Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-871(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „კ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

სს „კ...მა“ 2022 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ამავე სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის რევიზიის №რ-1014-35 აქტის, 2022 წლის 13 ივნისის №REG 9 22 00024889 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება მოსარჩელისთვის დაკისრებული ჯარიმის - 1698.30 ლარის გაუქმების შესახებ.

სარჩელის მიხედვით, მოპასუხემ შეისწავლა მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტ ა. ბ. ო-ისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი და მიიჩნია, რომ პაციენტისათვის 18.08.2020-20.08.2020 წლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო არაჯეროვანი, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებას განუსაზღვრა ჯარიმა 1698.30 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა 2022 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდებოდა ჯარიმის დასაკისრებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ პაციენტ ა. ბ. ო-ისათვის არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (მათ შორის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად), შესაბამისად, სს „კ...ს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „კ...ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „კ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის რევიზიის აქტი №რ-1014-35 და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №REG 9 22 00024889 გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი რეცენზენტის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც შედგა რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის რევიზიის აქტი (№რ-1014-35), არ შეიცავდა საკმარის დასაბუთებას, რომ კლინიკამ პაციენტ ა. ბ. ო-ისთვის გაუწია არაჯეროვანი ან არასათანადო მომსახურება. კერძოდ, დასკვნაში მითითებული იყო მხოლოდ ის, რომ კლინიკის მიერ ჩატარებული მკურნალობა ნაკლებად შეესაბამებოდა ევროპულ რეკომენდაციებს და რომ პაციენტი მოგვიანებით კვლავ მოათავსეს სხვა კლინიკაში, თუმცა არ იყო დასაბუთებული, შეიძლებოდა თუ არა ქ...ში ... პროცესის არსებობაზე ეჭვის მიტანა, რაც სასამართლოს შეფასებით საჭიროებდა საკითხის ხელახლა გამოკვლევისა და სათანადო გარემოებების დადგენის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.“ კასატორის მითითებით, სწორედ რეცეზენტის დასკვნის საფუძველზე იქნა შედგენილი სადავოდ ქცეული რევიზიის აქტი, რადგანაც პაციენტ ა. ბ. ო-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებული იქნა სსიპ თ...ს მიერ ...ის მიმართულებით. რეცენზენტის დასკვნით „...ი პათოლოგიის მკურნალობისას საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: მკურნალი ექიმების მიერ გამოტანილია შეგუბებითი უკმარისობის დიაგნოზი, რაც ... დადასტურებული. აქვე საინტერესოა ისიც, რომ გამოხატულია ... (...-ია, რაც საკმაოდ დაქვეითებული მონაცემია ნორმასთან შედარებით), ხოლო ...ის ციფრები კი მაღალია. მკურნალობის სქემაში ...ის მაღალი დოზები გამოყენებული არ იქნა, არამედ არჩევანი რატომღაც ...სა და იგივე კლასის, ოღონდ სხვა სახელწოდების ... ...ზე იქნა გაკეთებული, რაც ნაკლებადაა მოწოდებული თანამედროვე ევროპულ რეკომენდაციაში. რეცენზენტის დასკვნის გათვალისწინებით, გამოიკვეთა, რომ პაციენტ ა. ბ. ო-ის 18.08.20წ და 20.08.20წ. პერიოდში სს „კ...ში“ გაეწია არასრული/არაჯეროვანი დახმარება.

კასატორის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რომელ მტკიცებულებაზე და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით დაასკვნა სასამართლომ, რომ რეგულირების სააგენტოს მხრიდან არ მომხდარა მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევა. რეცეზენტის დასკვნა სრულყოფილად და ნათლად ადასტურებს იმას, რომ პაციენტს გაეწია არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, რაც სწორად შეაფასა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2022 წლის 20 აპრილის რევიზიის №რ-1014-35 აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №REG 9 22 00024889 გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“. აღნიშნული პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

მითითებული დადგენილება ითვალისწინებს გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობას მათ შორის რევიზიის გზით შემთხვევის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში (დანართი №1, მუხლები 16 და 18).

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამის მიმწოდებლებთან რევიზია ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით ან/და საჭიროებისამებრ. მე-7 პუნქტის მიხედვით, რევიზია ხორციელდება ობიექტური გარემოების არსებობისას სამინისტროს, პროგრამის განმახორციელებლის და სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად. მე-8 პუნქტის შესაბამისად, რევიზიის განხორციელების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი... რევიზიის აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე.

ამავე დანართი №1-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები, მათ შორის დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

ამავე დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, რომლის შედეგად გართულდა შემთხვევა ან რომელმაც განაპირობა რეჰოსპიტალიზაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის იმავე დაწესებულებაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამდგარი რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ასევე მკურნალობის პირველი ეპიზოდი, როდესაც განხორციელდა არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. მე-12 პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) ჩატარებული მკურნალობის გამო: ა) პაციენტის გადაყვანის ან გაწერიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იგივე დიაგნოზით ან მისი გართულებით პაციენტის რეჰოსპიტალიზაციისას, პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა; ბ) გართულებული შემთხვევის დაფინანსებასა და პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც არასწორად (არაჯეროვნად/არასრულად) იქნა ჩატარებული მკურნალობა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სს „კ...ის“ მიმართ განისაზღვრა ფინანსური სანქცია 1698,30 ლარის ოდენობით, იმ საფუძვლით, რომ პაციენტ ა. ბ. ო-ის 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში სს „კ...ში“ გაეწია არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო დახმარება.

აღსანიშნავია, რომ რევიზიის აქტში მითითებული გარემოებების თანახმად, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო № 733420 ბარათით, პაციენტი ა. ბ. ო-ი, 2020 წლის 13 აგვისტოს 20:25 სთ-ზე ოჯახის წევრების მიერ მიყვანილი იქნა სს „კ...ში“ ჩივილით: ..., ..., ..., ..., ..., .... აღნიშნული ჩივილები პაციენტს დაეწყო რამდენიმე დღის უკან, დინამიკაში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, გამოიხატა ..., ..., რაც გახდა პაციენტის კლინიკაში მიმართვის საფუძველი. კლინიკაში შესვლისთანავე პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში. აყვანილი იქნა ... მეთვალყურეობაზე. მოხდა ... პარამეტრების განსაზღვრა: ...; .... პაციენტს ჩაუტარდა ...ის კონსულტაცია. დაისვა დიაგნოზი: „..."; „..."; ...“. შემდგომი სტაციონარული მკურნალობის გაგრძელების მიზნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ... დეპარტამენტში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, .... უტარდებოდა მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. სტაციონარში ყოფნის პერიოდში პაციენტი კონსულტირებულ იქნა ... მიერ. 18.08.2020წ 10:30სთ-ზე პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. .... .... ...; .... მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტი ა. ბ. ო-ი 18.08.2020წ 10:30სთ-ზე გაწერილ იქნა კლინიკიდან შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციით.

პაციენტმა ა. ბ. ო-იმ სს „კ...იდან“ გაწერის შემდეგ რამდენიმე დღეში 2020 წლის 20 აგვისტოს 23:45 სთ-ზე თვითდინებით მიმართა შპს „ა...ს“ ჩივილით: ...“. პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა ...ს კონსულტაცია, კლინიკო - ლაბორატორიული და სადიაგნოსტიკო კვლევები დაისვა დიაგნოზი: „...“.

პაციენტ ა. ბ. ო-ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებული იქნა სსიპ თ...ს მიერ ...ის მიმართულებით, რეცენზენტის დასკვნით. რეცენზენტის დასკვნის თანახმად, „...ი პათოლოგიის მკურნალობისას საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: მკურნალი ექიმების მიერ გამოტანილია ... უკმარისობის დიაგნოზი, რაც ... დადასტურებული. მიუხედავად გამოხატული ...-ია, რაც საკმაოდ დაქვეითებული მონაცემია ნორმასთან შედარებით, ხოლო ...ის ციფრები კი მაღალია), მკურნალობის სქემაში ...ის მაღალი დოზები გამოყენებული არ იქნა, არამედ არჩევანი რატომღაც ...სა და იგივე კლასის, ოღონდ სხვა სახელწოდების ... ...ზე იქნა გაკეთებული, რაც ნაკლებადაა მოწოდებული თანამედროვე ევროპულ რეკომენდაციაში. არ იქნა გამოყენებული ...ის მართვისათვის საჭირო ერთ-ერთი უმთავრესი პრეპარატთა კლასი, კერძოდ ... და არჩევანი ...ზე - ...ზე გაკეთდა, რაც დაზიანებული ...ის დროს შედარებით ნაკლებადაა რეკომენდირებული. ამასთან, მოცემულ დოკუმენტაციაში არ გამოვლინდა პაციენტის რითმის იმგვარი დარღვევა, რაც ...ის (იგივე ...ის) გამოყენების დასასაბუთებლად გამოდგებოდა. №... ისტორიაში სულ სხვა პრობლემები გამოიკვეთა: პაციენტი ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გაეწერა, ხოლო ღ...ს მან 2020 წლის 20 აგვისტოს შუაღამისას, 01:15სთ მიაკითხა (გაწერიდან დაახლოებით 36 საათში). იმ დროს ისტორიაში აღნიშნულია, რომ პაციენტს ჩივილები, რამაც ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია, დაეწყო რამდენიმე დღის უკან, ამ დროს კი იგი ქ...ში მკურნალობდა და ისტორიაში ... პროცესების (მათ შორის ...ის მომცველი) არსებობაზე ეჭვიც არ შეუტანია“. რეცენზენტის დასკვნის გათვალისწინებით, პაციენტ ა. ბ. ო-ის 2020 წლის 18 აგვისტოდან - 2020 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში სს „კ...ში“ გაეწია არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო დახმარება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ რეცენზენტის დასკვნა, რომელსაც ეფუძნება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 20 აპრილის რევიზიის №რ-1014-35 აქტი, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმისათვის, რომ სარწმუნოდ დადგენილ იქნას მოსარჩელის მიერ ა. ბ. ო-ისათვის, არაჯეროვანი ან არასათანადო მომსახურების გაწევის ფაქტი, ვინაიდან რეცენზიაში გაკეთებული დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მკურნალობა, რომელიც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ჩაუტარდა პაციენტს, ნაკლებად იყო მოწოდებული თანამედროვე ევროპულ რეკომენდაციაში ან შედარებით ნაკლებად იყო რეკომენდირებული. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტი ... იქნა ღ...ში გაწერიდან დაახლოებით 36 საათში, პაციენტს ჩივილები, რამაც ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია, დაეწყო რამდენიმე დღის უკან, ამ დროს კი იგი ქ...ში მკურნალობდა და ისტორიაში ... პროცესების (მათ შორის ...ის მომცველი) არსებობაზე ეჭვიც არ შეუტანია. შესაბამისად, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, რეცენზია არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმისა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ქ...ში ...ის მომცველ ინფექციაზე ეჭვის მიტანა. შესაბამისად საჭიროა, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებების (კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები), დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეცენზენტთა დასკვნები) შეგროვება და საკითხის სრულყოფილი შესწავლისა და სათანადო გარემოების დადგენის/შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ საკმარის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტს გაუწია არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო დახმარება, რაც ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდა, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მის საკასაციო საჩივარზე 08.07.2025წ. №04849 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ205035120) დაუბრუნდეს 08.07.2025წ. №04849 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა