საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-926(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ვ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2024 წლის 21 აგვისტოს ვ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ვ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 29 ივლისის №IDP 4 24 00000681 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ვ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ვ. გ-ა ... წელს დაქორწინდა ო. გ-აზე და საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სადაც ცხოვრობდა აფხაზეთის ომის დაწყებამდე. 2007 წელს მოსარჩელეს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე მან დატოვა ქვეყანა და აღნიშნული სტატუსი 2013 წელს შეუჩერდა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. მოსარჩელის მითითებით, მან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართა სააგენტოს, რომელმაც იგი დაიბარა გასაუბრებაზე, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი გამოცხადდა მის საცხოვრებელ ადგილზე და გაესაუბრა მეზობლებს, თუმცა სააგენტოს 2024 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის აღდგენაზე. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ სადავო აქტში აღნიშნული იყო მხოლოდ პროცედურული საკითხები და არ იყო დასაბუთებული მისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 29 ივლისის №IDP 4 24 00000681 ბრძანება ვ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ვ. გ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 28 მაისის №0000571 ცნობის თანახმად, ვ. გ-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ ...ში.
მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული დასკვნის თანახმად, ვ. გ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. იგი დაიბადა ... წელს ქ. თბილისში, დაამთავრა ქ. თბილისის №... სკოლა, დაოჯახდა ქ. თბილისში და თბილისშივე ..., ... და ... წლებში შეეძინა შვილები. სააგენტოს მითითებით მისთვის ცნობილი არ იყო რაიმე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვ. გ-ა დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. დასკვნის თანახმად, ვ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 29 ივლისის №IDP 4 24 00000681 ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე ვ. გ-ას უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც იგი ირჩევს საცხოვრებლად, თუმცა პირის კონკრეტულ ადგილზე ცხოვრების ფაქტის დადგენისთვის უნდა შეფასდეს საერთო მონაცემები, მათ შორის, ფაქტობრივად უმეტესი დროის კონკრეტულ ადგილზე ყოფნის, ამავე ადგილზე ნათესაური კავშირების არსებობის, საქმიანობისა და სხვა გარემოებების დამადასტურებელი ფაქტები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტში მითითებული გარემოება ვერ გამოდგებოდა მოსარჩელისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელად და შესაბამისად, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმისთვის საკმარის პირობად, ვინაიდან პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აფხაზეთის ტერიტორიაზე ვ. გ-ას ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრებით ცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად/აღსადგენად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და იმის განსაზღვრას მას იძულებით აქვს თუ არა დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი და უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს და ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მან კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა რომ განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, სააგენტოს მითითებით, მოსარჩელე დაიბადა ... წელს ქ. თბილისში, დაამთავრა ქ. თბილისის №... სკოლა. დაოჯახდა ქ. თბილისში და ქ. თბილისშივე ..., ... და ... წლებში შეეძინა შვილები. ასევე არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. აღნიშნული გარემოებები, კასატორის მოსაზრებით ადასტურებდა ვ. გ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 29 ივლისის №IDP 4 24 00000681 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2024 წლის 30 მაისს, ვ. გ-ამ №579988 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. დევნილის სტატუსის აღდგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გასაუბრებისას ვ. გ-ამ განმარტა, რომ დაიბადა ... წელს ქალაქ თბილისში. 1972-1982 წლებში სწავლობდა ქალაქ თბილისის №... სკოლაში. მომავალი მეუღლე გაიცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქორწინა ... წელს ო. გ-აზე, ქ. თბილისში. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა გალის რაიონში, სოფელ ...ში, მეუღლის მშობლების სახლში. ..., ... და ... წლებში, ქ. თბილისში შეეძინა შვილები: გ. გ-ა, დ. გ-ა და და. გ-ა. ცხოვრობდა გალში და თბილისში ჩამოდიოდა მშობიარობისთვის. მეუღლე ო. გ-ა გარდაიცვალა 2010 წელს (არ ჰქონდა დევნილის სტატუსი). აფხაზეთი დატოვა 1993 წელს, რის შემდეგაც ცხოვრობდა ქ. თბილისში, მშობლების სახლში მისამართზე - ...ს ქუჩა №.... 1993 წელსვე წავიდა ჯერ უკრაინაში, სადაც ცხოვრობდა 2022 წლამდე, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ - პოლონეთში.
ვ. გ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული დასკვნის თანახმად, ვ. გ-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. სააგენტოსთვის ცნობილი არ იყო რაიმე ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ვ. გ-ა დაკავშირებული იყო აფხაზეთთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. დასკვნის თანახმად, ვ. გ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 29 ივლისის №IDP 4 24 00000681 ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 25 ივლისის №IDP 9 24 00796585 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ვ. გ-ას ეთქვა უარი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, ვ. გ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - გალი, ...ი, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ..., ...ს ქუჩა №.... აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2024 წლის 28 მაისის №0000571 ცნობის თანახმად, ვ. გ-ა იძულებით გადაადგილებული პირია აფხაზეთიდან, რომელიც 1993 წლამდე ცხოვრობდა გალის რაიონში, სოფელ ...ში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია 1993 წლამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ვ. გ-ას ყოველდღიური, ყოფითი ცხოვრებით ცხოვრების ფაქტი და მართალია მოსარჩელე დაიბადა და განათლება მიიღო თბილისში, მაგრამ დაოჯახების შემდეგ, ... წლიდან, საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის მშობლების სახლში, გალის რაიონის სოფელ ...ში და იმ დროიდან მას აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე მუდმივად არ დაუტოვებია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციის მისამართი გააჩნდა ქ. თბილისში, და საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, არ წარმოადგენდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განმარტავდა როგორც გალში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევის, ისე თბილისში მშობიარობის მიზეზებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა