საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-84(კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა " ..."
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 9 ოქტომბერს ბმა ,,...’’-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 29 ივნისს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიცა #247 მითითება, რომლის თანახმადაც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისიწნებული დარღვევის გამო შეჩერდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამუშაოები და მიეცათ 20 დღიანი ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისონაში მოსაყვანად. როგორც დადგენილების შინაარსიდან ირკვევა მითითება გამოიკრა ობიექტზე იმავე დღეს. მოსარჩელის განმარტებით, მითითებით განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 14 ივლისს, მოამზადეს საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები და შესაბამისი მასალები წარადგინეს ქ. ბათუმის მერიის არქიტეტურის სამსახურში შესათანხმებლად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ როგორც დადგენილებიდან ირკვევა, ინსპექციამ გადაამოწმა ამხანაგობის სამართადაღვევის საქმე 2020 წლის 20 ივლისს, რა დროსაც მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში პროექტის შესათანხმებლად, თუმცა მხარემ მხოლოდ მიუთითა ადგილზე დათვალიერების თაობაზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო ობიექტი არ არის მოყვანილი სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში; მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ჩატარდა ადმინისტრაციული მოსმენა 2020 წლის 29 ივლისს, სადაც ამხანაგობის წარმომადგენელმა განაცხადა მითითებით გათვალისწინებული დარღვევის აღმოსაფხვრელად პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ; მოსარჩელის განმარტებით, სადავო დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის #881 ბრძანებით ბმა „...“-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი არქიტექტურულ პროექტში და ფაქტობრივად აღმოიფხვრა მითითებით გათვალისწინებული ხარვეზი. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექცია, მიუხედავად ზემოაღნიშნული ინფორმაციისა დაადგინა, რომ 2020 წლის 29 ივნისის #247 მითითებით განსაზღვრული სამართალდარღვევა არ აღმოფხვრილა. მოსარჩელის მითითებით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციის უკანონო გადაწყვეტილებით ბმა ,,...’’ დაჯარიმდა 4000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო დადგენილების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურდა ნებართვის აუღებლობით, რომელიც მოსარჩელის შეფასებით, ნებისმიერ დროს შეიძლება აიღოს.
ამრიგად, ბმა ,,რკინიგზაელი 2006’’-მა მოითხოვა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 25 სექტემბრის #01-06/634 დადგენილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბმა ,,...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 25 სექტემბრის #01-06/634 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბმა ,,...“-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: 2020 წლის 29 ივნისს ბმა ,,...’’- ის მიმართ გამოიცა №247 მითითება, რომლის თანახმადაც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისიწნებული დარღვევის გამო შეჩერდა მათ მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამუშაოები და მიეცათ 20 დღიანი ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისონაში მოსაყვანად. მითითებით განსაზღვრულ ვადაში ამხანაგობამ მოამზადა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები და წარადგინა ქ. ბათუმის მერიის არქიტეტურის სამსახურში შესათანხმებლად.
2020 წლის 29 ივლისს მუნიციპალურ ინსპექციაში ჩატარდა მოსმენა, სადაც ამხანაგობის წარმომადგენელმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას აცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურში მათ მიერ შეტანილია განცხადება საპროექტო დოკუმენტაციაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე;
2020 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №881 ბრძანებით ბმა „...“-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი არქიტექტურულ პროექტში და ხარვეზი ფაქტობრივად აღმოიფხვრა; თუმცა, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 25 სექტემბრის №01-06/634 დადგენილებით, „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 132 მუხლის პირველი პუქტის ბ.ბ. ქვეპუნქტის საფუძველზე 4000 ლარით დააჯარიმა ზემოაღნიშნული ამხანაგობა.
სასამართლოს შეფასებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ფლობდა ინფორმაციას არქიტექტურის სამსახურში პარალელურად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, გაუგებარი მიზეზების გამო არ მიიჩნია სამართალდარღვევა აღმოიფხვრილად; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო დადგენილებით სამართალდარღვევად ფაქტობრივად მიჩნეულ იქნა არა მითითებაში ფიქსირებული დარღვევა, არამედ მშენებლობის ნებართვის აუღებლობა; სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ 180-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების III სტადიის დაწყებამდე მისი დამტკიცებიდან 5 წელია. ზემოაღნიშნული დათქმის გათვალისწინებით პალატამ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტი -ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2020 წლის 25 სექტემბრის №01-06/634 დადგენილება კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია, რადგან არ არსებობდა ამ დადგენილების გამოცემის საფუძველი.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რადგან პროექტის შეთანხმების შემდეგ ახალი ნებართვის აღება დამოკიდებულია მხარის ნებაზე, ეს არ შეიძლება დაჯარიმების საფუძველი გახდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელეს ევალებოდა ახალი მშენებლობის ნებართვის აღება; მისივე განმარტებით, არქიტექტურულ პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმება არ არის იურიდიული ძალის მქონე მანამ, სანამ არ მოხდება ნებართვის აღება, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ბმა ,,...’’-ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა - პროექტის დარღვევა, ვერ ჩაითვლება აღმოფხვრილად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვალს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მ.ვ-ზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ იქნა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბ.მ.ა ,,...’’-ის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე 2020 წლის 25 სექტემბრის #01-06/634 დადგენილების ბათილად ცნობა. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სადავო დადგენილების უკანონოდ მიჩნევის შესახებ;
საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე; კერძოდ, სასამართლოთა მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტები: 2020 წლის 29 ივნისს ბმა ,,...’’- ის მიმართ გამოიცა №247 მითითება, რომლის თანახმადაც საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისიწნებული დარღვევის გამო შეჩერდა მათ მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მიშენების სამუშაოები და მიეცათ 20 დღიანი ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისონაში მოსაყვანად. მითითებით განსაზღვრულ ვადაში ამხანაგობამ მოამზადა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები და წარადგინა ქ. ბათუმის მერიის არქიტეტურის სამსახურში შესათანხმებლად. 2020 წლის 29 ივლისს ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაში ჩატარდა მოსმენა, სადაც ამხანაგობის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა, რომ არქიტექტურის სამსახურში მათ მიერ შეტანილია განცხადება საპროექტო დოკუმენტაციაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე; 2020 წლის 25 აგვისტოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №881 ბრძანებით ბმა „...“-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ცვლილებები იქნა შეტანილი არქიტექტურულ პროექტში და ხარვეზი ფაქტობრივად აღმოიფხვრა; თუმცა, 2020 წლის 25 სექტემბრის №01-06/634 დადგენილებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციამ, „საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 132 მუხლის პირველი პუქტის ბ.ბ. ქვეპუნქტის საფუძველზე 4000 ლარით დააჯარიმა ზემოაღნიშნული ამხანაგობა. ზემოაღნიშნული სადავო დადგენილების შინაარსით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევად ფაქტობრივად შეფასდა არა მითითებაში დაფიქსირებული დარღვევა - არქიტექტურული პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოება, არამედ ბმა ,,...’’-ის მიერ მშენებლობის ნებართვის აუღებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომლის პირველი მუხლის მირველი ნაწილით დადგენილია კოდექსის მოქმედების სფერო, კერძოდ: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს; ამავე კოდექსის 108-ე მუხლის მე-6 ნაწილით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მოქმედების ვადა სანებართვო წარმოების III სტადიის დაწყებამდე მისი დამტკიცებიდან 5 წელია. ამასთან, ზემოაღნიშნული კოდექსის 112-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დაკუმენტაციის მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ არქიტექტურულ პროექტში განხორციელებული ცვლილებების შეთანხმება არ არის იურიდიული ძალის მქონე მანამ, სანამ არ მოხდება ნებართვის აღება; ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, წარმოდგენილი დავის ფარგლებში ბმა ,,...’’-ის მერ საჭირო იყო ახალი მშენებლობის ნებართვის აღება, ვინაიდან მხოლოდ პროექტში ცვლილებების შეთანხმება, ნებართვის აღების გარეშე ვერ შეფასდება სამართალდარღვევის აღმოფხვრის საფუძვლად. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, ნებართვის აღება დასაშვებია პროექტის შეთანხმების შემდეგ 5 წლის განმავლობაში და თუ პროექტის შეთანხმების შემდეგ ახალი ნებართვის აღება დამოკიდებულია მხარის ნებაზე ეს არ შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მითითებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.
შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობდა 2020 წლის 25 სექტემბრის №01-06/634 დადგენილების გამოცემის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილება უკანონოდ უნდა შეფასდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა