საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-935(კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. გ-ასა და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, მესამე პირები - სს „ს...“, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დ. გ-ამ და თ. ჭ-ამ სარჩელით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; გ) მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ. ფოთი, ...ს ქუჩა №...-ში (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) უკანა ფასადზე მიშენებულ 80.98 კვ.მ ფართზე დ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; დ) აეკრძალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ, თ. ჭ-ას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების მდებარე ქ. ფოთი, ...ს ქ. №..., სართული მესამე, ბინა №..., ს/კ ..., გამოთხოვის თაობაზე - ამავე ბინაზე უკანა ფასადზე მიშენებული 80.98 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან თ. ჭ-ასა და მათი თანმხლები პირების, მათ შორის, დ. გ-ას გასახლება.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის №2ბ-434 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (მოვალე თ. ჭ-ა, კრედიტორი სს „ს...“), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაება სს „ს...“.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ას და თ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით (საქმე №3/104-2019) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის №2ბ-434 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (მოვალე თ. ჭ-ა, კრედიტორი სს „ს...“), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ასა და თ. ჭ-ას მიერ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით დ. გ-ას და თ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. გ-ასა და თ. ჭ-ას მიერ.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ გამოყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი და არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-17 მუხლები. ამასთან, სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს, მან სხვა ჭრილში შეაფასა როგორ დავის საგნის არსი, ასევე, სამართლებრივი ნორმები, ვინაიდან საჯარო რეესტრის უარის საფუძველი დ. გ-ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას გახდა არა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, არამედ ლეგალიზებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობა (რომლის რეგისტრაციაც ძირითადი ფართის მესაკუთრის თანხმობის გარეშე უნდა განხორცილებულიყო). კასატორების მიერ მოთხოვნილ იქნა სადავო ფართის ცალკე უფლების ობიექტად დარეგისტრირება. რაიმე სახის მტკიცებულება მასზედ, რომ უძრავი ნივთის გამიჯვნა, რომლის რეგისტრაციაც იყო მოთხოვნილი, შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) საქმეში წარმოდგენილი არ არის.
კასატორის მოსაზრებით, 2010 წლის 25 ნოემბრის ამხანაგობის კრების ოქმი არ შეიძლება გამხდარიყო სს „ს...სათვის“ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. ამასთანავე, ამ უკანასკნელს საკუთრების რეგისტრაცია არ მოუთხოვია ძირითადი ფართის რეგისტრაციიდან 12 წლის განმავლობაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დ. გ-ას მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ არ არის გაუქმებული 10.08.2007 წლის კრების ოქმი, რომელიც ფაქტობრივად არის დასარეგისტრირებელი ფართის უფლების დამდგენი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა დ. გ-ას შეეძლო როგორც 2007 წელს, ასევე ნებისმიერ დროს. ...ს ქ. №...-ში მდებარე სამსართულიანი სახლის მობინადრეთა ამხანაგობამ 2013 წლის 17 ივლისს მიიღო კრების ოქმი, რითაც შეუზღუდა სს „ბ...ს“ (ამჟამად სს „ს...“) სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მუხლები.
კასატორების განმარტებით, მათ ლეგალიზების შესახებ განცხადებით მიმართეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერს 2019 წლის 25 მაისს. 2019 წლის 28 მაისის №02/1817 წერილით ეცნობათ, რომ ქ. ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე სახლი მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს 2008 წლიდან. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს დ. გ-ას მიერ მიშენებულ ფართზე ლეგალიზების დოკუმენტის გაცემა. სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის №09/3754 წერილით ეცნობათ, რომ სააგენტოს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, დადგენილად მიაჩნდა, რომ ქალაქ ფოთში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა უნებართვო მშენებლობის განხორციელების შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ვერ შეფასდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ უკანონო ქმედებად. ამასთან, სააგენტომ განმარტა, რომ ვინაიდან უკანონო მშენებლობა ძეგლის სტატუსის მინიჭებამ მოაქცია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, მასზე სრულად უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით დადგენილი რეგულაციები და შენობა-ნაგებობაზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება უნდა შეთანხმდეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ ობიექტს ლეგალიზაცია არ ესაჭიროება.
კასატორების განმარტებით, ლეგალიზება გულისხმობს უკანონოდ (ე.ი. უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით) აშენებული ობიექტის/მისი ნაწილის დაკანონებას, საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებასა და მის ექსპლუატაციაში მიღებას. ობიექტის ლეგალიზება არ ნიშნავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებლობის აღებას. აღნიშნული რისკის მატარებელია შენობა-ნაგებობის მესაკუთრე. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტულ მიშენებას არ ესაჭიროება ლეგალიზება, მოსარჩელეთა მოთხოვნა კანონიერია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება - არაკანონიერი.
კასატორების მითითებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ ლეგალიზების მოთხოვნით მიმართვის დროისთვის ბინაზე საკუთრების უფლება მოსარჩელე დ. გ-ას აღარ გააჩნდა და შესაბამისად, არც ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის უფლების მქონე პირს წარმოადგენდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია მასზედ, რომ დ. გ-ას ჰქონდა რაიმე სახის შეზღუდვა დასარეგისტრირებელი უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ 2007 წელს გაცემული კრების ოქმით მასზე გაცემულ მიშენებულ ფართზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტიდან გამომდინარე. ამასთანავე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში იმისა, რომ სს „ს...მა“ მიმართა საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
კასატორების განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორის მიერ მოთხოვნილი იყო იმ საცხოვრებელი ფართიდან გასახლება, რაც არ არის კრედიტორის საკუთრება, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 20-25-ე და 84-ე მუხლები
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ასა და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ასა და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სს „ბ...სა“ და დ. გ-ას შორის 2010 წლის 26 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ბ...ს“ საკუთრებაში გადაეცა დ. გ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ფოთში, ქუჩა ... №..., სართული ..., ბინა №..., ფართით 82,91 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .... აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სს „ბ...ს“ სახელზე (სს ,,ს...’’) (ტ.1, ს.ფ 19-23, 24-25, 190); ბ) ქალაქ ფოთი, ...ს ქუჩა №... საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა 2010 წლის 25 ნოემბრის ამხანაგობის კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი, მათ შორის, დ. გ-ა. დღის წესრიგი განსაზღვრული იყო შემდეგი სახით: ,,სს „ბ...სათვის“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე, მესამე სართულზე (...ს ქ. №...) არსებული მიშენებისა და მანსარდის დაკანონების შესახებ“. ამხანაგობის კრებამ კენჭისყრის გზით დაადგინა, რომ დ. გ-ას თავის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მესამე სართულზე (...ს ქ. №...) მრავალი წელია მიშენებული აქვს შპს ,,პ...ს“ მიერ შედგენილი ნახაზის მონაცემებით 74,95 კვ.მ სასარგებლო ფართობის მიშენება და მობინადრეებს მიშენებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ. ასევე, მობინადრეებს პრეტენზია არ გააჩნიათ მანსარდასთან დაკავშირებით. ქ. ფოთში, ...ს ქ. №9 მდებარე სამსართულიანი სახლის მობინადრეთა ამხანაგობა თანახმაა სს ,,ბ...მა“ არსებული მიშენება სასარგებლო ფართით 86.13 კვ.მ გაატაროს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების უფლებით ძირითად 86.13 კვ.მ საცხოვრებელ ფართთან ერთად - საერთო ჯამში 161,08 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამხანაგობა ასევე თანახმაა, სს „ბ...მა“ გაატაროს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების უფლებით მანსარდა 85,30 კვ.მ ფართობით (ტ.1, ს.ფ 114-116); გ) უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ფოთი, ქუჩა ... №..., მანსარდა, ფართით 85,30 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., 2010 წლის 26 ნოემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა სს „ბ...ს“ სახელზე (სს ,,ს...’’). უფლების დამდგენი დოკუმენტი - ქალაქ ფოთი, ...ს ქუჩა №... საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა 2010 წლის 25 ნოემბრის ამხანაგობის კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ 136); დ) 2019 წლის 15 მაისს დ. გ-ას წარმომადგენელმა მ. ა-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ...ს ქუჩა №...-ში (ზონა: ფოთი, სექტორი ...) მდებარე ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ 161-162); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარდგენილი ყოფილიყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბრძანება პროექტის შეთანხმების თაობაზე და საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე, ვინაიდან სარეგისტრაციო ფართი წარმოადგენს საკადასტრო კოდზე ... რეგისტრირებული ბინის მიშენებას, ხოლო არსებული ბინა რეგისტრირებულია სს „ს...ს“ საკუთრებაში, მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია სს „ს...ს“ თანხმობა. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დ. გ-ას განესაზღვრა 30 კალენდარული დღე (ტ.1, ს.ფ 188-189); ვ) 2019 წლის 25 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 191); ზ) 2019 წლის 31 მაისს, დ. გ-ას წარმომადგენელმა მ. ა-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 მაისს მიღებული №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ივნისის №... გადაწყვეტილებით დ. გ-ას წარმომადგენლის მ. ა-ეის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (21.05.2019) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (25.06.2019) გადაწყვეტილებები. ამასთან, დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი დასაბუთებისა და სამართლებრივი შეფასების (მათ მორის 4.2.12 პუნქტში მითითებული გარემოებების) გათვალისწინებით. გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი არ იზიარებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (21.05.2019) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (25.06.2019) გადაწყვეტილებების შინაარსს და აღნიშნავს, რომ სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაინტერესებული პირისთვის უნდა მოეთხოვა არა პროექტის შეთანხმების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბრძანების, საპროექტო დოკუმენტაციისა და სააქციო საზოგადოება „ს...ს“ თანხმობის წარდგენა, არამედ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ლეგალიზების აქტის წარდგენა და მხოლოდ აღნიშნული აქტის წარდგენის შემდეგ უნდა ემსჯელა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე (ტ.1, ს.ფ 231-235); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო ლეგალიზების აქტი სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად დ. გ-ას განესაზღვრა 30 კალენდარული დღე (ტ.1, ს.ფ 192-193); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო ლეგალიზების აქტი სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე (ტ1. ს.ფ. 208); კ) 2019 წლის 31 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 209); ლ) დ. გ-ას წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმათა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (ტ.1. ს.ფ. 63-64). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვიტოს №... გადაწყვეტილებით დ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1. ს.ფ. 69-73); მ) 2019 წლის 10 სექტემბერს დ. გ-ას წარმომადგენელმა მ. ა-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.2, ს.ფ 47); ნ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი. უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად დ. გ-ას განესაზღვრა 30 კალენდარული დღე (ტ.2, ს.ფ 53-54); ო) 2019 წლის 18 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.2, ს.ფ 54); პ) 2019 წლის 2 ოქტომბერს დ. გ-ას წარმომადგენელმა მ. ა-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 სექტემბერს მიღებული №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დ. გ-ას წარმომადგენლის მ. ა-ეის 2019 წლის 2 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტ.2, ს.ფ 56, 57); ჟ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დ. გ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ გაიზიარა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (16.09.2019) გადაწყვეტილების შინაარსი და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის რეგისტრაციისთვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ლეგალიზების აქტი, სასამართლო გადაწყვეტილება და სხვა). ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ინფორმაცია, სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (18.10.2019) გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... (16.09.2019) გადაწყვეტილება და როგორც მისი თანმდევი შედეგი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ № ... (18.10.2019) გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მათი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის ან 61-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი არ არსებობს (ტ.2, ს.ფ 58-62).
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ სს „ბ...ს“ (იგივე სს „ს...“, სს „ს...“) საკუთრებაში აღირიცხა ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩა №..., სართული ..., ბინა №...-ში მდებარე 82.91 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და მანსარდა 85.30 კვ.მ (საკადასტრო კოდი ..., ტ.1. ს.ფ. 82-83, უფლების დამდგენი დოკუმენტი 2010 წლის 25 ნოემბრის კრების ოქმი, უფლების რეგისტრაციის თარიღი 26 ნოემბერი 2010 წელი). განსახილველი სარჩელის ფარგლებში სადავოა მხოლოდ ძირითად საცხოვრებელ ფართზე განხორციელებული მიშენება, რომელიც არ არის აღრიცხული საკუთრებაში და არ გააჩნია შესაბამისი საკადასტრო კოდი. მხარეთა შორის დავას არ იწვევს არც ის გარემოება, რომ მითითებული მიშენება განხორციელებული იყო სს „ბ...სა“ და დ. გ-ას შორის 2010 წლის 26 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ ქალაქ ფოთი, ...ს ქუჩა №9 საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა 2010 წლის 25 ნოემბრის ამხანაგობის კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი, მათ შორის, დ. გ-ა. დღის წესრიგი განსაზღვრული იყო შემდეგი სახით: ,,სს „ბ...სათვის“ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე, მესამე სართულზე (...ს ქ. №...) არსებული მიშენებისა და მანსარდის დაკანონების შესახებ“. ამხანაგობის კრებამ კენჭისყრის გზით დაადგინა, რომ დ. გ-ას თავის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მესამე სართულზე (...ს ქ. №...) მრავალი წელია მიშენებული აქვს შპს ,,პ...ს“ მიერ შედგენილი ნახაზის მონაცემებით 74,95 კვ.მ სასარგებლო ფართობის მიშენება და მობინადრეებს მიშენებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ. ასევე, მობინადრეებს პრეტენზია არ გააჩნიათ მანსარდასთან დაკავშირებით. ქ. ფოთში, ...ს ქ. №9 მდებარე სამსართულიანი სახლის მობინადრეთა ამხანაგობა თანახმაა სს ,,ბ...მა“ არსებული მიშენება სასარგებლო ფართით 86.13 კვ.მ გაატაროს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების უფლებით ძირითად 86.13 კვ.მ საცხოვრებელ ფართთან ერთად - საერთო ჯამში 161,08 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამხანაგობა ასევე თანახმაა, სს „ბ...მა“ გაატაროს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში ინდივიდუალური საკუთრების უფლებით მანსარდა 85,30 კვ.მ ფართობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ძირითადი საცხოვრებელი ფართის სს „ბ...ს“ საკუთრებაში გადასვლით აღნიშნული უფლება მართებულად გავრცელდა ძირითადი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც - ბინაზე განხორციელებულ მიშენებაზე, რაც გამორიცხავდა ამავე მიშენებაზე დ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. ამდენად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ, ასევე სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. გ-ასა და თ. ჭ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2025 წლის 17 ივლისს დ. გ-ასა და თ. ჭ-ას წარმომადგენლის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
მოცემული საქმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის გამოხმობა შედეგობრივად საკასაციო საჩივარზე უარის თქმას უთანაბრდება. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებების საფუძველზე (ტ.2, ს.ფ 115, 116) დ. გ-ასა და თ. ჭ-ას წარმომადგენელს მ. ა-ეს არ აქვს მინიჭებული საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 98-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის გამოხმობის გამო მისი განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. დ. გ-ასა და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება;
4. მ. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს დ. გ-ასა და თ. ჭ-ას საკასაციო საჩივარზე მის მიერ 31.10.2023წ. №34438751 საგადახდო დავალებითა და 26.06.2023წ. №29797151 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 300 (150+150) ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია