Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-380(კ-კს-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ.კ-ე, ნ.ქ-ა, გ.ქ-ი, ვ.ი-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 ივნისს ლ.კ-ემ, ნ.ქ-ამ, გ.ქ-მა და ვ.ი-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ლ.კ-ისთვის „წერილობითი გაფრთხილების“ მიცემისა და ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ისთვის 1 (ერთი) თვის ვადით სახელმწიფო სერტიფიკატების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომაზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ასევე, ამავე საბჭოსათვის სასერტიფიკაციო რეესტრიდან ნ.ქ-ას, ვ.ი-ისა და გ.ქ-ის სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე აღნიშვნის ამოშლის დავალება.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების მანძილზე მუშაობენ კლინიკაში „...“, სადაც მათ მიერ სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ გ.ს-ას, რომლის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და მიუთითა ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარვეზებზე. სააგენტოს მიერ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების შემდეგ მომზადდა რეცენზია, სადაც მითითებულია პაციენტის მკურნალობის პერიოდში მოსარჩელეთა მიერ დაშვებულ პროფესიულ გადაცდომებზე. რეცენზიის საფუძველზე საბჭომ იმსჯელა ექიმებისათვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შედეგადაც, სამ მათგანს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვით შეუჩერა, ხოლო ერთ-ერთის მიმართ გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება. მოსარჩელეებმა ასევე იშუამდგომლეს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნ.ქ-ას, გ.ქ-ის, ვ.ი-ისა და ლ.კ-ის ნაწილში) მოქმედების შეჩერების თაობაზე.

მოსარჩელეები სარჩელში აღნიშნავენ, რომ არ ეთანხმებიან სააგენტოს მიერ რეცენზიაში ჩამოყალიბებულ შენიშვნებს (ნაკლოვანებათა თაობაზე) და მიიჩნევენ, რომ სააგენტოს პოზიცია დაუსაბუთებელია. კლინიკამ „...“ სიღრმისეული კვლევისა და საექსპერტო დასკვნების მომზადების მიზნით მიმართა საქართველოს ქირურგთა ასოციაციას, რომლის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნაში იკვეთება, რომ პაციენტის ... მხარდაჭერა განხორციელდა უსაფრთხო ანესთეზიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, რაც გამორიცხავს ექიმების მიერ ჩადენილ სავარაუდო გადაცდომებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომის ოქმის მოქმედება შეჩერდა ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ლ.კ-ისთვის „წერილობითი გაფრთხილების“, ნ.ქ-ასთვის 1 (ერთი) თვის ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, გ.ქ-ისთვის 1 (ერთი) თვის ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების და ვ.ი-ისთვის 1 (ერთი) თვის ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე და მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა სასერტიფიკაციო რეესტრიდან მოსარჩელეების - ნ.ქ-ას, გ.ქ-ის და ვ.ი-ისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე აღნიშვნის ამოშლა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე სპეციალისტის სახით გამოკითხულთა შეფასების მხედველობაში მიღებით მიიჩნია, რომ ექიმების მხრიდან არ გამოვლენილა ისეთი სახის დარღვევა, რაც მოსარჩელეთათვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა სპეციალისტთა შეფასებაზე, რომლის მიხედვით, გ.ს-ასთვის შპს „...ში“ ჩატარებული სამედიცინო დახმარება, ... და რეანიმაციული კუთხით (... - ლ.კ-ე, ... - ნ.ქ-ა, ... - გ.ქ-ი) დადებითად არის შეფასებული. გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტის - ვ.ი-ის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ კარდიოლოგიის კუთხით პაციენტის კლინიკაში არსებობის არც ერთ ეპიზოდში ინფარქტისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი არ აღნიშნულა, ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი პაციენტის მხრიდან არ დაფიქსირებულა.

2023 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 8 იანვრის დამატებით გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ უმსჯელია უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხზე და შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო ინსტანციაში ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი სააპელაციო შესაგებლით მოსარჩელეებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების გამო გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 2000 ლარის ოდენობით აპელანტისათვის დაკისრება. ამასთან, მათ სააპელაციო შესაგებელს დაურთეს იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ შუამდგომლობა და ამ მომსახურებისათვის ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ის და ვ.ი-ის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურების ხარჯის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2025 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ლ.კ-ემ, ნ.ქ-ამ, გ.ქ-მა და ვ.ი-მა თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. განცხადების მიხედვით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საპროცესო ხარჯი მითითებულია მხოლოდ 200 ლარი, რაც არ პასუხობს სასამართლოს მიერ 2024 წლის 17 სექტემბერს გამოცხადებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ შედეგს. დასაბუთებულ განჩინებაში ასახული შედეგი შესაბამისობაში უნდა იყოს სასამართლოს მიერ 2024 წლის 17 სექტემბერს ზეპირად გამოცხადებულ შედეგებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ის, ვ.ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდა; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში არსებული ტექნიკური ხარვეზი და განჩინების ამ ნაწილში მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული ადვოკატისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების სახით 200 ლარის ნაცვლად მიეთითა 2000 ლარის ანაზღაურება. ასევე გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებში დაშვებული უსწორობა და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „4. ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურების ხარჯის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოსთვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მოსარჩელეთა ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით“.

სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით, ხოლო 2025 წლის 14 მარტის განჩინება (უსწორობის გასწორების შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ.

საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს რეცენზენტთა შეფასებებსა და თითოეული მოსარჩელის, როგორც ექიმის, მიერ კონკრეტული პაციენტისათვის გასაწევი მკურნალობის მეთოდზე (კონკრეტული კვლევის ჩატარება, კლინიკაში პაციენტის დაყოვნების ხანგრძლივობა და სხვ.). კასატორის განმარტებით, სახეზეა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა. პაციენტ გ.ს-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხზე პროფესიული საბჭოს წევრებმა იმსჯელეს სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის ექიმის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა კი, საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. კასატორს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექიმებისათვის დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე კანონიერია და არ არსებობს აქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორი ასევე არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრების თაობაზე.

კერძო საჩივარში კი, საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მისთვის დაკისრებული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ოდენობის არამართებულობაზე, კერძოდ, საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელის დაკმაყოფილება და ამ პირობებში, ასევე, მისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრება, მით უფრო, 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით კი, ამავე საბჭოს კერძო საჩივარი იქნა წარმოებაში მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მოსარჩელეების ნაწილში კანონიერება. სადავო აქტით მოსარჩელეებს - ლ.კ-ეს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო ნ.ქ-ას, გ.ქ-სა და ვ.ი-ს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ერთი თვით შეუჩერდათ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლი კანონის მიზნებად ასახელებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული მომზადების უზრუნველყოფას, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესებას, მისი უფლებების დაცვას, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებას. დასახელებული კანონის 73-ე მუხლი უშვებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიულ პასუხისმგებლობას და განსაზღვრავს მის მნიშვნელობას. კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 74-ე მუხლი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის ითვალისწინებს პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგ სახეებს: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 15 აგვისტოს №01-9/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დებულების დანართი №1-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განიხილავს სამედიცინო პერსონალის (მათ შორის, პარამედიკოსის) საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებს, სააგენტოს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. ამავე დებულების დანართი №1-ის მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებს (სპეციალისტებს) განსაზღვრულ სფეროში ანიჭებს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლებას.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი ითვალისწინებს წერილობითი გაფრთხილების მიცემას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს. ხსენებული ნორმა ჩამოთვლის წერილობითი გაფრთხილების საფუძვლებს. ამავე კანონის 76-ე მუხლი კი სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს და ამ მოვლენას განმარტავს როგორც სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებით აკრძალვას. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლებსა და ვადებს განსაზღვრავს დასახელებული კანონის 77-ე მუხლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, 2019 წლის 15 მაისს შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა შპს „...ის“ ექიმების - ლ.კ-ის (სერტ. „ზოგადი ...“), ნ.ქ-ას (სერტ. „...“ და „ ...“), ვ.ი-ის (სერტ. „ ...“) და გ.ქ-ის (სახ. სერტ. „...- ...“) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

დადგენილია, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ექიმ ლ.კ-ეს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, ნ.ქ-ას 1 (ერთი) თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ ...“; ვ.ი-ს 1 (ერთი) თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „...“, ექიმ გ.ქ-ს 1 (ერთი) თვის ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სპეციალობაში „ ...“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა დაადგინოს, შეისწავლოს და შეაფასოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამდენად ჰქონდა ადგილი ექიმის მიერ საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. ამასთან, საკითხის შესწავლის ფარგლებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შესაბამისი და სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტთა განმარტებებისა და დასკვნების გათვალისწინება. თუკი საქმეში რამდენიმე განსხვავებული მოცემულობის მატარებელი დოკუმენტი და მტკიცებულება იქნება წარდგენილი, აუცილებელია მათი ურთიერთშეჯერება, ურთიერთშეპირისპირება და გადაწყვეტილების მხარეთა ინტერესების დაცვით მიღება.

საქმის მასალებში ასახული რეცენზიების თანახმად, პაციენტს გაეწია სწორი სამედიცინო დახმარება, ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები შეესაბამებოდა გაიდლაინებს. სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეულმა პირმა კი განმარტა, რომ პირველ ეტაპზე პაციენტის ბინაზე გაწერა განხორციელდა სწორად, ვინაიდან პაციენტის სამედიცინო მონაცემები იძლეოდა მისი სტაციონარიდან გაწერის შესაძლებლობას; პაციენტის სტაციონარში განმეორებით მომართვის შემდეგ ასევე სწორად დაისვა დიაგნოზი და ოპერაცია ჩატარდა აუცილებლობიდან გამომდინარე, რის შემდეგაც მკურნალობა იყო ადეკვატური. ამდენად, სპეციალისტთა შეფასებით, გ.ს-ასთვის შპს „...ში“ ჩატარებული სამედიცინო დახმარება ... და რეანიმაციული კუთხით (... - ლ.კ-ე, ... - ნ.ქ-ა, ...- გ.ქ-ი) დადებითად არის შეფასებული და რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებასთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის საკითხს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება (სუსგ №ბს-1261(კ-24), 18.02.2025წ.; სუსგ №ბს-1136(კ-24), 18.02.2025წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 15 მაისის №6 სხდომაზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი, რამეთუ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით - სპეციალისტთა შეფასებების მხედველობაში მიღებით, კონკრეტული პაციენტის მკურნალობასთან მიმართებით გამოირიცხება მოსარჩელეთა პასუხისმგებლობა, რაც მათთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთანავე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა სასერტიფიკაციო რეესტრიდან მოსარჩელეების - ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე აღნიშვნის ამოშლა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, პროფესიული განვითარების საბჭოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2024 წლის 18 აპრილის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, ე.გ-ე და მეორე მხრივ, შპს „...ას“ შორის დადებული ხელშეკრულების საგანია იურიდიული მომსახურების გაწევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წინააღმდეგ და მისი ინტერესების დაცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, კლიენტი შემსრულებელს ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების გაწევისათვის გადაუხდის მომსახურების საზღაურს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეებმა საკუთარი ინტერესების დაცვა მიანდვეს ე.გ-ეს, რომლის მომსახურებისთვის გადახდილ იქნა 2000 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთვის საქმეს (ტ. 2, ს.ფ. 224).

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარზე დასრულდა სასამართლო განხილვა და გამოცხადებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რა დროსაც დაკმაყოფილდა ლ.კ-ის, ნ.ქ-ას, გ.ქ-ისა და ვ.ი-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ამავე პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის დასაბუთებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში წარმომადგენლისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდა და განჩინების ორივე ნაწილში მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული ადვოკატისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების სახით 200 ლარის ნაცვლად მიეთითა 2000 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და სხვ. (სუსგ №ბს-776-768(2კ-4კს-15), 04.07.2016წ.). მოცემულ დავაზე წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, ინსტანციურობის, ასევე, დავის დასრულების შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მეორე ინსტანციის სასამართლოში გაწეული წარმომადგენლობითი საქმიანობის ასანაზღაურებლად, გონივრული და სამართლიანია დაკისრებული თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის გასაჩივრებული განჩინება.

საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის გათვალისწინებით, ასევე მიუთითებს, რომ მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სუსგ №ბს-756(კ-22); 07.06.2024წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 414-420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრისა და 2025 წლის 14 მარტის განჩინებები;

4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 10.03.2025წ. №01488 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე