Facebook Twitter

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №434აპ-14 ქ. თბილისი

ლ-ე ს.-434აპ-14. 4 მაისი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ რ. თ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის განაჩენით ს. ლ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 17 წლით, ხოლო მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ს. ლ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 31 ივლისიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ რ. თ-სა და ბრალდებულ ზ. ზ-ს შორის, რომლის თანახმად, ზ. ზ-ი, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 2 აგვისტოდან იმავე წლის 3 აგვისტომდე. გაუქმდა ზ. ზ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და 5000 ლარი გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ჯ. ზ-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას – სასოფლო-სამეურნეო დაიშნულების მიწის ნაკვეთების (მდებარე: ქ. ლანჩხუთში, საკადასტრო კოდები – ---; ---; ---) 5000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ს. ლ-ს მიმართ შეიცვალა: ს. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე და ამ მუხლით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ს. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 31 ივლისიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ს. ლ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს ­­– წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-სა და პროკურორ რ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე