Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-38(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - ამხანაგობა „...ს“ წევრები: მ.გ-ა, მ.თ-ა, მ.მ-ე, მ.კ-ე, ვ.ბ-ე, დ.ქ-ა, მ.ბ-ე, ა.ჯ-ი, დ.ჯ-ა

მესამე პირი - ბმა „ ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 7 ივნისს ინდივიდუალური საბინაო მენაშენეების ამხანაგობა „...ს“ წევრებმა - მ.გ-ამ, მ.თ-ამ, მ.მ-ემ, მ.კ-ემ, ვ.ბ-ემ, დ.ქ-ამ, მ.ბ-ემ, ა.ჯ-მა და დ.ჯ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... და 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამხანაგობა „...ს“ 2018 წლის 18 ივნისის №... განცხადების დაკმაყოფილებისა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ინდივიდუალური საბინაო მენაშენეების ამხანაგობა „...“ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამხანაგობას ბინათმშენებლობის მიზნით მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გამოეყო. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართი პირველადი სარეგისტრაციო მონაცემებით 1045 კვ.მ-ით დაფიქსირდა, თუმცა იმ თვალსაზრისით, რომ ამხანაგობისთვის დამისამართებით (...ას ქ. №...) გამოყოფილი ტერიტორიის რეალური ფართი უფრო მეტს შეადგენდა (1500 კვ.მ), მარეგისტრირებელ ორგანოში 18.06.2018წ. წარდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის დარჩენილი და დაურეგისტრირებელი ნაწილის სახით 126 კვ.მ-ის რეგისტრაცია მოითხოვეს, რასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება არაერთგზის შეჩერდა სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიების მოტივით, საბოლოოდ კი, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე აუცილებელი იყო უფლების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტის არსებობა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენილი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის წერილობითი დასკვნისა და ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობის გათვალისწინებით, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ... ას ქ. №...-ის მომიჯნავედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 25 მაისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია ინდივიდუალური საბინაო მენაშენეების ამხანაგობა „...ს“ საკუთრების უფლება. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები შეესაბამება და არ ცდება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2020 წლის 13 მარტს გაცემულ გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემებს, ხოლო №... სარეგისტრაციო წარმოებაზე წარდგენილი ნაკვეთი არ ხვდება გენერალური გეგმით დადგენილ საზღვრებში. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილებები მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ წევრების - მ.გ-ას, მ.თ-ას, მ.მ-ის, მ.კ-ის, ვ.ბ-ის, დ.ქ-ას, მ.ბ-ის, ა.ჯ-ისა და დ.ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა ამხანაგობისთვის 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი. ის გარემოება, რომ ...ას ქ. №...-ის ტერიტორია სულ 1500 კვ.მ-ია, არ ნიშნავდა იმას, რომ მოსარჩელე მხარეს მთლიანი ფართი გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „...ს“ წევრებმა - მ.გ-ამ, მ.თ-ამ, მ.მ-ემ, მ.კ-ემ, ვ.ბ-ემ, დ.ქ-ამ, მ.ბ-ემ, ა.ჯ-მა და დ.ჯ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ წევრების - მ.გ-ას, მ.თ-ას, მ.მ-ის, მ.კ-ის, ვ.ბ-ის, დ.ქ-ას, მ.ბ-ის, ა.ჯ-ისა და დ.ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებები და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოთხოვნასთან დაკავშირებით; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... და 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტები გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით შესაძლებელია ამხანაგობა „...ს“ გააჩნდეს მოთხოვნის უფლება მის მიერ უკვე დაკანონებული 1045 კვ.მ-დან 1100 კვ.მ-მდე ფართზე, ანუ 55 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თუმცა პალატა, მოსარჩელის პრეტენზიაზე ქონების 126 კვ.მდე შევსებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დამატებით 71 კვ.მ-ზე (126 კვ.მ - 55 კვ.მ =71 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს 42 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის პოზიცია და ამავე დროს, გაითვალისწინოს მის სახელზე არსებული ფართის ოდენობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების კანონმდებლობით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაინტერესებულმა პირებმა ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართეს არა უკვე რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების შეტანის, არამედ საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, დამოუკიდებელი უფლების ობიექტებზე საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი გახდებოდა. ისნის რაიონის გამგეობის წერილი კი ვერ ჩაანაცვლებს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი წესით გამოცემულ სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნების წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 7 მაისის №..., 2019 წლის 6 მაისის №... და 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებების კანონიერება. გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე 126 კვ.მ მიწის ნაკვეთის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ხსენებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციასა და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 8 ივნისის №11.42.309 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 26 კომისრის რაისაბჭოს აღმასკომის თხოვნა დაკმაყოფილდა და ამხანაგური ბინათმშენებლობისათვის გამოიყო ...ას ქ. №…-ში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი. ამავე კომიტეტის 1989 წლის 16 აგვისტოს №16.30.2100 გადაწყვეტილებითა და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ 1989 წლის 18 ოქტომბრის №20.137.2578 გადაწყვეტილებებით, თ.ლ-ეს, მ.თ-ას, ი.ფ-ეს, ჯ.ლ-ეს, დ.ხ-ს, ი.ჯ-ს, გ.ს-ს, მ.ა-ს, მ.გ-ას, ა.ს-ს, ნ.ჯ-სა და ა.ბ-ს გამოეყოთ ...ას ქ. №...-ში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობისათვის და მოიხსნენ აღრიცხვიდან.

ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2000 წლის 13 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთის ფართობია 1064 კვ.მ. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით...) 2000 წლის 9 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა „...ს“ სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1045.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 48. სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ 2000 წლის 23 აგვისტოს გაცემული საკადასტრო რუკის თანახმად, ქ. თბილისში, ... ას ქ. №...-ში (რეგისტრაციის ნომერი ...) არსებული მიწის ნაკვეთის ფართობია 1045 კვ.მ.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ნოემბრის №06-08/15466 წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 29 ნოემბერს მიიღო რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №28-ში (ნაკვეთი...) მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით: №...) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 42.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...

საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 7 თებერვალს ისნის რაიონის გამგეობამ №36-01170382767 შუამდგომლობით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებით ამხანაგობისათვის მიკუთვნებული ფართია 1064 კვ.მ, ხოლო გეგმაზე დატანილი ზომების მიხედვით - 1100 კვ.მ, რეგისტრირებული ფართი კი - 1045 კვ.მ. შესაბამისად, გამგეობამ იშუამდგომლა, მომხდარიყო ამხანაგობა „...სთვის“ მიკუთვნებული საზღვრების წითელი ხაზების კორექტირება და მისი შევსება 1100 კვ.მ-მდე. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს ინდ. მენაშენეების ამხანაგობა „...ს“ წარმომადგენელმა ნ.გ-ამ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ... ას ქ. №6-ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა (ფართი: 126 კვ.მ). დადგენილია, რომ დაინტერესებულმა პირმა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ სურდა სარეგისტრაციო წარმოება გაგრძელებულიყო №... სარეგისტრაციო განცხადებაზე 2017 წლის 19 სექტემბერს წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მისამართად მითითებულია: ქალაქი თბილისი, ...ას ქუჩა №...

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 26 მარტის №... - გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს, ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 20 სექტემბრის №23/246322 წერილის საფუძველზე ეცნობა, რომ ...ას ქ. №...-ის დასავლეთის მხარეს მდებარე ...ას შესახვევი №7/2, ს/კ... ნაკვეთის ჩრდილოეთის მხარის წითელი ხაზიდან ...ას შესახვევის გზის საზღვრამდე და I სართულიან შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) სამხრეთის საზღვრამდე, არ არის დარეგისტრირებული, თუმცა მიტაცებულია და შენობა-ნაგებობაც არის განლაგებული. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი ან განცხადება სარეგისტრაციო განცხადების თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 3 აპრილს ინდივიდუალური საბინაო მენაშენეების ამხანაგობა „...ს“ თავმჯდომარის - მ.გ-ას წარმომადგენელმა ნ.გ-ამ №155095/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ თავმჯდომარის - მ.გ-ას წარმომადგენელს უარი ეთქვა 2019 წლის 3 აპრილის №155095/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის შესახებ №263204/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ამხანაგობა „...ს“ თავმჯდომარის - მ.გ-ას წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საბინაო მენაშენეების ამხანაგობა „...ს“ უარი ეთქვა №263204/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის დეფინიციას, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს. ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №... დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. ამდენად, იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა მოცემული კანონის საფუძველზე მოითხოვოს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მას უნდა გააჩნდეს ქონების მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვდნენ 126 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, გააჩნიათ თუ არა მოსარჩელეებს მოთხოვნილი უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 10.09.2016 წლის №23/246322 წერილზე, რომლითაც ამხანაგობა „...ს“ ქ. თბილისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ ტერიტორიის საერთო ფართი იყო 1500 კვ.მ. აქვე მიეთითა, რომ ...ას ქ. №...-ის ფართის სხვაობასთან დაკავშირებით ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი იყო მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლის მიხედვით, ფართობი შეადგენდა 1064 კვ.მ-ს. გარდა ამისა, გამგეობამ გასცა რეკომენდაცია, რომ უნდა მომხდარიყო ...ას ქ. №...-ის ფაქტობრივად არსებული ფართის აზომვა, ასევე, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურს ეთხოვათ მათთვის დამტკიცებული ფართის 1064 კვ.მ-მდე შევსება და წითელი ხაზების კორექტირება ს/კ... მიწის ნაკვეთის ხარჯზე (ტომი 2, ს.ფ. 4-8). ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. განსახილველ შემთხვევაში ასევე საყურადღებოა ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 7 თებერვლის №36-01170382767 შუამდგომლობა, რომლის თანახმად, ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს და 26 კომისრის სახ. რაიაღმასკომის 1989 წლის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...ს“ დაუმაგრდა და გადაეცა ... ას ქ. №...-ში არსებული მიწის ნაკვეთი მთლიანად, რაც ამავე მისამართზე (...ას ქ. №...) იყო რეგისტრირებული. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებით ამხანაგობისათვის მიკუთვნებული ფართი იყო 1064 კვ.მ, ხოლო გეგმაზე დატანილი ზომების მიხედვით - 1100 კვ.მ (27.5X40.0). აღინიშა, რომ ხსენებულ ჩამონათვალში დაშვებული იყო უზუსტობა იმ პერიოდში აზომვითი აპარატურის არარსებობის გამო და გამგეობამ იშუამდგომლა, შპს „მერკატორის“ მიერ 2016 წლის 28 დეკემბერს შედგენილი ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით განხილულიყო ამხანაგობა „...სთვის“ მიკუთვნებული საზღვრების (ს/კ...) ცვლილება-კორექტირების საკითხი, რადგან ამხანაგობა „...სთვის“ მიკუთვნებული საზღვრების წითელი ხაზების კორექტირებით, ამხანაგობას ნაწილობრივ შეევსებოდა ქალაქის არქიტექტურის მიერ დამტკიცებული ფართი 1100 კვ.მ-მდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული გარემოებები სათანადოდ დასაბუთებული არ არის. სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ აქტის სათანადოდ დასაბუთების არარსებობა აქტის გაუქმების საფუძველს ქმნის. კანონმდებლობა ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადგენს დასაბუთების მოთხოვნას (ზაკ-ის 53.1 მუხლი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სააგენტოს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული წერილის/შუამდგომლობის შინაარსის გათვალისწინებით, ისნის რაიონის გამგეობა, რომელიც წარმოადგენს სწორედ იმ ადმინისტრაციული ორგანოს (26 კომისრის სახ. რაიაღმასკომის) სამართალმემკვიდრეს, რომლის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებითაც ამხანაგობა „...ს“ სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო, ადასტურებს 1064 კვ.მ ფართის მიკუთვნების ნაწილში დაშვებულ უზუსტობას (გეგმაზე დატანილი ზომების მიხედვით მისაკუთვნებელი ფართი განსაზღვრული იყო 1100 კვ.მ-ით) და თავადვე ითხოვს ამ უზუსტობის გასწორებასა და ფართის 1100 კვ.მეტრამდე გაზრდას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, ამხანაგობა „...ს“ შესაძლებელია გააჩნდეს საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება მის მიერ უკვე დაკანონებული 1045 კვ.მ-დან 1100 კვ.მეტრამდე ფართზე 55 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თუმცა ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მოსარჩელის პრეტენზია ქონების 126 კვ.მეტრამდე შევსებაზე, რამეთუ დამატებით 71 კვ.მ-ზე (126 კვ.მ - 55 კვ.მ = 71 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის. ასევე საგულისხმოა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს და რომლიდანაც შესაძლოა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, შეადგენს 42 კვ.მ-ს. აქედან გამომდინარე, საკითხზე მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის პოზიცია და ამავე დროს გაითვალისწინოს ამ უკანასკნელის სახელზე არსებული ფართის ოდენობა (42 კვ.მ).

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ამხანაგობა „...ს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებები) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ გულისხმობს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი განაცხადის უპირობოდ დაკმაყოფილებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, სადავო აქტებში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში იმსჯელა აქტის კანონიერებაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერების და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... და 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე კანონშეუსაბამოა სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... და 2019 წლის 1 ივლისის №... გადაწყვეტილებები, რის გამოც ისინი მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 05.12.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.12.2024წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე