუძველი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამდენად, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლება, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია იმ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდეგ. ამასთან საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ნ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მ. ზ. ნ-ის სახელით გაცემული მინდობილობის გაყალბების ფაქტზე, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადაო უძრავი ქონება მ. ზ. ნ-ის საკუთრებიდან გავიდა დანაშაულებრივი გზით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ეფექტურობა, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასაც გულისხმობს. დარღვეული უფლების დაცვა არ იქნებოდა ქმედითი, თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი დროულად არ შესრულდებოდა, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც, სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. უფლება სასამართლოს დაცვაზე ილუზორული იქნებოდა ძალაში შესული სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განვიხილოთ სასამართლოს განუყოფელ ნაწილად (იხ. Hornsby v. Greece, §40). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/596 „ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30 სექტემბერი 2016წ). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუღებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც უფლება ფორმალურად აღიარებულია, მაგრამ გაუმართლებლადაა გართულებული მისი რეალიზაცია (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე №1/14/184,228). გადაწყვეტილების ეფექტურ და დროულ აღსრულებას ადამიანის უფლებათა დაცვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სათანადო აღსრულების გარეშე, დარღვეული უფლება და სამართლიანობა ვერ აღდგება.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 62.1 მუხლის მიხედვით, სასამართლო აქტი შესასრულებლად სავალდებულოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 4.1 მუხლით სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. ზემოხსენებული ნორმატიული ჩანაწერები ხაზს უსვამს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობას, რაც კონკრეტულად გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან მათი აღსრულების შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, შპს „ს...ს“ 2009 წლის 31 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგინდა ა. კ-ის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მის საკუთრებაში აღრიცხულიყო რ. მ-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს №..., ბინა №..., თუმცა, აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდეგ, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე უძრავ ქონებაზე შეიცვალა მესაკუთრე და რეგისტრაცია განხორციელდა მ. ზ. ნ-ის სახელზე. შესაბამისად, ვინაიდან, სადავო უძრავ ნივთზე მ. ზ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მ. ზ. ნ-ი მიეჩნია შპს „ს...ს“ გადაწყვეტილებით მოვალედ დადგენილი რ. მ-ის უფლებამონაცვლე პირად. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, დაცული რჩება მოსარჩელის უფლება იპოთეკასთან მიმართებით, კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ბინა ..., თუმცა ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი რ. მ-ისა და ა. კ-ის შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იპოთეკის უფლებაზე და მიუთითებს სასამართლოთა მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომ იპოთეკა სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე ვალდებულებითი უფლებაა, ხოლო საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ის სანივთო უფლებად, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთოსამართლებრივ საშუალებად განიხილება და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის აზღვევს. ამდენად, იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა გავლენას არ ახდენს ნივთის უფლებრივ ტვირთზე. იპოთეკის უფლების ფარგლები პირის ნივთთან და არა მის მესაკუთრესთან დამოკიდებულებაში ვლინდება. იპოთეკის უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლებას არ ქმნის დატვირთული ნივთის მესაკუთრის შეცვლა (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.05.2023წ. განჩინება საქმეზე №ბს-575(4კ-22)), არ არის სავალდებულო იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრე უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე იყოს. იპოთეკა ნივთზე მიდევნებული სანივთო უფლებაა და მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი მესაკუთრე, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არსებობას მაინც განაგრძობს. მოცემულ შემთხვევაში, ქონება დღემდე ა. კ-ის სასარგებლოდ იპოთეკითაა დატვირთული, რაც მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას სათანადო წესით დაიკმაყოფილოს კრედიტორული მოთხოვნა, ვინაიდან, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, დღემდე ძალაშია.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, იპოთეკარმა, აწ გარდაცვლილმა ა. კ-იმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა რ. მ-ის საკუთრებად რიცხული იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების უფლება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაშია, თუმცა სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს აღარ წარმოადგენს რ. მ-ი, არამედ აღნიშნული უძრავი ქონება ირიცხება მ. ზ. ნ-ის საკუთრებად უფრო გვიანდელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან შპს ,,ს...ს’’ 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები არ ქმნიდა მ. ზ. ნ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის გ. ს-ეის საკუთრებად რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება გ. ს-ეის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.
მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ზეპირი მოსმენა შესაძლოა არ იყოს აუცილებელი კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, მაგალითად, როდესაც ფაქტის ან კანონმდებლობის საკითხი შეიძლება ადეკვატურად გადაიჭრას მხარეთა წერილობითი შეპასუხებების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, რომლის ფარგლებშიც დასაშვებობის საკითხზე ასევე მოსმენილ იქნა მხარეთა პოზიციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება, რის გამოც არ არსებობს გ. ს-ეის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. ს-ეის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა ...) ნებისმიერი სახის გარიგების რეგისტრაციის განხორციელება. ვინაიდან გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში გ. ს-ეის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ხოლო 50 ლარი გადახდილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე (ტ.1, ს.ფ 123-124), რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარის (ტ.2, ს.ფ 221, 225) ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს გ. ს-ეს აპელანტების სასარგებლოდ. გ. ს-ეს კასატორების სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300-300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1991, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მ. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ს-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. ს-ეის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა ...) ნებისმიერი სახის გარიგების რეგისტრაციის განხორციელება;
5. გ. ს-ეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გ. ს-ეს მ. ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე