საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1065(კ-25) 20 ოქტომბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. მ-ე, მ. მ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მოპასუხეები)
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. მ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოსარჩელე") და მ. მ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მეორე მოსარჩელე", პირველ მოსარჩელესთან ერთობლივად - "მოსარჩელეები" ან „აპელანტები") წარადგინეს სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე") და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მეორე მოპასუხე") მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მოითხოვეს: პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 300 000 ლარისა და მორალური ზიანის 100 000 ლარის გადახდის დაკისრება; მეორე მოპასუხისთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 100 000 ლარის გადახდის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.04.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.156-167). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.228-242). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.
5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
6. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
7. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2025 წლის განჩინებით განემარტათ სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი.
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2025 წლის განჩინების ასლი აპელანტებს/მოსარჩელეებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ საერთო მისამართზე (ტ.2, ს.ფ.180, 243, 244) და ჩაჰბარდა პირველ მოსარჩელეს, რომელიც არის მეორე მოსარჩელის ოჯახის წევრი - შვილი, 22.07.2025 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.2, ს.ფ.248, 249). ამდენად, განჩინება ასევე მიიჩნევა მეორე მოსარჩელისთვის ჩაბარებულად.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 23.07.2025 წელს დაიწყო და 12 აგვისტოს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანცელარიაში საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 14.08.2025 წელს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დარღვევით. იმავე დღითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც (იხ.: საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ. 253-259).
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ: სუსგ №ბს-857(კ-24), 02.08.2024წ; №ბს-1048(კ-24), 03.10.2024წ; №ბს-702(კ-25), 14.07.2025წ.).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 63-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ეისა და მ. მ-ეის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე