№108აგ-14 18 მარტი, 2015 წელი
რ-ე მ 108აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენით მ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. რ-ს საბოლოოდ მიესაჯა 22 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 22 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მ. რ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:
გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. რ-ს მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 12 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. რ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს - 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. რ-ს მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.მსჯავრდებულ მ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 12 მაისიდან.
დანარჩენ ნაწილში ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება მ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა მ. რ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-ა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადასინჯვის თაობაზე. მოტივად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 21 მაისს მ. რ-ნ ერთად მსჯავრდებულმა გ. ბ-მ მ. რ-ს ადვოკატის სახელზე გამოაგზავნა წერილობითი განცხადება, რომლის თანახმად, მ. რ-ს არც ავტომანქანის გატაცებასა და არც მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობა არ მიუღია. დაზარალებული რ. ბ-ე არის მისი დისშვილი, რომელმაც ავტომანქანა მისი თხოვნით ათხოვა და საჭესთან დაჯდა მ. რ-ე, რომელიც შემდეგ სოფლის ცენტრში გადავიდა მისივე თხოვნით. ამის შემდეგ მან (გ.ბ-მ) გააგრძელა გზა და მოუხდა შემთხვევა კ-ნ. დაცვის მხარემ შუამდგომლობას დაურთო აგრეთვე რ. გ-ს, ე. რ-ა და გ. მ-ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც დაცვის პოზიციით ადასტურებენ, რომ არავითარ ძალადობას ავტომანქანის გატაცებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. ეს პირები გამოძიებას არ დაუკითხავს. ისინი თვეების განმავლობაში არ იმყოფებოდნენ თავის საცხოვრებელ ადგილას და არ იყო ცნობილი, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული მ. რ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ხ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, გამოვლენილი არ ყოფილა.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორების მიერ თავის საჩივრებში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ მ. რ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე