საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-916(კს-25) 10 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მესამე პირები) _ დ. მ-ი, ნ. ბ-ა, ხ. მ-ე და ლ. წ-ი
მოსარჩელე - ბმა „ზ...“
მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირები - შპს „ს...“, შპს „თ...“, შპს „მ...’’, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...“, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ი. ვ-ე, სს „თე..., ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბმა „ზ...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა 13.11.2019 წლის სასამართლო სხდომაზე, იხ. ტ.5, ს.ფ. 140-149)): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №270 ბრძანება ბმა ,,ზ...“-ის თავმჯდომარის - თ. ფ-ის წარმომადგენლის, ზ. ვ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ზ...“-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 და 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ს...“ (ს/კ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „მ...“ (ს/კ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...“.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბმა „ზ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ...-მა“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-ის“ მოთხოვნის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-ი. ნ. ჩ-ეისა და ე. ა-ას შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „ზ...-მა“.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით ნ. ბ-ას, ნ. ჩ-ეის, ე. ა-ას შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა. ხ. მ-ეის, მ. ც-ეის, რ. ე-ეის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ისა და ი. ვ-ეის შუამდგომლობა მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი და ი. ვ-ე. ხ. მ-ეის, მ. ც-ეის, რ. ე-ეის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ისა და ი. ვ-ეის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „ზ...-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ბმა „ზ...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „თ...“.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „თ...მ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით აპელანტის - ბმა „ზ...“-ის და მესამე პირების - დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ხ. მ-ეისა და ლ. წ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სს ,,თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. შუამდგომლობა, სს ,,თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური და კანონით დაცული.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ საქმეზე დავის საგანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებისა და ბმა „ზ...-ის“ თავმჯდომარის - თ. ფ-ის წარმომადგენლის - ზ. ვ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №270 ბრძანების კანონიერება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირზე (კვარტალი ...) მდებარე №... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული უძრავი ქონება 2019 წლის 24 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „ს...ს“ სახელზე.
სს „თე...ს“ 2025 წლის 26 თებერვლის წერილით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ... და ... საკადასტრო კოდით კვეთს და მიმდებარედ გადის სს „თე...ს“ კუთვნილი საკაბელო ელ.გადამცემი ხაზები. წერილში მითითებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის დაცული უნდა იყოს შემდეგი ნორმები: მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ბ.ა.ა) 1 კვ-ის ზევით - 1 მეტრი ორივე მხრიდან; ბ.ა.ბ) 1 კვ-მდე - 1 მეტრი ორივე მხრიდან; თუ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გადის დასახლებათა ტროტუარების ქვეშ, მაშინ - 0,6 მეტრი შენობა-ნაგებობის მხარეს და 1 მეტრი ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სს „თე...“ არ იქნება წინააღმდეგი მშენებლობის წარმოების, თუ დაცული იქნება ზემოთ აღნიშნული ნორმები. საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 03 ივნისის №... წერილი, რომლითაც ზ. ვ-ის ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს კვეთს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობა (ს/კ ..., ობიექტის ტიპი: ელექტროგადამცემი ხაზი).
პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს, მართალია, წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის კანონიერება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობები კვეთს იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც უნდა წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები, აღნიშნულმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, თუ სამშენებლო პროცესი არ წარიმართება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ სს „თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო განსახილველ საქმეში ჩაბმულიყვნენ მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.1 მუხლის თანახმად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ასკ-ის მე-16.1 მუხლით სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მესამე პირად მოწვევის სამართლებრივი წინაპირობა, აღნიშნული გარემოება საფუძველმოკლებულს ხდის შუამდგომლობას იმავე სუბიექტების ასკ-ის 16.2 მუხლით ჩაბმასთან დაკავშირებით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ. მ-იმა, ნ. ბ-ამ, ხ. მ-ემ და ლ. წ-იმა.
კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, სს „თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საქმეში მესამე პირებად უნდა იქნენ ჩართულები სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, როგორც ეს მოხდა შპს „თ...ს“ მიმართ. ორივე პირის ხაზობრივი ნაგებობები კვეთს საპროექტო მიწის ნაკვეთს. 2014 წელს გაცემულ გაპ-ში ცალსახად იყო მოთხოვნა შემდეგზე: პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილ იქნეს: გაერთიანებული საკადასტრო გეგმა; ტერიტორიის ტოპო გეგმა მ. 1:500 (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობების განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით); მიწის ნაკვეთზე საინჟინრო კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში, მათთან მიმართებით დაცული იქნეს სამშენებლო ნორმები; გადატანის შემთხვევაში, ცნობა შესაბამისი სამსახურიდან. არც ერთი აღნიშნული მოთხოვნა არ ყოფილა დაცული იმის მიუხედავად, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთს კვეთს სს „თე...ს“ კუთვნილი ორი მიწისქვეშა კაბელისგან შემდგარი „საკაბელო ტრასა“ და მერიის ელექტროგადამცემი ხაზი. არც ერთი ზემოაღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა არ ყოფილა დატანილი 2016 წელს არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ გენ-გეგმაზე, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას. ასევე არ იქნა შესრულებული 2018 წლის 31 დეკემბერს გაცემულ მშენებლობის ნებართვაში მითითებული მოთხოვნაც, რომლის თანახმად, „(3.) განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის, (3.7.) მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა“.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ხ. მ-ეისა და ლ. წ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ხ. მ-ეისა და ლ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა, სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მესამე პირად ჩაბმასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს „თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. შუამდგომლობა, სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ამდენად, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია განჩინების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკმარისია, მესამე პირის მოწვევის დროს იყოს იმის ვარაუდი, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მის სამართლებრივ ინტერესებზე. მესამე პირის მოწვევა არ შეიძლება წინასწარ იყოს ორიენტირებული გადაწყვეტილების შედეგზე. სამართლებრივი ინტერესი სახეზეა, თუ მოსაწვევი მესამე პირი მოსარჩელესთან ან მოპასუხესთან, ანდა ორივე მხარესთან, ან მხოლოდ დავის საგანთან ისეთ მიმართებაში იმყოფება, რომ მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გააუმჯობესოს ან გააუარესოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. არ არის გადამწყვეტი, ეყრდნობა თუ არა მოწვეული მესამე პირის შელახული სამართლებრივი ინტერესი საჯარო ან კერძო სამართალს. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასარკვევია, რამდენად მართებულად ეთქვათ უარი კერძო საჩივრის ავტორებს სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ჩაბმაზე და, შესაბამისად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სამართლებრივ ინტერესებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დასადგენია მოცემულ დავაში სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პროცესუალური უფლებამოსილების მოცულობა, სამართლებრივი ინტერესის შეფასების საფუძველზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო დავაში მათი სავალდებულო მოწვევის სტატუსის მქონე მესამე პირებად ჩაბმის საფუძველი, რა დროსაც მსგავსი ინტერესის არსებობა სარწმუნოდ უნდა იყოს დასაბუთებული.
თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიმოიხილოს დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ საქმეზე დავის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №270 ბრძანების კანონიერება. გასაჩივრებული აქტებით, კერძოდ, ა) სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის №2538331 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი, ... კვარტალი, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ ... და ს/კ ...) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ტ. 5, ს.ფ. 25-26); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის №4325483 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი, ... კვარტალი, კორპუსი №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) გაცემულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტ. 5, ს.ფ. 67-69).
საყურადღებოა, რომ მხარეთა შუამდგომლობა და კერძო საჩივარიც ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობები კვეთს საპროექტო მიწის ნაკვეთს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სს „თე...ს“ 2025 წლის 26 თებერვლის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ... და ... საკადასტრო კოდით კვეთს და მიმდებარედ გადის სს „თე...ს“ კუთვნილი საკაბელო ელ.გადამცემი ხაზები. წერილში მითითებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის დაცული უნდა იყოს შემდეგი ნორმები: ბ.ა) მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ბ.ა.ა) 1 კვ-ის ზევით - 1 მეტრი ორივე მხრიდან; ბ.ა.ბ) 1 კვ.მდე - 1 მეტრი ორივე მხრიდან; თუ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გადის დასახლებათა ტროტუარების ქვეშ, მაშინ - 0,6 მეტრი შენობა-ნაგებობის მხარეს და 1 მეტრი ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სს „თე...“ არ იქნება წინააღმდეგი მშენებლობის წარმოების, თუ დაცული იქნება ზემოთ აღნიშნული ნორმები (ტ.10, ს.ფ. 84). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 03 ივნისის №... წერილით კი, ზ. ვ-ის ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს კვეთს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობა (ს/კ ..., ობიექტის ტიპი: ელექტროგადამცემი ხაზი) (ტ.10, ს.ფ. 213-214).
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით (სუსგ 22.02.2018 წ. ბს-1133-1127(კს-17)). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა და ამასთან, სასამართლოს მიერ შეფასდეს პირის მიერ დავის გაგრძელების და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები (სუსგ 20.09.2018წ. ბს-585-585(კს-18)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტისა და სამშენებლო ნებართვის კანონიერება. ამასთან დგინდება, რომ კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობები კვეთს იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც უნდა წარიმართოს სამშენებლო სამუშაოები, რამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, თუ სამშენებლო პროცესი არ წარიმართება „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეთა უფლება-მოვალეობებს. შესაბამისად, სს „თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მართებულად იქნენ საქმეში ჩაბმულნი მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სს „თე...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმეში ჩაბმის საფუძველი, ვინაიდან საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები სს „თ...სა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოცემული სამართალურთიერთობის იმგვარ მონაწილეებად ვერ აქცევს, რომელთა მიმართაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, დასახელებული პირები იმგვარად არ არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მიერ ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული, რომ სს „თე...“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო მოცემულ დავაში ისეთივე სამართალურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ როგორც საქმეში ასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული შპს „თ...“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ხ. მ-ეისა და ლ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ხ. მ-ეისა და ლ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა