საქმე №ბს-1354(კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „მ...“
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ „მ...მ“ 02.08.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების - ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „მ...ს“ მოთხოვნა, ა(ა)იპ „მ...ს“ 2023 წლის 05 ივნისის N23/10-74 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისათვის სრულად გაცემის დავალდებულება და ა(ა)იპ „მ...ს“ 2023 წლის 07 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილების - ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება - ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს დაევალა ა(ა)იპ „მ...ს“ 2023 წლის 05 ივნისის N23/10-74 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება - ე.წ. „ვირტუალური“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა(ა)იპ „მ...ს“ 2023 წლის 07 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა(ა)იპ „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ა(ა)იპ „მ...ს“ 2023 წლის 05 ივნისის N23/10-74 განცხადების განხილვა, ა(ა)იპ „მ...ს“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ამდენად, საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, ა(ა)იპ „მ...ს“ წარმომადგენელმა, 2023 წლის 05 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, N23/10-74 განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტთან დაკავშირებული შემდეგი საჯარო ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით: 1. კულტურულ-ისტორიული საყრდენი გეგმა (Historic-Culural Reference Plan) თავის დანართებით (რუკებით და იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ადგილების სააღრიცხვო ბარათებით). 2. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის პირველი და მეორე შუალედური ანგარიშები. 3. კულტურული მემკვიდრეობის მართვის გეგმა (Cultural heritage management plan). 4. კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი სამოქმედო გეგმა (Cultural heritage General Action Plan). 5. არქეოლოგიური კვლევის ანგარიში (Archeological Survey Reoport) გუდაურთან მისასვლელი გზის არეალში (მაგ. სამების ეკლესიის მიმდებარედ) ჩატარებული გათხრების შედეგებთან ერთად. 6. საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობების კვლევის ანგარიში, შესაბამის ფოტო- მასალასთან და სააღრიცხვო ბარათებთან ერთად საპროექტო არეალში არსებული ყველა დასახლებისთვის. 7. კულტურული მემკვიდრეობასა და საცხოვრებელ სახლებზე ვიბრაციის მონიტორინგის სამოქმედო გეგმა და მონიტორინგის ანგარიშები. 8. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ანგარიში. 9. კულტურული მემკვიდრეობის კვლევების შუალედურ ანგარიშებში იდენტიფიცირებული 155 კულტურული ძეგლისთვის საბოლოო სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია. ა(ა)იპ "მ...ს", 2023 წლის 05 ივნისის წერილის პასუხად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ეცნობა, რომ დოკუმენტაცია არ იქნა მიღებული, რადგან არ იყო წარმოდგენილი ხელმოწერილი განცხადება ან ორგანიზაციის წერილი. 2023 წლის 7 ივნისს ა(ა)იპ „მ...ს“ წარმომადგენელმა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ელექტრონული ფორმით გაასაჩივრა მოპასუხის ქმედება, რაზეც მოპასუხის მიერ ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო წერილობითი ფორმით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმას, კერძოდ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მე-4 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული დადგენილებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესს, თუმცა სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, ა(ა)იპ „მ...ს“ მიერ 2023 წლის 05 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი N23/10-74 განაცხადი არ განუხილავს და არ შეუფასებია ეს ინფორმაცია რამდენად წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას ან/და დაცული იყო თუ არა ასეთი ინფორმაცია შესაბამის უწყებაში, რაც გამორიცხავდა ა(ა)იპ „მ...ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა(ა)იპ „მ...ს“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სააგენტოს ელ. ფოსტაზე გამოგზავნილი ტექსტი სრულიად დაუსაბუთებლად ჩათვალა ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვად, არ შეაფასა რამდენად იყო მოპასუხისათვის შესაძლებელი ასეთი ფორმით წარმოდგენილი შეტყობინების დარეგისტრირება და შემდგომში რეაგირების განხორციელება. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ინფორმაცია არ მოუთხოვია პლატფორმის საშუალებით, მან შეტყობინება გამოაგზავნა სააგენტოს ოფიციალურ მეილზე, საიდანაც ფორმის დაცვით წარმოდგენილი განცხადებების დარეგისტრირება ხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (ადამიანური რესურსის მეშვეობით და არა ავტომატურად). კასატორისთვის გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლო, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს პერსონალურ, სახელმწიფოებრივ ან კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე და 78-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას. მოცემულ შემთვევაში, მოსარჩელემ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნა შეტყობინენება, რომლითაც მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება. სტანდარტულად, როგორც ფორმის დაუცველად წარმოდგენილი განცხადების შემთხვევაში, საქმისწარმოების სპეციალისტმა იმავე მეილზე მოსარჩელეს წერილობითი შეტყობინებით აცნობა, რომ ასეთი დოკუმენტი ვერ იქნა მიღებული სააგენტოს მიერ, ვინაიდან არ იყო ხელმოწერილი. კასატორმა მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მკაფიოდ განსაზღვრავს იმას, რომ ადმინისტრაციული წარმოება სწორედ სათანადო ფორმით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან იწყება.
კასატორის მოსაზრებით, სპეციალური ელექტრონული ფორმა, რომელიც განსაზღვრულია დადგენილებით, არ გულისხმობს ელ. ფოსტაზე პირდაპირ ტექსტის გაგზავნას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტას ამუშავებს ადამიანური რესურსი და ელექტრონულ ფოსტას ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემა არ გააჩნია. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ "მ...ს" სასარჩელო მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, ა(ა)იპ "მ...ს" აღმასრულებელმა დირექტორმა 2023 წლის 05 ივნისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, N23/10-74 განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტთან დაკავაშირებული კონკრეტული შინაარსის საჯარო ინფორმაციის გადაცემა. ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს აცნობა, რომ დოკუმენტაცია არ იქნა მიღებული, რადგან არ იყო წარდგენილი ხელმოწერილი განცხადება ან ორგანიზაციის წერილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით (ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილება განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას. დადგენილების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ელექტრონული რესურსის საშუალებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა (დადგენილების 37.2 მუხ.).
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული დადგენილებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ა(ა)იპ "მ...ს" მიერ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის განცხადება გაგზავნილ იქნა სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info@heritagesites.ge). განცხადებას აქვს ნომერი და გაგზავნილია თავად ამ ორგანიზაციის დირექტორის მიერ. კასატორი ვერ ასაბუთებს თუ რას ემყარება სააგენტოს მოთხოვნა წერილის რეგისტრაციისათვის ხელმოწერილი განცხადების წარმოდგენასთან დაკავშირებით, ვერ უთითებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სააგენტოს მიერ დადგენილ რაიმე წესსა ან შემუშავებულ სტანდარტზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ინფორმაცია არ მოუთხოვია პლატფორმის საშუალებით, როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, არ ართმევს მას შესაძლებლობას მოითხოვოს ინფორმაცია ალტერნატიული ელექტრონული სერვისის საშუალებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კასატორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ პლატფორმის მუშაობა არ არის გამართული და აქვს ხარვეზები. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს განცხადება სათანადო ფორმით არ ჰქონდა წარდგენილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად უნდა განიხილოს ა(ა)იპ "მ...ს" განცხადება და იმსჯელოს განცხადებაში წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 204562311) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.10.2024 წლის N15650 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე