Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-919(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2024 წლის 14 ივნისს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00002617 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის გ. გ-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სარჩელის თანახმად, გ. გ-ე წარმოადგენს სოციალურად დაუცველ, ომის ვეტერანს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევდა დროებით შვილთან ცხოვრება; მის ფაქტობრივ საცხოვრებელს კი წარმოადგენდა ქ. ქუთაისი, ...ის გამზ. №...-ის მიმდებარედ არსებული სასადილო, რასაც ადასტურებდა დევნილ მეზობელთა ერთობლივი განცხადებაც. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება მიეღო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მითითება და მოსარჩელეს განმეორებით, უსაფუძვლოდ უთხრა უარი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რის მიზეზადაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობაზე მიუთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00002617 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. გ-ეის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს №54 სხდომის ოქმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის პირველი მაისის განჩინების (საქმე №ბს-6(კ-23)) აღსრულების ფარგლებში, მეუღლისა და შვილების დაკანონებულ ფართში ცხოვრების მიზეზით, გ. გ-ეს, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00002617 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე (№54 ოქმი), გ. გ-ეის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებული პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ისა და გ. გ-ეს შორის 2024 წლის 5 მარტს დადებულ იქნა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. ბ-იმა მის საკუთრებაში არსებული სარდაფი, საკადასტრო კოდი - №..., დროებით სარგებლობაში, ქირის სანაცვლოდ, გადასცა დამქირავებელს გ. გ-ეს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ შეიძლება გახდეს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მეუღლისა და შვილების დაკანონებულ ფართში, მოპასუხეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაეტოვებინა და უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის ინდივიდუალური მახასიათებლები - ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური კრიტერიუმი და საცხოვრებელი პირობები. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული საცხოვრებელი ფართი მესაკუთრეთა მიერ საქმის განხილვის დროისათვის განკარგული იყო, ხოლო მოსარჩელე კვლავ არ იყო უზრუნველყოფილი ბინით და ქირით ცხოვრობდა ფართში, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც სარდაფი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. სააგენტოს მითითებით, მართალია მას აქვს ვალდებულება ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და მათ შეუქმნას ცხოვრებისათვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და არსებული სტრატეგიის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითებს ყველა ნორმის დარღვევის შესახებ და სწორედ აღნიშნული განმარტებით აყენებს მოსარჩელის ოჯახს სხვა დევნილ ოჯახებთან არათანაბარ მდგომარეობაში. აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრება კი, სააგენტოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება კანონს.

კასატორმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა, რეალურად სად და როგორ ცხოვრობდა მოსარჩელე და იყო თუ არა მისი განსახლების სასწრაფო საჭიროება. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელე დაკანონებულ ფართში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და წარმოადგენდა აღნიშნული ბინის ფაქტობრივ მაცხოვრებელს. რაც შეეხება იმავე ეზოში ყოფილი სასადილოს შენობაში მოკავებულ ფართს, მოსარჩელეს იქ არასდროს უცხოვრია და სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ სახელმწიფოსგან დამატებით კიდევ ერთი საცხოვრებელი მიეღო. სააგენტოს მოსაზრებით, მითითებულს ადასტურებდა 2023 წლის 28 ივნისს განხორციელებული მონიტორინგი, სადაც მოსარჩელე თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ ფართში დახვდა. მეტიც, მოსარჩელე გ. გ-ემ 2023 წლის 22 ნოემბერს შეავსო ახალი განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომლის განხილვაც მოხდებოდა კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00002617 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ; კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გ. გ-ეის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. გ. გ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით - 1000.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის პირველი ივლისის №03-2557/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №35), გ. გ-ეს, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ჩატარებული განმეორებითი წარმოების შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №IDP 4 23 00002617 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე (№54 ოქმი), გ. გ-ეის ოჯახს ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ს გამზირი №..., ბინა №24, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხების განმხილველი კომისიის 2015 წლის 8 ივლისის (№16 ოქმი) გადაწყვეტილებით, თანასაკუთრებაში გადაეცათ: ა. გ-ეეს (განმცხადებლის შვილიშვილი), გ. გ-ეს (განმცხადებლის შვილიშვილი), ე. გ-ეეს (განმცხადებლის შვილი), თ. გ-ეეს (განმცხადებლის რძალი) და ნ. გ-ეეს (განმცხადებლის მეუღლე). 2015 წლის 10 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ...ის გამზირზე №...-ში მდებარე ბინა №... (ნაკვეთი №1-1, სართული №2), საკადასტრო კოდი - №..., 2015 წლის 4 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ა. გ-ეის, გ. გ-ეის, ე. გ-ეის, ნ. გ-ეის და თ. გ-ეის სახელზე. თუმცა, 2023 წლის 19 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დასახელებული უძრავი ქონება 2023 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია კარლო ნემსიწვერიძის სახელზე.

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2024 წლის 9 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ...ის გამზირზე №...-ში მდებარე სარდაფი (ნაკვეთი №2), საკადასტრო კოდი - №..., 2024 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ი. ბ-იის სახელზე. ი. ბ-ისა და გ. გ-ეს შორის 2024 წლის 5 მარტს დადებულია ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი. ბ-იმა მის საკუთრებაში არსებული სარდაფი (ს/კ №...) დროებით სარგებლობაში, ქირის სანაცვლოდ, გადასცა დამქირავებელს - გ. გ-ეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძვლად მითითებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა მეუღლისა და შვილების დაკანონებულ ფართში ქირის გარეშე ცხოვრების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სხვის (მათ შორის ნათესავის) საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი არ აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს და არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას მოცემულ ეტაპზე, შესაბამისი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილებულიყო გრძელვადიანი საცხოვრებლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან დაკავშირებული პირების (ამ შემთხვევაში მეუღლისა და შვილების დაკანონებულ ფართში) საკუთრებაში ან მფლობელობაში ბინების არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მის საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ პირს მუდმივად დაუთმოს საკუთარი საცხოვრებელი ან შეუზღუდავად მისცეს მასში ცხოვრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით“ (სუსგ №ბს-607(კ-21), 25.11.2021წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის გამო, აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელის ხელმისაწვდომობასა და განსახილველ ეტაპზე მისი დაკმაყოფილების საფუძვლების არ არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დევნილი პირის შესაძლებლობა დროის გარკვეულ მონაკვეთში ისარგებლოს სხვის (თუნდაც ნათესავის) საკუთრებაში არსებული ფართით, ან მასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, ქულათა საკმარისი ოდენობის პირობებში, განსახლებულ იქნეს კანონით დადგენილი წესით მიმდინარე და არა რომელიმე სხვა ეტაპზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა მეუღლისა და შვილების დაკანონებულ ფართში, მოპასუხეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაეტოვებინა და უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის ინდივიდუალურ მახასიათებლები - ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური კრიტერიუმი და საცხოვრებელი პირობები. ამასთან, მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ მითითებული საცხოვრებელი ფართი მესაკუთრეთა მიერ საქმის განხილვის დროისათვის განკარგულია, ხოლო მოსარჩელე კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ბინით და ქირით ცხოვრობს ფართში, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სარდაფი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა