საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-289(2კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) – ნ. ბ-ე
მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირები – ბ. კ-ი, ი. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 29 აპრილს ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის 10 ნოემბერს ი. ბ-ის მიმართ გასცა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა, მათ შორის, კიბის აშენების თაობაზე, რომელიც მოსარჩელის მითითებით მას აყენებდა ზიანს. ნ. ბ-ეის მითითებით, უძრავ ნივთს აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ამასთან იგი არის იტალიური ეზოს ტიპის საცხოვრებელი და მოსარჩელის ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს, კიბე კი განთავსებულია მათი საცხოვრებლის ფანჯარასთან და იწვევს როგორც ოთახის დაბნელებას, ასევე სახლში მუდმივად შედის ხმაური. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი 2/3-ით მდებარეობს მიწაში, თუმცა არ აქვს სარდაფის სტატუსი, ხოლო ი. ბ-იმა წარადგინა არასწორი ფოტომონტაჟი მოსარჩელის საცხოვრებლის სარდაფად წარმოჩენის მოტივით.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იმავე მისამართზე მდებარე კიბე უკანონო მიშენებად ჩაითვალა და სასამართლომ მისი დემონტაჟი მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი. ბ-იმა საცხოვრებელი ფართის შეძენისას იცოდა, რომ მას კიბე არ ჰქონდა და ამ გარემოებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია. ნ. ბ-ეის მითითებით, მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/2566-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ბ. კ-ი და ი. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე №... ბინა (ს/კ: ...), 2020 წლის 29 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. ბ-ის სახელზე. ხოლო, ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე უძრავი ქონებები (ს/კ: ... და ს/კ: ...) 2011 წლის 30 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. ბ-ეის სახელზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომიდან ამონაწერის თანახმად, დადებითი შეფასება მიეცა ი. ბ-ის განცხადების შესაბამისად, ს. ...ს ქ. №...-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს. შედეგად, ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-13 მუხლსა და 95-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტის საფუძველზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირდაპირი გავლენა ექნებოდა მოსარჩელის საკუთრებაზე, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მასზე დაკისრებული ვალდებულება, რამდენადაც, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ნ. ბ-ეს, როგორც დაინტერესებულ პირს, უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, წარედგინა პრეტენზია/მტკიცებულებები მისაღები აქტის მიმართ, ჩამოეყალიბებინა თავისი პოზიცია, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა, ამასთან უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მართალია არქიტექტურის სამსახურს შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია განსაზღვროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, ხოლო გასაჩივრებული აქტებით არ იყო დასაბუთებული მესამე პირის - ი. ბ-ის ინტერესების უპირატესობა ნ. ბ-ეის ინტერესებთან მიმართებით - გააჩნდეს ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, 25-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 47-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებზე, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილების მე-2 მუხლზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 6 აპრილს №91 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ 2015 წლის 2 აპრილს გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველ მუხლსა და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტზე, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მოითხოვს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილება ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დელეგირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე. ამასთან, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს და არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას.
ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩატარებული ნებისმიერი სამუშაო უნდა ემსახურებოდეს შესაბამისი ძეგლის შენარჩუნებისა და მისი მდგრადი განვითარების მიზნებს. კერძოდ, სამუშაოების ჩატარებისას ძეგლს უნდა შეუნარჩუნდეს მისი ისტორიული, კულტურული, მემორიალური, ეთნოლოგიური, მხატვრული, ესთეტიკური, მეცნიერული ღირებულება. ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებასა და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ძეგლზე შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა, რისთვისაც მას ძეგლის ფიზიკურ მდგრადობასთან, სიძველესთან, უნიკალურობასა და ავთენტიკურობასთან დაკავშირებული მახასიათებლების შენარჩუნების მიზნებისთვის უფლება აქვს გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაცია.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის მიერ კანონშესაბამისად იქნა გაზიარებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი შეფასება, კანონშესაბამისად იქნა მოწონებული ზემოხსენებულ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტი და გაიცა ამავე სამუშაოების ნებართვა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ მითითებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეთანხმების მიზნით დამკვეთის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2020 წლის 21 სექტემბერს წარდგენილი №... განცხადება მოიცავს ყველა იმ დოკუმენტს, რომლის წარდგენის აუცილებლობაც განსაზღვრულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რაც დაუშვებლად მიიჩნევს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და განმარტავს, რომ იმისათვის, რომ აღმჭურველი აქტი ბათილად იქნას ცნობილი, მხოლოდ მისი უკანონობა არ არის საკმარისი. უნდა დგინდებოდეს როგორც მისი უკანონობა, ასევე მოდავე მხარის იურიდიული ინტერესი იმ კუთხით, თუ აღნიშნული აქტი რა უშუალო და პირდაპირ ზიანს აყენებს მას. განსახილველ შემთხვევაში კი, თავად სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად ინსოლაციის შესახებს დასკვნის წარდგენას არ ითვალისწინებს, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღმჭურველი აქტი ნ. ბ-ეს რაიმე კუთხით აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს.
ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივარი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იზიარებს ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე №... ბინა (ს/კ: ..., ფართი - 175.50 კვ.მ) 2020 წლის 29 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი. ბ-ის სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2794.00კ ვ.მ., შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №10). ამასთან დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: ..., ფართი - 49.64 კვ.მ) და ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: №..., ფართი - 4.20 კვ.მ) 2011 წლის 30 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. ბ-ეის სახელზე (ნაკვეთების საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2794.00კვ.მ.)
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავ ნივთს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების საფუძველზე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2020 წლის 21 სექტემბერს ი. ბ-იმა №... განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ში (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2020 წლის 24 სექტემბრის სხდომიდან ამონაწერის თანახმად, დადებითი შეფასება მიეცა ი. ბ-ის განცხადების შესაბამისად, ს. ...ს №...-ში (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს.
ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანებით დაკმაყოფილდა ი. ბ-ის 2020 წლის 21 სექტემბრის №... განცხადება, მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ს. ...ს ქ. №...-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2020 წლის 1-ლი დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანება 2020 წლის 9 დეკემბერს, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ სადავო აქტის საფუძველზე განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გააჩნია პირდაპირი გავლენაზე ნ. ბ-ეის საკუთრებაზე. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კიბის მიშენება ხორციელდება მისი ბინის ფანჯრების (სამზარეულოს და სააბაზანოს ფანჯრების) წინ. აღნიშნული ფანჯრები წარმოადგენს საცხოვრებელი ოთახების ბუნებრივი განათების ერთადერთ საშუალებას, მიშენებული კიბით კი, ფაქტობრივად გამოირიცხა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მზის სხივებთან წვდომის და ინსოლირების შესაძლებლობა. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო აქტის გავლენა ცალსახად დასტურდება შესაბამის პირზე, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა მისი გამოცემისას ნ. ბ-ეისთვის, როგორც დაინტერესებული პირისთვის, მიეცა შესაძლებლობა წარედგინა შესაბამისი პრეტენზია და მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფდა საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვასა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და სადავო საკითხის მარეგულირებელი სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ ავალდებულებს განმცხადებელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად ინსოლაციის შესახებ დასკვნის წარდგენას, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან დაიცვას შესაბამისი ბალანსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროებასა და შესაბამისი პირის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას შორის. ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება შეაფასოს და დაასაბუთოს შესაბამის უფლებაში ჩარევის კანონიერება და არ დაუშვას კერძო საკუთრებაში გაუმართლებელი ჩარევა (იხ. სუსგ საქმეზე №ბს-989(2კ-19), 21.05.2020წ.). ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი, განსახილველ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული აქტებით არ არის დასაბუთებული მესამე პირის - ი. ბ-ის ინტერესების უპირატესობა ნ. ბ-ეის ინტერესებთან მიმართებით გააჩნდეს ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით არის საჭირო გარემოებების შეფასება და შესაბამისი ინტერესების/უფლებების შეპირისპირება, ხოლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები სასამართლოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, მოცემულ დავაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 ნოემბრის №5159240 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, იკვეთება მისი კანონიერების თაობაზე მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა