საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-862(კ-25) 28 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ჯ-ა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-ამ 2024 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მის სასარგებლოდ 8 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება (მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის შეტანის დღიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე).
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/1090-21) აღსრულების მიზნით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, სადავო საკითხის ხელახლა გამოსაკვლევად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, მას მიენიჭა წამყვანი მასწავლების სტატუსი. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მიერ უკანონოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი, გამოიხატული 32 (ოცდათორმეტი) თვის განმავლობაში დარიცხულ ხელფასზე დანამატის სახით გასაცემლის მიუღებლობით, ყოველთვიურად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რამაც, საერთო ჯამში შეადგინა 8 000 (რვაათასი) ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6450 (ექვსიათას ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 193,5 (ასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე. საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაკანონიერი ქმედების შედეგად ნ. ჯ-ას 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მინიჭებული წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, მას არ ერიცხებოდა წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი, შესაბამისად სახეზეა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ნ. ჯ-ასათვის ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კასატორის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობები“ ხელფასზე დანამატის გაცემას ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო და არა კერძო სკოლაში დასაქმებული მასწავლებელთათვის. მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მასსა და ქართულ-ამერიკულ სკოლას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ადგენდა დანამატის გაცემის ვალდებულებას, ამდენად, ამგვარი ცნობების არ არსებობის პირობებში, მოსარჩელეს ბუნებრივია ვერ შეექმნებოდა დანამატის მიღების ლეგიტიმური მოლოდინი, ეს უკანასკნელი კი, გამორიცხავს მიზეზობრივი კავშირის არსებობას მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის მართებულობაზე, ადგილი არ ჰქონია პირდაპირ მითითებას ქულის მომატებასთან დაკავშირებით, ამდენად, მოსარჩელეს ვერ ექნებოდა ქულის მომატებისა და წამყვანი მასწავლების სტატუსის მინიჭების ლეგიტიმური მოლოდინი, რაც წარმოშობდა დანამატის გაცემის ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრე, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო ფაქტობრივ-სამართლებრივი პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე. ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრული აუცილებელი პირობების ფაქტობრივად დადგენას.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის მიხედვით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მართალია აღნიშნული დებულება სიტყვასიტყვით მხოლოდ „სამოქალაქო საქმეებს“ იხსენიებს, თუმცა მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილი იქნეს სისტემური თვალსაზრისით, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის ჭრილში (იხ. სუსგ., ბს-826(2კ-19), 25.11.2021წ.), ამავდროულად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმა, რომელიც პირდაპირ არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს საპროცესო სამართლის იმ ნორმის ანალოგიის სახით გამოყენებას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სისტემური შინაარსით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები „პრეიუდიციული“ მნიშვნელობით აღიჭურვება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განასახიერებს სამართლის პრინციპს - „დავა გადაწყვეტილია“ (“res judicata”), უფლებები, ურთიერთობები, ვალდებულებები და ამრიგად, ის ფაქტები, რომლებიც მათ წარმოშობას უდევს საფუძვლად, არ შეიძლება მუდმივად დავის საგანი იყოს, სამართლის ფუნქცია კონფლიქტების მოგვარებაა, ამდენად, ფაქტები, რომლებიც კონფლიქტს იწვევს ვერ იქნება უთანხმოების მუდმივი წყარო, განსაზღვრულობა საჭიროებს ასეთი ფაქტების სტაბილურობას, აღნიშნული ასახავს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, მისი „საბოლოობის“ ობიექტურ ნიშანს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland, App. No. 26374/18, §238.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეიუდიციულია ის ფაქტები და ახალ სამართალწარმოებაში სადავო ვერ გახდება ის ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი, რაც არსობრივად ამართლებს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ანუ ისინი, ურომლისოდაც სარეზოლუციო ნაწილი ვერ ჩამოყალიბდებოდა იმ სამართლებრივი შინაარსით, რომლითაც იგი ჩამოყალიბდა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/1090-21), ნ. ჯ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმი №1 ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჯ-ას მიერ წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით (საქმე №3ბ/570-22), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით (საქმე №ბს/1317(კ-22)), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/1090-21) დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ჯ-ამ 2005 წელს დაამთავრა ქ... უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა 2000-2005 წლებში, ...ს ფაკულტეტზე. კვალიფიკაცია: ...ის კვალიფიცირებული მასწავლებელი (სერტიფიცირებული). მუშაობის წლები: 2005 წლიდან დღემდე ქ... ...ის პედაგოგი; 2006-2013 - ინსტიტუტი ,,ლ...’’ ...ის პედაგოგი; 2013 წლიდან მოსამზადებელ ცენტრში ,,ი...’’ ...ის პედაგოგი; 2018 წლიდან ... კლუბის წევრი; 2016წ. - კლასგარეშე საკითხავი სახელმძღვანელოს გამოცემა ,,...’’. კონფერენციები: ... საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდული კონფერენცია; 2018წ. ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ...ის გაკვეთილზე; ,,...’’; ...I საერთაშორისო სამეცნიერო - მეთოდური კონფერენცია ,,...’’.
საქმეში წარმოდგენილია დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რომლის თანახმად, მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ ონლაინ გარე საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. რუბრიკაში დეტალურად არის აღწერილი თუ რა სახის მიმართულებები უნდა იქნეს გამოყენებული მასწავლებლის მიერ და მითითებულია ასევე შეფასების კრიტერიუმები. 1. მიმართულება - ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება: 1.1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება; 1.2. კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა. 2. მიმართულება - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება: 2.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; 2.2. ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა. 3. მიმართულება - ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება: 3.1. სწავლება; 3.2. შეფასება; 4. მიმართულება - სასწავლო რესურსების გამოყენება. 5. მიმართულება - ონლაინკომუნიკაცია 5.1. ონლაინკომუნიკაცია 6. რეფლექსია: 6.1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე ამავე რუბრიკის თანახმად, გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 5 ნოემბრის გარე დაკვირვების განხორციელებისათვის გაკვეთილის აღწერის ფორმა, სადაც მითითებულია მასწავლებლის აქტივობები და დამკვირვებლის კომენტარები. კერძოდ: აქტივობა/სხვა ქმედება: 4წთ. აქტივობა 1. მასწავლებელმა გაკვეთილი ჩაატარა Microsoft Teams-ის ონლაინ პლატფორმაზე. მან მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის თემა და მიზანი, ასევე შეფასების რუბრიკა და ქცევის წესები. 5წთ. აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება. მასწავლებელმა დასვა შეკითხვები, აღნიშნულ შეკითხვებს ძირითადად პასუხობდა ორი მოსწავლე. 8წთ. აქტივობა 3. მასალის სიღრმისეული წვდომა. Was ist Hygiene? მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვალეს პირადი და საერთო მოხმარების ჰიგიენის ნივთები და შეავსეს T დიაგრამა. 12წთ. აქტივობა 4. წერილის წაკითხვა/გააზრება. ,,Redaktion antwortet”. მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა ინსტრუქცია, რომ ტექსტის წაკითხვის შემდეგ უპასუხონ შეკითხვებს weil - კავშირით. ინდივიდუალური სამუშაოსთვის მისცა 10 წუთი. მასწავლებელმა დროის შეხსენების გარეშე დაიწყო შესრულებული დავალების გამოკითხვა. პასუხების გაცემისას ძირითადად აქტიურობდა 3-4 მოსწავლე. 7წთ. აქტივობა 5. Was ist gleich? მსგავსი შინაარსის წინადადებების დაკავშირება. მასწავლებელმა აუხსნა ინსტრუქცია, სამუშაოდ მისცა 5 წუთი დრო, ხოლო დროის გასვლის შემდეგ პირდაპირ დაიწყო გამოკითხვა. მოსწავლეები ძირითადად პასუხობდნენ არასწორად, ან საერთოდ არ პასუხობდნენ (მიკროფონები ჰქონდათ გამორთული). 4წთ. აქტივობა 6. Was mussen wir fur unsere Gesundheit tun? გაკვეთილის თემის შეჯამება. მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეებს ეპასუხათ აღნიშნულ შეკითხვაზე, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად მხოლოდ ერთი მოსწავლე ჩაერთო აღნიშნულ აქტივობაში. 2წთ. აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა. მასწავლებელმა მისცა მოსწავლეებს სიტყვიერი ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა დაწერონ წერილი. 3წთ. აქტივობა 8. შეფასება. მასწავლებელმა მოსწავლეები შეაფასა ზოგადად, რომ ისინი ნაკლებად აქტიურობენ და არ იცავენ ონლაინ-გაკვეთილზე ქცევის წესებს. ასევე აღნიშნა, რომ მთელმა კლასმა მეტი უნდა იმუშაოს ლექსიკასა და წარმოთქმაზე. მას მოსწავლეები არ შეუფასებია ცალ-ცალკე განმავითარებელი კომენტარებით ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენისა და სუსტი მხარეების გაუმჯობესების მიზნით.
კომენტარი/დაზუსტება: 1. მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა ეყრდნობა ესგ.-ით განსაზღვრულ მეორე უცხოური ენის სტანდარტს (II უცხ. საბ. 2, 6), თუმცა მას დასახული მიზნების მიღწევა აღნიშნულ გაკვეთილზე ფაქტობრივად არ გამოუვიდა; 2. გაკვეთილის დასაწყისშივე დროულად ჩავერთე ონლაინ გაკვეთილზე, მაგრამ არც მოსწავლეებს და არც მასწავლებელს კამერა ჩართული არ ჰქონდათ. მასწავლებელს გაზიარებული ჰქონდა Power Point-ის პრეზენტაცია და შეიძლება ამის გამო იყო მისი კამერა გამორთული, მაგრამ სამწუხაროდ მასწავლებელი არც გაკვეთილის დასაწყისში არ დამინახავს; 3. მოსწავლეებს გაკვეთილის მანძილზე მიკროფონები გამორთული ქონდათ და მასწავლებელი მუდმივად თხოვდა მიკროფონების ჩართვას, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ; 4. გაკვეთილის საერთო მსვლელობაში დამამახსოვრდა მხოლოდ ორი მოსწავლე, რომლებიც ძირითადად აქტიურობდნენ, დანარჩენები ან ხმას არ იღებდნენ, ან უმეტესად არასწორად პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებზე (ავტ. შენ. კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაა 12.). 5. სიღრმისეული წვდომის ფაზის ორივე აქტივობა - მე-4 და მე-5 აქტივობები მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა ინდივიდუალურ სამუშაოდ. რადგან მოსწავლეებს გამორთული ჰქონდათ როგორც კამერა, ასევე მიკროფონი, დაახლოებით 15 წუთმა ისე ჩაიარა, რომ ვერ აღვიქვი მათი მუშაობის პროცესი, მიღებული შედეგებიც არ იყო ძირითადად დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებით მე-5 აქტივობაში. 6. გაკვეთილის შეჯამების ფაზაში მხოლოდ ერთმა მოსწავლემ გასცა მასწავლებელს პასუხი, შემიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეებმა ვერ გაიაზრეს გაკვეთილის მიზანი. 7. შეფასებისას მასწავლებელი შემოიფარგლა ზოგადი კომენტარებით, რომლებიც უფრო ქცევის წესებთან იყო დაკავშირებული და ნაკლებად გამოიყენა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 11 ნოემბრის გაკვეთილზე დაკვირვების შედეგები, რომლის თანახმად, ყოველი კრიტერიუმი შეფასებულია გარკვეული ქულით, კერძოდ: მიმართულება- ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება - 1.1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება; კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა - 2 ქულა. მიმართულება-პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება - 2.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა - 3 ქულა; 2.2. ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა - 2 ქულა; მიმართულება - ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება - 3.1. სწავლება - 3 ქულა; 3.2. შეფასება - 2 ქულა. მიმართულება - სასწავლო რესურსების გამოყენება - 2 ქულა. მიმართულება - ონლაინკომუნიკაცია - 5.1. ონლაინკომუნიკაცია - 3 ქულა. რეფლექსია - 6.1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე - 2 ქულა. ნ. ჯ-ამ სულ დააგროვა 19 ქულა.
2020 წლის 3 დეკემბერს, ნ. ჯ-ამ საპრეტენზიო განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვა გარე დამკვირვებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა და შეფასების გადახედვა. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის საპრეტენზიო კომისიის №1 სხდომის ოქმის თანახმად, არ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განაცხადი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 2 თებერვლის NMES8210000054047 წერილით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ეცნობა, რომ საპრეტენზიო კომისია ეთანხმებოდა გარე დამკვირვებლის შეფასებას ყველა პუნქტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/1090-21) საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 1 მაისის №MES1230000476635 ბრძანებით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა საპრეტენზიო საბჭო, რომელსაც დაევალა მოქალაქე ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განცხადების განხილვა. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023წლის 25 მაისის №MES 0 23 0000598954 ბრძანებით, „საპრეტენზიო კომისიის შექმნის შესახებ“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 1 მაისის №MES1230000476635 ბრძანებით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნ. ჯ-ას მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
საქმეში დამატებით წარმოდგენილია შპს „ქ...ს“ მიერ 2024 წლის 25 სექტემბერს გაცემული №00013787 ცნობა, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ნ. ჯ-ა არის შპს „ქ...ს“ ...ის წამყვანი მასწავლებელი: ა) 2020-2021 სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი შეადგენდა 100 ლარს, ამ დროისთვის წამყვანი მასწავლებლის დანამატი იყო - 150 ლარი; ბ) 2021-2022 სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი შეადგენდა 150 ლარს, ამ დროისთვის წამყვანი მასწავლებლის დანამატი იყო - 250 ლარი; გ) 2022-2023 სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი შეადგენდა 150 ლარს, ამ დროისთვის წამყვანი მასწავლებლის დანამატი იყო - 250 ლარი; დ) 2023-2024 სასწავლო წლის სექტემბრიდან წამყვანი მასწავლებლის სახელფასო დანამატი შეადგენდა - 700 ლარს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს (მისი მოსამსახურის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, ზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის ბს-52-47(კ-13) განჩინება.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/1090-21) დადასტურდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედებების უკანონო ხასიათი, ხოლო თავისი იურიდიული შინაარსით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 1 მაისის №MES1230000476635 ბრძანება (რომლითაც ხელახლა იქნა განხილული მოსარჩელის საპრეტენზიო განაცხადი) და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023წლის 25 მაისის №MES 0 23 0000598954 ბრძანება (რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი) წარმოადგენს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, დასრულებული სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელე ნ. ჯ-ას იურიდიული ინტერესი უკავშირდებოდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას. ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ შემდეგ გარემოებაზე გამახვილდა: „საპრეტენზიო კომისიის მიერ, ნ. ჯ-ას ნაწილში, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია მთლიანად დაეყრდნო გარე დამკვირვებლის შეფასებას და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დამატებითი გარემოებების გამოკვლევას. კერძოდ, კომისიის მიერ არ მომხდარა მოსარჩელის პოზიციის მოსმენა თითოეულ შეფასებასთან დაკავშირებით და წარდგენილი ან/და მოსმენილი არგუმენტაციის შედეგად არ მომხდარა საკითხის გამოკვლევა, რაც საშუალებას მისცემდა მას გარე დამკვირვებლისა და საპრეტენზიო განცხადების ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კომისიას ეჭვქვეშ არ დაუყენებია გარე დამკვირვებლის მიერ მითითებული გარემოებები და ცალსახად გაიზიარა მისი შეფასებები“. შესაბამისად, დაუსაბუთებელია და სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა კასატორის მითითება მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის მართებულობაზე და მოსარჩელეს ვერ ექნებოდა ქულის მომატებისა და სტატუსის მინიჭების მოლოდინი, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა პირდაპირი მითითება ქულის მომატების თაობაზე. ამავდროულად, მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ქ...ს“ მიერ 2024 წლის 25 სექტემბერს გაცემული №00013787 ცნობა, რომელშიც ჩამოთვლილ იქნა დანამატების ოდენობები. წერილის შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი უკავშირდებოდა დანამატის იმ ოდენობებს, რომელსაც ნ. ჯ-ა მიიღებდა მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი რომ ჰქონოდა. ირელევანტურია კასატორის მოსაზრება შრომითი ხელშეკრულების წარდგენასთან დაკავშირებით, ვინაიდან დასახელებული ცნობა, თავისი შინაარსით, უკავშირდება წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატის ოდენობების ფიქსაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მოპასუხის უკანონო ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის არსებობის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, რომ არა უკანონო ქმედება, ნ. ჯ-ას მიენიჭებოდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და შეძლებდა შესაბამისი ოდენობის დანამატის მიღებას. სკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოპასუხისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელის მიერ დანამატის მიუღებლობა, საწინააღმდეგო ცნობები საქმის მასალებით არ დასტურდება. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით და შეხედულებებით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს საკასაციო საჩივარზე 12.08.2025წ. №06386 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 332.17 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ 202374251) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 232.52 ლარი - შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202374251) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2025წ. №06386 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 232.52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე