საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-282(კ-25) 09 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ა-ა
დავის საგანი - გაუცემელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა.ა-ამ 2022 წლის 05 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. 2022 წლის 15 ივლისის სასამართლოს სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის მარტიდან 2021 წლის 01 ივნისამდე გაუცემელი კომპენსაციის თანხის, ჯამში 26 392 დაკისრება.
სარჩელის თანახმად, ა.ა-ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში 1985 წლის 25 ივნისიდან მსახურობდა. სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ 2013 წლის 27 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშეღავათო პერიოდის ჩათვლით კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, რაზედაც უარი ეთქვა. 2017 წლის დეკემბერში მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშეღავათო პერიოდის ჩათვლით კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა კვლავ უარი ეთქვა, რაც შემდგომში გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეღავათიანი პერიოდის 1992 წლის 02 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ერთი დღის სამ დღედ ჩათვლა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით, ხოლო შემდგომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით. მიუხედავად ხსენებულისა, ნამსახურობა არ დაანგარიშებულა და შესაბამისად არც კომპენსაცია დანიშნულა. 1921 წლის 25 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგაც მოსარჩელეს 2021 წლის ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, ყოველთვიურმა ფულადმა გასაცემელმა შეადგინა 352 ლარი; 2014 წლის 18 თებერვლიდან 2021 წლის მაისის თვის ჩათვლით მოსარჩელეზე გასაცემელმა განაცდურმა შეადგინა 30 624 ლარი. შესაბამისად, ითხოვს ხსენებული თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ა.ა-ას სასარგებლოდ დაევალა, 2014 წლის 01 მარტიდან 2021 წლის 01 ივნისამდე, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 26 392 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საშეღავათო პერიოდის გათვალისწინების შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგინებით უნდა მიემართა არაუგვიანეს 2014 წლის 27 თებერვლისა, რა შემთხვევაშიც ა.ა-ას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებისა (წარდგინების) და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2014 წლის 01 მარტიდან. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას საშეღავათო პერიოდის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან მან ვერ შეძლო მისი კანონიერი უფლების რეალიზება. რომ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკანონო ქმედება, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის №3/629-18 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც, მოსარჩელე 2014 წლის 01 მარტიდან მიიღებდა კუთვნილ კომპენსაციას. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ა.ა-ას სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
კასატორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად ჩაუთვალა მოსარჩელეს შეღავათიან პერიოდად - 1992 წლის 02 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ერთი დღის ნამსახურობა სამ დღედ. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007 წლის №560 ბრძანების 35-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის, ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედებდა არა მითითებული ბრძანება, არამედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 15.01.2018წ. №1 ბრძანება, რაც არ იქნა გათვალისწინებული არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო ბრძანებები, რომლითაც დადასტურდებოდა ა.ა-ას საომარი მოქმედებების დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ან უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი (სადავო პერიოდში (1992-1993 წწ.) მოქმედი ნორმატიული აქტებით არ წესრიგდებოდა ზემოაღნიშნული საკითხი).
კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018წ. №1 ბრძანებით წესრიგდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის და არა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ა.ა-ას ვერ ჩაუთვლიდა და უფრო მეტიც, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი წელთა ნამსახურობაში სადავო პერიოდის ჩათვლის. სამინისტრო მოქმედებდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და დასაბუთებული უარი გასცა სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა.ა-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 02 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.
აღსანიშნავია, რომ ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც ამავე კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი დადგენილია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამართლებრივი დავა, რაც დასრულდა ა.ა-ას სასარგებლოდ და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (№3/629-18), ა.ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა.ა-ასათვის შეღავათიანი პერიოდის - 1992 წლის 2 ნოემბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდის ერთი დღის სამ დღედ ჩათვლა დაევალა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ წინამდებარე შემთხვევაში იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი ა.ა-ასთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანსა (სახელმწიფო კომპენსაციის დროულად დანიშვნაში ხელშეშლა დოკუმენტის გაუცემლობით) და ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულ უმოქმედობას შორის. ამდენად, წინამდებარე შემთხვევაში კუმულაციურად არსებობდა მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა