Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-838(2კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხეები) – 1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 2. საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ქ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-იმა 2023 წლის 8 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 დასკვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ. ქ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტები მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე “მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21​1 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია მან მიიღო ისრაელის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოსთან მისი კავშირი კვლავ სარწმუნოა, ვინაიდან საქართველო არის მისი სამშობლო. მოსარჩელე საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, საქართველოში ცხოვრობენ მისი ნათესავები, მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთანავე, მოსარჩელე მრავალი წლის განმავლობაში დასაქმებული იყო სახელმწიფო სამსახურში. ამავდროულად, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ წარმოადგენს საშიშროებას და არ უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას. ამდენად, სახეზეა სადავო აქტების ბათილობისა და ახალი აქტის გამოცემის კანონით განსაზღვრული წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 დასკვნა და „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მ. ქ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტისათვის გადაგზავნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უპირველესად, აღნიშნა, რომ არ იკვეთებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის საფუძველზე, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები, ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობის დადგენის ვალდებულება. ხსენებული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. ქ-ის კავშირი საქართველოსთან იმთავითვე სარწმუნო იყო, აღნიშნულზე კი, მეტყველებდა მოსარჩელესთან დაკავშირებით საქმის მასალებით დადგენილი ბიოგრაფიული ცნობები, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ამასთან, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს განცხადებაში მითითებულ ნომერზე სატელეფონო ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება მხოლოდ ერთხელ გაეგზავნა, ხაზს უსვამს საკითხისადმი ფორმალურ დამოკიდებულებას და არ უკავშირდება მოსარჩელის რეალურად ინფორმირების, მისი ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე მოწვევის მიზანს, რასაც შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა წარმოების საბოლოო შედეგზე - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტაზე. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელის საქართველოსთან ცხადი კავშირის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობა მოსარჩელის სხდომაზე მოწვევისა და მისი პირადად მოსმენის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორთა მითითებით, სადავო აქტების მიღება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, „საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულება დაეფუძნა არა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 უარყოფით დასკვნას, არამედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 11 ივლისს მოამზადა №1000889718 დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. ამდენად, ამგვარ პირობებში, საქართველოს პრეზიდენტი ვერ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს შეუნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტის საფუძველზე. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოების მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა მ. ქ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება, მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის N329 ბრძანებულების ბათილად ცნობას განაპირობებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსგავსი შეფასება არ ეფუძნება კანონის მართებულ განმარტებას, მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება არსებითად სხვა იურიდიული შინაარსის ადმინისტრაციული წარმოებაა, მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება კი, ხორციელდება ამ უკანასკნელისაგან დამოუკიდებლად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მომზადებული სხვა აქტის ბათილად ცნობა, რამეთუ ამ უკანასკნელს არ გააჩნია პირდაპირი და უშუალო სამართლებრივი კავშირი სადავო აქტის გამოცემასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორთა მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორთა მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება მათი საკასაციო მოთხოვნების წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით დადგენილი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რაც მოითხოვს მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობის დადგენას. საბოლოო ჯამში, შესაფასებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძვლები. ამასთან, შეფასებას, აგრეთვე საჭიროებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 დასკვნის ბათილად ცნობის ურთიერთმიმართება საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულების ბათილად ცნობასთან.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში დაცულ მასალებზე, რომელთა საფუძველზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განისაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე:

საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ქ-ი არის ისრაელის მოქალაქე, 2022 წლის 15 მარტს მის მიმართ გაცემულია ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქის პასპორტი №.... მ. ქ-იმა 2022 წლის 2 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველო არის მისი სამშობლო, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს ოჯახი და ნათესავები, მშობლები, ასევე შვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 5 სექტემბრის №10000822993/1 წერილობითი მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა მისთვის ეცნობებინა მოსარჩელე მ. ქ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 თებერვლის №SSG 7 23 00040588 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მ. ქ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. დამატებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №00004951 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ მ. ქ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 20 თებერვლის №6181 სხდომის ოქმით დგინდება, რომ გადაწყვეტილ იქნა მ. ქ-ის კომისიის გასაუბრებაზე დაბარება, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის დადგენის მიზნით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განახორციელა სატელეფონო ზარი მ. ქ-ითან ტელეფონის ნომერზე: ..., თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასევე, მას გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გასაუბრებაზე დაბარებასთან დაკავშირებით. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 2 ივნისის №16415 სხდომის ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირი, მოსარჩელე მ. ქ-ი არ გამოცხადდა. ამასთანავე, კომისიამ მიიჩნია, რომ მ. ქ-ი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონისმიერ წინაპირობებს. მ. ქ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ დაადგინა, რომ საქართველო/ისრაელის მოქალაქის მ. ქ-ის მიმართ არ არსებობდა 211 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე, უნდა მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მ. ქ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, მოამზადა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 უარყოფითი დასკვნა. დასკვნის მიხედვით, მ. ქ-ი არის საქართველოს მოქალაქე და მოპოვებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეობა (პასპორტის N...). სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან და დადგინდა, რომ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის და მასალების წარდგენის შემდგომ, 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (სხდომის ოქმი №16415) კომისიამ განიხილა და შეაფასა მ. ქ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადებაზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაცია, ადმინისტრაციული წარმოების მასალები და დაადგინა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები. ხსენებული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 11 ივლისს მოამზადა №1000889718 დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია მ. ქ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მ. ქ-ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მ. ქ-ი 2011 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ...ში. ამასთან, დადგენილია, რომ მ. ქ-ი და თ. ქ-ე 2009 წლიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: მა. ქ-ი, ლ. ქ-ი და თ. ქ-ი. მ. ქ-ი და თ. ქ-ე განქორწინდნენ 2024 წლის 4 აპრილს. 2022 წელს მ. ქ-იმა, მა. ქ-იმა და ლ. ქ-იმა მიიღეს ისრაელის მოქალაქეობა, ხოლო თ. ქ-ი დაიბადა ისრაელის სახელმწიფოში. მ. ქ-იმა, მა. ქ-იმა და ლ. ქ-იმა განცხადებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს და მოითხოვეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. მა. ქ-ის და ლ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მათ შეუნარჩუნდათ საქართველოს მოქალაქეობა. თ. ქ-ე ცხოვრობს ისრაელის სახელმწიფოში. მ. ქ-ი საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, 27.06.2024წ. ცხოვრობდა ქ. ახმეტაში, ბავშვებთან, დედასთან და დასთან ერთად, საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ იგი ხშირად ჩამოდის საქართველოში, შვილების სანახავად. ამჟამად, არასრულწლოვანები: მა., ლ. და თ. ქ-იები ცხოვრობენ საქართველოში, ქალაქ ახმეტაში, მამიდასთან და ბებიასთან ერთად. მ. და ლ. არიან ქ. ახმეტის №... საჯარო სკოლის ... და ... კლასის მოსწავლეები, ხოლო თ. ქ. ახმეტის №... საბავშვო ბაღის აღსაზრდელია.

საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს და საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით, ან ნატურალიზაციით. ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე ორგანული კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების მიხედვით, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.

ხსენებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

ზემომითითებული დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

პირის საქართველოსთან სამომავლო კავშირის შეფასებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოჯახის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, საქართველოში სტუმრობის ხასიათი და პერიოდულობა და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნებოდა პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს იმ მოცემულობაზე, რომ საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საფუძვლების არსებობა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 თებერვლის №SSG 7 23 00040588 წერილი, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №00004951 წერილი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მ. ქ-ი არ წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის, შესაბამისად, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან. აღნიშნული თვალსაზრისით, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის შეფასება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების არ არსებობისას, ერთადერთ გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენდა განმცხადებლის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობა.

მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობის უტყუარად დადგენის თვალსაზრისით, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ მ. ქ-ის კავშირი საქართველოსთან იყო იმთავითვე სარწმუნო, როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობების, ასევე მისი ოჯახის წევრების, უპირატესად კი, მისი არასრულწლოვანი შვილების, საქართველოსთან კავშირის საფუძველზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ, უშუალო ნორმად გვევლინება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211-ე მუხლი, რომლის შინაარსიც ითვალისწინებს ინდივიდის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკანონმდებლო გარანტიას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვებისას, შესაბამისად, ნორმა ვრცელდება ისეთ პირებზე, რომლებსაც გააჩნიათ ან გააჩნდათ საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი, ეს უკანასკნელი კი, გარკვეულწილად ეფუძნება საქართველოსთან მნიშვნელოვანი კავშირის არსებობის ერთგვარ პრეზუმირებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული არის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების აუცილებელი, მაგრამ, არა - საკმარისი იურიდიული პირობა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დათქმა იურიდიულად იმანენტურია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმატიულ არსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე ... ამ კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული საკანონმდებლო დათქმა საქართველოს მოქალაქეს აღჭურავს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების ეფექტიანი შესაძლებლობით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ცხადია, რომ ნორმათა ამგვარი სისტემური თანაქმედება არის გეგმაზომიერი საკანონმდებლო განზრახულობის გამოხატულება ხელი შეუწყოს იმ პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას, რომლებმაც მართალია ამავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა მიიღეს, თუმცა, საქართველოსთან მათი წარსული კავშირების გათვალისწინებით, ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა თუ ინტერესების საფუძველზე, კვლავაც სურთ, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ნორმატიული კრიტერიუმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას განაპირობებს, უცილობლად მოითხოვს „საქართველოსთან სარწმუნო კავშირის“ დადგენას, სარწმუნო კავშირის არსებობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში დგინდება საქართველოსთან ისეთი პირის კავშირის სარწმუნოობის ხარისხი, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, შესაბამისად, კავშირის სარწმუნოობა, სახელმწიფოსთან დამოკიდებულის ხარისხი ყოველთვის კონტექსტზე დამოკიდებული ცნებაა. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21​1-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სარწმუნო კავშირის კრიტერიუმს. საქმის მასალებზე დაყრდნობით, უდავოა ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასება მასზედ, რომ მოსარჩელის საქართველოსთან კავშირი მნიშვნელოვანი, სიღრმისეული და მრავალმხრივია. კერძოდ კი, საქართველოში არსებული ოჯახური ურთიერთობები, ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის ისტორია, მიჯაჭვულობის კონკრეტული ხარისხი და სოციალური ინტეგრაციის ის დონე, რომელსაც მოსარჩელის საქართველოსთან დამოკიდებულება განასახიერებს, ცხადს ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს გასაუბრების მიზნით მოსარჩელის სხდომაზე მოწვევისათვის განხორციელებული ღონისძიებების არასაკმარისობასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება სზაკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირის საქმეში მონაწილეობის „უზრუნველყოფა“ გულისხმობს ყველა გონივრული, არსებითი და ხელშესახები ღონისძიების განხორციელებას პირის საქმეში მონაწილეობის შედეგის მისაღწევად. სზაკ-ის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთჯერადად მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და ერთჯერადი დარეკვა არ ამართლებს სზაკ-ის მე-13 მუხლით დაცული ნორმის მიზანს.

რაც შეეხება იმ ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 დასკვნის ბათილად ცნობასა და საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივლისის №329 ბრძანებულების ბათილად ცნობას შორის, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. აღნიშნული ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მითითებული ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღჭურვილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა, დისკრეციული უფლებამოსილების არსებობის უბრალო ფაქტი, ავტომატურად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. იმ მოცემულობის საფუძველზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ეყრდნობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნას, რომელიც თავის მხრივ, ასევე ეყრდნობა მისი მუდმივმოქმედი ორგანოს - მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადებით ან/და უარყოფით დასკვნას პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, ბუნებრივია, რომ აღნიშნული ნორმატიულ-ინსტიტუციურ პროცესები ურთიერთგადაჯაჭვულია. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №1000822993 დასკვნის ბათილად ცნობა, რომელიც არის ერთგვარი საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, იწვევს ამ უკანასკნელის ბათილად ცნობასაც.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 18.07.2025წ. №15501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.07.2025წ. №15501 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე