საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-621(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ტ-ი, ნი. ტ-ა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ტ-იმა და ნი. ტ-ამ 2019 წლის 23 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის №2474 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება ნ. ტ-ის და ნი. ტ-ას თანასაკუთრების უფლების აღიარება მათ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს (...ს) 2 შესახვ. N...-ის მიმდებარედ, 258.00 კვ.მ.
მოსარჩელეთა მითითებით, მათი ბაბუა 1960 წლიდან გარდაცვალებამდე ფლობდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რომლის ფლობაც, მათი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, გააგრძელეს მოსარჩელეებმა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საკუთრების უფლების აღიარება და მიმართეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, მყარი სასაზღვრო მიჯნის არსებობა. მოსარჩელეთა შეფასებით, აღნიშნული პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ უფლებებს, რაც თავის მხრივ, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ისა და ნი. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის №2474 განკარგულება და მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნ. ტ-ის და ნი. ტ-ას მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს (...ს) 2 შესახვ. N...-ის მიმდებარედ, 258.00 კვ.მ. თანასაკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ტ-ის და ნი. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის №2474 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ. ტ-ის და ნი. ტ-ას თანასაკუთრების უფლებით აღირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ს (...ს) 2 შესახვ. №...-ის მიმდებარედ, 258 კვ.მ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ორთოფოტოებზე აღბეჭდილ გამოსახულებაზე დაკვირვებით, როგორც ერთიანი მყარი სასაზღვრო მიჯნის არარსებობის, ასევე ფლობის ფაქტის დაუდგენლობასთან დაკავშირებით და შენიშნა, რომ დაინტერესებულ პირთა მტკიცების საგანში უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის მტკიცების ფაქტი არ შედიოდა. მოსარჩელეები, როგორც მემკვიდრეები, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლად აღნიშნული მიწის მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარეობასა და მამკვიდრებლის მიერ ფაქტობრივად ფლობაზე მიუთითებდნენ. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, მოსარჩელეებმა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები წარადგინეს. ამავდროულად, გაზიარებული არ იქნა მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებული მოპასუხის მოსაზრება, ნოტარიული ფორმით შედგენილი მოწმეთა ახსნა-განმარტება დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულია იმ საკანონმდებლო აქტით, რაც ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას აწესრიგებს. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მოსარჩელეების მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ორივე ტერიტორია მოთავსებულია ერთ მთლიან სივრცეში და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მამკვიდრებელი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1960 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დღემდე ფლობენ მისი მემკვიდრეები (მოსარჩელეები), რაც თავის მხრივ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორმა კიდევ ერთხელ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის №2474 განკარგულებაში მითითებულ არგუმენტებზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ნ. ტ-ის და ნი. ტ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებითა (აეროგადაღებით) და წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით (საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილია მიწის ნაკვეთის არაფიქსირებული საზღვრები) დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი და განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და არც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის. ამასთანავე, ორთოფოტოებითა (აეროგადაღებით) და ფოტოსურათებით არ იკვეთება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე, რაც ცენტრალური მნიშვნელობის მქონეა მოთხოვნის რეალიზებისათვის. ამავდროულად, კასატორის მითითებით, თვითნებურად დაკავების ფაქტის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურება დაუშვებელია, ეს უკანასკნელი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ ორთოფოტოს, როგორც სათანადო მტკიცებულების გამოყენებით, საბოლოო ჯამში, მოსარჩელემ ვერ შეძლო კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, აგრეთვე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 8 სექტემბრის N161023729 სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ნ. ტ-ისა და ნი. ტ-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-... შესახვევი N..., დაზუსტებული ფართობი: 1309 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2 საერთო ფართით 173.83 კვ.მ., N3 საერთო ფართით 15.60 კვ.მ., N4, N5 საერთო ფართით 40.9 კვ.მ. ს/კ .... 2016 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელეებმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-... შესახვევი N...-ის მიმდებარედ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 სექტემბერს N394597 წერილობითი შეტყობინებით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა მოსარჩელეების მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია, უძრავ ნივთზე მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-2 შესახვევი N...-ის მიმდებარედ. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 სექტემბრის, ს. ტ-ის, ლ. მ-ისა და ლ. ჭ-ე-წ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ნი. ტ-ასა და ნ. ტ-ის პაპა - ს. ტ-ი 1960 წლიდან ფლობდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ დღემდე ფლობენ მისი მემკვიდრეები (მოსარჩელეები) 258 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარე, მისამართზე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-2 შესახვევი N...-ის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით თანხმობას აცხადებენ, რომ ნი. ტ-ამ და ნ. ტ-იმა მოახდინონ მიწის ნაკვეთის ლეგალიზება/პრივატიზება და საკუთარ სახელზე გაფორმება, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნიათ. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 სექტემბრის N47 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 42-ე საკითხი) დასტურდება, რომ ნ. ტ-იმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი - ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-2 შესახვევი N..., დაზუსტებული ფართობი: 1309 კვ.მ., ს/კ: ...) მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე (საერთო ფართობი - 258 კვ.მ.), მისი და ნი. ტ-ას საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული მოთხოვნა საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, წარდგენილი დოკუმენტაციითა და აეროფოტოგადაღებებით დადგინდა, რომ განმცხადებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 სექტემბრის N47 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ნოემბრის №2474 განკარგულებით უარი ეთქვათ ნ. ტ-ისა და ნი. ტ-ას მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა (...), მე-2 შესახვევი N...- ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 258.00კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის 1-ელი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თვითნებურად დაკავებული მიწის დეფინიცია, კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომლის 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება. აღნიშნული „წესის“ შესაბამისად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის, ნამდვილად მართლზომიერად ფლობდა ან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი (მუხლი 3).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლომ №ბს-1008(კ-20) საქმეზე განმარტა, რომ კანონის მიზანია კერძო პირის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არა ყველა მიწის ნაკვეთის განკერძოება, არამედ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი, ნაკვეთის გამოყენება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, კერძო პირის მიერ ნაკვეთის „მისაკუთრება“, რაც დგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ცხოვრებით ან/და საქმიანობით, ნაკვეთის დაუფლების არადროებითი ხასიათით, ნაკვეთის, როგორც საკუთარის ფლობით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს კანონის მიზნის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყარი სასაზღვრო მიჯნა არის ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული არ არის კასატორის მოსაზრება მოწმეთა ჩვენებების სარწმუნო მტკიცებულებად მიუჩნევლობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული თვალსაზრისით, ცხადია, რომ საკუთრების აღიარების უფლების მომწესრიგებელი რელევანტური კანონმდებლობა სანოტარო ფორმით დამოწმების გზით შედგენილ მოწმეთა ჩვენებას მიიჩნევს ისეთი სახის მტკიცებულებად, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად სარგებლობის ფაქტი. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწმეთა ახსნა-განმარტებები დამოწმდა სანოტარო წესით, ხელმოწერათა ნამდვილობის დამოწმების მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის“ მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიხედვით, გარიგებაზე ან სხვა დოკუმენტზე ხელმოწერების დამოწმებისას, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხოლოდ მხარეთა (წარმომადგენელთა) პირადობა, ქმედუნარიანობა და დაამოწმოს ხელმომწერ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით შესრულებული დოკუმენტი არის კერძო აქტი. ამავდროულად, სააპელაციო პალატის მითითებით, ის პირები, რომლებმაც სანოტარო ფორმით დადასტურდეს მოსარჩელეთა ბაბუის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლებმაც ხელახლა დაადასტურეს ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პოზიციები. ამასთან, ლ. მ-იმა დამატებით განმარტა, რომ კოლმეურნეობამ მის პაპას და მოსარჩელეების პაპას, როგორც კარგ მომუშავეებს, ერთდროულად გადასცა მიწის ნაკვეთები. ლ. მ-ის თქმით, ის და მოსარჩელეები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მათ მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი ხის კონსტრუქციის ღობე ჯერ კიდევ სახლის აშენებამდე იქნა შემოსაზღვრული პაპა-ბებიების მიერ, დღემდე აღნიშნული ღობის ნაწილი ხელუხლებელია. მოსარჩელეები სადავო ფართში გაიზარდნენ და დღემდე ფაქტობრივად სარგებლობენ იმ მიწის ნაკვეთით, სადაც განთავსებული იყო მრავალწლიანი ნარგავები (ხეხილი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ახსნა-განმარტებების გამომრიცხავი გარემოებები კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული, შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი დადასტურებულად მიიჩნევა. ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს მამკვიდრებელი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1960 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ დღემდე ფლობენ მისი მემკვიდრეები (მოსარჩელეები).
კასატორის იმ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და არ არის შემოსაზღვრული მყარი სასაზღვრო მიჯნით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში, ფოტომასალებით დასტურდება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ხე-მცენარეების არსებობა. ამასთანავე, სიტუაციური ნახაზით, ორთოფოტოთი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ემიჯნება უშუალოდ იმ საკადასტრო ერთეულს, რომელიც მოსარჩელე ნ. ტ-ისა და ნი. ტ-ას საკუთრებაშია აღრიცხული და წარმოადგენს მითითებული საკადასტრო ერთეულის ბუნებრივ გაგრძელებას. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მოსარჩელეების მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და ორივე ტერიტორია მოთავსებულია ერთ მთლიან სივრცეში.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე