საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1055(კ-25) 17 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ გ.პ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 25 ივლისს ი/მ გ.პ-ას (პ/ნ: ...) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გადასახადის გადამხდელის ი/მ გ.პ-ას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ი/მ გ.პ-ას (პ/ნ: ...) კუთვნილი ქონება, რომელიც დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №2023/011-4247/1 აქტით (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №011- 4247 ბრძანება) და 2024 წლის 15 ივლისის №2023/011-4247/3 აქტით (საფუძველი: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №011-4247 ბრძანება).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის ბრძანება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი/მ გ.პ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანებით ი/მ გ.პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის ბრძანება.
გ.პ-ამ 2025 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ.პ-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული ბრძანების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის ბრძანება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის ბრძანებით და არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის ბრძანებით (2025 წლის 31 მარტით დათარიღებული ბრძანება საქმის მასალებში არ მოიპოვება).
საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლოში საქმის წარმოება დაწყებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის სპეციალურ წესს ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავი. სასკ-ის 2123 მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ საჩივრდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (მე-7 ნაწ.), რომელიც საჩივარს იხილავს შეტანიდან 10 დღის ვადაში (მე-8 ნაწ.). სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (მე-9 ნაწ.). დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება საჩივრით გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანების კანონიერების შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, გ.პ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.პ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე